რეაბილიტაციის ზონაში მეწარმეებს რაიმე კომპენსაციის გარეშე იშორებენ - კვირის პალიტრა

რეაბილიტაციის ზონაში მეწარმეებს რაიმე კომპენსაციის გარეშე იშორებენ

"გადავედით სხვა მისამართზე"... - თბილისის იმ უბნებში, სადაც მერია შენობების რეაბილიტაციას ახდენს, თვალსაჩინოდ გაკეთებულ ასეთ წარწერებს ხშირად შეხვდებით. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ბიზნესი იძულებული გახდა, იქაურობა საჩქაროდ დაეტოვებინა. ზოგმა საქმიანობისთვის სხვა ადგილი მოიძია, ზოგიც ზარალობს, ზოგმა საქმიანობა კი საერთოდ შეწყვიტა...

ბიზნესსუბიექტებს რამე ხელშეკრულების, გარანტიის, მატერიალური კომპენსაციის გარეშე დაატოვებინეს ფართი, სადაც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ. გასაგები მიზეზები გამო, ბიზნესის წარმომადგენლები საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, მაგრამ პირად საუბრებში, სამწუხაროდ, არაერთხელ გაგონილ "გაუგონარ" ამბებს ყვებიან.

"ფართი, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოექცა, ნაქირავები მქონდა. თვეში 1000 დოლარს ვუხდიდი მეპატრონეს. უკვე წლებია ვმუშაობ და ჩემი მუშტარიც მყავდა. დაახლოებით სამი თვის წინ თბილისის განვითარების ფონდმა, რომელიც ამ სამუშაოებს მერიის დაკვეთით ასრულებს, შენობის წინ ხარაჩოები აღმართა. ფასადზე ფარდა ჩამოაფარეს, რამაც ჩემი საწარმო გამვლელებისთვის "უჩინარი" გახადა. რა თქმა უნდა, კლიენტი საგრძნობლად შემცირდა, ზოგი მტვერსა და სამშენებლო ნაგავში გავლას ერიდებოდა, ზოგი კი ვეღარ გვამჩნევდა. ცოტა ხანში ობიექტზე შემოსასვლელი გზაც ჩამიკეტეს, თხრილი გააკეთეს და ხის საცალფეხო ბილიკით შევდიოდით შენობაში. მაინც რომ არ შევწყვიტე მუშაობა, გაგვაფრთხილეს: დაცალეთ შენობა, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურით გვემუქრებოდნენ. არანაირი კომპენსაცია, ზარალის ანაზღაურება არ შემოუთავაზებიათ. მოვითხოვეთ, იქნებ დროებით ქირის საფასურით მაინც დავეკმაყოფილებინეთ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს. არც ფართის მეპატრონეს დაეკითხნენ რამეს, ისე დაიწყეს მის ფართში სამუშაოები.

ჩემს დღეში თბილისში რამდენიმე ასეული სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტია, თითქმის ყველას ბანკიდან სესხი გვაქვს აღებული, თუ ვერ ვიმუშავებთ, როგორ უნდა გადავიხადოთ? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ ყოველ თვე ზარალზე გავდიოდით. ალბათ შევწყვეტ სამეწარმეო საქმიანობას. ხოლო ბიზნესს თუ რამდენიმე თვით გავაჩერებ, შემდეგ მისი თავიდან დაწყება ძალიან ძნელია", - გვითხრა ერთ-ერთი გაძევებული ბიზნესის წარმომადგენელმა.

როგორც გაირკვა, თბილისის განვითარების ფონდში, რომელიც არაკომერციული იურიდიული პირია და მერიის მიერ არის დაფუძნებული, კომპენსაციასა და ზარალის ანაზღაურებაზე სხვა მეწარმეებისთვის მტკიცე უარი უთქვამთ. "ეკონომიკურ პალიტრასთან" ამის მიზეზი ფონდში ასე განმარტეს: "ჩვენ მათ ქონებას ვაუმჯობესებთ. შენობას, რომელიც ინგრევა, ვამაგრებთ, ვხარჯავთ რესურსებს. მათი ქონება თუ დღეს პირობითად 10 ლარი ღირს, ხვალ 100 ლარი ეღირება. მათ ქონებას ვაუმჯობესებთ და რომელ ზარალზეა ლაპარაკი?"

კახა კოჟორიძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი): "ქალაქმშენებლობის რეაბილიტაციის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ, რომლის თანახმად, კერძო მესაკუთრეს რეაბილიტაციის პროცესში მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურდეს, თუმცა არ არის ნათქვამი - როგორ.

შესაბამისად, ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის ძირითადი ნორმები, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას განსაზღვრავს. ამ ნორმებით კერძო სექტორი და მესაკუთრე ფიზიკური პირი გამიჯნული არ არის. ყველას, ვისაც რამე ფორმით ზიანი ადგება, შეუძლია ანაზღაურების მოთხოვნის წამოყენება. ცხადია, თუ კანონმდებელი ბიზნესსექტორს რეაბილიტაციისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წაართმევდა, ეს უკანონობა იქნებოდა და პირდაპირ შეზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. რა თქმა უნდა, თუ რეაბილიტაციით რამე გაუმჯობესდება, იმ ბიზნესისთვისაც სავარაუდოდ უკეთესი იქნება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების გზით. შესაძლოა, მესაკუთრემ თავადაც გამოხატოს ნება და რამდენიმე თვით საქმიანობის შეწყვიტა უღირდეს, სამაგიეროდ, შემდეგ უკეთეს შენობაში განაგრძოს. თუ ეს არ უღირს და ადასტურებს, რომ ზარალდება, ბიზნესსაქმიანობაში ხელი ეშლება, გაკოტრდა და სხვ., ცხადია, აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

საია-სთვის ამ მოთხოვნით ბიზნესსექტორიდან ჯერჯერობით არ მოუმართავთ. ამას შესაძლოა ჰქონდეს ახსნა, ბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, არ იდავონ ხელისუფლებასთან, გაჩუმდნენ ანდა მათთან სხვაგვარად მოაგვარონ პრობლემა. გვქონდა შემთხვევა, არა ბიზნესმა, არამედ კერძო მესაკუთრემ მოგვმართა. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას, თბილისის განვითარების ფონდმა, რომელიც სამუშაოებს ატარებს, მესაკუთრეს თანხის გადახდა მოსთხოვა: რეაბილიტაციის შემდეგ მისი სახლის სარდაფის სიმაღლე იზრდება და ამის გამო კვადრატულ მეტრზე 300 ლარის გადახდას სთხოვენ. ის წუხდა, რომ საამისო სახსარი არ აქვს. კანონით კი თანხის გადახდაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს მაშინ, როცა ეს ნებაყოფლობით ხდება და როცა იზრდება იზოლირებული ფართის მოცულობა.

თუ იყო მუქარა, ძალადობა და იძულება, რომ არ გაეხმაურებინათ, ისე წასულიყვნენ იქიდან და თავისი უფლებები არ დაეცვათ, ეს უკვე სცდება სამოქალაქო ურთიერთობას, სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა და ისჯება. თუმცა ხშირად, როცა დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირებისგან მოდის, გამოძიება არაეფექტურია, ან ასეთი ფაქტების დროული, ეფექტური გამოძიება არ ხდება".

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი): "ასეთი მიდგომა დაუშვებელია როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ ბიზნესთან, როცა ხორციელდება პროექტები და ადამიანები ზარალდებიან. ჩვენთან ხშირია ამგვარი მიდგომა - რაღაცას აკეთებენ და თან ამადლიან ადამიანებს, მტვრისა და დისკომფორტის მოთმენა არ გინდათო. ფაქტია, ეს ხალხი რეალურად ზარალობს ამით და შესაძლოა, ისეთი ზარალი მიადგეს, ფეხზე ვერც წამოდგეს. სარეაბილიტაციო პროექტებისას სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ იქ კერძო მესაკუთრეების უფლებები დაცული იყოს. თუ ვერ ხერხდება, რომ ამ ბიზნესმა ოპერირება განაგრძოს, მაშინ სახელმწიფომ ის ხარჯი მაინც უნდა გადაუხადოს, რაც იზარალა.

ამ პროექტებს თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებს, რომელიც თბილისის მერიის დაფუძნებულია, მაგრამ იურიდიულად კერძო სუბიექტია. ფონდსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა განიხილება, როგორც ურთიერთობა ორ კერძო პირს შორის. ანუ ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და გაუგებარია, რატომ უნდა იჩაგრებოდეს ბიზნესი ამ ფონდის მიერ. იმის გამო, რომ მისი მფლობელი მერიაა? მერია ამით ტენდერს არიდებს თავს, თავისი დაარსებული კერძო პირი ჰყავს, რომელიც თავს ბევრის უფლებას აძლევს. მათ შორის იმისას, რომ არ იზრუნოს, შეექმნება თუ არა ბიზნესს პრობლემა, არ დაინტერესდეს, ვინ რა ზარალს მიიღებს... ჩვენი ხელისუფლებისგან იშვიათობა არ არის, როცა მის ქმედებებს ბიზნესის ინტერესები ეწირება".