ბიზნესკრედიტი მხოლოდ ვიწრო წრისთვის?! - კვირის პალიტრა

ბიზნესკრედიტი მხოლოდ ვიწრო წრისთვის?!

მცირე და საშუალო ბიზნესი სესხების ხელმისაწვდომობაზე მოლაპარაკებებს მართავს

საქართველოში რომ საკრედიტო რესურსი ძვირია, ეს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებისგან ისმის. "ეკოპალიტრასთან" ინტერვიუში შარშან ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ფონდის წამყვანი ექსპერტი, პროფესორი მერაბ კაკულიაც ადასტურებდა, რომ საქართველოში კრედიტები მხოლოდ მსესხებელთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი.

სწორედ სესხებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაციასთან ერთად, კომერციულ ბანკებთან შეხვედრებს გამართავს. მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციაში განმარტავენ, რომ გაიმართება მრგვალი მაგიდები მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე ორიენტირებულ ბანკებთან. შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება.

„ეკოპალიტრა“ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელ გიორგი ისაკაძეს ესაუბრა:

- რა იგულისხმება კონკრეტულად მეწარმეებისთვის სესხების მიუწვდომელობაში - მათი სიძვირე, თუ ფიზიკურად ვერ იღებენ ამ თუნდაც ძვირ კრედიტებს?

- კრედიტი ძვირიც არის და ხელმიუწვდომელიც. ზოგადად, მიღებაა გართულებული. ბანკებს აქვთ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს მეწარმე, რომ სესხის მიღება შეეძლოს.

საშუალო და განსაკუთრებით მცირე მეწარმეები ხშირად სესხის მისაღებად არც არიან მზად. გვინდა, გავაკეთოთ ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, პრობლემები „ჩამოვყაროთ“. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო – მივმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულ ბიზნესსაბჭოსაც.

- ბანკებისგან რას ითხოვთ – მსხვილ ბიზნესს სხვა პირობებით მისცენ კრედიტი და წვრილს და საშუალოს სხვა პირობებით, ანუ შეღავათებით?

- დღეს ბანკებს, ძირითადად, ერთი და იგივე კლიენტები ჰყავთ. პირობითად, 100 კლიენტი ტრიალებს ბანკებს შორის და ბაზარზე ერთი და იგივე მსესხებლები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ ბანკებისთვის მთავარი კლიენტი სწორედაც მსხვილი ბიზნესია. ბანკებს რა პრობლემები აქვთ და რატომ არის შენელებული დაკრედიტება - სწორედ ეს უნდა გამოვარკვიოთ და ერთობლივად ვიმუშაოთ ამ საკითხის გადასაჭრელად. ჩემი აზრით, კომერციული ბანკები დაინტერესდებიან, რომ ქვეყანაში სტაბილური კლიენტურის ბაზა გაიზარდოს.

- სესხის გაცემის პროცენტები დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. ხომ ვერ "აიძულებთ" ბანკებს, უფრო იაფი სესხი გასცენ?

- არავინ აპირებს, ბანკს სესხის იაფად გაცემა აიძულოს. მით უმეტეს, მცირე ბიზნესი ბანკებს რეალურად თითქმის აღარც მიმართავს. ისინი, ძირითადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახსრებს იყენებენ, სადაც ფული უფრო ძვირია, ვიდრე ბანკებში. ასე რომ, ბანკებისთვის მიუმართაობა სესხის სიძვირეს ნაკლებად უკავშირდება. მცირე მეწარმეები გაცილებით მეტს იხდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხში, ვიდრე ბანკების განაკვეთებია. აღარაფერს ვამბობ ჩვეულებრივ გამსესხებლებზე ანუ მევახშეებზე.

სესხების გაუცემლობაზე ბანკებს თავიანთი პოზიცია აქვთ. მათი თქმით, ზოგჯერ არ არის მეწარმისგან სესხის საკმარისი უზრუნველყოფა, ზოგჯერ ბიზნესგეგმა არ აქვთ. ჩვენ სწორედ ამ პრობლემების ერთობლივად მოგვარება გვინდა. საბოლოო მიზეზებს რომ გავარკვევთ, მერე გამოჩნდება, რისი გაკეთება არის საჭირო. თუ, პირობითად, ათი მიზეზი გამოიკვეთება, ამოცანა ნათელი გახდება და ამ მიზეზების მოგვარებით, მეწარმე სესხის მიღებას შეძლებს.

- მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია რომელიმე ბანკთან აპირებს თანამშრომლობას, თუ ბანკი არ არის განსაზღვრული?

- მრგვალ მაგიდებს ყველა ბანკის მონაწილეობით ვმართავთ. რომელი დაინტერესდება, ეს შემდეგ გამოჩნდება. რეალურად, პრობლემა ორივე მხარეს აქვს: ბანკს სჭირდება მსესხებელი, რომელიც მოგებას მოუტანს, მეწარმეს კი სჭირდება სესხი უკეთ საქმიანობისთვის.

- ბანკების ასოციაციაში როგორ განმარტავენ სესხების ხელმიუწვდომლობის მიზეზებს?

- ბანკების ასოციაციას აქვს პოზიცია, რომ მეწარმეები ხშირად მომზადებული არ არიან სესხის მისაღებად. ჩვენ გარკვეულწილად ვიზიარებთ ამ პოზიციას, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ დღეს ბანკები რისკებს გადაჭარბებით აფასებენ. არ შეიძლება მხოლოდ პირობითი 100 კლიენტი ტრიალებდეს სესხების ბაზარზე. ვიმეორებ, დღეს ბანკებსაც სჭირდებათ კარგი მსესხებელი და მეწარმეებსაც – საბანკო კრედიტი. ჩვენ აქტიურ მუშაობას ვაპირებთ და უკვე მაისიდან საბანკო სექტორთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მივაღწევთ.

მიმაჩნია, რომ შედეგი მალე იქნება. თანამშრომლობისას გამოვლენილი მიზეზებიდან თუ ყველა დაკმაყოფილდა, მაშინ კრედიტების ხელმისაწვდომობას წინ აღარაფერი დაუდგება. ბანკების დღევანდელი 16-17%-ანი განაკვეთები მაინც უფრო დაბალია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საიდანაც მცირე და საშუალო ბიზნესი ფულს სესხულობს.

თუ ბანკების მხრიდან, შეთანხმების საფუძველზე, ბიზნესი აქტიურად არ დაკრედიტდა, ბიზნესის განვითარება ძნელად წარმომიდგენია. თანამედროვე ეკონომიკაში კრედიტი უმთავრესი „საშენი მასალის“ ფუნქციას ასრულებს.