სურსათის გაძვირების ორმაგი ეფექტი - კვირის პალიტრა

სურსათის გაძვირების ორმაგი ეფექტი

როგორ იზრდება ფასები სურსათსა და სხვა საქონელზე, ბიუჯეტის რა ნაწილს ხარჯავენ სურსათზე ყველაზე დაბალშემოსავლიანი და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოჯახები საქართველოში და როგორია შემოსავლების რეალური ზრდა ბოლო ათწლეულში - ეს მონაცემები 2000-2011 წლებში ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარის კვლევაში "საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" შეაფასა.

სოსო არჩვაძე ("საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" ექსპერტი): "ფასები იზრდება როგორც განვითარებულ, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, განსხვავება წამალსა და საწამლავს შორის მხოლოდ დოზაშია. გააჩნია ფასების ზრდის ტემპს. თავის დროზე იმდენად მძიმე და დამთრგუნველი იყო ფასების ზრდა, რომ ასე ვთქვათ, სინდრომი დაგვრჩა და ვცდილობთ, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ იყოს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, სხვა ბერკეტები საშუალებას იძლევა, ფასები ძალიან არ გაიზარდოს.

საქართველო ჩართულია მსოფლიო მეურნეობაში, 150-მდე სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა და გლობალური პროცესები პირდაპირ და უშუალოდ აისახება ჩვენზე. მით უფრო, რომ ჩვენი შიდასამომხმარებლო ბაზარი დიდად არის დამოკიდებული ექსპორტ-იმპორტზე, რომლის ჯამი უკვე ასცდა მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს. ეს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. შედარებისთვის, რვა წლის წინ ის 43% იყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო გახსნილი გახდა, მაგრამ არის თანამდევი პროცესები - იზრდება გარეგანი ფაქტორების გავლენა. თუ უწინ საქართველო ჩაკეტილ სივრცეში იყო, ნაკლებად აინტერესებდა, რა ხდებოდა მსოფლიო ბაზარზე და ფასები დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო, ახლა ყველაფერი აისახება მის შიდა ბაზარსა და მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე.

თუ ათვლის წერტილად 2000 წელს ავიღებთ, ოფიციალური სტატისტიკით, მას შემდეგ ფასები თითქმის გაორმაგდა. მაგრამ რადგან სურსათის ფასი განსაკუთრებით გაიზარდა, ხოლო სხვა საქონელი შედარებით ნელა ძვირდებოდა, საშუალო მაჩვენებელი ზუსტ სურათს არ იძლევა. ეს იგივე იქნება, ავადმყოფების საერთო მდგომარეობაზე პაციენტთა საშუალო ტემპერატურით რომ ვიმსჯელოთ. სურსათის "ლიდერობას" თავისი ახსნა აქვს. მასლოუს ცნობილ მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით, ადამიანი პირველ რიგში, ცდილობს, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები სურსათზე, შემდეგ უსაფრთხოებაზე, საცხოვრისზე და ა.შ. შესაბამისად, დამატებითი შემოსავლის გაჩენისას მისი დიდი ნაწილი მიემართება სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რაც მოთხოვნის ინფლაციას იწვევს. გამონაკლისი არც საქართველოა. ხოლო თუ სურსათის ფასები საშუალო ინფლაციაზე სწრაფად იმატებს, შესაბამისად, სხვა საქონელი შედარებით ნელა ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს, მაგრამ ტენდენციის დადგენა მაინც შეიძლება. ბოლო 12 წლის განმავლობაში ფასები საშუალოდ ორჯერ გაიზარდა. აქედან სურსათი 2,4-ჯერ გაძვირდა, ხოლო არასასურსათო საქონელი - 1,6-ჯერ.

კვლევით აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანი შინამეურნეობა სურსათზე დაახლოებით ოთხჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე ყველაზე დაბალშემოსავლიანი. ამის მიუხედავად, სასურსათო ხარჯების წილი მაღალშემოსავლიან ოჯახებში გაცილებით დაბალია (17-18%), ვიდრე დაბალშემოსავლიანებში (55%-60%). ამიტომ სურსათის ფასის ნებისმიერი ცვლილება არათანაბრად ზემოქმედებს სხვადასხვა სოციალურ ფენაზე. მაგალითად, წიწიბურის 1,5-ჯერ გაძვირება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს პენსიის მსყიდველობით უნარს, ხოლო აიფონის, აიპოდისა თუ აიპადის ფასთა ნებისმიერი ცვლილება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯერჯერობით არაფერს ცვლის, რადგან მათი დიდი ნაწილი ამ სასაქონლო ჯგუფის მყიდველი არ არის. ამიტომ, ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების ცვლილება განსხვავებულ გავლენას ახდენს სხვადასხვა ჯგუფის მსყიდველობით უნარზე. მაგალითად, 2000 წელთან შედარებით, ერთეული შემოსავლის მსყიდველობითი უნარი პენსიონერებისთვის 100%-დან 44,7%-მდე დაეცა, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის - შემცირდა 52%-მდე. რა თქმა უნდა, ამასობაში პენსია 100 ლარი გახდა, მაგრამ ერთეული ლარის მსყიდველობითი უნარი დღეს გაცილებით ნაკლებია.

საშუალო ხელფასი თითქმის ათჯერ გაიზარდა, მაგრამ თუ ფასების ინდექსს გავითვალისწინებთ, ის რეალურად მხოლოდ 4,7-ჯერ არის გაზრდილი. რატომ არ აქვს ამას გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე? ხელფასების მიმღებთა რაოდენობა საქართველოში კატასტროფულად დაბალია. ბოლო მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებული 630 ათასია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. საქართველოში დაახლოებით 1,1 მილიონია ოჯახია და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე შეადგენს მხოლოდ 55-ს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქალაქებში ოჯახიდან რამდენიმე წევრია დაქირავებით დასაქმებული, აღმოჩნდება, რომ შინამეურნეობათა 2/3-ს ერთი წევრიც არ ჰყავს, ვინც ხელფასს იღებს. ბოლო წლებში ხელფასის რეალური ზრდა (4,7-ჯერ), უკეთეს შემთხვევაში, გავლენას ახდენს ოჯახების 1/3-ის კეთილდღეობაზე. თუ ამ ზრდას მთელ მოსახლეობაზე გადავანაწილებთ, აღმოჩნდება, რომ ხელფასის საშუალო დონე ბოლო 11 წლის განმავლობაში რეალურად მხოლოდ 1,5-1,6-ჯერ გაზრდილა.

თუ აშშ-ს შევადარებთ, 90-იანი წლების ბოლოს ჩვენთან საშუალო ხელფასი იქაური საშუალო ხელფასის 5-6% იყო. ვალუტის კურსის გამყარების გამო, განსაკუთრებით ბოლო დროს, ეს მაჩვენებელი 11,5-12%-მდე გაიზარდა. მაგრამ ყოველ 1000 მცხოვრებზე აშშ-ში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 3,3-ჯერ მეტია. ჩვენთან ყოველ 1000 ადამიანზე ხელფასის ჯამური ფონდი 1000 ამერიკელის ხელფასის ჯამური ფონდის მხოლოდ 3,3%-ს შეადგენს.