როგორ შენდება სახელმწიფოს კუთვნილი ბიზნესი - კვირის პალიტრა

როგორ შენდება სახელმწიფოს კუთვნილი ბიზნესი

ბოლო დროს მოიმატა ფოსტის მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს წლების წინ მომხმარებელი კმაყოფილი იყო. რებრენდინგის მომიზეზებით, "საქართველოს ფოსტამ" ტარიფი საგრძნობლად გაზარდა, სერვისი კი, განსაკუთრებით საერთაშორისო გზავნილებზე, გასული საუკუნის დონისა დარჩა. თუმცა კომპანიას, რომელსაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო უმაგრებს ზურგს, მეორე მხრივ კი ერთადერთი რეგულარული ფოსტაა ქვეყანაში, მონოპოლიური მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება კარგად გამოსდის.

ლევან ჯ. (მეწარმე): "ხშირად ვიღებ საფოსტო გზავნილებს, ზოგს "ექსპრესფოსტით" და ზოგსაც ჩვეულებრივი, რეგულარული ფოსტით ანუ "საქართველოს ფოსტით". გამომგზავნები თავად ანაზღაურებენ გამოგზავნის თანხას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ჩინეთში ფოსტა განვითარებული, ჩვენ კი XXI საუკუნეში ჩამორჩენილი ფოსტა გვაქვს. როცა ქვეყანაში სახელმწიფო ფოსტას არ აქვს ადგილზე მიტანის სერვისი, ის ფოსტა კი არა - საწყობია. ამანათი საზღვარს რომ გადმოკვეთს, დაკარგულად მიიჩნევა და არც ერთ საერთაშორისო სისტემაში ეს ამანათი არ ჩანს.

მე ამანათის მიმღები ვარ. იმისთვის, რომ ის მიმეღო, გამომგზავნმა საზღვარგარეთ ფული გადაიხადა. ჩემთან ფოსტის წარმომადგენლებს მოაქვთ მხოლოდ ქვითარი და ის შეიძლება მოგიტანონ ამანათის ჩამოსვლიდან ხუთი, ერთი ან ათი დღის შემდეგ. საფოსტო ოფისში მისულს სიურპრიზი მხვდება, - სულ მცირე - 10 ლარის გადახდა მიწევს. თურმე ეს არის, როგორც იქ მეუბნებიან, შენახვის ხარჯები. კი მაგრამ, მე რომ ქვითარი დაგვიანებით მომიტანეს, ამანათი ამდენ ხანს იქ რომ უდევთ, ეს ჩემთვის ხომ ისედაც პრობლემაა. ადრე ეს ტარიფი 2-2,50 ლარი იყო. თუმცა მცირედით კი არის გამოსწორებული ვითარება - ქაღალდების ნაცვლად, მაგალითად, ზოგან კომპიუტერი დგას... რეგულარული ფოსტა ეს ერთია, ალტერნატივა არ არის, ექსპრესფოსტით კი ყოველთვის ვერ ისარგებლებ, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს".

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი საფოსტო ოპერატორის, "საქართველოს ფოსტის" პრივატიზება გადაიფიქრა, სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ლევან სანაძე. სულ მალევე, 2011 წლის 9 აგვისტოს, „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია „ლექსორ კაპიტალ კორპმა", ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი „უსასყიდლოდ და უპირობოდ" ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. ხელშეკრულება უვადოა და „ლექსორ კაპიტალს" წილის უკან გამოთხოვა ეკრძალება. ორი დღის შემდეგ კი „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტრომ 5-წლიანი მართვის უფლებით „საქართველოს ფოსტას" გადასცა. შემდეგ, "პრაქტიკულად გაკოტრებული კომპანიის" გადასარჩენად "საქართველოს ფოსტის" მენეჯმენტმა ტარიფები გაზარდა, თუმცა რატომ, ეს მომხმარებლებს ვერ გაურკვევიათ.

ირაკლი მ. (კერძო პირი): "მქონდა შემთხვევა, გამოვიწერე ნივთი "ამაზონიდან", გადავიხადე ფული და დანიშნულ ვადაში არ ჩამოვიდა. მაქსიმალური ვადა "ამაზონს" გაწერილი ჰქონდა, პირობების თანახმად, თუ სამ კვირაში ტვირთი არ მივიდოდა ადრესატამდე, ის დაკარგულად ჩაითვლებოდა და ტვირთის გამომგზავნი ხელახლა გამოგზავნის ვალდებულებას იღებდა. სამი კვირის გასვლის შემდეგ მეც ავდექი და ვთხოვე, ფოსტა მოეძიებინათ. "ამაზონმა" ბევრი ეძება თუ ცოტა, კვალს ვერ მიაკვლია და განაცხადა, რომ ის ფოსტა დაკარგული იყო. გამოგზავნეს ხელახლა. ის კი აღნიშნეს, რომ ამანათმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაგრამ შემდეგ მისი კვალი იკარგებოდა. მეორედ თავი დაიზღვიეს და ექსპრესფოსტით გამოუშვეს. მივიღე ეს ამანათი და ორ კვირაში ფოსტიდან მოვიდა შეტყობინება, წაიღეთ თქვენი ამანათიო.

აღმოჩნდა, რომ ის პირველი ტვირთი რეალურად ჩამოვიდა და ერთი და იგივე ამანათი ორჯერ მივიღე... გამომგზავნი საერთოდ ამოიღებს საქართველოს დასაგზავნი ქვეყნების სიიდან, რადგან გზავნილები ასე ხშირად იკარგება".

კობა გ. (გადაზიდვების სფეროში მომუშავე მეწარმე): "2012 წლიდან "საქართველოს ფოსტამ" ტვირთების გადაზიდვა დაიწყო. ვიცით ერთი, რომ ბიზნესებს აძალებენ, თუ ჩვენი ფოსტით არ ჩამოიტანთ, პრობლემებს შეგიქმნითო. რამდენიმე კლიენტმა თქვა ამის შესახებ".

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ფორუმ.გე-ზე ამგვარი ინფორმაციები გავრცელდა:

"თავი იჩინა ახალმა მონოპოლიურმა ბიზნესმა და ეს არის ტვირთების გადაზიდვის ბიზნესი აზერბაიჯანიდან, ჩინეთიდან, დუბაიდან. საქმე ის არის, რომ ხდება მეწარმეებზე პირდაპირი ზეწოლა, რათა მათ ტვირთების ტრანსპორტირება სხვადასხვა კომპანიებიდან გადაიტანონ "საქართველოს ფოსტაში". წინააღმდეგ შემთხვევაში აშანტაჟებენ იმით, რომ ტვირთებს ხელოვნურად შეაფერხებენ საბაჟო პუნქტებზე... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირების ხარჯები მეწარმეებისთვის "საქართველოს ფოსტის" მომსახურებისას 50%-ით იზრდება".

"საქმე იქამდე მივიდა, რომ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში დაბრუნდა, პირად ნივთებს არ ატანენ იმ მიზეზით, რომ "საქართველოს ფოსტით" არ გადმოიტანა და ჩვეულებრივად იქირავა გადამზიდავი. მიდის მუქარა და გადამზიდავების დაშინება".

"ყველა ამანათი გაჩხრეკილ-გაქურდული მოდის, ზოგიც საერთოდ იკარგება".

"მეწარმეები ამბობენ, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა არ განაბაჟებს ტვირთს, თუ "საქართველოს ფოსტით" არ მოდის. ხდება გადამისამართება ფოსტაში და იქ გარკვევის შემდეგ ხდება განბაჟება".

"რატომ ვიხდი მცირე ზომის ამანათში 7 ლარს და ამანათში 10 ლარს, როცა ტრანსპორტირების ფული გადახდილი მაქვს? ამ თანხაში არ შედის სახლამდე მიტანა და მე უნდა ვეახლო საფოსტო განყოფილებაში. საკმარისია ორი დღე ვერ მიხვიდე ფოსტაში და დაგვიანების თანხაც ემატება. ბოლოს კი ჩეკის ნაცვლად, რაღაც ნაგლეჯზე დაწერილ ხელნაწერს გაძლევენ და თავისუფალი ხარ".

"წარმოიდგინეთ, კონტეინერული გადაზიდვისას გადაზიდვის ხარჯი გაზრდილია 50%-ით. და თუ არ ისარგებლებ ფოსტით მიანიშნებენ, რომ მეწარმეებს პრობლემები შეექმნებათ".

კახა ბაინდურაშვილი ("საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "არ იქნება სწორი თქმა, რომ "საქართველოს ფოსტა" ცუდად მუშაობს. უკეთ მუშაობს, მაგრამ გასაკეთებელი ბევრი რჩება. ნებისმიერ კერძო კომპანიას აქვს პრობლემები და მომხმარებელს ყოველთვის უკეთესი მომსახურება სურს, რასაც ყველანაირად ვცდილობთ. ბუნებრივია, ერთ დღეში ამის მიღწევა შეუძლებელია, ეს მხოლოდ ადამიანურ რესურსზე არ არის დამოკიდებული და საკმაოდ დიდ დაბანდებასაც მოითხოვს. საფოსტო სერვისი არ არის ერთი ფოსტალიონის მუშაობაზე დამოკიდებული. კარგად გემახსოვრებათ, რა ვითარებაში იყო საფოსტო ოფისები, თანამედროვე ტექნიკაზე საუბარი ზედმეტი იყო, ფოსტას ინტერნეტიც კი არ ჰქონდა. ამ დეტალებში ჩაღრმავება შორს წაგვიყვანს, მთავარია, სერვისი გაუმჯობესებულია. პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რეაგირებისთვის მზად ვართ.

- რატომ არ აქვს "საქართველოს ფოსტას" ამანათის ადრესატამდე მიტანის სერვისი?

- ყველა საფოსტო გზავნილი ჩვენ ადგილზე მიგვაქვს. შეიძლება საუბარია მძიმეწონიან ამანათზე. სანამ ფოსტასთან შეხება მექნებოდა, მეც გამომიწერია ფოსტით ნივთები და მაშინაც მომდიოდა გზავნილი შინ. თუ ვიღაცას რაღაც არ მიუტანეს, ეს შეიძლება კონკრეტული პრობლემა იყო. პირიქით, კიდევ უფრო მეტი სერვისი დავამატეთ, რაც მანამდე არ ჰქონია, მაგალითად, წიგნების მიტანა, ფულადი გზავნილების მიტანა. ისეთი სერვისები დაემატა, რაც ფოსტის ისტორიაში არ არსებობდა, მათ შორის არც საბჭოთა პერიოდში.

როცა დღეში ათიათასობით აბონენტის დამუშავება გიწევს, წერილიდან მძიმე ტვირთამდე, მომხმარებლების რაღაც რაოდენობა უკმაყოფილო გეყოლება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. თუ ვინმეს ჩვენ გამო პრობლემა შეექმნა, ამისთვის ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, გამოვასწოროთ.

- მიღებულ ტვირთზე რატომ უწევთ თანხის გადახდა?

- აბა, ვინ უნდა გადაიხადოს?

- გამომგზავნი ტრანსპორტირების ხარჯს სრულად ანაზღაურებს...

- თუ ვინმე სატარიფო სისტემით არის უკმაყოფილო, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში დაახლოებით 30-მდე საფოსტო კომპანიაა. ეს არც რკინიგზაა და არც ელექტროსისტემა, სადაც არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები. ასე რომ, საფოსტო გზავნილების სეგმენტში სახელმწიფოს მონოპოლია არ აქვს. შესაბამისად, ვცდილობთ, მაღალი კონკურენცია გავწიოთ და მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ. ეს ბაზარი კონკურენტულია და არავის შეუზღუდავს მომხმარებლისთვის DHL-ში, თNთ-ში ან სხვა ოპერატორთან წასვლა..

- რეგულარული ფოსტა ხომ მხოლოდ "საქართველოს ფოსტაა" ბაზარზე?

- რეგულარული რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში ეს ცოტა გაუგებარია. გამოვიდეთ საბჭოთა მენტალობიდან. დღეს საქართველოში არსებობს საერთაშორისო ფოსტის უამრავი ოპერატორი. გასაგებია, რომ ქართული ყველაზე მსხვილი ჩვენ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ DHL-ით ვერ გააგზავნით საერთაშორისო ფოსტას.

- სატრანსპორტო გადაზიდვებს რაც შეეხება, როდის დაამატეთ ეს სერვისი და ბრუნვა რამდენი გაქვთ?

- მაგაზე წერილი მომწერეთ და ოფიციალურად გაგცემთ პასუხს, რადგან ციფრები ასე ზეპირად არ მახსოვს. დაახლოებით ექვსი თვეა, რაც ეს სერვისი ამოქმედდა".

P.S. თემაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებული მქონდა, როცა ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი დამიკავშირდა და მთხოვა, ამანათის წამოსაღებად "საქართველოს ფოსტის" ერთ-ერთ განყოფილებაში გავყოლოდი. როგორც აღმოჩნდა, ფოსტის კურიერმა სწორედ იმ დღეს, სამსახურში მიუტანა ქვითარი, რომელზეც დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი ეწერა: რადგან სახლში არ დაგვხვდით, ხვალ ჩვენთან მობრძანდით ამანათის წამოსაღებადო(?!). ჯერ ერთი, შინ არ მისულან და სამსახურის მისამართზე მიუტანეს ადრესატს ქვითარი და მეორე, სწორედაც რომ ადგილზე დახვდა ადრესატი ფოსტის კურიერს. უფრო საინტერესო ფოსტის განყოფილებაში გველოდა. მიმღებს ამანათის გატანაში 7 ლარის გადახდა მოსთხოვეს. სხვათა შორის, წიგნი იყო. შეკითხვაზე, რისთვის ახდევინებდნენ მომხმარებელს ამ თანხას, ფოსტის თანამშრომელმა მხრები აიჩეჩა და ასე გვიპასუხა: მოდით, ასე ვთქვათ, გატანის საფასურიაო.