თვითდასაქმებული საქართველო - კვირის პალიტრა

თვითდასაქმებული საქართველო

რამდენი უმუშევარია საქართველოში? - ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. სტატისტიკის სამსახური ამბობს, რომ 2011 წელს უმუშევრობა, 2010 წელთან შედარებით, 1,2%-ით შემცირდა და 15,1% შეადგინა. ამასვე ამტკიცებდა რამდენიმე თვის წინ ქვეყნის პრემიერი, როცა ამბობდა, რომ უმუშევრობამ 2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით 16,2%-დან 15,2%-მდე დაიკლო. მეტიც, „საქსტატში" ამბობენ, რომ ეს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ოთხ წელიწადში. სოფლად უმუშევრობა 6,5%-ია, ხოლო ქალაქად - 26,5%. სტატისტიკურ მონაცემებს ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ, მათი შეფასებით, საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სამსახურს ვერ შოულობს.

საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია რეგიონში: „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ანგარიშის თანახმად, 2010 წელს ეს მონაცემი 16,3%, ხოლო 2011 წელს - 16,5% იყო. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) მიერ საქართველოში მოწყობილი კვლევა: გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ (70%), მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობა დაასახელა. "საქსტატმა" გამოაქვეყნა 25 ქვეყნის მონაცემები, სადაც საქართველო უმუშევრობის დონით მე-17 ადგილზეა. ყველაზე დაბალი უმუშევრობა ნორვეგიასა (3,5%) და ნიდერლანდებშია (4%). ამ 25 ქვეყანაში არ შეუყვანიათ ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი.

ქვეყანაში აღარ არსებობს შრომის ბირჟა, შესაბამისად, უმუშევართა ზუსტი აღრიცხვა ფაქტობრივად არ ხდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ იზრდება შრომითი მიგრაცია და საქართველოდან უცხოეთში წასული სამსახურის მაძიებელთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა იმ დემოგრაფიულ დანაკარგებს, რაც საქართველოს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა. მხოლოდ პოლიტიკური დევნილის სტატუსით საქართველოდან თავშესაფარს უცხოეთში ყოველწლიურად დაახლოებით 5000 ადამიანი იღებს.

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "უმუშევრობა პრობლემათა სიის სათავეში მოექცა. ზოგი ინდიკატორის მიხედვით, დღეს თავს უმუშევრად თითქოსდა მოსახლეობის 70% მიიჩნევს. სხვა გამოკვლევებში ჩანს, რომ ამდენივესთვის ეს საკითხი სიმწვავით პირველ ადგილზეა. სანამ სტატისტიკური მონაცემების კრიტიკას დავიწყებდეთ, ამ ციფრებში დავინახოთ არა მარტო უმუშევრობის დონე, არამედ თვით მოსახლეობის სუბიექტური აღქმის მაჩვენებელი. ისინი დასაქმებად მიიჩნევენ ისეთ შრომით საქმიანობას, როცა არსებობს სტაბილური საქმიანობისა და შემოსავლის წყარო. ხოლო რაც უკავშირდება მათ მარიფათს, უნარ-ჩვევებს ან იღბალს, მიაჩნიათ, რომ ეს შემოსავლის მიღების შემთხვევითი ფორმაა და სტაბილურ, რეალურ დასაქმებაში არ უნდა ჩაითვალოს.

რა თქმა უნდა, უმუშევრობა გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, მაგრამ იმაზე მაღალი, ვიდრე სტატისტიკა გვეუბნება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ვალდებულია, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მეთოდოლოგიით განსაზღვროს უმუშევრობის დონე. უმუშევრად მიიჩნევა პირი, რომელსაც გამოკითხვის მიხედვით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონია ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა, ცდილობდა სამუშაოს მოძებნას და მზად იყო მუშაობის დასაწყებად. ამგვარი კრიტერიუმის დამსახურებით, ჩვენთან ადამიანთა მთელი არმია თვითდასაქმებულთა სიაში ექცევა.

ჩვენთან დასაქმებულთა საერთო რიცხვის 3/5-ზე მეტი მოდის თვითდასაქმებულებზე, რაც გაცილებით აღემატება ევროპისა და მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს. მაგალითად, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში თითქმის 8-9 ჯერ აღემატება ესტონეთის მაჩვენებელს. გამოდის, ჩვენთან და ესტონეთში პირობითად შესაძლოა უმუშევრობის დონე თანაბარი იყოს, მაგრამ დასაქმების ხარისხი, დასაქმებულთა დამოკიდებულება სამუშაო ადგილისადმი, შემოსავლის წყაროსადმი თვისობრივად უარესია, ვიდრე ესტონეთში.

სტატისტიკის სამსახურს 2007 წლის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია დასაქმებულთა რიცხოვნობა საქმიანობათა სახეობების მიხედვით - რამდენია დასაქმებული მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე და სხვ.. არადა, ჩვენ გვაინტერესებს არა მარტო ის, თუ რამდენი დამატებული ღირებულება იქმნება ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში, არამედ ამ ღირებულებას რამდენი ადამიანი ქმნის. თუ ამ ყველაფერს დავითვლით, აღმოჩნდება, რომ სოფლად ყოველ დასაქმებულზე მოდის დაახლოებით იმდენი დამატებული ღირებულება წლის განმავლობაში, რამდენიც ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმს შეესაბამება. თუ ამ ციფრებს დაეჯერება, გამოდის, სოფლად დასაქმებული ერთი ადამიანი, ქმნის მხოლოდ იმდენ დოვლათს, რაც მის არსებობას სჭირდება. ეს ეკონომიკური ნონსენსია, შეუძლებელია ეფექტურად ჩაითვალოს შრომა, აზრი ჰქონდეს ეკონომიკურ საქმიანობას, თუ ის ცოტა მეტ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის, ვიდრე მისი არსებობისთვის არის საჭირო. გამოდის, ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად არის 900 ათასზე გაცილებით ნაკლები, სულ ცოტა, 400-450 ათასით, ან არადა ეს კონტინგენტი უმუშევრებს უნდა მივუმატოთ.

- სხვა ქვეყნებში თვითდასაქმებულებს დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში ითვლიან?

- დიახ, მაგრამ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ნაკლები თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ჩვენთან პირიქით, თვითდასაქმებულთა 80%-ზე მეტი აგრარულ სექტორზე მოდის, სადაც შრომის მწარმოებლურობა ყველაზე დაბალია. ჩვენთან თუ არის თვითდასაქმებულთა პროპორცია პირობითად 60/40, ანუ 60% თვითდასაქმებული და 40% დაქირავებით დასაქმებული, სხვა ქვეყნებში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო მაჩვენებლებში არის 10%, 20%, ყველაზე მეტი, 30%. ასე რომ, ახლანდელი 300 ათასამდე უმუშევარი 400 ათასით უნდა გაიზარდოს და რეალურთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ. მაგრამ ეს ექსპერტული შეფასებაა და არა სტატისტიკური მონაცემი.

- ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება...

- არსებით გაუმჯობესებაზე საუბარი ნაადრევია. უმუშევრობის დონის შემცირება 1-1,5%-ით შეიძლება ჩაითვალოს როგორც რეალური გაუმჯობესების, ისე სტატისტიკური ცდომილების შედეგად. 1-2%-იანი ცვლილება რეალურ გარდატეხად ვერ ჩაითვლება.

ციფრების ენით

- "საქსტატის" ცნობით, 2011 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეადგენდა 1959,3 ათას ადამიანს. აქედან დასაქმებული იყო 1664,2 ათასი, უმუშევარი - 295,1 ათასი კაცი,

- შარშან ქვეყანაში თვითდასაქმებული იყო დასაქმებულთა მთლიანი რიცხვის 61,9%, ხოლო დაქირავებით დასაქმებული - 38,1%.