მეფე-ჰამბურგერი - მარადიული მეორეადგილოსანი - კვირის პალიტრა

მეფე-ჰამბურგერი - მარადიული მეორეადგილოსანი

Burger King-ი მსოფლიოში სწრაფი კვების სიდიდით მეორე ქსელია და მხოლოდ "მაკდონალდსს" ჩამორჩება. ის მუშაობს ამერიკის ყველა შტატსა და მსოფლიოს 75 სახელმწიფოში, ქსელი ითვლის 12 ათას ფრანჩაიზინგულ რესტორანს, აქედან 1 ათასი თავად "ბურგერ კინგის" საკუთრებაა. კომპანია ყოველდღიურად 11 მილიონ ადამიანს ემსახურება მთელ მსოფლიოში, ანუ წელიწადში 2 მილიარდზე მეტ ჰამბურგერს ყიდის. თუმცა ბოლო წლებში ბიზნესი მთლად გამართულად ვერ მუშაობს. ფირმამ არსებობის განმავლობაში რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა, ბოლოს კი ის ინვესტორთა სამწევრიანი ჯგუფისგან, რომელსაც სათავეში ტეხასური Pacific Group-ი ედგა (დღეს უკვე TPG Capital-ი), ბრაზილიურმა 3G Capital-მა შეიძინა $4 მილიარდად. თუმცა ჯგუფმა აქციების 31% დაიტოვა.

1954 წელს მაიამელმა მეწარმეებმა ჯეიმს მაკლამორმა და დევიდ ედგერტონმა კომპანია "ბურგერ კინგი" დაააარსეს. პირველი მაღაზია მაიამის გარეუბანში გაიხსნა, 1959 წელს ქალაქში უკვე ხუთი რესტორანი იყო. 1967 წელს, როცა მათ ქსელი კომპანია Pillsbury-ს მიჰყიდეს, "ბურგერ კინგი" უკვე სიდიდით მესამე იყო აშშ-ში, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მყარად დაიკავა მეორე ადგილი მსოფლიოში, "მაკდონალდსის" შემდეგ.

იდეა მაკლამორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც "მაკდონალდსის" რესტორანს ეწვია, გაეცნო ჰამბურგერების წარმოებას, ტექნოლოგიებს, მოწყობილობებს და სწრაფი კვების სისტემის საკუთარი ვარიანტის შექმნა გადაწყვიტა. მაკლამორმა და ედგერტონმა თავიანთი ბიზნესი უბრალო კონცეფციით დაიწყეს. მათ სურდათ, თავიანთ რესტორნებში რაც შეიძლება მეტი ოჯახი მოეზიდათ, ისინი, ვინც თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრებას სწავლობდნენ, რადგან მეორე მსოფლიო ომის შედეგები და თანამდევი კრიზისი უკვე გადალახული იყო. მწიფდებოდა ნამდვილი დემოგრაფიული ბუმი, რაც ნიშნავდა, რომ "ბურგერ კინგის" კლიენტთა რიცხვიც გაიზრდებოდა. ოჯახურ რესტორანს რომ დამსგავსებოდა, "ბურგერ კინგის" რესტორნებში გაჩნდა სასადილო მოწყობილობები, რაც ფასტ-ფუდის ქსელისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა (თუმცა ჭურჭელი პლასტმასისა იყო და საკმაოდ მოუხერხებელიც).

სწორედ ამ დროს კალიფორნიაში რეი კროკმა ძმებ მაკდონალდებთან გარიგება დადო, რითაც რესტორნების სახელგანთქმულ ქსელს ჩაეყარა საფუძველი. 1957 წელს "ბურგერ კინგმა" მენიუ გაამდიდრა და ბიზნესლეგენდად ქცეული ჰამბურგერი Whopper-ი დაამატა - "მაკდონალდის" "ბიგმაკის" ერთგვარი ანალოგი. ჰამბურგერი ყველით, პომიდვრით, სალათით, საწებლითა და სხვა პროდუქტით იყო "გამოტენილი". ეს იყო მძიმე, მაგრამ უდავოდ მადის აღმძვრელი კერძი. ამასთან, "ბურგერ კინგმა" სრულიად აშშ-ში საერთო ფასი დააწესა, რომელიც კრიზისების დროსაც არ იმატებდა. ჩვეულებრივი ჰამბურგერი ქსელში 18 ცენტი ღირდა, ხოლო "უოპერი" - 37 ცენტი. საინტერესოა, რომ კონკურენტი "მაკდონალდსის" ჰამბურგერების ფასი 15 ცენტი იყო. "ბურგერ კინგში" სადილობა დღესაც უფრო მეტი ჯდება.

1958 წლიდან "ბურგერ კინგმა" სატელევიზიო რეკლამის აქტიურად გამოყენება დაიწყო. პირველი სარეკლამო რგოლი აჩვენა ტელეარხმა, რომელიც მაიამიში მაუწყებლობდა. 1959 წელს დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ ბიზნესის ფლორიდის გარეთ გასატანად მზად იყვნენ. საამისოდ საუკეთესო მოდელად მაკლამორმა და ედგერტონმა ფრანჩაიზინგი მიიჩნიეს, რომელიც დღემდე ყველაზე ხელსაყრელი იარაღია ბიზნესის გასაფართოებლად კაფე-რესტორანთა ქსელებისთვის.

მაკლამორმა და ედგერტონმა "ბურგერ კინგის" მარკით რესტორნების გახსნის უფლებების გაყიდვა დაიწყეს, ოღონდ "მაკდონალდსისგან" განსხვავებით, ისინი ეძებდნენ მსხვილ ინვესტორებს, რომლებსაც დიდი ტერიტორიების ათვისება შეეძლოთ. სისტემამ გაამართლა. ქსელი სწრაფად ფართოვდებოდა და 1967 წელს ედგერტონმა და მაკლამორმა გადაწყვიტეს, $18 მილიონად მიეყიდათ თავიანთი პირმშო კომპანია "პილსბერისთვის".

ფრანჩაიზინგულ ქსელს 60-იანი წლების ბოლოს ბზარი შეეპარა. მიზეზი ის გახლდათ, რომ დამფუძნებლებს არ უზრუნიათ ფრანშიზების გონივრული შემოწმებისთვის. შედეგად, "ბურგერ კინგის" რესტორნებში მომსახურების სხვადასხვა ხარისხი იყო. მეტიც, განსხვავდებოდა ასორტიმენტიც. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაკლი იყო რესტორანთა იმ ქსელისთვის, რომელიც თავისი რეკლამით კლიენტებს არწმუნებდა, რომ ქსელის ნებისმიერ რესტორანში ერთნაირად მოემსახურებოდნენ.

"ბურგერ კინგის" ზოგიერთმა ფრანჩაიზინგულმა პარტნიორმა მთელი ქსელის გამოსყიდვა განიზრახა. მეწარმემ, გვარად ტროტერმა, არაერთხელ შესთავაზა მთელი ქსელის ყიდვა "პილსბერის". უარის შემდეგ კი ცალკეული რესტორნების მფლობელებისგან გამოსყიდვა დაიწყო, ქსელის წესებით ეს არ იკრძალებოდა. "პილსბერის" ტროტერთან სასამართლოში დავამაც კი მოუწია. საბოლოოდ ფირმამ მაშინ $100-მილიონიან შეთავაზებაზე თქვა უარი.

ენდე, მაგრამ შეამოწმე

"ბურგერ კინგმა" თავისი რესტორნების მუშაობის ხარისხის რეალურად გაკონტროლება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიაში "მაკდონალდსისგან" ნიჭიერი მმართველი დონალდ სმითი გადავიდა. მართალია, იმ დროისთვის "მაკდონალდსი" გაცილებით სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ "ბურგერ კინგმა" სრული თავისუფლების მინიჭებით შეძლო მენეჯერის დაინტერესება. ამის შემდეგ კომპანია გაცილებით მკაცრად მუშაობდა რესტორნების მეპატრონეებთან და აქცენტს საყოველთაო სტანდარტიზაციაზე აკეთებდა.

ახალი მენეჯერი კომპანიაში მოსვლისთანავე შეეჯახა პრობლემებს, რომლებსაც ძველ სამსახურში ვერც წარმოიდგენდა. საქმე ის იყო, რომ "ბურგერ კინგი" იმ მიწების მხოლოდ 34%-ს ფლობდა, რომლებზეც მისი რესტორნები იყო განთავსებული. სმითს კარგად ესმოდა ამ ვითარებისა და მომსახურების ხარისხის ურთიერთკავშირი. მან მართვის მოდელი შეცვალა. კომპანია ცდილობდა, ინდივიდუალურ მეწარმეებთან დაედო შეთანხმებები და არა მსხვილ ფირმებთან. გაჩნდა წვრილ-წვრილი დამატებითი პირობების მოთხოვნები, მაგალითად, სამუშაოდან განსაზღვრულ მანძილზე ცხოვრების აუცილებლობა. კომპანიამ ასევე დაიწყო რეგიონული ოფისების შექმნა. მათ თვალყური უნდა ედევნებინათ რესტორნების მუშაობისთვის, დახმარებოდნენ და იმავდროულად, ხარისხი ეკონტროლებინათ. ამასთან, ახალი კონტრაქტებით, ფრანჩაიზერებს არ ჰქონდათ სხვა ადგილას ფრანშიზის ყიდვის უფლება. მაგალითად, რამდენიმე რესტორნის მფლობელს ნიუ-იორკში უფლება არ ჰქონდა, ქსელის რესტორნები კალიფორნიაშიც გაეხსნა.

სმითის წყალობით, ქსელი აშშ-ის გარეთაც გაფართოვდა. ათ წელიწადში "ბურგერ კინგის" რესტორნები ოცდაათ ქვეყანაში გაჩნდა.

1974 წელს "ბურგერმა" თავის ქსელში სწრაფი მომსახურების ახალი სისტემა დანერგა. ამავე დროს სმითმა კომპანიაში მორიგ რეორგანიზაციას მოჰკიდა ხელი, რისთვისაც "მაკდონალდსიდან" იბირებდა თანამშრომლებს. შემოიღო თითოეული ფრანშიზის ორდღიანი აუცილებელი შემოწმება, წელიწადში ერთხელ. რასაკვირველია, გარდა ამისა, ეწყობოდა დაუგეგმავი, მოულოდნელი შემოწმებებიც - რაც მთავარია, ფარულად. 80-იანი წლებიდან "ბურგერის" ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარა. გაჩნდა მრავალი ახალი პროდუქტი, მათ შორის დილის საუზმეები (ლიდერი კონკურენტი ფირმის წარმატებული დებიუტების კვალდაკვალ).

ბურგერების ომი

1980 წელს სმითმა კომპანია დატოვა, რათა რესტორანთა სხვა ქსელი, Pizza Hut-ი დაეყენებინა ფეხზე. ამის შემდეგ "ბურგერ კინგის" ხელმძღვანელობა ხშირად იცვლებოდა, რაც, ცხადია, სასიკეთოდ არ მოქმედებდა კომპანიაზე.

1985 წელს "ბურგერ კინგმა" ლონდონში სასწავლო ცენტრი გახსნა, რათა მჭიდროდ ეთანამშრომლა ევროპელ ფრანჩაიზერებთან. ფართოვდებოდა კომპანიის ასორტიმენტიც. ასე გაჩნდა იმავე წელს სალათ-ბარი, ქსელში გაიზარდა ჯანსაღი საკვების რაოდენობა, შეიცვალა ძველი რესტორნების ინტერიერი. დაიწყეს გაცილებით უსაფრთხო მასალის გამოყენება - პლასტმასი ხემ შეცვალა. კომპიუტერიზაციისა და მოლარის მუშაობის სტანდარტიზაციის წყალობით, "ბურგერ კინგში" მოზარდებსაც კი უპრობლემოდ შეეძლოთ მუშაობა.

ქსელი საკმაოდ აგრესიულად წარმართავდ    ა რეკლამას. გახმაურებულმა სარეკლამო კამპანია "ბურგერების ომმა" (Battle of the Burgers) გაყიდვა 19%-ით გაზარდა. თუმცა მომდევნო სარეკლამო სვლები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. ხოლო ზოგიერთი სატელევიზიო რეკლამა, ცნობილი სახეების მონაწილეობით, ჩაფლავდა კიდეც.

1989 წელს "პილსბერი" თავისი ქსელით Grand Metropolitan-მა შეისყიდა. მართალია, კონგლომერატმა და შემდგომ უკვე მისმა მემკვიდრე Diageo-მ (რომელიც "გრანდ მეტროპოლიტანისა" და "გინესის" გაერთიანებით შეიქმნა) კომპანია პრობლემების მთელი თაიგულით მიიღო, მაგრამ არც 50 ქვეყანაში 5,5 ათასი რესტორანი იყო სახუმარო საქმე.

ახალი მფლობელის პირველი ნაბიჯი კომპანიაში ბარი გიბონსის, ბრიტანეთის პაბების ქსელის წარმატებული მენეჯერის დანიშვნა გახლდათ. მალევე "ბურგერმა" ჰამბურგერთა ქსელი ჭიმპეყ შეიძინა, რომლის 200 რესტორანი ერთ წელიწადში "ბურგერ კინგებად" გადაიქცა.

მენეჯმენტმა ქსელის შემოსავლის გასაზრდელად შტატები რამდენადმე შეამცირა, ზოგიერთი წამგებიანი საწარმო კი დახურა. გიბონსმა მიზანს მიაღწია და თუ "პილსბერის" ხელში კომპანიის მოგება წელიწადში $175 მილიონს აღწევდა, ახალი მენეჯერის წყალობით ის $250 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა კომპანიას პრობლემები ჰქონდა სარეკლამო სტრატეგიაში, აგრეთვე რჩებოდა არცთუ მკაფიო პოზიციონირება ბაზარზე, რაც ხელს უშლიდა "მაკდონალდსთან" ჭიდილში. ეს პრობლემები ქსელს დღემდე აწუხებს, თუმცა არც მუდმივი მეორე ადგილია ცუდი.

2002 წელს "დიაგეომ" ტეხასურ "პასიფიკ კაპიტალს", "ბეინ კაპიტალსა" და "გოლდმან ზახს" "ბურგერ კინგი" $1,5 მილიარდად მიჰყიდა. 2006 წლიდან ქსელი სააქციო საზოგადოება გახდა. 2010 წელს უმეტესი წილი ბრაზილიურმა კომპანიამ შეიძინა. ნიუ-იორკში განთავსებული 3G Capital-ი 72 წლის ბრაზილიელ მილიარდერ ხორგე პაულო ლემანს ეკუთვნის სან-პაულუდან, ორ სხვა ბრაზილიელ პარტნიორთან, მარსელ ჰერმან ტელესსა და კარლოს არლბერტო სიკუპირასთან ერთად. შვეიცარიელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა ლემანმა თავის დროზე ბიზნესი ლუდის წარმოებით დაიწყო. დედამიწის უმდიდრესი ადამიანების "ფორბსის" 2012 წლის მარტის რეიტინგში ლემანს 69-ე ადგილი ერგო, მისი ქონება კი $12 მილიარდად შეფასდა. მრავალ სხვა თანამდებობასთან ერთად, ის არის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ლათინურამერიკული საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე, დირექტორთა საბჭოს წევრი "ჟილეტსა" და სადაზღვევო გიგანტ "სუის რეში", მრჩეველთა საბჭოს წევრი "კრედი სუისსა" და "დაიმლერ-კრაისლერში". იმავე რეიტინგში მარსელ ტელესი 178-ე ადგილზეა $5,7 მილიარდით, ხოლო კარლოს სიკუპირა $5,2 მილიარდიანი ქონებით 196-ე ადგილს იკავებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ