დავით ბეგიაშვილი: "ღიად ვლაპარაკობ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე, თუმცა თემა არახალია" - კვირის პალიტრა

დავით ბეგიაშვილი: "ღიად ვლაპარაკობ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე, თუმცა თემა არახალია"

ბოლო წლებში ბიზნესმენები ხშირად ლაპარაკობენ წნეხზე ხელისუფლების მხრიდან: ზოგს უსამართლოდ დაარიცხეს დიდი ოდენობით ჯარიმა-საურავები ბიუჯეტის სასარგებლოდ, ზოგს წილები წაართვეს, ზოგსაც ციხეში უკრეს თავი. სამაგიეროდ, ყოფილი მოხელეები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაპატრონნენ მსხვილ და მომგებიან ბიზნესებს და, შეიძლება ითქვას, მუქთად ჩაიგდეს ხელში კერძო სექტორის მოზრდილი ნაწილი. ამის მიუხედავად ბიზნესი მაინც ფრთხილობს და ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე მხოლოდ პირად საუბრებში და კონფიდენციალობის დაცვით ლაპარაკობს. შესაბამისად, როცა ხელისუფლების მოხელეებს კონკრეტული მომჩივანი არ ჰყავს, მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არად მიიჩნევენ.

ცოტა ხნის წინ კი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის შევიწროებაზე შვეიცარიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, ჰოლდინგური კომპანია "ვაკე 5-ისა" და "ალბატროს ჯგუფის" ხელმძღვანელი დავით ბეგიაშვილი ალაპარაკდა. "ეკოპალიტრა" მას ტელეფონით დაუკავშირდა. როგორც დავით ბეგიაშვილმა გვითხრა, მისი მიმართვა მედიამ არასრული სახით გაავრცელა, ამიტომ მას სრული სახით გთავაზობთ.

"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ... შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო". - პროტესტანტი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ეს ცნობილი სიტყვები დღეს ქართულ რეალობაში ყველაზე მეტად ბიზნესმენებს მიესადაგება. ქართული დემოკრატიის პრობლემებზე ყველაზე ნაკლებად დღეს ბიზნესმენები ლაპარაკობენ.

მუქარა, ტერორი, გაკოტრება, უსამართლო მართლმსაჯულება და ოჯახის წევრებზე ზემოქმედება... ეს ის არასრული კრიმინალური არსენალია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესმენების წინააღმდეგ იყენებს. შეთითხნილი ბრალდებით დაკავებები, საეჭვო სახელისუფლებო ბიზნესპროექტები, სახელისუფლებო ბიზნესის სასარგებლო გარიგებები, ქონების გაჩუქება ხელისუფლების ჩრდილქვეშ მყოფ პირებზე, - ესაა საგანგაშო და ერთადერთი რეალობა ბიზნესის სივრცეში.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ აქტივებად ურცხვად აცხადებს ჩვენი, მეწარმეების მიერ გაკეთებულ საქმეებს და შექმნილ ობიექტებს.

ქვეყანაში ჩამოყალიბებულია კლანური სახელისუფლებო ბიზნესსტრუქტურები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, შენიღბულია ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული უცხოური სახელწოდებებით. სწორედ მათ მიერ არის მონოპოლიზებული ბიზნესგარემო. კარის ბიზნესმენები სამეწარმეო თავისუფლებისა და პრივილეგიების სანაცვლოდ სახელისუფლებო დითირამბებს თხზავენ, თითქოს საქართველოში ბიზნესის კეთების იდეალური პირობებია. რეალურად, სამეწარმეო სფერო უკიდურესად შევიწროებულია და სულს ღაფავს.

მივმართავ ბიზნესმენებს, კოლეგებს, მეგობრებსა და თავისუფალი ნების ადამიანებს! მოგიწოდებთ ყველას! გავერთიანდეთ, გამოვააშკარაოთ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობის ენად ტერორი აირჩია. მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება!

დავით ბეგიაშვილი, 28 მაისი 2012 წელი

- ბატონო დავით, საქართველოდან წასვლა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტეთ?

დავით ბეგიაშვილი (ბიზნესმენი): "ნაწილობრივ კი, სწორედ ამის გამო წავედი შვეიცარიაში. სხვათა შორის, ბევრი ბიზნესმენია დღეს ჩემს მდგომარეობაში და საქართველოში რომ ჩამოვალ, მათთან ერთად დავდებ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების მამხილებელ ფაქტებს.

- მიმართვის გავრცელების შემდეგ ხომ არ ყოფილა რამე სახის ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ან გაფრთხილებები, რომ გაჩუმებულიყავით?

- მიმართვის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებიდან არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მანამდე კი არაერთგზის იყო მუქარა.

- ამბობთ, რომ ძალიან მალე ჩამოხვალთ საქართველოში, შეგიძლიათ გვითხრათ, როდის აპირებთ ჩამოსვლას და რა გეგმები გაქვთ?

- მალე ჩამოვალ და ჩამოვიტან მტკიცებულებებს იმ ფაქტების შესახებ, რაზეც მიმართვაში ვსაუბრობ და ამ ყველაფერს ქართველ საზოგადოებას წარვუდგენ. მე ეს თემა, შეიძლება ითქვას, გავხსენი, რადგან ღიად ვსაუბრობ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე, თუმცა თემა არახალია. ბიზნესწრეებში, საზოგადოებაში ეს ინფორმაცია ცნობილია, ოღონდ კულუარებში ტრიალებს. საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც ჩემთან ერთად დაიცავს ბიზნესის უფლებას და აიმაღლებს ხმას ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ისინიც ღიად ისაუბრებენ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე და შესაბამის მტკიცებულებებსაც წარმოადგენენ.

- სხვები თუ ასე ფრთხილობენ განცხადებების გაკეთებასა და ღიად საუბარს, თქვენ როგორ დაძლიეთ შიში?

- იმდენად გაუსაძლისი იყო ეს მდგომარეობა, რომ მაგაზე არც კი ვფიქრობდი. ერთი ვიცი, რომ ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და ახლაა დრო, როცა ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, სინამდვილეში რა ხდება ბიზნესში და რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

- შეიძლება რომ სამომავლოდ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში გიხილოთ?

- მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ჩემი ეს განცხადება, ბუნებრივია, ოპოზიციურია. ვფიქრობ, ყველა ის ბიზნესმენი, ვინც ხელისუფლების მხრიდან ამ წლების განმავლობაში ზეწოლას განიცდიდა, ოპოზიციაშია.

- ამ ეტაპზე საქართველოში გაქვთ ბიზნესი?

- მაქვს, მაგრამ არ მოქმედებს. ამის მიზეზი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაა.

მოკლედ რესპონდენტზე

- ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5-ისა" და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, კომპანიების ჯგუფის დამფუძნებელი, პრეზიდენტი. ბიზნესგამოცდილება - 25 წელი.

- ბიზნეს აქტივები: ლუქს პროდუქციის მაღაზიათა ქსელი: Albatros De Luxe, Albatros presents, Montblanc Boutique – თბილისი და სხვ.

- Albatros De Luxe--ი არის შვეიცარიული საათების (Franck Muller, Chopard, Dubey & Schaldenbrand, Omega, Frederique Constant, Longines, Krieger, Baume & Mercier, Louis Erard, Parmigani, Panerai), ), ლუქსის კლასის საწერი კალმებისა და ტყავის ერთეულების (Montegrappa 1912, Mont Blanc, Ferrari da Varese, S.T. Dupont), ძვირფასი საკომუნიკაციო საშუალებების (Vertu, Tag Heuer Meridiist), საიუველირო ნაწარმის (Chopard, Furrer Jacot, Faberge (Victor Mayer), Guy Laroche, Alfieri & St. Jofnes, Rosato, Cacharel), ვერცხლის ჭურჭლის (Carrs, Faberge dinnerware & silverware), ჯიბის დანებისა და აქსესუარების (Wenger, Victorinox, Opinel), ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

- 2003 წელს ნიუ-იორკის ხარისხის სამიტზე კომპანია "ვაკე-5" და "ალბატროს ჯგუფი" დაჯილდოვდა ოქროს პრიზით, საუცხოო და პრესტიჟული ბიზნესისთვის, საინიციატივო მიმართულებისათვის ბიზნესში (BID).

- 2011 წელს კომპანია "ალბატროს პრეზენტი", წარდგენილი იყო საერთაშორისო პრიზით "ხარისხის ვარსკვლავი" – პლატინის კატეგორიაში. ჯილდო დაწესებულია საერთაშორისო ორგანიზაცია World Quality Commitment -ის მიერ.