წინასაარჩევნო საინვესტიციო პაუზა - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო საინვესტიციო პაუზა

"ნორმალურმა არჩევნებმა შესაძლოა ინვესტიციების ზრდას ხელიც კი შეუწყოს"

საქართველოში მორიგი არჩევნები ახლოვდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში თუნდაც 2012 წლის ბოლოს ან ვის ხელში გადაინაცვლებს საკანონმდებლო ხელისუფლების სადავეები. ტრადიციულად, წინასაარჩევნო გაურკვევლობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე. საქართველოში, სადაც მმართველი ძალა ჯერჯერობით არჩევნებით არასოდეს შეცვლილა, კონკურენტული არჩევნები ფინანსური გაურკვევლობის მოლოდინს მით უმეტეს ქმნის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ფიქრობს, რომ უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოს იცნობენ, საკუთარ გეგმებს არ გადადებენ, თუმცა ის ბიზნესმენები, რომლებმაც აქაური ვითარება ჯერ არ იციან, ოქტომბრამდე თავს შეიკავებენ, დაელოდებიან, რა მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ ინვესტიციების ჩადებას. საქართველოს მთავრობაში კი ამტკიცებენ, რომ წლეულს ინვესტიციების რაოდენობა, პირიქით, გაიზრდება. საკითხს განსხვავებულად აფასებენ ეკონომისტები და ექსპერტები.

თემურ ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც და შემოსული ინვესტიციების რაოდენობაზეც. მაგალითად, 2008 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ძალიან შემცირდა. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც: რა სახის ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში და რომელ დარგებში ხდება ფულის დაბანდება.

საქართველოს ეკონომიკა წარმოების დარგების განვითარებას საჭიროებს, აქედან უნდა მიეცეს ბიძგი ჩვენი ეკონომიკის წინსვლა-განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში შემოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი დაბანდდა მიწისა და უძრავი ქონების შეძენაში და არა ტექნოლოგიებისა და წარმოების განვითარებაში.

არ მგონია, მომავალმა არჩევნებმა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. ამ მხრივ საშიშროებას ვერ ვხედავ - უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ხელისუფლებათა ცვლა ისევე აუცილებელი და გარდაუვალია, როგორც თაობათა ცვლა.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "პოლიტიკური კრიზისის დროს ინვესტორები თავს იკავებენ თავს ქვეყანაში ინვესტიციის დაბანდებისგან. ეს კანონზომიერება სულაც არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე ქვეყანაზე ან ხელისუფალზე. ამიტომ, სანამ ჩვენს ქვეყანაში ვითარება გაირკვევა, შეუძლებელი იქნება დიდი ინვესტიციების შემოსვლაზე ლაპარაკი. მთავარია, ყველაფერი გაირკვეს და პროცესი ცივილიზებულად წარიმართოს. ნორმალურმა არჩევნებმა შესაძლოა ხელიც კი შეუწყოს ინვესტიციების ზრდას.

ავთანდილ სილაგაძე (პროფესორი): "2007 წლის შემდეგ ინვესტიციები მცირდებოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. 2007 წელს შემოსულმა ინვესტიციებმა $2 მილიარდს გადააჭარბა, 2008 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს რიცხვი ძალიან შემცირდა. შემდგომ წლებში ჩვენთან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა $1 მილიარდს აღარ ასცილებია.

ყველაზე მთავარი მაინც ინვესტიციების სტრუქტურაა. რისგან შედგება ეს ინვესტიციები - ეს არის პრივატიზაციის პროცესის მონაწილეთა კაპიტალი, თუ ყიდვა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა. შესაძლოა, რომელიღაც ინვესტორმა 100 მილიონად იყიდოს ობიექტი, ეს მიიჩნიონ ინვესტიციად და მომდევნო წელს იგივე ობიექტი უფრო ძვირად გაყიდოს, რაც ასევე ინვესტიციად ჩაითვლება... საერთოდ, ქვეყანაში შემოსულმა ახალმა ინვესტიციამ ახალი რაღაც უნდა შექმნას.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ბუნებრივია, ნებისმიერი გაურკვევლობა ინვესტორების შემოსვლას ხელს უშლის. მით უმეტეს, რომ არჩევნებს შესაძლოა მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლაც. საერთოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტიციები ყველგან და ყოველთვის მცირდება, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება ხოლმე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთანაც ასე მოხდება".

2007 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ $2 მილიარდს გადააჭარბა. 2008 წელს ეს რიცხვი $1,6 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო 2009 წელს - $658 მილიონამდე. 2010 წელს ინვესტიციების რაოდენობამ $814 მილიონს მიაღწია, 2011 წელს კი $980 მილიონს. შარშან რუსეთიდან შემოვიდა დაახლოებით $52 მილიონი, აზერბაიჯანიდან $45 მილიონი, ყაზახეთიდან $15 მილიონი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებიდან - $213 მილიონი, დანიიდან $99 მილიონი, კვიპროსიდან $94 მილიონი. სხვა ქვეყნების წილი შემოსულ ინვესტიციებში შედარებით უმნიშვნელოა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ინფორმაციით, 2012 წლის I კვარტალში, პირდაპირი ინვესტიციების სახით ქვეყანაში $230 მილიონი შემოვიდა, რაც 32%-ით აღემატება შარშანდელ იმავე დროის მონაცემებს. ხელისუფლება წლეულს ინვესტიციების ზრდასაც კი ვარაუდობს და იმედი აქვს, რომ მათი მოცულობა $1 მილიარდსაც გადააჭარბებს.

ხათუნა ჩიგოგიძე