ძველი ნივთების ბიზნესი თბილისურად - კვირის პალიტრა

ძველი ნივთების ბიზნესი თბილისურად

როგორ შევიძინოთ "ჰარლი დევიდსონის" პასპორტიანი "კერასინკა"

ამ ადგილს სხვაგვარად ძველმანების ქუჩასაც ეძახიან. აქ ყველაფერს თავისი მუშტარი ჰყავს და ერთი შეხედვით ყველაზე უსარგებლო ნივთიც კი ფასობს. ძველი ავეჯი, ტექნიკა, ჭურჭელი, აქსესუარები, მუსიკალური საკრავები პირდაპირ ქუჩაშია გამოფენილი და გრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს-ესაა სახლიდან გამოიტანეს.

ნივთები მართლაც სახლიდან მოაქვთ, ზოგს იმიტომ, რომ აღარაფრად სჭირდება, ზოგსაც იმისთვის, რომ იმ დღის სარჩო იშოვნოს.

აქაურობა მშრალი ხიდისა და ანტიკვარების სალონებისგან საგრძნობლად განსხვავდება. გასაყიდად გამოტანილი ნივთების ფასს მათი მაღალმხატვრული თუ ისტორიული ღირებულება კი არ განსაზღვრავს, არამედ ვაჭრობა, აღებ-მიცემობა, ამ ცნების ყველაზე ტრადიციული გაგებით. მომხმარებელი და გამყიდველი ხშირად ფასზე გარიგდებიან ხოლმე. რადგან ამ ნივთების თვითღირებულების განსაზღვრა უკვე შეუძლებელია, ისინი იმ თანხად იყიდება, რომელიც ორ მხარეს შორის მორიგებით დგინდება.

აქ არც მკაცრად განსაზღვრული ფასებია და არც რამე შეზღუდვა ნივთების ასორტიმენტთან დაკავშირებით - იბარებენ ყველაფერს, ოღონდ წინასწარი გადახდის გარეშე, რადგან არავინ იცის, როდის გამოუჩნდება თავისი მუშტარი - ზოგი შეიძლება ერთ დღეში გაიყიდოს, ზოგის მყიდველი კი წელიწადსაც არ გამოჩნდეს.

უცხოელებზე მეტად ამ ქუჩას თურმე ადგილობრივი მომხმარებელი აკითხავს. ზოგი ძველ ნივთებს ახლის შესაქმნელად ყიდულობს, ზოგი - აგარაკების მოსაწყობად, ზოგიც ძველებურ სტილში გადაწყვეტილი კაფე-ბარების გასაფორმებლად ან თეატრისა და კინოს რეკვიზიტებისთვის. აქ ისეთ ნივთებს აღმოაჩენთ, რომელიც შესაძლოა სახლიდან გაგიტანიათ და გადაგიყრიათ კიდეც, მაგალითად ძველი ჩემოდანი, თოჯინა, "ლამფა" და შუშის ქილა, არადა თურმე შეიძლება ძველი ნივთების გაყიდვით ცოტა ფულიც კი იშოვნო.

თამარ ხუხუნაშვილი (ძველი ნივთებით მოვაჭრე): "ჯერ ერთი, რომ გაჭირვებაა ქვეყანაში და ხალხს ოჯახიდან გამოაქვს ნივთები და ყიდის. ბევრი ამით ირჩენს თავს. ცოტა ხნის წინ ჭიქები ჩავიბარე, თითო სამ ლარად. მოაქვთ შუშის ქილები და თითოს 5-8 ლარად აბარებენ. რა ქნან, ვიღაცისთვის ესეც ფულია. უარს არავის ვეუბნებით, მაგრამ ფულს მხოლოდ მაშინ ვუხდით, როცა ნივთი იყიდება. წინასწარ ვერაფრით გათვლი, რა შეიძლება გაიყიდოს და რა არა. ეს არ არის ანტიკვარების მაღაზია, სადაც ნივთები ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენთან ყველაზე ძვირი ნივთი შესაძლოა 500 ლარამდე ღირდეს, ყველაზე იაფის ფასი კი 5 ლარიდან იწყება. არ არსებობს დადგენილი ფასი, ერთი და იგივე ნივთი შესაძლოა სხვადასხვაგვარად შეაფასოს მფლობელმა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად მას რამდენად უღირს ეს ნივთი. ყველაფერი მოაქვთ შინიდან: ავეჯი, ჭურჭელი, სურათის ჩარჩო, ძველი რადიო და სხვ. ძველ ნივთებს კი თავისი მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად, ძველი ავეჯი ძალიან სწრაფად იყიდება.

ამ ნივთების უმეტესობა მოსახლეობას სარდაფებში უყრია. ბევრჯერ, აქაურობა რომ უნახავთ, სარდაფიდან ამოუღიათ და მეორე დღეს ჩვენთან მოუტანიათ ჩასაბარებლად. (ამასობაში თვალი მოვკარი თუჯის ძველებურ "კერასინკას", რომლის მსგავსი ცოტა ხნის წინ გადავაგდე, 100 ლარად იყიდებოდა - ე.ტ.). ოცი წელიწადია, ადამიანებს ძველი ნივთები გამოაქვთ გასაყიდად და უკვე ცოტაა ასეთი ქონება დარჩენილი. ზოგი ამ ნივთებს საჩუქრად ყიდულობს, ორიგინალურია და სხვაგან ვერსად ნახავთ. უცხოელები მეტწილად სუვენირად ერთ ნივთს თუ იყიდიან".

ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში გუგა კოტეტიშვილი დამხვდა, ძველ ნივთებს ათვალიერებდა. გამყიდველმა მითხრა: შეიძლება ორლარიანი "ტაშტი" იყიდოს და მერე ისეთი რამ გააკეთოს, რომ ვერაფრით წარმოიდგენ, თუ მისგან შექმნაო.

გუგა კოტეტიშვილი (მხატვარი-დიზაინერი): "მე სულ აქ დავდივარ და აქ ვყიდულობ ბევრ რამეს. როცა ნივთს ვხედავ, მაშინვე ვხვდები, რა შეიძლება მისგან შევქმნა. ყველაზე უცნაური ნივთი, რომელიც ასეთ მაღაზიაში შემიძენია შემდეგი რეკონსტრუქციისთვის, ღამის ქოთანი იყო. სხვათა შორის, თეთრი ფაიფურის რამდენიმე ძველებური ქოთანი შევიძინე და ყვავილების ლარნაკებად ვაქციე. მოკლე ღეროს მქონე მინდვრის ყვავილებს სწორედ ასეთი მოკლე და განიერი სივრცე სჭირდება. ერთ-ერთ ასეთ ქოთანს კი ჩემი ძაღლისთვის წყლის დასალევად ვიყენებ. შუშის ქილებიც მიყიდია და მომიხატავს. ასე რომ, ადამიანს ერთი შეხედვით რაც უსარგებლო ჰგონია, ვიღაცისთვის შესაძლოა ძალიან საინტერესო მასალა აღმოჩნდეს. "კერასინკა" მაქვს ნაყიდი "ჰარლი დევიდსონის" მარკის, თავისი პასპორტი მოჰყვა. სასწორი შევიძინე აქ, ძალიან ძველი და უცნაური. ხის სასწორია, რომელსაც ყველის ასაწონად იყენებდნენ. სხვათა შორის, ერთხელ პარიზში მოვხვდი ძველმანების ბაზრობაზე. იმხელა ბაზრობაა, ლამის მთელი ქალაქია, სადაც ასეთი ძველი ნივთებით ვაჭრობენ. რა არ იყიდება, შუა საუკუნეების ქვის კიბიდან დაწყებული, ძველებური მაქმანებით დამთავრებული. მაგრამ იქ ძველი ნივთების ყიდვის ინტერესი გამიქრა. იმდენია და ისეა დახარისხებული, კონკრეტულად უნდა იცოდე, რა გჭირდება, რათა ნივთს მიაგნო. აქ კი ყველაფერი ერთად იყიდება. ინტერესიც ის არის, რომ უამრავ ძველ ნივთს შორის რაღაც საინტერესოს ეძებ და აღმოაჩენ კიდეც.

ასეთი ნივთები აღარ კეთდება და ჩემთვის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე თანამედროვე, რომელიც ვითომ მოდურია. რაც მთავარია, ყველა იმ ნივთით, რომელსაც აქ ვყიდულობ, ვსარგებლობ და მხოლოდ დეკორისთვის არ ვიყენებ. შემდეგ, როცა ტყდება ან ზიანდება, მისგან სხვა რამეს ვაკეთებ. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს და შეიძლება ძველი ნივთი თანამედროვე ინტერიერსაც შეუხამო. სტილის არევა, ეკლექტიკა ძალიან ბუნებრივია".

ძველმანებით ვაჭრობა თბილისის ძველ უბანში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე პატარა ქუჩებზეა გაჩაღებული. რამდენიმე მაღაზია ერთმანეთის მიყოლებით გაუხსნიათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თბილისის ამ უბანში ფართის დაქირავება უფრო იაფია, თანაც უმეტესად სწორედ ძველი თბილისის მცხოვრებლებშია შემორჩენილი ძველი ნივთები, მომხმარებელი კი ვიწრო სეგმენტია, რომელმაც ზუსტად იცის, სად უნდა მიაკითხოს. ამბობენ, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება და ძველი ნივთებით ვაჭრობის ქუჩის სტატუსს ის ოფიციალურად შეიძენს.

სოსო სისაური (ძველი ნივთების სალონის მეპატრონე): "პირველი ასეთი მაღაზია ამ ქუჩაზე მე გავხსენი 1997 წელს, მხოლოდ ერთი ძველებური ბუფეტი მქონდა გასაყიდად გამოტანილი. მახსოვს, მაღაზიას გარედან აბრა გავუკეთე: "ძველი ნივთების შესყიდვა". ეს ძველი უბანია და იმდენი ნივთი მოიტანეს, გაფართოება მალევე გახდა საჭირო. წლების განმავლობაში მხოლოდ მე ვმუშაობდი, რამდენიმე წლის წინ კი სხვებმაც დაიწყეს ძველმანებით ვაჭრობა. ზოგს ნივთი მოაქვს და გაყიდვას მთხოვს, ზოგიც მეუბნება, რომ სახლში ნივთები აქვს, რომლებიც არ სჭირდება და მისი მოცილება სურს, და საღამოს, სალონის დაკეტვის მერე ოჯახებში დავდივარ ნივთების სანახავად. ჯერ დღის პირველი ნახევარია და უკვე სამი ოჯახის მისამართი მაქვს, სადაც დღეს ძველი ნივთების სანახავად უნდა მივიდე. ასე რომ, მოთხოვნა შეიძლება ძველ ნივთებზეც არსებობდეს. მაგალითად, ახლა დიდია მოთხოვნა ე.წ. "ვენურ სკამებზე". მეტწილად კაფეების გასაფორმებლად ყიდულობენ. ასეც მომხდარა, სამუზეუმო ექსპონატი მოუტანიათ. რა თქმა უნდა, მითქვამს, რომ ნივთი ძვირფასია და მუზეუმში ჩაბარება მირჩევია. მაგრამ ხშირად უპასუხიათ, უკვე ვიყავით მუზეუმში, მაგრამ ფული არ აქვთ შესასყიდად და ხომ ვერ ვაჩუქებო".