საქართველოში საკუთრების უფლების დარღვევებზე აშშ-ს ასე მკაცრად ჯერ არ მიუთითებია - კვირის პალიტრა

საქართველოში საკუთრების უფლების დარღვევებზე აშშ-ს ასე მკაცრად ჯერ არ მიუთითებია

საქართველოში რომ საკუთრების უფლება ირღვევა, ამაზე უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ცენტრიც ალაპარაკდა. დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ "ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოში მთავრობის მიერ, მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ". აშშ-ის სახდეპარტამენტის წლიურ ანგარიშამდე, საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებშიც აისახა, მაგრამ როგორც ამბობენ - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ხელისუფლებისთვის, წართმეული ქონების ნუსხა კიდევ უფრო გაეზარდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების უგულებელყოფა გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სტაბილურობას. მხოლოდ შარშან საქართველოს სახალხო დამცველმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 271 მოქალაქის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამ ადამიანებს გონიოს საკურორტო ზონაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული მოხელეების ინტერესთა სფეროში მოექცა.

კონკრეტული მაგალითი: მოქალაქე მ.დ.-მ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარუდგინა: მოწმეთა ჩვენება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ქსეროასლი, დაბა ჩაქვის ტერიტორიული ორგანოს ცნობა. მიუხედავად ამისა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოქალაქე მ.დ.-ს კუთვნილ მიწაზე უფლება მაინც ჩამოართვა, ისევე, როგორც დანარჩენ 270-ს!

ანგარიშის თანახმად, დიდ პრობლემად რჩება გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ყადაღის გასაუქმებელი პროცედურების ბუნდოვანება. პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგაც კი ყადაღა მის ან მისი ახლობლების ქონებაზე კვლავ ძალაში რჩება(?!). საკუთრების უფლება ხშირად საგადასახადო ორგანოების მხრიდანაც ირღვევა, ამის დასტურად ანგარიშში არაერთი განცხადება-საჩივარია მოყვანილი.

სახალხო დამცველის ანგარიშში არ შესულა, მაგრამ საკუთრების მასობრივად "მიტოვებისა" და სახელმწიფოსთვის "ჩუქების" შემთხვევები აღინიშნა საირმესა და ბახმაროში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩუქებისა და მიტოვების წინაპირობას მოქალაქეთა იძულება წარმოადგენდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ეს შემთხვევები ერთმანეთს გეოგრაფიულადაც ემთხვევა და დროშიც: ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ქონება გააჩუქა ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა. მათი უმრავლესობა ფიზიკური პირია, რომლებსაც გარდა სახელმწიფოსთვის "გაჩუქებულისა", სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია. ისინი, ვინც ქონება სახელმწიფოს აჩუქეს ან მიატოვეს, როგორც წესი, საჯარო განცხადებას არ აკეთებენ, თავს არიდებენ მედიას და არც სამართალდამცავებს მიმართავენ. ბოლო ორი წელიწადში საირმეში ქონების ჩუქების ოცი და უძრავი ქონების მიტოვების ორი შემთხვევა აღირიცხა, ხოლო ბახმაროში მიტოვების 79 ფაქტი იყო რეგისტრირებული.

ცალკე აღსანიშნავია ანაკლიისა და გრიგოლეთის ამბები, სადაც სახელმწიფომ თვითნებურად დაირეგისტრირა მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონება! კანონმდებლობით, პირი ქონების კანონიერი მესაკუთრეა, თუ ის რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვს წარდგენილი - ქაღალდის თუ ელექტრონული.

სამწუხაროდ, ხშირად ქაღალდის ვერსიის საფუძველზე მოქალაქისთვის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულ ქონებას, ელექტრონულ ვერსიაზე დაყრდნობით, სხვა პირი ირეგისტრირებს საკუთრებად. ანაკლიაშიც მიწის მფლობელებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ მათი მიწა უკვე სხვისი საკუთრებაა. ახალი მფლობელი, უმეტესწილად, სახელმწიფოა.

ასევე საკმაოდ გახმაურებული თემაა თბილისში შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის კერძო საკუთრება (სულ 42 ჰა) შეეწირა. ეკონომიკის სამინისტრომ "საქართველოს რკინიგზას" კერძო ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა, მანაც საშუალოდ 6-ლარიანი კომპენსაცია გადაიხადა 1 კვადრატულ მეტრში, ზონალური სეგრეგაციის მიხედვით კი ამ ტერიტორიაზე ფასი, სულ მცირე, 14 ლარია.

პრეზიდენტი 1 ლარად დაჰპირდა მიწას მათ, ვინც სვანეთში ინვესტიციას ჩადებს და სასტუმროს ააგებს. ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივები შოკში ჩააგდო: სვანეთი მცირემიწიანი რეგიონია, აქ უპატრონო მიწა არ არსებობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მათთვის მიწის წართმევის ხარჯზე მიმდინარეობს. მიწა, სადაც ახალი აეროპორტი აშენდა და სათხილამურო ტრასა მოეწყო, ისტორიულად ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნოდა. იმ ადგილს, სადაც ახლა მესტიის აეროპორტია, ორმოცი ოჯახი სათიბად იყენებდა. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის ადგილზე ოცდაათზე მეტი ოჯახის სათიბი იყო. მესტიელების უმეტესობა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის მესაკუთრეებად კი მიიჩნევიან, მაგრამ ელექტრონული ვერსიის საფუძველზე მიწის ნაკვეთის მდებარეობა და ფართი დაზუსტებული არ აქვთ. ამ ეტაპზე მესტიაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შეჩერებულია, რის მიზეზადაც საჯარო რეესტრის სამსახური "კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს ასახელებს".

ლია მუხაშავრია (ადვოკატი): - სხვათა შორის, პირველად არის ხაზგასმული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ასე მკაცრად და მკაფიოდ, რომ საქართველოში საკუთრების უფლება ირღვევა და მართლმსაჯულება დარღვეული უფლების აღდგენას ვერ უზრუნველყოფს. აშშ აქამდე ასე მკაცრად და ასე ერთმნიშვნელოვნად არ უდგებოდა ამ საკითხს, ჩემი აზრით, იმ მიზეზით, რომ საქართველო დემოკრატიული მშენებლობის პროცესში ჩართულად ეჩვენებოდათ.

ნათელია, რომ ამერიკის პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. არადა, როცა ასეთი დასკვნა იწერება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - თუ ქვეყანაში საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება და სასამართლო წესით მისი აღდგენა შეუძლებელია, ამ ქვეყანას სათოფეზე არ უნდა გაეკარო.

გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანებს ჰქონდათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო კი მათ უგულებელყოფდა. მარეგისტრირებელი ორგანო შეიქმნა სწორედ საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დასაცავად, იმისთვის, რომ გამოირიცხოს გაყალბება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, ვის რა ეკუთვნის. და სწორედ ეს ორგანო გამოიყენეს ყველაზე ცუდი მანიპულაციისთვის. თუ მესაკუთრე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს, ყველა სხვა, ვისაც რამე პრეტენზია აქვს, მოვალეა დაამტკიცოს, რომ მესაკუთრის უფლება არ არის საფუძვლიანი. აქ კი პირიქით ხდება, მესაკუთრეს აქვს საბუთი, მაგრამ საინფორმაციო ბაზას იმისთვის იყენებენ, რომ მანამდე აღიარებულ მესაკუთრეს უთხრან, აღარ ხართ მესაკუთრე და ეგ ფარატინა ქაღალდიაო.

საკუთრების უფლება ფუნდამენტური, ძირითადი უფლებაა და დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ქაღალდის სახით. უცხოელები ვერ იგებენ, რომ შეიძლება უპირატესობა ენიჭებოდეს საინფორმაციო ბაზის ვირტუალურ მონაცემებს, მაგრამ სავალალო რეალობა სწორედ ასეთია. ამას მთელ უკანონობას აყრდნობენ.

- მუდმივად უნდა გვეშინოდეს, კერძო საკუთრება სახელმწიფოს ინტერესის სფეროში არ მოექცეს?

- არა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესის სფეროში. ძალიან გავრცელებული, სამწუხარო პრაქტიკაა ისიც, რომ მაღალი რანგის მოხელეები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობრივი მდგომარეობით და უფლებამოსილებას პირდაპირ იყენებენ სხვათა ქონების წაგლეჯა-ექსპროპრიაციისთვის. როცა კერძო პირი კერძო პირს ედავება, სასამართლოზე ასეთ დავებს მეტ-ნაკლებად სამართლიანად წყვეტენ. მაგრამ თუ კერძო პირის მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოა, კერძო პირის ქონებრივი უფლება, როგორც წესი, ფეხქვეშ ითელება.

- ბოლო წლებში ბევრი ფაქტი დაგროვდა, რომელია თქვენთვის ყველაზე ნიშანდობლივი?

- ჩემამდე ბევრი ფაქტი მოვიდა, რამდენჯერმე დარღვეული უფლების გამო მომმართეს და სტრასბურგში გასაჩივრების სურვილიც გამოთქვეს, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან შესაძლოა სულ ორიოდე საქმე დასახელდეს, რადგან ადამიანებს, ვინც უსამართლობის წინაშე ხმას იმაღლებს, ემუქრებიან. ეს მრავალმხრივი დანაშაულია, ერთი მხრივ, საკუთრების უფლება ირღვევა, ხოლო შემდეგ ამას მოჰყვება უკანონო ქმედებების მთელი კასკადი, რათა უფლებაშელახულმა სუბიექტმა დარღვეული უფლებების აღდგენა არც მოითხოვოს.

P.S. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გამოაქვეყნა. 2011 წლისთვის საქართველომ, 139 ქვეყანას შორის, საკუთრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით 116-ე ადგილი დაიკავა. დამატებით რა გავლენას იქონიებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში, ამას ალბათ დიდი მიხვედრა არ სჭირდება.