ევროპა კრიზისიდან ვერ გამოდის - კვირის პალიტრა

ევროპა კრიზისიდან ვერ გამოდის

მთავარი კითხვა - რას იზამს გერმანია?

გასულ კვირაში ევროს კურსი ქართული ვალუტის მიმართ მცირდებოდა და 2,01 ლარამდე გაიაფდა, თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან კვლავ დაიწყო გაძვირება და კვირის ბოლოს დაახლოებით 2,05 ლარი შეადგინა. ევროს კურსს პირდაპირი კავშირი აქვს ევროპის ეკონომიკასთან. არის თუ არა ევროს კურსის ზრდა ევროზონაში მდგომარეობის გაუმჯობესების მანიშნებელი, ჯერ ძნელი სათქმელია. ევროზონის ქვეყნები, სადაც კრიზისია, რთულ მდგომარეობაში რჩებიან. ამჟამად ყურადღება ესპანეთისკენ არის მიპყრობილი, რომელსაც საფინანსო სფეროში დიდი პრობლემები შეექმნა და ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, დამოუკიდებლად ვერც გაართმევს თავს. გადამრჩენის ფუნქცია კვლავაც გერმანიამ უნდა იტვირთოს. გერმანია ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალია და ეკონომიკაც ზრდას განაგრძობს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ აღიარა, რომ ქვეყანა "ძალიან რთულ სიტუაციაშია“ და მისი საბანკო სისტემა გარე მხარდაჭერას სასწრაფოდ საჭიროებს. ეს იყო დახმარების ყველაზე აშკარა მოთხოვნა, რომელიც ბოლო დროს ესპანეთის მთავრობისგან გაისმა. ესპანეთში ბანკების რეკაპიტალიზაცია ევროპის სტაბილურობის მექანიზმის (ESM) დახმარებით სურთ, ქვეყნების შუამდგომლობის გარეშე. გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება EშM-ის პირდაპირ ჩართვას ბანკების გადარჩენაში და სამთავრობო გარანტიებს ითხოვს. ესპანურ ბანკებს დაახლოებით 40 მილიარდი ევრო სჭირდებათ.

საბოლოო ჯამში, ყველა მსჯელობა ევროპაში არსებული ვითარებისა და ევროს კრიზისის შესახებ თავს იყრის ერთ შეკითხვაში: "რას მოიმოქმედებს გერმანია?" ამერიკული გამოცემა `უოლ სტრიტ ჯორნელი" მიიჩნევს, რომ გერმანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკმარისი რესურსი აქვს ევროზონის გადასარჩენად, მაგრამ ფინანსურ ძალისხმევას შეზღუდულად მიმართავს.

როგორც კი კრიზისმა კვლავ იმძლავრა, საბერძნეთი, ესპანეთი და ალბათ იტალიაც ეკონომიკური კოლაფსის ზღვარს მიუახლოვდნენ. გერმანია არჩევანის წინაშე დადგა - ღირს ევროს გადარჩენა და საკუთარი პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება? გერმანიის მოქალაქეებისთვისაც ეს საკითხია ბუნდოვანი: ქვეყანაში უმუშევრობის დონე ოცწლიან მინიმუმზეა, ეკონომიკა იზრდება და უმეტესობა დიდ საფრთხეს ვერ ხედავს. შესაბამისად, გერმანელების უმეტესობას ნამდვილად არ ახარებს მათ ხარჯზე სხვა ქვეყნების პრობლემების მოგვარება.

იმავდროულად, რთულ სიტუაციაში არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომელთა უმოქმედობამ შესაძლოა კრიზისის ისეთი ტალღა გამოიწვიოს, რომ ევროპაცა და აშშ-იც დააზარალოს. ლაპარაკი "დიდი რეცესიის" შესახებ ოთხი წლის წინ დაიწყო, უკვე მაშინ იყო აშკარა, რომ მთელი რიგი ეკონომიკური და ფინანსური ზომების გატარება იყო საჭირო კრიზისის ასაცილებლად. თუმცა ქვეყნები პრობლემებში მაინც ჩაეფლნენ. ევროპის კრიზისის გამო ფრთხილობს აშშ და თუ ევროზონაში კრიზისი გამწვავდება, საკუთარი ეკონომიკის დაცვის ზომებსაც მიმართავს. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ბენ ბერნანკეს თქმით, ეს კრიზისი აშშ-ის ფინანსური ბაზრების სტაბილურობას სერიოზულად ემუქრება.

ესპანეთში საბანკო კრიზისმა ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივი გადინება გამოიწვია. წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა თითქმის 100 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა სულ უფრო იზრდება ინვესტორების ეჭვი, რომ მადრიდს დამოუკიდებლად ძალუძს კრიზისთან გამკლავება. ამავე დროს, თანხის მოცულობა, რომელიც ესპანელებმა ქვეყნის მიღმა, უცხოურ ბანკებში გადაიტანეს, დაახლოებით ესპანეთის მშპ-ის მეათედის ტოლია.

ესპანური უმუშევრობა

მაისში 30 ათასმა ესპანელმა მონახა სამსახური და ქვეყანაში უმუშევრობა 0,6%-ით შემცირდა, მაგრამ ეს სეზონური სამუშაო ადგილებია, ძირითადად სოფლის მეურნეობაში. თანაც, შარშან მაისში დასაქმების მაჩვენებელი ორჯერ მაღალი იყო - თითქმის 79000 სამუშაო ადგილი. უმუშევრობა ესპანეთში კვლავინდებურად ყველაზე მაღალია ევროზონის ქვეყნებს შორის (24%). ბევრი შიშობს, რომ ესპანეთს დასჭირდება საგარეო დახმარება ევროკავშირისა და სსფ-დან. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების "დიდმა ოთხეულმა“ მადრიდის თხოვნით ესპანეთის ბანკების მდგომარეობის შეფასება დაიწყო. ესპანეთის სუვერენული რეიტინგი კი საერთაშორისო სააგენტო "ფიტჩმა“ 6 ივნისს ერთბაშად სამი პუნქტით დაწია. იმავდროულად, "ფიტჩი“ ვარაუდობს, რომ ესპანურ ბანკებს დამატებით 50-60 მილიარდი ევროს კაპიტალის მიზიდვა სჭირდებათ, სხვა სცენარით კი 90-100 მილიარდია საჭირო. თუმცა გავრცელდა ცნობა, რომ სსფ-ის მოხსენებაში საჭირო თანხად 40 მილიარდი ევროა დასახელებული. ეს მოხსენება ორშაბათს, 11 ივნისს გამოქვეყნდება.

ესპანეთი უფრო სწრაფად ღარიბდება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნები. სიღარიბის ზღვარს მიღმა დღეს მოსახლეობის 25% ცხოვრობს, რაც შარშანდელზე 2%-ით მეტია. უმუშევრობა 24%-ს აჭარბებს, თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა სამსახურს ვერ შოულობს. ქვეყანაში მაღალია სოციალური იზოლაციის ინდექსიც.

მოილაპარაკებენ კი ესპანეთი და გერმანია ესპანეთის კრიზისის გადალახვის გზებზე? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გერმანიის კანცლერმა შესაძლოა მაინც დაუჭიროს მხარი ევროპის ანტიკრიზისული საერთო ფონდიდან ესპანური ბანკების რეკაპიტალიზაციას ანუ პირდაპირ დაფინანსებას. ეს ვარიანტი არ ითვალისწინებს მტკივნეულ ვალდებულებას - ბიუჯეტის შემცირებას, რომელიც საბერძნეთს, პორტუგალიასა და ირლანდიას დააკისრეს. ამიტომ ასეთი დახმარება ესპანეთისთვისაც მისაღები იქნებოდა. მადრიდში აცხადებენ, რომ პრობლემა მხოლოდ ესპანეთის საბანკო სექტორშია, თორემ მთლიანი ეკონომიკა ევროკავშირისგან კრედიტებით დახმარებას არ საჭიროებს.

ქვები აღმართში

იტალია მიწისძვრებმა დააზარალა. დაზიანდა აგრარული საწარმოები, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაახლოებით 10%-ს აწარმოებდა. აგრარული სექტორის მთლიანმა დანაკარგმა იტალიაში დაახლოებით 700 მილიონი ევრო შეადგინა. კარგ დღეში არც მრეწველობაა. მიწისძვრით დაზიანებული საწარმოები ექვს თვეზე ადრე წარმოებას ვერ განაახლებენ. მიწისძვრით დანგრეულ მხარეში იტალიის საწარმოები ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 1%-ს ქმნიდნენ.

მდგომარეობა არ უმჯობესდება ევროპის კრიზისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცენტრში. წლეულს საბერძნეთის შემოსავალი ტურიზმიდან დაახლოებით 15%-ით შემცირდება. საბერძნეთის ტურისტული ფირმების ასოციაციის პროგნოზს საფუძვლად არასტაბილურ გარემო და საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლა დაედო. პრობლემას ისიც ქმნის, რომ კრიზისი ევროპის იმ ქვეყნებსაც უტევს, რომლის მოქალაქეებიც დასასვენებლად საბერძნეთში ჩადიან და წლეულს ამის საშუალება ბევრს აღარ ექნება. ტურიზმი საბერძნეთის საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.