სესხების სიძვირის მიზეზები - კვირის პალიტრა

სესხების სიძვირის მიზეზები

"პიროსის გამარჯვება" საბანკო სექტორისთვის?!

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს ბიზნესისთვის უპირველეს პრობლემატურ ფაქტორად დაასახელა. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ბიზნესგარემოს მდგომარეობისა და სრულყოფის კონცეფცია, რომელშიც მოხმობილია მონაცემები საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევებიდან, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედგენილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშიდან 2011-2012 წლებისთვის. როგორც ქართველი მკლევრები აღნიშნავენ, ის, რომ ფორუმის სპეციალისტებმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემატურ ფაქტორად მიიჩნიეს, მათთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - საქართველო ჩართულია მსოფლიო მეურნეობაში და ხდება არა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების, არამედ პრობლემების იმპორტიც. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოში ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობა პრობლემური საკითხია.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირია საქართველოში ფინანსური რესურსი, იმ დონეზე, რომ პრეზიდენტიც კი იძულებული გახდა, საბანკო სექტორისთვის განაკვეთების დაწევისკენ მოეწოდებინა. ასეთი დირექტივით განაკვეთების დაწევა არ ხდება, მაგრამ სხვა საკითხია, რამ მიიყვანა საბანკო სექტორი ამ ვითარებამდე. სპრედი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთსა და საკრედიტო რესურსების ღირებულებას შორის ძალიან მაღალია და 3-4-ჯერ აღემატება საერთოევროპულ მაჩვენებლებს.

რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება. ჩვენ აქტიურად ვიყენებდით გადასახადების ფისკალურ ფუნქციას და შედარებით გამოუყენებელი დაგვრჩა მისი მარეგულირებელი ფუნქციები. მათ შორის არის პროგრესული გადასახადის შემოღება როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადზე. არ გვიმუშავია იმ მიმართულებით, რომ ბიზნესი დაინტერესებული იყოს ეკონომიკაში რეინვესტირებით და არა მყისიერი მოგებით. თვითონ საბანკო სექტორში შარშან საყურადღებო ის იყო, რომ მათ გაუორმაგდათ მოგება (323 მილიონამდე), მაშინ როცა ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 12-13%-ით გაიზარდა, დასაკუთრებული ქონების სიდიდემ კი უკვე გადააჭარბა ვადაგადაცილებული სესხებისა და კრედიტების ღირებულებას. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების შეფასებისას ფასი, როგორც წესი, საბაზროსთან 2-3-ჯერ დაბალია, მათ ხელში შარშან გადასული ქონება, სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების მაინც არის. გამოდის, არასაბანკო საქმიანობითა და წმინდა იურიდიული კაზუისტიკით საბანკო სექტორმა მეტი ქონება იშოვა, ვიდრე საბანკო ოპერაციებით გზით.

თუ ასე გაგრძელდა, ეს იქნება პიროსის გამარჯვება, რომელმაც შესაძლოა საგრძნობი დარტყმა მიაყენოს საბანკო სექტორს, ბუმერანგის ეფექტით. ბანკები იმით არსებობენ, რომ კრედიტებს გასცემენ. არ მინდა აპოკალიფსური სურათი დავხატო, მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნება საკმარისად იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელსაც შეეძლება ბიზნესის წარმართვა, მოგების მიღება და ბანკის გასტუმრებაც, მაშინ ბანკები, ფაქტობრივად, კლიენტების გარეშე დარჩებიან და მათი შემდგომი აღმასვლა შეფერხდება. ამიტომ როგორც ეკონომიკის მართვის ორგანოებმა, ისე საბანკო სექტორმა უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში იყოს მესაკუთრეთა რაც შეიძლება ძლიერი ფენა, მწარმოებელი და ამ საქმიანი ურთიერთობით შეძლონ მოგების მიღება და არა სხვისი ქონების მითვისებით.

არ გამოვრიცხავ, ასეთ მაღალი სპრედის მიზეზი ის იყოს, რომ საბანკო სექტორი ერთგვარი უსაფრთხოების ბალიშის შექმნას ცდილობს. მიუხედავად არაერთგზის დეკლარირებისა, ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობს და ამერიკის ნავთობის მარაგებისა არ იყოს, სურს შექმნას ის "ოქროს რეზერვი", რომელიც მას ფორსმაჟორულ ვითარებაში დაეხმარება, მაგალითად, საარჩევნო ციკლისას ან გარე ფაქტორების გავლენისას.

პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ეს შიში და შფოთი მოუხსნას კერძო სექტორს და დაარწმუნოს, რომ სახელმწიფო არის არა მხოლოდ წარმოებითი ურთიერთობების რეგულატორი, არამედ გარანტი სტაბილურობისა, ხვალინდელ დღეს ნორმალური საქმიანობისა. ასეთ პირობებში საბანკო სექტორი თავად გადაწყვეტს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.

რაც შეეხება მუშახელის არასათანადო განათლებას, ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა გვყავდა და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში ბევრი პრობლემა დაგროვდა, ჩვენი მუშახელი საკმაოდ კვალიფიციურია. ბოლო წლებში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქციების მატება ნიშნავს, რომ გასულმა შრომითმა მიგრანტებმა არა მხოლოდ უცხო გარემოში ადაპტირება მოახდინეს, არამედ მათზე, როგორც სამუშაო ძალაზე, მოთხოვნა არსებობს.

რა თქმა უნდა, კადრების გადამზადება მუდმივად უნდა ხდებოდეს, დრო არ ჩერდება, კვალიფიკაცია, ინფორმაციული რესურსი და გამოცდილება 5-6 წელიწადში მორალურ ცვეთას განიცდის. საჭიროა ახალი ცოდნის, იდეების გენერირება, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება შევძლოთ.

კვალიფიციური კადრებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის გარდა ბიზნესს განვითარებისთვის სტაბილური საგადასახადო რეჟიმი სჭირდება. ქართული ანდაზის არ იყოს - ხვნაში გარიგება ჯობს მკაში გარიგებასო. კვლავ ვიტყვი, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სწრაფად და რადიკალურად ცვლილებები ამ მიმართულებით არ მოხდება და ამ სტაბილურობის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს.