CNN-ის დაბადება რეკლამიდან - კვირის პალიტრა

CNN-ის დაბადება რეკლამიდან

ოთხჯერ გაუკოტრებელმა ტერნერმა მსოფლიო მედია შეცვალა

ამერიკელმა ბიზნესმენმა ტედ ტერნერმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი საქმე წამოიწყო და აამოქმედა კიდეც, თუმცა მისი ყველაზე სახელგანთქმული ქმნილება ტელევიზია CNN-ია, - ახალი ამბების ყველაზე ცნობილი კომპანია მსოფლიოში.

ტედ ტერნერი 1938 წლის 19 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში, მოგვიანებით კი ოჯახი ტენესიში გადავიდა. ედ ტერნერი, ტედის მამა, ფლობდა მცირე სარეკლამო სააგენტო Turner Outdoor Advertising-ს. მამა-შვილის ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, რთული იყო. ისინი ხშირად ვერ პოულობდნენ საერთო ენას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტედი ყოველთვის ამბობს, რომ სწორედ მამის გაკვეთილებმა გაუხსნა გზა მომავალი ბიზნესმენობისკენ.

ნიჭიერი ხულიგანი

ტედი თანატოლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ კარგად სწავლობდა და სპორტსაც მისდევდა. როგორც წესი, ყმაწვილები აქედან ერთ-ერთს არჩევენ, მაგრამ ტერნერი ერთდროულად ორივეს ახერხებდა. აფროსნობას ცხრა წლის ასაკიდან მიჰყო ხელი. არც ამ გატაცებას მოჰკიდებია ზედაპირულად - 1977 და 1979 წლებში ის ორჯერ გახდა ამერიკის თასის მფლობელი სპორტის ამ სახეობაში.

მაგრამ უსაქციელობა ტედს სისხლში ჰქონდა გამჯდარი. სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის მამა ხშირად სჯიდა, თუმცა ტედს ახსოვს ყველაზე სასტიკი დასჯა, როცა მამამ აიძულა შვილი, იგი ეცემა. ანუ ტედ ტერნერი სჯიდა ედს. შვილზე მამის ცემამ უდიდესი გავლენა მოახდინა... არაერთი უთანხმოების მიუხედავად, მამა მისთვის მისაბაძი გახლდათ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ტედი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა. მისმა თავდაპირველმა გადაწყვეტილებამ ედი შოკში ჩააგდო - ვაჟმა უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ძველბერძნულის შესწავლა მოისურვა. თუმცა მამის დაჟინებული თხოვნით, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. რომ არა ედის სიმტკიცე, შესაძლოა დღეს არავის სმენოდა CNN-ის შესახებ, ხოლო ტედი კი ფილოლოგიის პროფესორი ყოფილიყო და ახალგაზრდა ამერიკელებისთვის ელინთა ენა ესწავლებინა. მამა ყოველთვის ჩააგონებდა ტედს, რომ საკუთარი გზით უნდა ეარა და მასების მოსაზრებებს არ დაყრდნობოდა. უნივერსიტეტში ტედი ბრწყინვალედ სწავლობდა, სტუდენტურ წრეებშიც საკმაოდ პოპულარული შეიქნა. თუმცა სამი წლის შემდეგ გარიცხეს. არა იმიტომ, რომ ხულიგანი იყო, არამედ ერთ ღამეს მის ოთახში ქალი შენიშნეს. ეს კი დაუშვებელი იყო.

1960 წელს ტედმა მამის სააგენტოში დაიწყო მუშაობა. დასაწყისისთვის კომპანიის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში პატარა მეკონში. სამუშაო, ცხადია, მძიმე იყო და ტერნერს არც პირადი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს, მაგრამ მაინც პირველივე წელიწადს რამდენიმე წარმატებული სვლით ადგილობრივი კონკურენტები დაჯაბნა. იმავე წელს ტედი დაქორწინდა ჯუდი გეილზე, თუმცა ორი წლის შემდეგ ცოლს გაეყარა. მალე ცუდი დრო დადგა: თურნერ Turner Outdoor Advertising-ი ვალებში ჩაეფლო. უფროსმა ტერნერმა გამოსავალი ვერ იპოვა და სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. ამიერიდან ვალებით გატენილი სააგენტოს მართვა ტედს უნდა ეთავა.

როგორ შეიქმნა CNN-ი

1964 წელს ტერნერი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული შირლი სმითი გახლდათ. იმ დროისთვის ტედი უკვე ხვდებოდა, რომ მის კომპანიას აუცილებლად სჭირდებოდა რამე სიახლე, რაც სრულიად ახალ ბაზარზე გაიყვანდა. მამის მსგავსად გარე რეკლამაზე მუშაობა აღარ სურდა. გაჩნდა ახალი სარეკლამო იარაღი - ტელევიზია და რადიო, რომლებსაც გაცილებით მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო. ტედს ისიც მშვენივრად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სამთავრობო კავშირები და რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა.

ტერნერმა გაკოტრებული WTCG, შეიძლება ითქვას, გროშებად იყიდა 1967 წელს და საქმეს შეუდგა. პირველ რიგში, არხის სამაუწყებლო პოლიტიკას გადახედა და გადაწყვიტა, ახალი ამბები ისე არ გადაეცა, როგორც ამას კონკურენტები აკეთებდნენ. მან მაუწყებლობის ბადე რამდენადმე შეცვალა - ახალი ამბების პირველი გამოშვება ჩვეულებრივზე ხუთი წუთით გვიან იწყებოდა, მეორე კი მომდევნო საათის დადგომამდე 25 წუთით ადრე. ასეთი მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ტერნერის ახალი ამბები კონკურენტების ფონზე რაღაცით გამოირჩა - თუნდაც სამაუწყებლო ბადით.

1970 წელი ტერნერისთვის ორმაგად აღსანიშნავი იყო. ერთი, რომ მამისეული სარეკლამო სააგენტო უმსხვილესი გახდა თავის სეგმენტში აშშ-ის სამხრეთ ტერიტორიაზე. ეს მართლად დიდი მიღწევა იყო. მეორეც, დაფუძნდა კომპანია "ტერნერის სამაუწყებლო სისტემები" (Turner Broadcasting Systems), რომლის ირგვლივაც მომავალში თანდათან აშენდა ტედ ტერნერის ყველა ტელეპროექტი.

მაყურებელმა WTCG-ს კარგი თვალით შეხედა, არხის აუდიტორია მუდმივად იზრდებოდა, რაც სარეკლამო შემოსავალსაც ზრდიდა. ამას დაერთო ტედ ტერნერის სპორტული მიღწევები აფროსნობაში.

1980 წელს ქვეყანას მოევლინა არხი "საკაბელო ახალი ამბების ქსელი", ანუ CNN-ი (Ceble News Netvork). იმ დროისთვის, გარკვეულწილად, ეს რევოლუციის ტოლფასი გახლდათ. CNN იყო ახალი ამბების არხი, რომელიც დღედაღამ მაუწყებლობდა. ასეთი ფორმატი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მალე CNN-ი ამერიკის ფარგლებს გასცდა. უფრო ზუსტად, ეს 1985 წელს მოხდა, როცა შეიქმნა არხი CNN International-ი. ერთი წლის შემდეგ ტერნერმა კინობიზნესში სცადა ბედი და ამ მიზნით ჰოლივუდის ერთ-ერთი ლეგენდური კინოკომპანია MGM-ი (Metro Goldwyn Mayer) შეისყიდა კირკ კირკორიანისგან, თუმცა შენაძენმა არ გაამართლა და ტერნერს კომპანიის თავიდან მოშორებამ მოუწია. მალე მან კიდევ ერთი მარცხი იწვნია - მეუღლეს გაშორდა, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა მარტო და ცოლად კინოვარსკვლავი ჯეინ ფონდა შეირთო. იმავე წელს CNN-მა უნიკალური ტრანსლაცია წარმართა - პირდაპირ ეთერში აჩვენა ცნობილი სამხედრო ოპერაცია "ქარიშხალი უდაბნოში". ტრანსლაციას აუდიტორიის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და მას შემდეგ ტელეარხი მსგავს წამოწყებებს მაყურებლებს მუდმივად სთავაზობს.

CNN-მა პირდაპირ ეთერში უჩვენა რუსეთის უმაღლესი საბჭოს შენობის შტურმით აღება 1993 წელს. რუსეთის ერთ-ერთი არხი სწორედ მის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ტერნერის ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის ბაზარზე ყველაზე გავლენიან მოთამაშედ იქცა. თუმცა 1996 წელს ტერნერმა $7,4 მილიარდად გაყიდა კომპანია Turner Broadcasting Systems Times Inc.-ი. ამასთან, მიიღო აქციების 10% და ახალი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. მყიდველი იყო გიგანტი "ტაიმ უორნერი", რომელიც, თავის მხრივ, "ამერიკა ონლაინმა" (AOL) შეიძინა 2001 წელს და ახალ კომპანიას AOL Time Warner-ი ეწოდა. ამ უზარმაზარ კონგლომერატში ტედი აქციების ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი იყო. 2000 წელს მათი გაუფასურებისას ტერნერმა $7 მილიარდი დაკარგა. 2009 წელს "ამერიკა ონლაინი" კონგლომერატს კვლავ გამოეყო, ტერნერმა კი წლების განმავლობაში რამდენიმე მმართველი თანამდებობა შეიცვალა.

ოთხჯერ გაუკოტრებელი

საინტერესოა, რომ ფართოდ დამკვიდრებული აზრის თანახმად, ტედ ტერნერი არასდროს ერეოდა იმაში, რა სახით მიჰქონდა CNN-ს ახალი ამბები მაყურებლამდე. იმ დროს, როცა რუპერტ მერდოკის გამოცემებში მუდმივად გამოსჭვივის დამფუძნებლის პოზიცია, ტერნერი ყოველთვის განზე იდგა არხის სარედაქციო პოლიტიკისგან. მისთვის უმთავრესი იყო ერთადერთი რამ - შემოსავალი.

ტერნერის აღიარებით, იგი ოთხჯერ იდგა გაკოტრების პირას: როცა მამა მოუკვდა, სააგენტოს საქმე კი საშინლად იყო, 24 წლის გამოუცდელი ტედის ბიზნესისტორია ადვილი შესაძლებელი იყო, დასრულებულიყო. მეორედ გაკოტრების საფრთხე 1970 წელს დაუდგა, როცა არხი Channel--17 იყიდა. მერე იყო CNN-ი 1980 წელს და MGM-ი 1985 წელს. ყველა წამოწყება იღბლიანი არ ყოფილა, მაგრამ ტერნერის გაკოტრებამდე საქმე არც ერთხელ არ მისულა.

ტედ ტერნერს არასოდეს შეშინებია რისკის. "ბავშვობიდან ჩავაგონებდი და ვუმეორებდი საკუთარ თავს - "მსურს, მსოფლიოს მბრძანებელი გავხდე!" ტევადი და ზუსტი ფორმულირება მეხმარებოდა, მთავარზე მეზრუნა და წვრილმანებზე არ დავხურდავებულიყავი. ვერასდროს შევეგუები სისუსტეს, წაგებას, უიღბლობას. ჩემი კერპი ყოველთვის ნაპოლეონი იყო", - ამბობს ტერნერი.

ჯეინ ფონდაზე დაქორწინების შემდეგ ბიზნესმენმა დიდი ყურადღება დაუთმო ქველმოქმედებას. "ვერ დავმშვიდდები, ვიდრე არ გადავჭრი პრობლემებს, რითაც დაავადებულია სამყარო. მე ძალიან მაღლა ვწევ თამასას და იქნებ, სავსებით მკრეხელურად, თავს ღმერთადაც კი ვგრძნობ", - თქვა ერთხელ ტერნერმა. მან 1998 წელს $1 მილიარდი შესწირა გაეროს ფონდს. რაც შეეხება ტელემაგნატის პირად ცხოვრებას, იგი ჯეინ ფონდასაც გაშორდა, რომელმაც ქმრის გამოხდომებს ვეღარ გაუძლო. ჯეინთან დაშორებას ტერნერისთვის ქველმოქმედებისადმი ინტერესი არ შეუსუსტებია და მას დღემდე განაგრძობს.

სოლიდურ ასაკშიც ტედისთვის უცხო არ არის ახალი წამოწყებები. 2002 წელს მან რესტორნების ქსელი Ted’s Montana Grill-ი გახსნა. მისი განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ რესტორნებში კლიენტებს ბიზონის ხორცს მიართმევენ. საქმე ის იყო, რომ 70-იან წლებში ამერიკაში განგაშის ზარებს ჩამოკრეს - ქვეყანაში ბიზონების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა ტერნერს, ბიზონების პოპულაცია გაემრავლებინა. ამ მიზნით მან უზარმაზარი ტერიტორიები იყიდა და 1990-იანი წლებისთვის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი გახდა. თავის მიწებზე ტერნერი სწორედ ბიზონებს ამრავლებს. ცხადია, არა ამ ცხოველების ლამაზი დრუნჩებისთვის, არამედ ბიზნესისთვის, ანუ რესტორნების ქსელისთვის. ტერნერის რესტორნები საკმაოდ მოდური გახდა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით - იქ არ გამოიყენებენ პლასტმასას და მას სპეციალურ ეკოლოგიურ ქაღალდს უნაცვლებენ. ეს ოდესმე ალბათ იქონიებს გავლენას ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ ავნებს გარემოს... ტერნერმა დააფუძნა და დააფინანსა თითქმის ოლიმპიური თამაშების მასშტაბის "კეთილი ნების თამაშები", რომლებიც 1986 წლიდან, ყოველ ოთხ წელიწადში, რამდენჯერმე გაიმართა.

მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების "ფორბსის" ბოლო, 2012 წლის მარტის რეიტინგში 73 წლის ტედ ტერნერი $2 მილიარდით 634-ე ადგილზეა. ხუთი შვილის მამა აშშ-ში 224-ეა სიმდიდრით. CNN-ის მფლობელი "ტაიმ უორნერი", მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში 177-ეა $34,82-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და 34 ათასი თანამშრომლით. ცალკე მოქმედი ჯგუფია "ტაიმ უორნერ კეიბლი" (274-ე ადგილი, საბაზრო კაპიტალიზაცია $24,91 მილიარდი), სადაც 47,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.

მოამზადა ნატა ენუქიძემ