საჩვენებელი ტურიზმი - კვირის პალიტრა

საჩვენებელი ტურიზმი

როცა ვიზიტიორი იმპორტირებულ სურსათს მოიხმარს, უცხო ქვეყნის წარმოებას აფინანსებს

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება დასასვენებლად თუ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულთა რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, შარშან ქვეყანას დაახლოებით 3 მილიონი ამგვარად აღრიცხული ტურისტი ეწვია, ხოლო წლეულს მეტს მოელიან. მთავრობაში არაერთხელ ითქვა, რომ უახლოეს წლებში საქართველო შეძლებს 5 მილიონზე მეტი ტურისტის მოზიდვას, წლების შემდეგ კი 10 მილიონისაც, თუმცა ამ მოსაზრებას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. საკურორტო სეზონი უკვე ხურდება და ყველას აინტერესებს, როგორ ჩაივლის ზაფხული, რა პრობლემებია ამ სფეროში, ან რამდენი სტუმარი ეყოლება ჩვენს ქვეყანას.

ავთანდილ ბერიძე (ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი): - აჭარაში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ბათუმში არის რამდენიმე კოლექტორი, რომლებზეც კანალიზაციის მილებია მიერთებული და ჭუჭყიანი წყალი ზღვაში ჩაედინება. ბათუმელი ვარ და ვიცი, რომ ქალაქელები ერიდებიან აქ ზღვაში ჩასვლას და მიდიან გონიოში, კვარიათში და სხვაგან. არ არის განვითარებული სასტუმროების ქსელი, მაღალი დონის სერვისი, აჭარაში არის გიდების ნაკლებობაც, განსაკუთრებით, თურქული ენის მცოდნე გიდებისა.

ტრადიციული ტურისტული ადგილია ქობულეთი, სადაც ძირითადად საოჯახო ტურიზმი ყვავის, მაგრამ საოჯახო სასტუმროების მფლობელთა უმრავლესობას ქონება ბანკებში აქვს ჩადებული და თუ სახელმწიფომ მათ ხელი არ შეუწყო, ქობულეთში ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქმნება.

ბევრი ტურისტული ობიექტი შეისყიდეს ყაზახებმა, მაგრამ ამ ობიექტების სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებიათ. რაც მათ გადასცეს, განადგურდა. მაგალითად, მახინჯაურის გოგირდოვანი წყლები, რომელიც ხალხში ძალიან პოპულარული იყო, ციხისძირში, ჩაქვსა და სხვა ადგილებში არსებული სასტუმროები და ტურისტული ობიექტები. ამ და კიდევ სხვა პრობლემების გამო წლეულს ჩვენს რეგიონში ტურისტების მოზღვავებას ნამდვილად არ ველით. თანაც, კარგი იქნება, თუ ერთმანეთისგან გავმიჯნავთ ვიზიტიორს, ტურისტსა და ექსკურსანტს. ვინც საზღვარს გადმოლახავს, ყველა ტურისტი ნამდვილად არ არის.

რუსუდან მამაცაშვილი (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი): - ბოლო ხანებში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მკვეთრი ზრდა გვაქვს. მაისში, მაგალითად, 57%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ბოლო ხუთ თვეში - 48%-იანი. ვვარაუდობთ, რომ წლეულს საქართველოში შემოსულთა რიცხვი 3,5 მილიონს გადააჭარბებს.

- ტურისტებად უნდა მივიჩნიოთ ვიზიტიორები, რომლებიც ქვეყანაში ერთი დღით შემოდიან?

- ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობთ და საერთაშორისო მოგზაურებს ვითვლით. ეს ცნება გულისხმობს როგორც ტურისტს, ასევე ერთდღიან ვიზიტიორსაც. მათ, უბრალოდ, მიზნები აქვთ სხვადასხვა. თუ ადამიანმა ქვეყანაში იყიდა ერთი პატარა ნივთი, ან სუვენირი მაინც, მან ხარჯი გასწია. ამიტომაც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი საერთაშორისო მოგზაურია - არ ვამბობთ, რომ ის ტურისტია... ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთ საკითხში ვეთანხმებით: ბევრი რამ არის გამოსასწორებელი მომსახურების, პლაჟების სისუფთავის, ინფრასტრუქტურის მხრივ.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - გაზვიადებულად მიმაჩნია მოსაზრება, რომ საქართველოს დღეს საშუალება აქვს, ოთ-ხუთ მილიონ ტურისტს მოემსახუროს. საამისო ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არსებობს... თანაც მხოლოდ სასტუმროები და კვების ობიექტები ამდენ ტურისტთა მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. მთავარია, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა წარმოება ტურისტებს კვების პროდუქტებით. საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა და ჩამოსული ტურისტებიც იმპორტირებულ სურსათს მოიხმარენ. ამით კი უარყოფითი სავაჭრო სალდო კიდევ უფრო იზრდება, ანუ ისინი რეალურად უცხოურ ეკონომიკებს აფინანსებენ. თურქეთის მაგალითი: ქვეყანაში ცხოვრობს 70 მილიონი კაცი და ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს იღებენ, მაგრამ მათ ადგილობრივი წარმოების ხარჯზე ემსახურებიან. ეს სტიმულია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვალუტა თურქეთშივე დარჩეს. საქართველოში ასე არ ხდება.

- თუ შეუძლია ქვეყანას, სადაც ოთხ მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს, ხუთ ან ათ მილიონ ტურისტს მოემსახუროს?

- საქართველოს აქვს პოტენციალი, ტურისტების ძალიან დიდი რაოდენობა მიიღოს, მაგრამ ლაპარაკია იმაზეა, რამდენად შევძლებთ მათ დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსებით. თორემ ტექნიკური თვალსაზრისით ხუთი, რვა, თუ ათი მილიონი ტურისტის მომსახურება პრობლემას არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ ელიტური ტურიზმის განვითარებაა კარგი, მაგალითად, გუდაურის, ბაკურიანის, ბათუმის აღმშენებლობა, მაგრამ უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, გამოუყენებელია. იმერეთში, რაჭაში, ხევსურეთში, ყველგან არის უნიკალური ტურისტული ზონები, რომლებზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნილებაა, ისევე როგორც ეკოლოგიურ ტურიზმზე, ეთნოტურიზმზე. ეს სფეროები ჩვენში რატომღაც უგულებელყოფილია. ვეჯიბრებით მონაკოს, შვეიცარიას, მაგრამ არ გვახსენდება, რომ შოვის მსგავსი ტურისტული ზონები მსოფლიოსა და ევროპაში არ არის, თანაც მისი განვითარება დიდ შეღავათს მისცემდა იქაურ მოსახლეობასაც, რომელიც დამატებით აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ასეთი პროექტების წახალისება, სამწუხაროდ, არ ხდება. ჩვენთვის მთავარია ავაშენოთ ცათამბჯენები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და მათ მშენებლობაზეც ხშირად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მუშახელი დავასაქმოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე