სურსათის წარმოება თითქმის განახევრდა - კვირის პალიტრა

სურსათის წარმოება თითქმის განახევრდა

სოფლის მეურნეობის უკუსვლა არ შეწყვეტილა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში საქართველოს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამეს. აღმოჩნდა, რომ სფერო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ყოველწლიურად მცირდება. მეცხოველეობისა და საკვები პროდუქციის წარმოების ინდექსები შემცირებულია, სახნავ-სათესი მიწების ფართობი უკიდურესად ცოტაა, ხოლო მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი - განახევრებული.

ნოდარ ჭიჭინაძე (აფბას ხელმძღვანელი): - ეკონომიკის ცალკეული დარგების უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდის პარალელურად, სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე მერამდენე წელია ვარდნას განიცდის. ეს სფერო ძირითადად მეცხოველეობასა და მემცენარეობას მოიცავს. ორივე მიმართულებით მდგომარეობა სავალალოა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი 2007 წელს 1999-2001 წლების მაჩვენებლის 84% იყო, 2008 წელს – 79%, ხოლო 2009 წელს - 67%. მაშინ, როცა სომხეთში ეს მაჩვენებელი 2009 წელს იყო 177%, აზერბაიჯანში - 152%, ყაზახეთში – 142%, ლატვიაში – 126%, რუსეთში – 118% და სხვ. თანაც ყველა ამ ქვეყანაში ზრდის ტენდენციაა.

საკვები პროდუქციის წარმოების ინდექსი 1999-2001 წლების დონესთან შედარებით 2007 წელს იყო 81%, 2008 წელს – 73%, 2009 წელს კი 66%. სომხეთში 2009 წელს ეს მაჩვენებელი იყო 192%, აზერბაიჯანში 151%, ესტონეთში 134%, ყაზახეთში 145%, ლატვიაში 138%, პოლონეთში 111%, რუსეთში 130%, უკრაინაში - 123% და სხვ. აქაც, ჩამოთვლილ ქვეყნებში ზრდა აღირიცხება. ამ მონაცემებით ეჭვქვეშ დგება არგუმენტი, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირება სხვა დარგების ზრდის ხარჯზე მოხდა. ბოლო ხუთ წელიწადში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში განახევრდა და 2005 წლის 16,7%-დან 8,4%-მდე დაეცა.

კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკა: ქვეყნის მთლიან ფართობში სახნავ-სათესი ფართობების წილით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა 6,4%-ით. მეზობელ სომხეთში ეს მონაცემი 16%-ია, აზერბაიჯანში - 22,7%, თურქეთში 27,7%, უკრაინაში კი 56,1%...

ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაშია და ეს რამდენიმეწლიანი არასწორი პოლიტიკის შედეგია. პრობლემები სისტემურ დონეზე დგას, ამას მთავრობის მხრიდან კომპლექსური მიდგომა სჭირდება და არა მოკლევადიანი გაუაზრებელი პროექტები, რომლებსაც ხშირად ერთჯერადი ეფექტიც კი არ მოაქვს.

შედეგად, საგარეო ვაჭრობის ბოლო ათწლიან მონაკვეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის იმპორტი საგრძნობლად იზრდება. არადა, საქართველოს სოფლის მეურნეობაზე დასაქმებულთა 62% მოდის.

1999 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ხორცის წარმოება განახევრდა (100,5 ათასი ტონა ხორციდან 48,2 ათას ტონამდე). იკლებს რძის წარმოება. თუ ის 1999 წელს 660,3 ათასი ტონას შეადგენდა და შემდეგ ეს მაჩვენებელი 800 ათას ტონამდე ავიდა, 2011 წლისთვის 500 ათას ტონამდე შემცირდა. არასახარბიელო ვითარებაა სურსათის იმპორტთან დაკავშირებით. 2000 წელს იმპორტით შემოვიდა $130 მილიონის სასურსათო პროდუქცია, ხოლო შარშან - $986 მილიონის, ანუ მაჩვენებელი 7,5-ჯერ გაიზარდა. ესეც ცხადყოფს, რომ ადგილობრივი წარმოება შემცირებულია და მოთხოვნას იმპორტირებული პროდუქცია ავსებს.

თუ ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებს განვიხილავთ, ხორბლის იმპორტი, 2000 წელთან შედარებით შარშან 208 ათასი ტონიდან 623 ათას ტონამდე გაიზარდა, კარტოფილის - 5,2 ათასი ტონიდან 51 ათასი ტონამდე. ხორცის იმპორტი 2000 წელთან შედარებით, თითქმის 15-ჯერ არის მომატებული, ხოლო ბოსტნეულის - დაახლოებით ოცჯერ. ქვეყნიდან თითქმის მილიარდი დოლარი გადის და განსაზღვრული ბიზნესჯგუფებისთვის ეს შემოსავლიანი ბიზნესია. თუმცა ადგილობრივი წარმოება და, საბოლოო ჯამში, მომხმარებელიც, ამით დიდ დარტყმას იღებს.