საფრანგეთის უმდიდრესი ოჯახის ისტორია - კვირის პალიტრა

საფრანგეთის უმდიდრესი ოჯახის ისტორია

როგორ იქმნებოდა Auchan-ი

თითოეული უმდიდრესი ოჯახის ისტორია უნიკალურია. ასევეა საფრანგეთის უმდიდრესი ოჯახის - მიულიების შემთხვევაშიც. მსოფლიო მათ იცნობს, როგორც ჰიპერმარკეტების Auchan-ის - ამერიკული Wal-Mart-ის ერთგვარი ევროპული ანალოგის მფლობელს.

პარადოქსია, რომ მიულიეთა ოჯახის არც ერთი წევრი "ფორბსის" მილიარდერთა სიაში არ შედის, მაშინ როცა "აშანის" წლიური შემოსავალი 36 მილიარდი ევროა! საქმე ის არის, რომ კომპანიის წილები თანაბრად ნაწილდება ოჯახის თითოეულ წევრზე. ამიტომაც მიიჩნევა ის ევროპის უმდიდრეს ოჯახად.

ძაფიდან დაწყებული ბიზნესი

მიულიეთა ბიზნესისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში მათ სახელი გაითქვეს, როგორც საკმაოდ წარმატებულმა მეწარმეებმა. ისინი სართავ ძაფებს უშვებდნენ და საქმე კარგადაც მისდიოდათ. მაგრამ დღეს ოჯახური ბიზნესი დიდწილად Auchan-ის საცალო ქსელს უკავშირდება და, ამდენად - ჟერარ მიულიე-უმცროსს. იგი 1931 წლის 13 მაისს დაიბადა ქალაქ რუბეში, ჟერარ მიულიესა და მარი მიულიე-კავრუას ოჯახში. პირველ შვილს, ოჯახური ტრადიციისამებრ, მამის სახელი, ჟერარი დაარქვეს.

ოჯახური ბიზნესი სწრაფად ვითარდებოდა, ჟერარი კი განათლებას იღებდა. შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მთელ ევროპაში უძრაობის ხანა დადგა, თუმცა მიულიეთა ოჯახმა ომის წლები მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ჟერარ-უფროსი სწორედ იმ წლებში მიხვდა, რომ მხოლოდ წარმოების იმედით შორს ვერ წავიდოდა. იმხანად ძალებს იკრებდა საცალო ვაჭრობა, რომელიც წარმოებაზე ადვილი და, ამავე დროს, მომგებიანი იყო. მიულიეების ოჯახმა საკუთარი მაღაზია - Phildar-ი გახსნა.

ჟერარმა სწორედ მაშინ უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა. ამის მიზეზი იყო ბიზნესში ჩაბმის სურვილი და დიდი მისწრაფება, ოჯახურ საქმეში აქტიურად ჩართულიყო. ჟერარი მოწოდებით ენთუზიასტი გახლდათ და ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას ცდილობდა. ერთხელ მან გადაწყვიტა, თავად შეეკეთებინა დაზიანებული საქსოვი დაზგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის ოსტატი არ ყოფილა. საბოლოოდ ამ მცდელობას მისი მარჯვენა ხელის ორი თითი შეეწირა.

ოჯახმა დააფასა ჟერარის საქმისადმი თავდადება. იგი სწრაფად მიიწევდა წინ. 1958 წელს ახალგაზრდა კაცი უკვე გაყიდვის დირექტორი გახდა. სამი წლით ადრე ოჯახის წევრებმა ხელშეკრულება დადეს, რომლის თანახმად, ყოველი მათგანი მიულიეთა კუთვნილი ყველა ბიზნესიდან თანაბარ წილს მიიღებდა. ეს ოჯახის ერთ-ერთი ტრადიცია იყო. საინტერესოა ისიც, რომ მიულიეს გვარის მამაკაცები დაქორწინების შემდეგ თავიანთ გვარს მეუღლის გვარსაც უმატებდნენ. ასე გახდა ჟერარი მიულიე-მათიასი მას შემდეგ, რაც ბერნადეტზე დაქორწინდა.

საცალო ვაჭრობამ მაშინ დიდად არ გაამართლა და ოჯახის ძირითად ბიზნესად წარმოება რჩებოდა. თუმცა მიულიეები განაგრძობდნენ მცდელობებს, რომლებიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოიტანდა ღირებულ შედეგს.

გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა ჟერარი საცალო ვაჭრობისადმი მიძღვნილ სემინარზე გაემგზავრა აშშ-ში. სწორედ იქ შეიტყო სუპარმარკეტების ახალი მოდელის შესახებ. მოდელის არსი გულისხმობდა თვითმომსახურების მაღაზიის შექმნას მიმდებარე ავტოსადგომით. ამას რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა: 1) მომხმარებელს დაუბრკოლებლად შეეძლო საკუთარი მანქანით მისულიყო მაღაზიასთან და ამასთან, მთელი კვირის სამყოფი საქონელი შეეძინა; 2) თვითმომსახურებისას ადამიანებს შეეძლოთ მშვიდად გაცნობოდნენ ამა თუ იმ პროდუქტს და ამისთვის გვერდით გამყიდველის ყოფნა არ სჭირდებოდათ; 3) ეს ფორმა საშუალებას აძლევდა მფლობელს, თანხა დაეზოგა მომსახურე პერსონალზე და მაღაზიაში ფართო ასორტიმენტი წარმოედგინა; 4) სუპერმარკეტში მუდმივად იყო საგრძნობი ფასდაკლება, რაც ახალ მომხმარებელს იზიდავდა. მიულიე მიხვდა, რომ მომავალი სუპერმარკეტებს ეკუთვნოდა და გადაწყვიტა, ასეთი მაღაზია საფრანგეთში გაეხსნა. ამგვარად, რომ არა ოკეანის გაღმა მოგზაურობა, შესაძლებელია, "აშანის" ქსელის შესახებ არავის არაფერი სმენოდა. არადა, ეს ქსელი საქმიანი საფრანგეთის სიმბოლოდ იქცა, მიულიეთა ოჯახი კი - უმდიდრესად.

სავაჭრო ქსელი

1961 წლის 6 ივლისს "აშანის" პირველმა მაღაზიამ საფრანგეთში მყიდველს კარი გაუხსნა. როგორც ითქვა, ოჯახური ტრადიციით, ოჯახის ყოველი წევრი თანაბარ წილს იღებდა ბიზნესიდან. თუმცა იყო განსხვავებაც - ჟერარ მიულიემ საქმე პარტნიორთან ერთად დაიწყო. ოჯახში ახალ იდეას ერთგვარი ეჭვის თვალით შეხედეს. ის ერთობ სარისკოდ მიიჩნიეს და ამიტომ გადაწყვიტეს, ძალა საერთო ბიზნესისგან განცალკევებით მოესინჯათ. თუკი საქმე ჩაფლავდებოდა, დანაკარგი მეტისმეტად საგრძნობი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ ეძებდა ჟერარი პარტნიორს და საბედნიეროდ, იპოვა კიდეც. მეწარმე მიშელ სეგარმა "აშანის" 50%-იან წილში 600 ათასი ფრანკი ჩადო.

რასაკვირველია, ახალგაზრდებს საცალო ვაჭრობაში გამოცდილება არ ჰყოფნიდათ, ამიტომაც თავდაპირველად უამრავი შეცდომა დაუშვეს. ყოველივე ამან უსიამოვნო შედეგები მოიტანა: პირველი სამუშაო წლის ბოლოს ზარალმა 200 ათასი ფრანკი შეადგინა! ეს სულ რაღაც 600 კვ.მ-ის ფართობის, 30-თანამშრომლიანი სუპერმარკეტისთვის კოლოსალური თანხა იყო, მით უფრო, რომ დამფუძნებლები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ეკონომიურად ემუშავათ.

ოჯახი უკვე მაღაზიის დაკეტვაზე ფიქრობდა, თუმცა ჟერარ-უფროსის სიბრძნემ გაჭრა. მან შვილს მკაცრად უთხრა, რომ სამი წლის ვადას აძლევდა მაღაზიის ფეხზე დასაყენებლად. მაშინ წარმოდგენაც კი არავის შეეძლო, რაოდენ მომგებიანი გახდებოდა "აშანი".

სამი წელიწადი ნაყოფიერ შრომაში გაილია. ბიზნესი საკუთარი სურვილით დატოვა მიშელ სეგარმა. არც მიულიეებს სურდათ, ის მომავალში საოჯახო საქმეში ჩაზიარებოდათ. ჟერარი გამოცდილი გამყიდველებისგან სწავლობდა და ფრიად სასარგებლო რჩევებს იღებდა. მათ აუხსნეს, როგორ გამოეფინა საქონელი, ანდა ფასდაკლებები როგორ დაეწესებინა.

"აშანმა" საქონლის ძალიან იაფად გაყიდვა დაიწყო. ის ევროპული Wal-Mart-ი შეიქნა. ცხადია, ასეთმა წამოწყებამ ახალი მომხმარებელი მიიზიდა. ვაჭრობა გახურდა. 1967 წელს ქალაქ რონკში "აშანის" უზარმაზარი ჰიპერმარკეტი გაიხსნა 12 ათას კვ.მ-ზე. ძნელი აღარ იყო მიხვედრა, რომ ახალი საქმე მიულიეთა ოჯახისთვის ძირითადი ბიზნესი გახდებოდა.

ქსელის გაფართოებასთან ერთად ვითარდებოდა მერჩანდაიზინგი. ამ მარკეტინგული საქმიანობის მიზანი ბაზარზე საქონლისა და სავაჭრო ნიშნების დამკვიდრებაა, მას მსხვილი საწარმოები (სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები) რეგიონულ ბაზრებზე მდგომარეობის გასამყარებლად მიმართავენ. მერჩანდაიზინგით განისაზღვრება ასორტიმენტი, საქონლის გამოფენის წესები, თანმხლები რეკლამა, ფასები. "აშანის" მაღაზიები ვაჭრობის სფეროს ყოველ სიახლეს იტაცებდნენ. 1977 წლიდან ქსელმა თავისი თანამშრომლების კომპანიის აქციებით დაჯილდოება დაიწყო. შედეგად თანამშრომელთა ხელში "აშანის" აქციების 17% აღმოჩნდა.

საზღვარგარეთ პირველი მაღაზია 1981 წელს გაჩნდა - ჰიპერმარკეტი Alkampo ესპანეთში. ამას მოჰყვა სხვა ქვეყნები და დღესდღეობით "აშანს" მყარი პოზიციები აქვს საფრანგეთში, ესპანეთში, ჩინეთში, უკრაინაში, რუსეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ტაივანსა და სხვ. აშშ-სა და კანადაში "აშანი" არ არის - გასაგები მიზეზების გამო - Wal-Mart-თან მეტოქეობა შეუძლებელია.

1996 წლიდან "აშანი", თუ უმსხვილესი არა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო ვაჭრობის კომპანიაა ევროპაში. იმავე წელს მან DOcks de France-ს ქსელი იყიდა. უკვე დიდი ხანია, "აშანის" ჰიპემარკეტებისა და სუპერმარკეტების რაოდენობა მსოფლიოში ათასზე მეტია, ხოლო მცირე მაღაზიების რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. წლიური ბრუნვა 33 მილიარდი ევროა, ქსელში 170 ათასი ადამიანი მუშაობს.

ოჯახური "ფასეულობები"

დღესდღეობით მიულიეთა ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ევროპაში და ამაში დიდი წვლილი სწორედ "აშანს" მიუძღვის. თუმცა ჰიპერმარკეტების ბიზნესი ოჯახისთვის ერთადერთი მიმართულება აღარ არის. კომპანიას ეკუთვნის მრავალი ბრენდი, რომელთა შორის აღსანიშნავია Leroy Merlin-ი (სამშენებლო მასალისა და საოჯახო საქონლის მაღაზიები), St. Maclou (საოჯახო საქონელი), Decathlon-ი (სპორტული საქონელი), Norauto (ავტოაქსესუარები), Kiabi (სამოსი), Atac-ი და Elea (სუპერმარკეტები), მოქმედებს მსხვილი საფინანსო ჯგუფიც. 2006 წელს ჟერარ მიულიე "აშანის" უშუალო ხელმძღვანელობას 75 წლის ასაკში ჩამოშორდა, თუმცა კომპანიის საქმეებში ჯერ კიდევ მონაწილეობს. პოსტი ჟერარმა უმცროს ნათესავ ვინი მიულიეს გადაულოცა და არა შვილს, არნო მიულიეს,. "აშანი" კერძო კომპანიად რჩება და აქციების მიმოქცევაში გაშვებას არ გეგმავს - მიულიეთა ოჯახს ეს არ სჭირდება.

მოამზადა ნატა ენუქიძემ