"აუდიტორული ქოლგა" - მსხვილი ბიზნესისთვის - კვირის პალიტრა

"აუდიტორული ქოლგა" - მსხვილი ბიზნესისთვის

ალტერნატიული შემოწმების არჩევას მცირე ბიზნესს ფინანსების სიმწირე უზღუდავს

უკვე ერთი წელიწადია, საქართველოში მოქმედებს ალტერნატიული აუდიტის სახელით მონათლული პროგრამა, რომელიც ბიზნესს არჩევანს სთავაზობს - შემოსავლების სამსახურმა შეამოწმოს, თუ კერძო აუდიტორმა. აუდიტორული კომპანიები სამ ჯგუფად დაიყო. თუ მეწარმის წლიური ბრუნვა არ აღემატება 300 ათას ლარს, მას უფლება აქვს აირჩიოს აუდიტორი ჩ კატეგორიიდან, თუ წლიური ბრუნვა 3 მილიონ ლარამდე აქვს, B კატეგორიის აუდიტორი უნდა აირჩიოს, ხოლო თუ ბრუნვა 3 მილიონ ლარზე მეტია, მხოლოდ A კატეგორიის აუდიტორის არჩევა შეუძლია.

სქემა ამგვარია: შემოსავლების სამსახური შეტყობინებას უგზავნის შესამოწმებელ კომპანიას, სადაც ირჩევენ ან საგადასახადო ორგანოების "ვიზიტს", ან ალტერნატიულ შემოწმებას. მომსახურების საფასური შეთანხმების საგანია. აუდიტორთა თქმით, ბიზნესმენების უმრავლესობა მათ ირჩევს და თითქოს ყველა მხარე კმაყოფილია, თუმცა ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

ზურაბ ლალაზაშვილი (აუდიტორული კომპანია BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი): "ჩვენი კომპანია ჩართულია A კატეგორიის აუდიტორთა ჩამონათვალში. ყველაზე მსხვილი საწარმოების ალტერნატიული აუდიტის უფლება გვაქვს. ათამდე კომპანია შევამოწმეთ და შედეგებით კმაყოფილი ვართ. დარღვევის აღმოჩენისას კომპანია იხდის ძირითად თანხას, რომელიც ისედაც უნდა გადაეხადა, და საურავს, რომელიც ამ თანხას ყოველდღე ემატება 0,07%-ის ოდენობით. სამაგიეროდ, ჩვენ არ ვაჯარიმებთ შემოწმებულ კომპანიებს, რაც მათთვის დიდი შეღავათია. ეს არის ყველაზე დიდი ხიბლი, რომელიც ამ პროგრამას შეიძლება ჰქონდეს".

ლავრენტი ჭუმბურიძე (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი): "ჩემი აზრით, ამ პროგრამამ გაამართლა. შარშან საპილოტე პროგრამაში მხოლოდ თორმეტი კომპანია იყო ჩართული, შემდეგ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაფართოვდა. ალტერნატიული შემოწმების ძირითადი პრინციპი მისაღები აღმოჩნდა. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ აუდიტორული კომპანიების მომსახურება ძვირია. ფასი შეთანხმებით დგინდება, თანაც კომპანია აღარ ჯარიმდება აღმოჩენილი დარღვევების გამო. თუ კომპანიაში რამე შეცდომა აქვთ დაშვებული, ამ თანხასაც იხდიან და ვადის გადაცილებისთვის დაკისრებულ საურავსაც, მაგრამ ჯარიმა, რომელიც ხშირად საკმაოდ სოლიდურია, ბიზნესს აღარ ეკისრება. აუდიტორისთვის გადასახდელი თანხა ჯარიმასთან შედარებით შეღავათია. თანაც, საქართველოში დაახლოებით 100 ათასამდე საწარმოა რეგისტრირებული, საგადასახადო ორგანოები ახერხებდნენ წელიწადში მხოლოდ 300-დან 500-მდე საწარმოს შემოწმებას. სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი, რომ ყველა მათგანი შეემოწმებინა, ამიტომაც გადაწყდა აუდიტორულ კომპანიებში არსებული რესურსის გამოყენება. ალტერნატიული შემოწმების წყალობით ბიუჯეტში თანხაც შევიდა, აუდიტორულ კომპანიებსაც განსაზღვრული შემოსავალი გაუჩნდათ და ბიზნესსაც შეღავათი მიეცა. ალბათ, ამიტომ არის, რომ მეწარმეთა 95-98 % ალტერნატიულ შემოწმებას ირჩევს, თუნდაც იმიტომ, რომ ჯარიმებისაგან გათავისუფლდეს.

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი): - ამ პროგრამის წამოწყებით სახელმწიფომ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა. როცა საგადასახადო კოდექსი, ასე თუ ისე, ნორმალურია, მსგავსი პროგრამები ბიზნესზე დადებითად მოქმედებს. აუდიტორი არ არის დამჯარიმებელი ორგანო, ის მხოლოდ კონსულტაციას უწევს, მიუთითებს, რა როგორ უნდა გაკეთდეს კომპანიაში. თანაც შესამოწმებელ ფირმას დარღვევისთვის აუდიტორი არ აჯარიმებს და მითითებას აძლევს, როგორ გამოასწოროს. საგადასახადო ორგანო კი ასეთ დროს კანონით დაწესებულ ჯარიმას აუცილებლად მიმართავდა. თუმცა აქ ჩნდება ერთი დიდი პრობლემა: ჩვენს საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი მუხლია, რომელიც ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის გამო აუდიტორული კომპანიები შეიძლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვთქვათ, აუდიტორმა რომელიღაც კომპანიას კანონის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით დარღვევა აღმოუჩინა, სხვამ შეიძლება ეს მუხლი სულ სხვაგვარად წაიკითხოს და თქვას, რომ არავითარი დარღვევა არ ყოფილა, ან პირიქით მოხდეს. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში აუდიტორული ფირმა ეცდება, მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი შეცდომისგან და კლიენტს ისეთი კონსულტაცია გაუწიოს, რომ მისმა ფირმამ რაც შეიძლება მეტი გადაიხადოს. ამით ის საგადასახადო ორგანოების გულსაც მოიგებს და რამე გაუგებრობისგან თავსაც დაიზღვევს. ისიც საინტერესოა, რამდენად არიან შეთანხმებული აუდიტორული კომპანიები საგადასახადო ორგანოებთან და თუ იცავენ თამაშის განსაზღვრულ წესებს. სიმართლე გითხრათ, ამ ფირმებისა არ მესმის, რისკზე მიდიან და დიდ პასუხისმგებლობას იღებენ. ამიტომ თუ ქვეყანაში იქნება კარგი საგადასახადო კოდექსი, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი, კერძო აუდიტორების მიერ ბიზნესის შემოწმებაც სავსებით მისაღები და გასაგები იქნება. მაგრამ როცა მოქმედებს ცუდი კოდექსი, ამ პირობებში მუშაობა მათთვის საკმაოდ რთული უნდა იყოს.

- აუდიტორები ამტკიცებენ, რომ პროგრამა ძალიან წარმატებულია.

- რა თქმა უნდა, ისინი ამას იტყვიან, აბა, ხომ არ იტყვიან, წარუმატებელიაო? რამდენად შეესაბამება მათი ნათქვამი სინამდვილეს, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ვნახოთ, მომავალშიც თუ დაინტერესდებიან ჩვენი ბიზნესმენები ამგვარი შემოწმებით და კვლავაც თუ დაუძახებენ აუდიტორულ კომპანიებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო აუდიტორთა მომსახურებით მხოლოდ მსხვილი ბიზნესი ისარგებლებს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს საამისო ფინანსური რესურსი არ აქვს. ეს მაშინ, როცა კონსულტაცია მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც კონსულტაციის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ.

ხათუნა ჩიგოგიძე