მილიონი - ქალის თეთრეულიდან - კვირის პალიტრა

მილიონი - ქალის თეთრეულიდან

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კომპანია ჭონდერბრა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არსებობს, მსოფლიოში ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა. პროდუქცია მანამდეც მრავალ ქვეყანაში იყიდებოდა, მაგრამ მისი სახელი ფართოდ ცნობილი მაინც არ ყოფილა.

აზღუდის შექმნა

ბიუსტჰალტერი, იგივე აზღუდი, XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. 1935 წელს კი ამერიკელმა იზრაელ პაილოტმა აზღუდის საკუთარი ვერსია წარმოადგინა, რომელიც, მრავალრიცხოვან კონკურენტებთან შედარებით, სრულყოფილი იყო. საქმე ის იყო, რომ მაშინ ამ ნაწარმს ნაკლი ჰქონდა, აზღუდის ჯამებიც სხეულს კარგად არ ერგებოდა. პაილოტის ნაკეთობამ კი ეს პრობლემა გადაჭრა. ამისთვის იზრაელმა სპეციალური თარგი გამოიყენა. ასე დარეგისტრირდა 1935 წელს აშშ-ში მარკა Wonder-Bra.

1939 წელს კანადაში ვინმე მოზეს (მო) ნედლერმა დააფუძნა ფირმა  Lady Corset Company და მონრეალის ცენტრში პატარა სამკერვალო გახსნა, სადაც უნდა გამოეშვათ საშუალო ფასის აზღუდები ($1-დან $1,5-მდე). საქმე კარგად წავიდა. მალე ნედლერი საქმეებზე ნიუ-იორკში გაემგზავრა და იქ იზრაელ პაილოტი გაიცნო. ნედლერს მისი მიგნება იმდენად მოეწონა, რომ შეიძინა უფლება "უანდერბრას" ბრენდზე და ლიცენზია ამერიკელის რევოლუციური გამოგონების პატენტზე. მოგვიანებით კანადელმა სახელწოდება ოდნავ შეცვალა და ბრენდს ახლანდელი Wonderbraუწოდა.

ომის წლებში ქალის თეთრეულის მწარმოებლებს (ისევე როგორც ყველას) ძალიან გაუჭირდათ. არ კმაროდა საჭირო მასალა, მაგალითად რეზინი, ამიტომ იძულებული შეიქნენ, მასზე საერთოდ უარი ეთქვათ. ამან აიძულა "უანდერბრა", ისეთი აზღუდი შეექმნა, რეზინი რომ არ დასჭირდებოდა. ეს სიახლე მაშინ კომპანიის ნაწარმის უპირატესობად იქცა.

1939-55 წლებში Canadian Lady Corset Company-მ ასორტიმენტი საკმაოდ გააფართოვა. ამ დროს დაიწყო კონფლიქტი ნედლერსა და იზრაელ პაილოტის კომპანია D’amour-ს შორის. გასაკვირი არაფერია, პაილოტის ფირმას საქმეები ცუდად მისდიოდა, ამიტომ ის ყოველმხრივ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გამოეწურა ნედლერის კომპანიისთვის პატენტზე ლიცენზიის გახანგრძლივებიდან. მხარეები ვერაფრით შეთანხმდნენ. თუმცა კანადური ფირმის პროდუქცია უკვე შორს გასცდენოდა იზრაელის გამოგონებას და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ნედლერის ფირმამ "უანდერბრას" მარკაზე უფლებები მოიპოვა დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ისრაელსა და დასავლეთ ინდოეთში. შემდეგ ნედლერმა ევროპაში იმოგზაურა, რასაც მაქმანიანი პროდუქციის გამოშვება მოჰყვა. ჩამოყალიბდა "უანდერბრას" აზღუდების სტილი, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.

სწორება სექსუალობაზე

მო ნედლერი 1964 წელს გარდაიცვალა და კომპანია მის ვაჟს ერგო. ლარი უნარიანი ხელმძღვანელი აღმოჩნდა. შესანიშნავი განათლების წყალობით, ის კარგად ერკვეოდა მარკეტინგში. მასობრივმა კვლევებმა ცხადყო, რომ ქალები "უანდერბრას", პირველ რიგში, იმიტომ აფასებდნენ, რომ მათ სექსუალობას უსვამდა ხაზს. მაგრამ ყოველდღიური გარდერობის ნაწილად არ მიაჩნდათ. ლარი ნედლერი მიხვდა, როგორი უნდა ყოფილიყო კომპანიის მომავალი.

"კანადიან ლეიდიმ" მზერა ახალ ბაზრებს მიაპყრო. ერთ-ერთი ახალი პროდუქტი იყო ქვედა საცვალი მოზარდებისთვის, რომლისთვისაც მარკა Dici შეიქმნა. სარეკლამო კომპანიამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სლოგანი "ან Dici - ან არაფერი!"

1968 წელს ლარი ნედლერმა თავისი კომპანია Consolidated Foods-ს (შემდგომში Sara Lee) მიჰყიდა.

ბრენდის დამკვიდრება

ტელევიზიით აქტიური რეკლამა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. "უანდერბრას" რეკლამა გაცილებით გამომწვევი იყო, ვიდრე კონკურენტებისა. თუ ეს უკანასკნელნი ქვედა საცვლებს რეკლამისთვის მანეკენებს აცმევდნენ, "კანადიან ლეიდი" ამისთვის ლამაზ ქალებს იწვევდა. ამასთან, საგანგებოდ მოუმატეს ფასსაც, რათა პროდუქციის განსაკუთრებულობისთვის გაესვათ ხაზი. სარეკლამო რგოლებში ხშირად მიმართავდნენ იუმორს და მახვილგონივრულ ისტორიებს იგონებდნენ. როცა 1994 წელს "უანდერბრა" ამერიკულ ბაზარზე შევიდა, ბრენდის იმჟამინდელმა მფლობელმა Sara Lee-მ თეთრეულის პირველი შეკვრები ნიუ-იორკში ლიმუზინით მიიტანა. ავტომობილი ნახევრად შიშველი მოდელებითა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებივით შემოსილი მამაკაცებით იყო გარშემორტყმული. ამბობდნენ, რომ ბრენდის თეთრეულში გამოწყობილი მოდელის, ევა ჰერციგოვას გამოსახულებიანი ბილბორდი რამდენიმე ავტოავარიის მიზეზიც კი გახდა.

კომპანიას 1990-იან წლებში ჰქონდა დიდი სიძნელეები, თუმცა აღმასვლაც სწორედ მაშინ დაიწყო. გაყიდვა საზოგადოების გემოვნების მკვეთრმა ცვლილებამ შეამცირა. კვლავ მოდური გახდა კორსეტი. ამიტომაც განახლდა დიზაინი, რეკლამებში ცნობილი ფოტომოდელები მიიწვიეს. შედეგად გაყიდვა 43%-ით გაიზარდა და საქმეებიც აღმა წავიდა. დღეს "უანდერბრას" მსოფლიოში იცნობენ. ბრენდის ახლანდელი სახე სლოვაკი მოდელი ადრიანა კარნანოვაა.

საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი კვლევისას კითხვაზე - რომელ ბრენდთან ერთად დაჯდებოდით სოლიდურ წვეულებაზე? - 36-დან 60 წლამდე მამაკაცებმა, ჰონკონგიდან სამხრეთ აფრიკამდე, თითქმის ერთხმად "უანდერბრა" აირჩიეს. დღეს ეს ბრენდი ეკუთვნის ტექსტილის ჰოლდინგ HanesBrand-ს, რომელიც "სარა ლის" 2006 წელს გამოეყო. ჩრდილოეთ კაროლინაში დაფუძნებული ჰოლდინგი ფლობს მრავალ საფირმო მაღაზიას აშშ-ში, აგრეთვე არაერთ ფირმას დასავლეთ ევროპაში. გაყიდვამ 2011 წელს $4,6 მილიარდი შეადგინა. ჰოლდინგში სულ 53,3 ათასი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ