"სამი ვარსკლავი და ჯანმრთელობა" - კვირის პალიტრა

"სამი ვარსკლავი და ჯანმრთელობა"

ტურისტების 86% მეზობელი ქვეყნებიდანაა და უმრავლესობა შედარებით იაფ მომსახურებას ითხოვს

ტურისტული სექტორის განვითარებაზე დღევანდელ საქართველოში ბევრი კამათია, თუმცა სკეპტიკოსებიც ვერ უარყოფენ, რომ მიმართულებების გონივრულად შერჩევით ტურიზმი, შესაძლოა, ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი გახდეს. ცხადია, მეწარმეები ტურისტულ ბიზნესში იმ ფორმით შეეცდებიან ჩართვას, როგორსაც უფრო მომგებიანად დაინახავენ. იკვეთება ასეთი ტენდენცია, რომ შეძლებული ადამიანების მომსახურებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები თუ ბრენდები უფრო აქტიური არიან, ვიდრე შედარებით იაფი მომსახურების გაწევის მსურველები. ამიტომაც მაღალფასიანი სეგმენტი მოთხოვნილებას მეტ-ნაკლებად აუდის, ხოლო დაბალფასიანში მოთხოვნა-მიწოდების წონასწორებამდე ჯერ კიდევ შორია.

ნინო გრიგოლია (სასტუმრო "რედისონ ბათუმის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი): "სტუმრების სიმცირეს არ ვუჩივით: ყველა ტიპის სტუმარი გვყავს, საქმიანი ადამიანებიც და დამსვენებლებიც, რომლებიც საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან. სტუმრები გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან და კიდევ მრავალი ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ძირითადად იმ კატეგორიის ხალხია, ვისაც სიძვირე არ აშინებს. ვმასპინძლობთ ღონისძიებებსაც (სიმპოზიუმები, სემინარები, კულტურული თუ საქმიანი შეხვედრები). არიან ისეთები, ვინც შვებულებას ბათუმში ატარებს და სოლიდური ფასის მიუხედავად, მაინც ჩვენს სასტუმროში ჩერდება...

მათი რაოდენობის განსაზღვრა ძნელია, მით უმეტეს, ზაფხულში, როცა ტურისტების მომრავლება ჩვენს სასტუმროზეც აისახება. არის დღეები, როცა ყველა ნომერი გაყიდულია. განსაკუთრებით დატვირთული თვეებია ივლისი, აგვისტო და სექტემბერი".

რუსუდან მამაცაშვილი (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი): "ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და შედარებით იაფ ან კერძო, საოჯახო სასტუმროში ჩერდება, ბუნებრივია, იაფ სეგმენტს ანიჭებს უპირატესობას. ასეთები ბლომად არიან. დღეს უამრავია საოჯახო სასტუმრო, რაც შემოსავლის წყაროა მფლობელებისთვის და იმავდროულად, საუკეთესო გზაა იაფად დასვენების მსურველთათვისაც. ძვირად ღირებულ სასტუმროებში ფასებიც უფრო მაღალია და ბრუნვაც, თუმცა მცირე სასტუმროებსაც საკმაო შემოსავალი აქვთ.

ჩვენი დაკვირვებით, უფრო დიდი მოთხოვნა 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებზეა. ბევრს არ აქვს საშუალება, 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდეს. საინფორმაციო ცენტრებშიც ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სად შეიძლება შეღავათიან ფასში გავჩერდეთო.

მაღალფასიანი სეგმენტის მომხმარებელი სულ სხვაა. მაგალითად, როცა ბიზნესმენი ან ოფიციალური პირი ჩამოდის საქმიანი ვიზიტით, ის ყოველთვის ძვირ სასტუმროში ჩერდება. საერთოდ, ტურისტების 86% მეზობელი ქვეყნებიდანაა და მათი უმრავლესობა ჩვენგან შედარებით იაფ მომსახურებას ითხოვს. ყველანაირად ვცდილობთ მოზიდვას უფრო შორეული ბაზრებიდან, მაგრამ ამჟამად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულთა რიცხვი აშკარად აჭარბებს ევროპა-ამერიკიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვს.

მომსახურების ფასებს ჩვენთან ბაზარი არეგულირებს. რაც მეტი ახალი ობიექტი ამოქმედდება, მით უფრო დაიკლებს ფასებიც და ცხადია, ეს ტურისტულ სექტორშიც ასეა".

ლელა ხარატიშვილი (ასოციაცია "ელკანას" სოფლის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი): "ჩემი დაკვირვებით, საშუალო ფასის სერვისსა და მომსახურებაზე, ანუ 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ძვირზე. მიზეზი მარტივია: ჩვენთან 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მომსახურება ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ უმრავლესობა შედარებით იაფ სეგმენტს ირჩევს. მნიშვნელობა არ აქვს, ევროპიდან არიან ისინი, აზიიდან, თუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. დიახ, "მერიოტსა" და "შერატონშიც" ჩერდებიან, მაგრამ ამ სეგმენტის მიმართ ინტერესი უფრო ბიზნესტურისტებს აქვთ.

ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ძირითადად კლასიკურ ტურებზე აქვთ მოთხოვნა: გადიან რაც შეიძლება ბევრ რეგიონში, ათვალიერებენ ისტორიულ ადგილებს, უძველეს ძეგლებს, ძალიან აინტერესებთ ქართული სამზარეულოც, ეს მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ზამთარში ჩამოსული სტუმრები ძირითადად გუდაურში მიდიან. ტურისტების რაოდენობა ბოლო წლებში ნამდვილად გაიზარდა, თუმცა სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ შარშან 2 მილიონი ტურისტი შემოვიდა, ჩემი აზრით, ცოტა გაბერილია - რაკი მათ რიცხვში ნებისმიერი მოქალაქე იგულისხმება, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. არადა, ძალიან ბევრი კვეთს საზღვარს საქმიანი ვიზიტით. მაგალითად, მეზობელი თურქეთის მოქალაქეები სისტემატურად შემოდიან საქართველოში პროდუქტის გასაყიდად. ძალიან ბევრია სტუმარი, რომელიც ორიოდე დღით შემოდის და იაფფასიან ბინას ქირაობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დამსვენებლებად. ამიტომ, როცა ლაპარაკია ჩამოსული ტურისტების რაოდენობაზე, მე უფრო ტუროპერატორების მონაცემებს ვენდობი.

წამყვანი ტუროპერატორების მონაცემებით, შარშან საქართველოში 70 ათასამდე უცხოელი ტურისტი შემოვიდა. ხუთი წლის წინ ეს რიცხვი დაახლოებით 20 ათასი იყო. ზრდა შესამჩნევია. ბუნებრივია, აქ საუბარია ორგანიზებულ ტურიზმზე, თორემ ძალიან ბევრ დამსვენებელს ტუროპერატორებთან შეხება არ აქვს. ისინი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ბინავდებიან, რადგან ადგილობრივი ყოფის გაცნობა სურთ. ამ სეგმენტს, ძირითადად, ოჯახური დასვენების მოყვარულები ირჩევენ. ისინი არ მიმართავენ ტუროპერატორებს, მხოლოდ გიდს უკავშირდებიან და ისე ათვალიერებენ ქვეყანას. ამ კატეგორიის ტურისტებს არ სურთ ძვირფას, გადაპრანჭულ სასტუმროში ცხოვრება, მათი სურვილი უბრალო გარემოში დასვენებაა. და ეს სულაც არ არის გამოწვეული მათი ბიუჯეტის სიმწირით.

ყველაზე დიდი მოთხოვნილება მაინც კლასიკურ ტურებზეა, კულტურული ძეგლებისა და ისტორიული ადგილების მოსანახულებლად საქართველოში ჩამოდის ტურისტების დაახლოებით 70%. სათავგადასავლო და ეკოტურიზმის მიმდევრები 25%-ს შეადგენს, დანარჩენი 5% კი აგროტურიზმსა და ტურიზმის სხვა სახეობებზე ნაწილდება. დასასრულ ერთი რამ უნდა აღვნიშნო: თუ გვსურს, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს, აუცილებლად უნდა ავიღოთ აქცენტი საშუალო სეგმენტზე, ანუ 2- და 3-ვარსკვლავიან სასტუმროებზე. ამ სეგმენტში მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. დღეს ეს მიუღწეველ ამოცანად რჩება".

ხათუნა ჩიგოგიძე