რას ემყარება მაღალი ენერგოტარიფები - კვირის პალიტრა

რას ემყარება მაღალი ენერგოტარიფები

"თელასის" წილი ჯერჯერობით ხელუხლებელია

თბილისის გამანაწილებელი ქსელი „თელასი", მისი პრივატიზების მომენტიდან, მთავრობის ადრინდელი თუ დღევანდელი ოპონენტებისთვის ყურადღების საგანია. ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის გაცხადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ელექტროენერგიის ტარიფები გააკრიტიკა და ტელეეთერშიც განაცხადა, რომ მზად არის, "თელასის“ წილი რუსული "ინტერ რაოსგან" გამოისყიდოს, შემდეგ კი ტარიფები მნიშვნელოვნად შეამციროს. ამ საფუძველზე ჭორიც დაიყარა, თითქოს ივანიშვილმა კომპანიის წილი უკვე შეიძინა და ზოგიერთები უკვე ტარიფების შემცირებასაც ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ "ინტერ რაო ეესს" არაფერი გაუყიდია და ისევ "თელასის" 75%-ს ფლობს. თავის მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროც უარყოფს სახელმწიფოს კუთვნილი 25%-ის გაყიდვის შესაძლებლობას.

როგორ იყიდებოდა თელასი

სააქციო საზოგადოება "თელასის" 75% 1998 წლის მიწურულს საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კორპორაცია AES SIlk Road holdings B.V.-ს მიჰყიდა. მაშინდელი პრეზიდენტისა და მინისტრების ზეპირი განცხადებით, გარიგების ფასი $25,5 მილიონს შეადგენდა და თანხის ძირითადი ნაწილი „გაყინული პენსიების“ ნაწილის „გალღობას" მოხმარდა.

ამერიკული კორპორაციის "თელასში" შემოსვლით დედაქალაქში ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესება და ტარიფის ზრდა დაიწყო. "ეიიეს თელასის" ხელმძღვანელებს დიდი ომები გადახდათ თავს, სანამ ქსელს გამართავდნენ და მოსახლეობას გაძვირებულ ტარიფსა და ზოგადად, მოხმარებული დენის საფასურის გადახდას შეაჩვევდნენ.

ამერიკელებმა ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარი წილი "თელასში" მაშინ გაყიდეს, როცა წესით, გაწეული ხარჯის ამოღება უნდა დაწყებულიყო. "თელასის" ხელმძღვანელმა მაიკლ სქოულმა მოგვიანებით განმარტა, რომ ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი დაემთხვა: "ენრონის" ჩამოშლა მძიმედ აისახა ამერიკულ კორპორაციაზე, AES-ის უფროსს გადადგომამ მოუწია; 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მეწილეებმა დაჟინებით მოითხოვეს ყველა საეჭვო ქვეყნის დატოვება, სადაც სტაბილურობა გარანტირებული არ იყო. თუმცა სქოულის შეფასებით, საქართველოს დატოვება უფრო პანიკის შედეგი იყო, ვიდრე საღი აზრით მიღებული გადაწყვეტილება. კორპორაციამ საქართველოში $270 მილიონამდე დაკარგა. "თელასის" ძველი ხელმძღვანელის განმარტებით, ამერიკელებმა შავი სამუშაო შეასრულეს, რუსებს შესყიდვის შემდეგ ინვესტიციები არ დაუბანდებიათ, ანუ AEშ-მა ბიზნესის მდგრადობა სრულიად დამოუკიდებლად უზრუნველყო.

თბილისის გამანაწილებელი ქსელის მფლობელი 2003 წლის აგვისტოში რუსული „ინტერ რაო ეესი“ (ამჟამად ღია სააქციიო საზოგადება „ინტერ რაო ეესი“) გახდა. რუსული კომპანიის შემოსვლას მაშინვე კრიტიკა მოჰყვა, მოტივით - "არ შეიძლება ისეთ სტრატეგიულ საწარმოს, როგორიც "თელასია", საქართველოს მიმართ მტრული სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებდეს“. ეს არაერთხელ ითქვა 2003 წლის ნოემბრის შემდეგაც. თუმცა "თელასის" 75% დღემდე რუსული კომპანიის საკუთრებაა და, ზოგიერთთა ვარაუდის მიუხედავად, საბოტაჟი არ მოუხდენია და ქალაქი უდენოდ არ დაუტოვებია.

ვინ შეამცირებს ტარიფებს?

ტარიფები თბილისისა და ქვეყნის რეგიონებისთვის მსგავსია. დედაქალაქში, ისევე როგორც რეგიონებში, სადაც დენის განაწილებას ჩეხური „ენერგო პრო“ ახორციელებს, ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს - 13,48-დან 17,697 თეთრამდე. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს, რომ მათი მნიშვნელოვანი შემცირების რესურსი არსებობს. გარდა ამისა, "რაო ეესი" ამერიკელების დახარჯულ და ნაზარალებ $270 მილიონსაც არ უნდა დებდეს ტარიფში. მის სიდიდეს მარეგულირებელი კომისია (სემეკი) განსაზღვრავს, იქ კი ამტკიცებენ, რომ დადგენილი ტარიფები რეალურია.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტის, მათ შორის ყოფილ ენერგომბუდსმენ დავით ებრალიძის თანახმად, 17 თეთრამდე ტარიფის გაძვირებას რეალური გათვლები არ ახლდა. საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ რევაზ არველაძის განმარტებით, ტარიფი დანახარჯების მიხედვით უნდა ყალიბდებოდეს, მაგრამ ჩვენთან ამის გარკვევა ძალიან ძნელია, რადგან მარეგულირებლის ბრძანებით, საქართველოში ტარიფის დამდგენლების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია(!).

საკადრო როქი

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თელასის ყიდვის ინტერესი გამოხატა, "თელასში" საგულისხმო საკადრო ცვლილება მოხდა. კომერციული დირექტორი დავით ქართველიშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ არსოშვილმა შეცვალა. არის თუ არა კავშირი ბიძინა ივანიშვილის მიერ თელასის ყიდვით დაინტერესებასა და "თელასის" კომერციულ დირექტორად მინისტრის მოადგილის დანიშვნას შორის, ძნელი სათქმელია. თუმცა მთავრობას რომც მოეხერხებინა და კომპანიაში „თავისი კაცი“ ჩაესვა, ალბათ რუსული ენერგოგიგანტის პოლიტიკაზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს. მეტადრე მაშინ, როცა სემეკის დადგენილი ტარიფები რუსული "ინტერ რაოსთვის" სავსებით მისაღები და მომგებიანი ბიზნესის კეთების შესანიშნავი საშუალებაა.