IBM-ის წარმატების 100-წლიანი ისტორია - კვირის პალიტრა

IBM-ის წარმატების 100-წლიანი ისტორია

უარი "გაუპარსავ ინჟინრებს"

"შეუპოვრობას ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის. ნიჭი? - ნიჭიერი უიღბლოებით გარშემორტყმული ვართ. გენია? - აუღიარებელი გენიოსები ანდაზების გმირებად იქცნენ. განათლება? - დედამიწა სავსეა განათლებული უმაქნისებით. მხოლოდ შეუპოვრობა და შრომა დგას ყველაფერზე მაღლა", - ამბობდა თომას უოტსონ-უფროსი, IBM-ის თავკაცი, ვინც პატარა, მაგრამ პერსპექტიული კომპანიისგან მსოფლიო გიგანტი შექმნა. თუმცა ფირმის წარმატება სამ სხვადასხვა ხელმძღვანელს უკავშირდება.

ჰერმან ჰოლერითის საძირკველი

ხუმრობა საქმე ხომ არ არის, - უძველესი კომპიუტერული კომპანია IBM-ი საუკუნეს ითვლის! მისი ისტორია მოსახლეობის აღწერის გადამმუშავებელი მანქანებიდან იწყება. 1860 წელს აშშ-ში გერმანელი ემიგრანტების ოჯახში ჰერმან ჰოლერითი დაიბადა. მშობლების ოცნება იყო, ბიჭისთვის კარგი განათლება მიეცათ, რაც აისრულეს კიდეც. ჰერმანმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამთო კოლეჯი დაამთავრა. ერთხანს ბიუროს თანამშრომელი იყო, რომელიც მოსახლეობის აღწერაზე მუშაობდა და ამ საქმის ტექნოლოგიის ანაბანას გაეცნო.

22 წლის ჰოლერითი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყენებითი მექანიკის მასწავლებლად მოეწყო. იქ მას რთულ ამოცანებთან შეჭიდება შეეძლო. ერთ-ერთი იყო მოწყობილობის შემუშავება მოსახლეობის უფრო ეფექტური აღწერისთვის.

იმხანად აშშ-ში დედამიწის ყოველი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა, მოსახლეობის აღწერა ყოველ ათ წელიწადში ეწყობოდა, შედეგების შეჯამებას კი თითქმის შვიდი წელიწადი სჭირდებოდა. ეს ძალიან არაეფექტური იყო.

ჰერმანის შექმნილი ტაბულატორი რევოლუციური მიგნება აღმოჩნდა და 1890 წლის აღწერაც მისი დახმარებით მოეწყო. შედეგები ორ-ნახევარ წელიწადში მიიღეს, თანაც მონაცემების დამუშავებაზე მხოლოდ 700 ადამიანი მუშაობდა, ადრინდელი 1500-ის ნაცვლად. ჰოლერითისთვის ცხადი გახდა, რომ პედაგოგობისთვის თავი უნდა დაენებებინა და ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი. 1896 წელს მან Tabulating Machine Company დააარსა. მალე TMC-ის ტაბულატორები საზღვარგარეთ გავიდა. 1911 წელს დაფუძნდა კონგლომერატი Computing Tabulating Recording Corporation-ი და ჰოლერითი მისი კონსულტანტი გახდა. ეს IBM-ის დაბადების თარიღია. კონგლომერატი ჰოლერითის კუთვნილი და კიდევ სამი კორპორაციისგან შეიქმნა. საქმიანობის არეალი ფართო იყო, სამზარეულოს მოწყობილობებსაც კი აწარმოებდნენ. გენიალურ გამომგონებელად შერაცხილი ჰერმანი არაერთი პატენტისა და აღმოჩენის სათავეში იდგა, ბიზნესს კი დაქირავებული მენეჯერები მართავდნენ. საბოლოოდ თავისი წილი კომპანიაში ჰოლერითმა იმ დროისთვის უზარმაზარ თანხად - $1 მილიონზე მეტად გაყიდა და დარჩენილი წლები საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრა.

დიდი გზა უოტსონ-უფროსისგან

მომავალი IBM-ის აყვავების ხანა თომას უოტსონ-უფროსს უკავშირდება. ის კომპანიაში 1914 წელს მოვიდა. თომასი განსაცვიფრებელი ხელმძღვანელი და უამრავი სიახლის შემომტანი გახლდათ. ინჟინერი არ იყო და ტექნიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, სამაგიეროდ, ხალხთან მუშაობისა და ორგანიზატორობის განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. CTRC-ში უოტსონი 40 წლის ასაკში მივიდა. მას არ ჰქონია უმაღლესი განათლება, სკოლის დამთავრებისთანავე კომივოიაჟერად დაიწყო მუშაობა. ამ პროფესიამ თომასს კლიენტებთან ურთიერთობა ასწავლა. უოტსონის წყალობით კომპანიამ დიდ დეპრესიას გაუძლო, გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის სიძნელეები. უოტსონი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, ვის დროსაც ამერიკული მენეჯმენტის სტრუქტურა სიღრმისეულად იცვლებოდა. იგი ყველაფერზე წინ კომპანიის თანამშრომლებსა და მათი მუშაობისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნას აყენებდა. IMB-ში თანამშრომლებს ჩააგონებდნენ, რომ ისინი საშუალოსტატისტიკურ ამერიკელზე ჭკვიანები იყვნენ. სხვა შემთხვევაში ხომ კომპანიაში არ იმუშავებდნენ! უოტსონის დროს გაჩნდა პირველად თანამშრომელთა დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე, ანაზღაურებადი შვებულება.

1924 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და International Business Machines-ი, ანუ IBM-ი ეწოდა. 1935 წელს აშშ-ის კონგრესმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, უნდა დამუშავებულიყო დიდი ინფორმაცია დასაქმების შესახებ. ტენდერში IBM-მა გაიმარჯვა და ორ წელიწადში ქვეყნის 26 მილიონი მოსამსახურის მონაცემები დაამუშავა. ამან, დიდ შემოსავალთან ერთად, ავტორიტეტიც მოიტანა. ფირმას კლიენტები აღარ დაჰკლებია.

კომპანიაში შემოიღეს კორპორაციული პიკნიკები, აგრეთვე კომერციული ტრენინგები თანამშრომლებისთვის. დამკვიდრდა საფირმო დრესკოდი - ყველანი კოსტიუმებში. გაუპარსავი ინჟინრების ადგილი იქ არ იყო. გაჩნდა განთქმული საფირმო სლოგანი "იფიქრე" (Think).

მეორე მსოფლიო ომის დროს IBM-ი სახელმწიფო შეკვეთებზე გადაერთო. კომპანია შემოსავლის 1%-ს ომში დაღუპულთა ოჯახებს ურიცხავდა. 1943 წელს თომას უოტსონ-უფროსმა საოცარი ფრაზა წარმოთქვა: "ვფიქრობ, კომპიუტერების მსოფლიო ბაზარი ხუთ ცალს არ გადააჭარბებს(!)". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რას წარმოადგენდა მაშინდელი კომპიუტერი. 40-იან წლებში IBM-ის ასორტიმენტში გაჩნდა საბეჭდი მანქანები, საიდანაც დაიწყო კიდეც კომპიუტერიზაცია. ათ წელიწადში კომპანია მთლიანად გადაერთო კომპიუტერებზე. 1958 წელს IBM-ის პრეზიდენტი თომას უოტსონ-უმცროსი გახდა.

მწვერვალი

თომას უოტსონ-უმცროსი ფირმაში 1937 წლიდან მუშაობდა. სწორედ ის ხედავდა კომპანიის მომავალს კომპიუტერებში და მიზანსაც მიაღწია. იყო დრო, IBM-ი აშშ-ის კომპიუტერების 90%-ს უშვებდა. ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, აქ შეიქმნა კომპიუტერის მყარი დისკი. მისმა ერთ-ერთმა შემქმნელმა თქვა, - ისე საიმედოდ მუშაობს, როგორც ვინჩესტერიო. "ვინჩესტერი" საუკეთესო რეპუტაციის ამერიკული საიარაღო ფირმა გახლდათ.

მრავალი რევოლუციური სიახლის ფონზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მასობრივი პერსონალური კომპიუტერი (IBM PC), რომელიც ფაქტობრივად მსოფლიო სტანდარტად იქცა. ის 1981 წელს შეიქმნა, კომპანია Iნტელ-ის პროცესორითა და ღია არქიტექტურით. ამერიკული გიგანტი IBM-ი მსოფლიო გიგანტი გახდა... 90-იან წლებში კომპანიამ კრიზისიც გამოიარა, მაგრამ დღეს მდგომარეობა სტაბილურია. დღეს IBM აღარ არის უმსხვილესი კომპიუტერული კომპანია, თუმცა კვლავაც ერთ-ერთია "ძლიერთა ამა სოფლისას" შორის. რამდენიმე წლის წინ IBM-მა კომპიუტერული წარმოების დიდი ნაწილი ჩინურ Lenovo-ს მიჰყიდა, ხოლო თვითონ კომპიუტერულ მომსახურებაზე გადაერთო. "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) 2012 წლის აპრილის რეიტინგში IBM-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $238,7 მილიარდად არის შეფასებული და 32-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური გაყიდვა $106,92 მილიარდია. კორპორაციაში 433 ათასი ადამიანი მუშაობს. წლევანდელი იანვრიდან ბიზნესს ვირჯინია რომეტი ხელმძღვანელობს, პირველი ქალი IBM-ის სათავეში.

მოამზადა ნატა ენუქიძემ