ყველაზე ცხელი ფასდაკლებები ინტერნეტში - კვირის პალიტრა

ყველაზე ცხელი ფასდაკლებები ინტერნეტში

ბიზნესი, რომელიც "ფეისბუკის" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მზარდია მსოფლიოში ეს არის თამაში - მოგება მოგებისთვის, სადაც წაგებული არავინაა... ჯგუფური გაყიდვების ვებგვერდი ინტერნეტვაჭრობის ახალი ფორმაა, სადაც მყიდველიცა და გამყიდველიც მოგებული რჩება!

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა დრო კიდევ უფრო მეტი ფული ღირს, ელექტრონული გაყიდვებით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე განთავსებული სერვისი თუ პროდუქცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში, კონკრეტულ ადგილზე მოუსვლელად და დამატებითი ხარჯის გარეშე აირჩიოს და გააკეთოს შენაძენი. ინტერნეტშეთავაზებები, ცხადია, უფრო მიმზიდველია, თუ მომწოდებელი კონკრეტულ პროდუქტსა და მომსახურებას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და შესაბამისად, მომხმარებელს კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად სთავაზობს. ინტერნეტვაჭრობა ექსკლუზიური პირობებით - ეს ელექტრონული გაყიდვების ერთგვარი ჰიბრიდია, რომელიც ინტერნეტსივრცეში არცთუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ უკვე მილიონობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

სიახლე ელექტრონული გაყიდვების ბიზნესში ამერიკულმა კომპანიამ დაამკვიდრა, რომელსაც დღეს მომხმარებელი Groupon-ის სახელით იცნობს. ეს ჯგუფური ფასდაკლებების ამერიკული სერვისია, რომელიც მომხმარებელს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს მრავალფეროვანი მომსახურებისა თუ პროდუქციის შეძენას. თუმცა ექსკლუზიური შეთავაზება ერთი პირობით აქტიურდება - თუ ამ შეთავაზებით ადამიანების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა დაინტერესდება და ისარგებლებს. და კიდევ, ფასდაკლებით სასურველი პროდუქციის თუ სერვისის შესაძენად, საკმარისია ვებგვერდზე შეიძინოთ ფასდაკლების კუპონი და წარადგინოთ მომსახურების თუ პროდუქციის შეძენისას.

Groupon-ი სოციალური გაყიდვების ვებგვერდების ბიზნესში დღესაც ძირითადი მოთამაშეა. მისი ისტორია 2008 წლის ნოემბერში ამერიკაში, პიტსბურგში დაიწყო და ენდრიუ მეისონის სახელს უკავშირდება. მაშინ კომპანიის კაპიტალი $1 მილიონი იყო. დღეს კი "გუგლს", რომელსაც მისი შეძენა სურდა, $6 მილიარდადაც არ მიჰყიდეს. Groupon-ის სათავო ოფისი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში მდებარეობს და 4 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ის მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს და 90 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. თუ 2010 წელს კომპანიის შემოსავალი $760 მილიონს აღწევდა, 2011 წელს მისი შემოსავალი $1,6 მილიარდამდე გაიზარდა. არსებობის სამი წლის განმავლობაში Groupon-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმოდელია, "ფეისბუკის" შემდეგ. მისი აქციების სავარაუდო ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე $20 მილიარდზე მეტია. 2013 წლისთვის ზოგადად ამ ბიზნესში მსოფლიოში 57%-იან ზრდას ელიან, რაც მართლად საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

Groupon.com-ი - ეს გახლავთ მისამართი ინტერნეტსივრცეში, სადაც მომხმარებელს დიდი ფასდაკლებით შეუძლია მიიღოს მომსახურება, სერვისი და შეიძინოს პროდუქცია. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ კონკრეტული შეთავაზებით მომხმარებელთა განსაზღვრული რაოდენობა დაინტერესდება. როგორც წესი, შეთავაზებები იმდენად ხელსაყრელია, რომ ინტერესთა გამოხატვა მომხმარებლის მხრიდან სწრაფად ხდება. გაყიდვების სოციალური საიტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ იმას გულისხმობს, რომ მეტ ადამიანს, სხვებსაც გაუზიარო ის ფასდაკლება, სარფიანი და ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც საიტზე ნახე.

ზოგადად, ელექტრონული კომერცია ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ განვითარდა, რაც შესაძლებელი გახდა ბანკის პლასტიკური ბარათით, ელექტრონული ფულადი გადარიცხვებით, გადახდის სხვადასხვა საშუალებებით საქონლის ან მომსახურების შეძენა, კომპიუტერის მეშვეობით. მოგვიანებით, სოციალური კომერცია ვირტუალურ სამყაროში ძალიან გააქტიურდა, თავის დროზე მას ელექტრონული კომერციის "გმირობაც" კი უწოდეს. ამ ბიზნესის ძირითადი უპირატესობა არის სოციალური საიტებისა და ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქონლისა და მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობა. ხოლო სოციალური გაყიდვების ვებგვერდები ელექტრონულ კომერციაში, ფაქტობრივად, ბოლო სიტყვაა და წინამორბედებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს.

სოციალური გაყიდვების ვებგვერდი ის ადგილია, სადაც მომხმარებლის, მომწოდებლისა და ვებგვერდის ადმინისტრაციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამით ყველა მხარე მოგებულია. მომხმარებელი სერვისსა და საქონელს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად ყიდულობს, რასაც მაღაზიაში მისვლით ან სხვა ინტერნეტგვერდზე შესყიდვით ვერ შეძლებდა. მომწოდებელი კი მრავალრიცხოვანი ინტერნეტაუდიტორიის წინაშე თავის პროდუქციას რეკლამას უკეთებს. მაგალითად, თუ ბიზნესს სჭირდება კონკრეტული პროდუქციის, სერვისის რეკლამირება, ან უბრალოდ ცნობადობის ამაღლება, ის უთანხმდება ვებგვერდის ადმინისტრაციას, ათავსებს ამ საიტზე დიდი ფასდაკლებით თავის შეთავაზებას და გაყიდვის შემთხვევაში შემოსავალს ვებგვერდს უნაწილებს. აღსანიშნავია, რომ სოციალური გაყიდვების საიტზე შეთავაზებული პროდუქცია შეიძლება იყიდებოდეს თვითღირებულების ან უფრო დაბალ ფასად. მაგრამ ხარჯი, რომელიც ამ შემთხვევაში ბიზნესს გრანდიოზული ფასდაკლებით პროდუქციის შეთავაზებისას შეიძლება ჰქონდეს, ფაქტობრივად, სარეკლამო, მარკეტინგული ხარჯია. ოღონდ, სხვა სარეკლამო საშუალებებისგან განსხვავებით, სოციალური გაყიდვების ვებგვერდზე, რეკლამირების პარალელურად, მომხმარებელთან რეალური გარიგება იდება. ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის ხელშესახები ხდება რეკლამირებული სერვისი, მომსახურება თუ პროდუქცია. ამით მომხმარებელი აფასებს, გამოცდილებას იძენს კონკრეტული პროდუქტის შესახებ და თუ კმაყოფილია, მისი მომხმარებელიც ხდება. მეორე მხრივ კი მომწოდებელი ზრდის თავისი ბიზნესის ცნობადობას, იძენს ლოიალურ მომხმარებელს, ზრდის გაყიდვის მაჩვენებელს და ე.წ. აპსეილი - დამატებითი გაყიდვებიც შეუძლია.

მაგალითად, სოციალური გაყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეთავაზება რესტორანში მნიშვნელოვან ფასდაკლებაზე, განსაზღვრული მენიუთი, მაგრამ შესაძლოა კლიენტმა რესტორანში სტუმრობისას დამატებით სხვა კერძი, გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთოს. გამოდის, რომ თუ სხვა შემთხვევაში ბიზნესს გაცნობიერებული აქვს, რომ რეკლამაზე გაწეული ხარჯი შესაძლოა ვერ აინაზღაუროს, ამ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ გაიწევა სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯი, თუ საიტზე გარიგება შედგება და სერვისი თუ საქონელი გაიყიდება. ეს არის ადგილი, სადაც მოთხოვნა და მიწოდება თანაბარია. მოგებული ამ შემთხვევაში ყველა მონაწილეა. ეს არის თამაში - მოგება მოგებისთვის, სადაც წაგებული არავინაა. სწორედ ამიტომ, დღეს ეს ბიზნესი ძალიან პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნით მომხმარებლებს შორის კვების ობიექტების, დღესასწაულო ცენტრების, თავის მოვლის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, საგანმანათლებლო კურსების, მოგზაურობისა და რითეილის კუპონები სარგებლობს.

საქართველოში ინტერნეტმარკეტინგის ეს ინოვაციური მიმართულება 2011 წელს გამოჩნდა. თავიდან ამ მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდი მუშაობდა, გასული წლის ბოლოს კი ამ თვალსაზრისით ნამდვილი ბუმი დაიწყო. მაგალითად, hotsale.ge-ს, რომელიც ყველაზე "ცხელი" ფასდაკლებების საიტია სოციალური გაყიდვების ვებგვერდებს შორის, უკვე 47 ათასი ე.წ. ლაიკერი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვებგვერდს ყოველდღე უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს და მისთვის საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში შენაძენსაც აკეთებს. საშუალოდ ერთ დღეში საიტს 12 ათასი ვიზიტორი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, გარდა "ლაიქერებისა", სწორედ ამდენი ადამიანი ეცნობა. ეს კი საკმაოდ დიდი აუდიტორიაა, რაც მომწოდებლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თავის მხრივ, ვებგვერდის ადმინისტრაცია ცდილობს, შეთავაზების შინაარსი მომხმარებლის მოთხოვნებს მოცემულ დროში ემთხვეოდეს. მაგალითად, ზაფხულში აქტიურად კეთდება ექსკლუზიური შეთავაზებები მოგზაურობასა და დასვენებასთან დაკავშირებით, მარხვისას - სამარხვო მენიუსი რესტორანში, ზაფხულის ცხელი დღეებისთვის - გაგრილების სხვადასხვა საშუალებისა.

საინტერესოა, რომ თუ აქამდე საქართველოში ელექტრონული კომერცია მდორედ ვითარდებოდა, რადგან ინტერნეტში შემოთავაზებულ პროდუქციასა და მაღაზიის ფასებს შორის ფასში ხელშესახები სხვაობა არც არსებობდა, სოციალური გაყიდვების ვებგვერდებმა ინტერნეტმარკეტინგის განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ უკანასკნელს შეუძლია მომხმარებელს ხელსაყრელი, მეტიც - ექსკლუზიური ფასი შესთავაზოს, მომწოდებელს კი სარეკლამო მომსახურებისთვის გადახდა მხოლოდ რეალიზებული პროდუქციიდან უწევს. ამიტომაც ამბობენ, რომ მომავალი ინტერნეტმარკეტინგში სწორედ სოციალური გაყიდვების ვებგვერდებს აქვთ.