მევახშეებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ?! - კვირის პალიტრა

მევახშეებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ?!

ვალების ამოღება სასამართლოს გვერდის ავლითაც შესაძლებელი გახდა

თუ ერთ დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე(!) აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინებას მიიღებთ, რომ თქვენს ქონებას ყადაღა ადევს და თანხის გადახდა დაგეკისრათ, ეს ბოროტი ხუმრობა არ გეგონოთ. კანონში შესული ცვლილების თანახმად, აღმასრულებელს, ფაქტობრივად, სასამართლოს უფლებამოსილება მიანიჭეს. ამიტომ, თუ ასეთ შეტყობინებას უგულებელყოფთ, ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ქონებას უმოკლეს ვადებში აღმასრულებლები "მიხედავენ"...

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე დაწესდა ფულად-საკრედიტო ურთიერთობებში აღსრულების დასაჩქარებლად. მათ შორის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონს ერთი თავი დაემატა დავალიანების გადახდევინების შესახებ. მარტივად რომ ავხსნათ, თუ რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირის რამე გმართებთ (სულაც არ არის აუცილებელი სასესხო ხელშეკრულების არსებობა), მაგალითად, შეიძინეთ რამე ქონება, ნივთი კონსიგნაციით და შესაბამისი ფინანსური ვალდებულება გაკისრიათ, გამყიდველი იქცევა თქვენს კრედიტორად და შეუძლია, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, პირდაპირ მიმართოს მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სწორედ ამის შემდეგ მოგივათ შეტყობინება და ათ დღეში თუ სავალდებულო წესით არ უპასუხებთ წერილობით დასაბუთებული პროტესტით, ან არ შესთავაზებთ გადახდისა თუ მორიგების პირობებს, თანხის გადახდა დაგეკისრებათ. გარდა ამისა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ასევე სასამართლოს გარეშე, თქვენს ქონებაზე (საწარმო ან წილი მასში, უძრავ-მოძრავი ქონება) ყადაღა იქნება დადებული.

გამოდის, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება იმდენად გაიზარდა, რომ, ფაქტობრივად, მართლმსაჯულების ფუნქციაც შეითავსა. სასამართლოში მოვალის უფლებები შესაძლოა მინიმალურ დონეზე, მაგრამ მაინც დაცული იყო. სასამართლო ამოწმებდა წარდგენილი განცხადების ფორმალურ და სამართლებრივ დასაბუთებას და ამის შემდეგ გამოსცემდა გამარტივებული წესით გადახდის ბრძანებას. აღსრულების ბიურო კი კრედიტორის წარდგენილი დოკუმენტაციით ხელმძღვანელობს და თუ ათ დღეში პასუხი არ აახლეს, ვალდებულებასაც აკისრებს. სხვა საკითხია ის ზიანი, რომელიც შესაძლოა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიადგეს, სანამ მის ქონებაზე ყადაღა იქნება დადებული.

იურისტების შეფასებით, ამ ცვლილების საფუძველი ის არის, რომ მიკროსაფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციებს, მევახშეებსა თუ იპოთეკარებს მოვალეებისგან ფულის ამოღება გაუადვილონ. ყველაზე დიდ რისკს კი სამართლის სპეციალისტები იმაში ხედავენ, რომ ამ ცვლილების პირობებში, მოვალეებს კერძო მევახშეების მიერ დაკისრებული წარმოუდგენლად მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევთ, მაშინ, როცა სასამართლო თითქმის არასოდეს ემხრობოდა სესხზე დიდი სარგებლის დამატებას, მაღალი პროცენტი იქნებოდა ეს თუ პირგასამტეხლო. ახლა კი, თუ კრედიტორი აღსრულების ბიუროს მიმართავს, მევალეს მოუწევს როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტისა და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა. არადა, შესაძლოა მსესხებელსაც ჰქონდეს დასაბუთებული პრეტენზიები, რატომ არ გადაიხადა თანხა (მაგალითად, პროდუქცია სწორად არ იყო მიწოდებული, ან სესხი დროულად არ მიაწოდა კრედიტორმა), მაგრამ შესაძლოა ეს აღარც გაითვალისწინონ.

ამირან გიგუაშვილი (ადვოკატი): "ეს სიახლე კარგად ასახავს ტენდენციას, რაც შეიძლება გაამარტივონ მხარეთა შორის ვალდებულებითი, განსაკუთრებით, ფულად-საკრედიტო ვალდებულებითი ურთიერთობები. ერთი მხრივ, კანონში პოზიტივიც არის და მხარეებს შეუძლიათ, დამატებითი სასამართლო დავები აიცილონ თავიდან და უფრო მარტივად, აღსრულების ბიუროს საშუალებით გაარკვიონ ურთიერთობა. მეორე მხრივ, არის რისკფაქტორები მოვალეთა მიმართ, მაგალითად, ყადაღის ნაწილში. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ყადაღის დადება სრულიად უსაფუძვლო გამოდგეს, თუ მოვალემ წარდგენილი მოთხოვნა არ ცნო და პროტესტი დაასაბუთა. მაგრამ ყადაღა დაახლოებით 1-1,5 თვეს მაინც გასტანს და შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანიც მოიტანოს. სასამართლოში კი მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს ყადაღით მიყენებული ზიანი კრედიტორისგან.

მეტიც, თუ თქვენ მიდიოდით სასამართლოში და გსურდათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამარტივებული გზით მიგეღწიათ თქვენ მიმართ ვალდებულების შესრულებისთვის, ყადაღის დადებას ვერ მოითხოვდით. თუ ახალი ცვლილებით კრედიტორს ვანიჭებთ ყადაღის დადების უფლებას, მაშინ მოვალესაც უნდა მივანიჭოთ უფლება, მიყენებული ზიანისთვის კრედიტორისგან გარანტიები მოითხოვოს... სასამართლო, როგორც წესი, აუცილებლად ცდილობდა მორიგების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას, ახლა კი კრედიტორს შეუძლია წარადგინოს თუნდაც საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მის მოთხოვნას ზედაპირულად მაინც დაასაბუთებს და მაშინვე წარმოება იწყება. სასამართლო ითვალისწინებდა, იყო თუ არა მორიგების მცდელობა, გაიგზავნა თუ არა შეტყობინება კრედიტორის მხარემ და სხვ. ვფიქრობ, ასეთი რამ ამ კანონშიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული - მოვალეს წერილობითი გაფრთხილება უნდა გაეგზავნოს, ვიდრე კრედიტორი აღსრულების ბიუროს მიმართავს. როგორც სახელმწიფოს მხრიდან აცხადებენ, თუ ეს კანონი მედიაციისკენ არის მიმართული, მაშინ ჯობს ჯერ მოვალესთან მორიგების ყველა გზა ამოიწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს აღსრულების ბიურომ მოქმედება.

დარწმუნებული ვარ, ამ კანონით აქტიურად ისარგებლებენ კერძო იპოთეკარები და მევახშეები, რადგან ის ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოებისა და საპროცენტო განაკვეთების დაკისრებას".

კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება - 1-ელი სექტემბრიდან აღსრულების ბიუროს სესხების, გირავნობა-იპოთეკისა და მსესხებლების რეგისტრაციისა და კონტროლის უფლება ექნება. მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო სესხის, ან გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებას დაარეგისტრირებს და გადახდებსაც თვალყურს მიადევნებს. გამოდის, სახელმწიფო უწყება ფინანსური ინსტიტუტისა და კლიენტის ურთიერთობის ყველა ეტაპს კონტროლზე აიყვანს.