"იაფი დასვენება" - ბიზნესოცნების დაბადება - კვირის პალიტრა

"იაფი დასვენება" - ბიზნესოცნების დაბადება

ტურისტული სეზონი თანდათან ძალას იკრებს, ამიტომაც მიიპყრო ყურადღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციამ, რომ წლეულს საზღვაო კურორტებზე კონკურენცია გაძლიერდა, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს. შემდეგ გაახმიანეს "იაფი დასვენების პროგრამა" და ისიც კი ითქვა, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში ფასების 45%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, და რომ ფასებს სასტუმროებიც შეამცირებენ...

პროგრამის ფარგლებში ბათუმის პლაჟზე 3000 ათასი შეზლონგი და 1500 ქოლგა განთავსდა, რისთვისაც ხარჯები მსხვილმა კომპანიებმა გაიღეს. შეზლონგებისა და ქოლგების ფასიც, რომლებზეც ამ კომპანიების სიმბოლოებია დატანილი, სიმბოლურია, მათი დაქირავება დამსვენებელს 1 ლარი დაუჯდება. შარშან ეს მომსახურება 2-4-ჯერ მეტი ღირდა. პროგრამის გამოცხადების შემდეგ ბათუმის ბულვარში გაიხსნა 22 სავაჭრო ობიექტი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მართლა არის თუ არა მოსალოდნელი გაიაფება შავი ზღვის კურორტებზე.

თამარ მილორავა (ბათუმის ბულვარის მარკეტინგის მენეჯერი): - "იაფი დასვენების პროგრამა" ჩვენ წამოვიწყეთ, შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი პროექტია. ალბათ იცით, შეზლონგებს ქოლგებით სიმბოლური ფასი ადევს, პლაჟზე დასვენება და შეზლონგზე გარუჯვა დამსვენებელს მხოლოდ 1 ლარი დაუჯდება და მგონი ეს ცუდი ნამდვილად არ არის. თანაც ამ ფასში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შედის დამსვენებლებისთვის. ბათუმის ბულვარში განთავსდა სავაჭრო ობიექტები, სადაც პროდუქტი შედარებით იაფად იყიდება. ეს საწყისი ეტაპია, სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებები კიდევ გამრავლდება. პროგრამა გაგრძელდება, ჯერჯერობით ის ბათუმის ბულვარიდან დავიწყეთ, საგაისო საკურორტო სეზონზე კი უფრო გავაფართოებთ. ჯერჯერობით არ გვაქვს სასტუმროებთან შეხება, თუმცა მომავალ სეზონზე "იაფი დასვენების პროგრამა" ალბათ უკვე სასტუმროებსაც შეეხება.

თამაზ გოგიბერიძე (ქობულეთის საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი): - ამ სფეროში, სადაც დასაქმებული ვარ, კარგად ვიცი რაც ხდება. ტურისტს მარტო შეზლონგი და გარუჯვა ხომ არ ეყოფა? მას სჭირდება საწოლი, კვება, მომსახურება... ამ ყველაფრისთვის სასტუმროს მეპატრონეს ფულის გადახდა უწევს, ამიტომ ბუნებრივია, მომსახურებას ამ სეზონზე ვერ გავაიაფებთ. საგანგებოდ გავიკითხე და გავარკვიე, რომ "იაფი დასვენების პროგრამა" საოჯახო ტიპის სასტუმროებს არ შეეხება. ის მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი დასასვენებელი ობიექტებისთვისაა. ეს ბუნებრივიცაა: წლეულს კერძო სექტორს ნამდვილად არ აქვს გასაქანი, რომ ტურისტული მომსახურება გააიაფოს. გაისად რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ანზორ თხილაშვილი (ქობულეთის საკრებულოს წევრი): - როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი, ნებისმიერ ღონისძიებას მივესალმები, რომელიც ტურისტულ მომსახურებას გააიაფებს. ბოლო წლებში ხელოვნურმა გაძვირებამ საგრძნობი გავლენა იქონია დამსვენებელთა რაოდენობაზე. პირველ რიგში, ქართველი დამსვენებლები დაზარალდნენ. შავიზღვისპირეთში ჩამოსვლა და დასვენება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებით შეიძლება. ვფიქრობ, ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და მომსახურებაც ამის გამოა ძვირი. ქობულეთის მაგალითს გეტყვით: ხელისუფლება აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, რის გამოც ქობულეთში გადათხრილია ძალიან ბევრი უბანი. სანაპირო ზოლში მშენებლობა მიმდინარეობს, ტროტუარებზე კი ქვაფენილი იგება. ეს კარგია, მაგრამ აქამდე სად იყვნენ, მშენებლობა მაინცდამაინც ტურისტულ სეზონს რატომ დაამთხვიეს? ეს პროცესი დამსვენებლებსაც უქმნის გვარიან დისკომფორტს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებსაც, რომლებიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან საბანკო დავალიანებების გამო. მთელ ქალაქში ვერ ნახავთ წყლის დასალევ ე.წ. სოკოს, რის გამოც დამსვენებელი წყალს ვერ დალევს, თუ ვიღაცის ჭიშკარი არ შეაღო და იქ მცხოვრებს წყალი არ სთხოვა.

წლევანდელ საკურორტო სეზონს სხვა პრობლემებიც უშლის ხელს, თორემ პლაჟზე კომფორტის შექმნა, ცხადია, მისასალმებელია. ამ ეტაპზე ვერც ერთი ქობულეთელი, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, ვერ შეამცირებს ფასებს ვერც საწოლზე და ვერც მომსახურებაზე, რადგან საამისოდ ვითარება არ არის მომწიფებული. ბუნგალოების ნაცვლად, დასასვენებელ ზონაში უსახური კაფე-ბარები შენდება. ეს შეუხედავი კაპიტალური შენობებიც ვერ შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას. ამგვარი პრობლემების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პლაჟზე იაფი შეზლონგების გაშლა, რაც დასვენებას ვერ გააიაფებს, თან ეს ბიზნესი ადგილობრივ მოსახლეობას არც ეკუთვნის. ამგვარი პროგრამა მაგონებს პრეზიდენტის გახმაურებულ იდეას ქობულეთის ფიჭვნარში თავისუფალი ტურისტული ზონის გახსნის შესახებ. უცხოელ ბიზნესმენებს მიწისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება შესთავაზეს, თუ ისინი აქ სასტუმროებს ააგებდნენ. მერე კი აღმოჩნდა, რომ ეს გადასახადი იყო მთავარი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტისთვის და მას შემოსავალი ეზღუდებოდა. თავისუფალი ტურისტული ზონა ვერ შეიქმნა. ისიც ლოგიკურია, რომ ბანკის "ტყვეობასა" და გამოსახლების რეჟიმში მყოფი სასტუმროს მეპატრონე მომსახურებას ვერ გააიაფებს. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება თურქეთიდან, სომხეთიდან და თუ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტორებს სასათბურე პირობებს უქმნის, ადგილობრივ მეწარმეებს კი ყველანაირად ზღუდავს. ამ პირობებში მნიშვნელოვან გაიაფებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოდ მიმაჩნია.

ხათუნა ჩიგოგიძე