ბინის ფასები თბილისის უბნების მიხედვით - კვირის პალიტრა

ბინის ფასები თბილისის უბნების მიხედვით

"ეკოპალიტრისა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენი რედაქცია პერიოდულად შემოგთავაზებთ ბიზნესკვლევებს სხვადასხვა თემაზე. ამჯერად კვლევის საგნად შევარჩიეთ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასები.

შედეგად მივიღეთ სიძვირის რეიტინგი თბილისის ცალკეული უბნების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულების საფუძველზე. კვლევა წლეულს 23-30 ივნისს მოეწყო, რომლის დროსაც შეისწავლეს თბილისის 27 უბანი. სულ 270 საცხოვრებელი ბინის მონაცემი დამუშავდა.

კვლევა წარიმართა უძრავი ქონების ყველაზე პოპულარული ვებგვერდის, saqme.ge-ზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, გაზეთ "სიტყვა და საქმეში" განთავსებული მასალების ანალიზის საფუძველზე და აგრეთვე, უძრავი ქონების სააგენტოების ცალკეულ მონაცემებზე დაყრდნობით.

თითოეულ უბანში ათ-ათი ბინა შეირჩა: ორი 1-ოთახიანი, ორი 1,5-ოთახიანი, ორი 2-ოთახიანი, ორი 2,5-ოთახიანი, ერთი 3-ოთახიანი და ერთიც 4-ოთახიანი ბინები. 1 კვ.მ.-ის საშუალო ღირებულების გამოსაყვანად ბინის საბაზრო ღირებულება საცხოვრებელი ფართობზე გაიყო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

- თბილისში მეორადი საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი ძველი თბილისის უბანსა და ვაკეში ღირს, ყველაზე დაბალი ფასები კი ლილოსა და ფონიჭალაშია.

- რაც უფრო ნაკლებია ბინის ფართობი, მით უფრო მაღალია 1 კვ.მ.-ის ფასი და შესაბამისად, 1-ოთახიან ბინაში 1 კვ.მ. უფრო ძვირია, ვიდრე 4-ოთახიანში.

- ბინის ფასზე მოქმედებს მისი მდებარეობა, ბინის მდგომარეობა, აგრეთვე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; ბინის ფასები განსაკუთრებით მაღალია მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

- ფასები განსაკუთრებით გაზრდილია იქ, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს - ძველი თბილისის უბნებში, აღმაშენებლის გამზირზე...

დაგეგმილია მსგავსი კვლევების ყოველთვიურად მოწყობა. შესაბამისად, თანდათან გამოიკვეთება სურათი, როგორ იცვლება მეორადი საცხოვრებელი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები, "ეკოპალიტრის" გარდა, აგრეთვე გამოქვეყნდება გაზეთ "სიტყვა და საქმეში".

თბილისის უბანი  1 კვ.მ.-ის ფასი ($)

ძველი თბილისი  986

ვაკე, ბაგები  981

ვერა  935

მთაწმინდა, სოლოლაკი  865

ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე  837

ჩუღურეთი  831

ბახტრიონი, დოლიძე  817

საბურთალო  816

დიდუბე  767

ისანი  637

ნუცუბიძის პლატო  634

კრწანისი, ორთაჭალა  622

ვაშლიჯვარი  597

დიღმის მასივი  584

მესამე მასივი  570

ავლაბარი  567

ნაძალადევი  546

ავჭალა  375

ვარკეთილი  537

სამგორი  509

მუხიანი  485

დიდი დიღომი  483

ვაზისუბანი  474

გლდანი  473

თემქა  401

ფონიჭალა  381

ლილო  234

კვლევა მოაწყო "ილიაუნი ბიზნეს რევიუმ", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მონაწილეობით.