"მაჩვენე შენი საიტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ" - კვირის პალიტრა

"მაჩვენე შენი საიტი და გეტყვი, ვინ ხარ შენ"

"დარგე ხე, ააშენე სახლი, გააჩინე შვილი და... შეიქმენი ვებგვერდი!"

დღეს ეს მხოლოდ კარგი ტონი აღარ არის, არამედ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობაა, რომ ყველა სოლიდურ კომპანიას, სახელმწიფო უწყებას, ან თუნდაც საშუალო მასშტაბის ბიზნესს პერსონალური ვებგვერდი ჰქონდეს. ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც სწრაფად იზრდება. ვებგვერდი, ფაქტობრივად, სავიზიტო ბარათია გიგანტურ ვირტუალურ სამყაროში. თუ ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს მოვიშველიებთ: მითხარი როგორია შენი ვებგვერდი და გეტყვი, ვინ ხარ შენ.

ტექნიკური მახასიათებლები, ხარისხი, დიზაინი, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება -ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საიტს უნდა ჰქონდეს, რათა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. საქართველოს ბაზარზე კი მომხმარებელს ხშირად დაბალ ფასად უხარისხო პროდუქტს სთავაზობენ. შემდეგ კი პრობლემებს აწყდებიან -საიტზე გაძნელებულია საჭირო ინფორმაციის მიგნება, არეულია თემატურად, ან დიდხანს იტვირთება. ასეთი მიზეზების გამო ვიზიტორები ხშირად საიტს ტოვებენ.

თემურ კევლიშვილი (კომპანია "ვებსოლუშენის" დირექტორი): -დამკვეთთან ურთიერთობის დასაწყისში ჯერ ამოცანის ჩარჩოები მოინიშნება. შედგება ტექნიკური დავალება, სადაც დეტალურად გაიწერება სამუშაოები და ის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი ხდება. დავალებაში ასახულია ყველა ფუნქცია, რაც საიტს უნდა ჰქონდეს. ასეთი მიდგომა გამორიცხავს შემდგომ გაუგებრობას დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის. ხოლო როცა ვებგვერდის დამზადებას კომპანიას კი არა, ე.წ. ფრილენსერებს -დამოუკიდებელ პროგრამისტებს უკვეთენ, როგორც წესი, ისინი ტექნიკური დავალების გარეშე, სიტყვიერი შეთანხმებით მოქმედებენ. ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მინუსია ფრილენსერების სისტემისა. ზოგჯერ დამკვეთი მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები სრულიად დაუცველია და რომ პროგრამისტმა მოატყუა. სწორედ აქედან მოდის გავრცელებული მოსაზრება, რომ პროგრამისტი ცუდი ადამიანია, იტყუება და თავის საქმეს არ ასრულებს.

ჩემი მონაცემებით, საქართველოში 10 ათასამდე ინტერნეტდასახელებაა რეგისტრირებული, აქედან ალბათ ნახევარი არ გამოყენებულა. საშუალოდ თუ ავიღებთ 5 ათას საიტს, აქედან 1-5%-ზე თუ შეიძლება თქმა, რომ საიტია და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ტექნიკური შესრულება, ე.წ. ძრავის გამართულობა, რომლებიც ამ საიტებს ამუშავებს, ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

-ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო უწყებების საიტებზე, შესაბამისად, ხშირად შევხვედრივარ პრობლემას, როცა საძიებო სისტემა არ არის გამართული, ნელა მუშაობს, ან გადატვირთვის გამო საიტი უმოქმედოა...

-თუ გაძნელებულია ინფორმაციის მიკვლევა, ეს საიტის, მისი სტრუქტურის დაგეგმვის პრობლემაა, ანუ გაუმართავია ლოგიკური ჯაჭვები ცალკეულ გვერდებს შორის, რასაც დამკვეთი ადგენს. თუ საძიებო სისტემაში ვერ ხერხდება ინფორმაციის მოძიება, რა თქმა უნდა, ეს დეველოპერების ბრალია. არსებობს ძებნის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, მთლიანი სიტყვით ან მისი ფრაგმენტით. საძიებო სისტემა ფართო შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. სერვერების დატვირთვა კი პრობლემური თემაა ხოლმე, საიტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი ხშირად არის არასწორად გამოყენებული. ზოგადად, დეველოპერმა ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს, რომ საიტმა გადატვირთვებს გაუძლოს. თუმცა პიკური დატვირთვებისას, როცა მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა ერთდროულად მიაკითხავს საიტს, პროგრამული უზრუნველყოფა ვეღარ უშველის. სერვერის ინფრასტრუქტურა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ასეთ დროს დამატებითი სიმძლავრეების ჩართვა იყოს შესაძლებელი.

-გამოდის, ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა, მომხმარებელი დაბალ ფასს აირჩევს, შემდეგ კი მიიღებს პროდუქტს, რომელიც მოთხოვნებს ვერ პასუხობს

-არის კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არ არიან აქტიური და შესაძლოა ცალკეულ შემკვეთებზე მუშაობდნენ. ასეთი შესაძლოა იყოს 1-2 ადამიანისგან შემდგარი კომპანია, რომლებიც ერთმანეთის მეგობრები არიან, შეამხანაგებული არიან და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ. არის კომპანიები ძალიან მაღალ საფასო სეგმენტშიც და საშუალო ფასებითაც. მაგრამ მე თუ საიტის დასამზადებლად რამდენიმე ადამიანი მჭირდება, მათ შორის დიზაინერიც, სხვა ფიქრობს, რომ ერთი დიზაინერი და პროგრამისტი სავსებით საკმარისია. ალბათ, გინახავთ რეკლამა: "საიტები 200 ლარიდან", ამ ფასად სთავაზობენ ე.წ. უმარტივეს სავიზიტო ბარათს, რომელსაც სიახლეების არხიც კი არ აქვს. უბრალოდ, ინფორმაციაა დადებული, რომლის შესაცვლელადაც შემსრულებელს უნდა დაუკავშირდეთ. აქ ალბათ დამატებითი ხარჯები წამოტივტივდება. არსებობს ასეთი გათვლაც, რომ კომპანიებმა "მიიწებონ" მომხმარებელი, არ გაუკეთონ სრულყოფილი სერვისი და დამკვეთმა ნებიმისმიერი დეტალისთვის კვლავ მათ მიმართოს. ასე ვერ გააკონტროლებ დახარჯულ დროს, ვერც დახარჯულ თანხას.

-როცა მომხმარებელი მეტისმეტად იაფ მომსახურებას ირჩევს, საბოლოოდ მაინც რამდენი დაუჯდება სრულყოფილი საიტის შექმნა?

-საბოლოო პროდუქტი მეტი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, ჩვენთან. მარტივი ფუნქციების მქონე საიტს, რომელიც სიახლეებზეა ორიენტირებული, 700-1000 ლარამდე ვამზადებთ, ვითომდა ძალიან იაფი მომსახურების შემძენთ კი ხარჯი 1000 ლარზე მეტი გამოუვათ. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც პროდუქტს ყიდის, აუცილებლად უთითებს ვებგვერდს, სადაც მომხმარებელს მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლია. საიტი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის იმიჯისთვის.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, საიტი მაშინ არის უსაფრთხო, როცა შემოწმებულია ძალიან ბევრი ადამიანის მიერ. მაგალითად 2008 წელს უამრავი საიტი გატეხეს, მათ შორის სახელმწიფო საიტები, საინფორმაციო, რაც სწორედ "დაუტესტაობის" ბრალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერების სამიზნეში "მედიაპალიტრის" საიტებიც აღმოჩნდა, ისინი მაინც ვერ გატეხეს.

მომხმარებელმა, პირველ რიგში, დეველოპერს ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოსთხოვოს და თუ შესაძლებლობა აქვს, კვალიფიციურ ადამიანთან გადაამოწმოს. ამას მოსდევს ღირებულება, დიზაინი, აწყობის შემდგომი ტესტირება, მოთხოვნების შესრულების დადასტურება და დასასრულ, სისტემის "გატესტვა". კარგი იქნება, თუ საბოლოოდ გარეშე ექსპერტი შეაფასებს საიტს. სხვათა შორის, ჩვენ ვგეგმავთ, დამზადებული საიტის ექსპერტიზაც შევთავაზოთ მომხმარებელს. ფასები ყოველთვის ინდივიდუალურია, თუ ჩვენ რამეს ვთავაზობთ, პირობითად, 1000 ლარად, სხვა შესაძლოა 10 ათასს ითხოვდეს და მომხმარებელზეა დამოკიდებული, რა თანხის გადაიხდის. ბევრ კომპანიაში ამბობენ, რომ 10 ათასი უნდა გადაუხადონ, რადგან ასეთი ხედვა აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ 10-ათასიანი საიტი შესაძლოა ბევრად ჩამოუვარდებოდეს იმას, რასაც ჩვენ 1000 ლარად დავამზადებთ.