თბილისის არქიტექტურის სამსახურში "გველეშაპმა" დაიბუდა?! - კვირის პალიტრა

თბილისის არქიტექტურის სამსახურში "გველეშაპმა" დაიბუდა?!

თუ თბილისში ცხოვრობთ და სახლში ფანჯრის გამოცვლა, ანტრესოლის გაკეთება, კარის, ვიტრინის მოწყობა ან დემონტაჟი გადაწყვიტეთ, ჩათვალეთ, რომ დიდი სირთულის წინაშე დგახართ. ამისთვის ჯერ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა მოგიწევთ, შემდეგ კი გარკვევა, რას ითხოვს თქვენგან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური. თუ ამ დაბრკოლებას წარმატებით გადალახავთ, მომდევნო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით - ფული გადაიხადოთ და დაჩქარებული წესით მოითხოვოთ ნებართვა მშენებლობის თუ მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის, თუ, უბრალოდ, უარი თქვათ თქვენს ჩანაფიქრზე...

ნანა (თბილისის მკვიდრი): "ბავშვები აგარაკზე რომ გავუშვი, შინ ფანჯრების გამოცვლა გადავწყვიტე. იმდენი საშუალება არ მაქვს, ყველა ფანჯარა ერთდროულად გამოვცვალო, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ ზაფხულს საძინებლებში თითო ფანჯარას გამოვცვლიდი. ზომებს არ ვცვლი, უბრალოდ ხის ფანჯარა მეტალოპლასტმასათი უნდა შემეცვალა. ამის გამო და კიდევ იმის გამგონე, რომ ქვეყანაში თურმე ბიუროკრატიული ბარიერები აღარ არსებობს, და სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებთან ერთი სარკმლის პრინციპით ურთიერთობენ, ნებართვისთვის მერიას მივადექი.

ოპერატორმა გოგონამ უარით გამომისტუმრა: ნებართვის მისაღებად განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსოთ და ინტერნეტით გადმოგვიგზავნოთო. ვიფიქრე, არ გამიჭირდებოდა - ოჯახში კომპიუტერიც მაქვს და საჭიროების შემთხვევაში მეზობელსაც დავიხმარებდი. შევედი ტას.გე-ზე (თბილისის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებსაიტი), მაგრამ ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. შემდეგ ცხელ ხაზს მივმართე დასახმარებლად. როგორც ამიხსნეს, ჯერ უნდა დავრეგისტრირდე, გავიარო ავტორიზაცია, შევიდე ელექტრონულ განაცხადებში და მოვნიშნო გრაფა - "I კლასის მცირე არქიტექტურული ობიექტები". შემდეგ, ქმედებებში ავირჩიო "რეკონსტრუქცია", მივუთითო საკადასტრო კოდი, ავტვირთო ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შემოვხაზო ობიექტი საკადასტრო რუკაზე, გადავიღო ფანჯრის სურათები, ავტვირთო როგორც არსებული, ისე ფოტომონტაჟი. თუ თანამესაკუთრები გყავთ ფართში, მათი ნებართვაც გჭირდებათ და სხვ. თუ ყველაფერს ზუსტად შევასრულებ, მაშინ გვპირდებიან, რომ ხუთ სამუშაო დღეში გაცნობებენ პასუხს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ შესაძლოა რამე მიზეზით თავიდან მოგთხოვონ დოკუმენტების ატვირთვა. როგორც ამ უწყებაში განმარტავენ, ყველა საკითხი ინდივიდუალურია და შესაძლოა დამატებით რაღაც დოკუმენტაციის წარდგენა დაგჭირდეთო.

ისიც მითხრეს, თუ გსურთ, ამ ყველაფერს დროულად (ანდა საერთოდ) გაართვათ თავი, ჯობია, ამ საქმის მოგვარება კერძო კომპანიას დაუკვეთოთ, ან 200 ლარი გადაიხადოთ და ნებართვას ერთ სამუშაო დღეში დაგიმზადებენო. ის ფირმები სოლიდურ გასამრჯელოს იღებენ და როგორც ჩანს, მერიასთან შეთანხმებით მუშაობენ. მოკლედ, რომ დავთვალე, ორი ფანჯრის გამოცვლა 1000 ლარზე მეტი მიჯდება, ასეთი თანხა კი ნამდვილად არ მაქვს".

გიორგი (ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი): "რამდენიმე თვის წინ საწყობის მშენებლობა წამოვიწყეთ თბილისის ერთ-ერთ უბანში. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო არქიტექტურის სამსახური გადასული ელექტრონული განცხადებების სისტემაზე. ნებართვა მოვიპოვეთ და მშენებლობაც დავიწყეთ, მაგრამ პროექტის კორექტირება დაგვჭირდა. ცხადია, ამის შესახებ არქიტექტურის სამსახურს ვაცნობეთ, რაზეც გვიპასუხეს: სანამ მაგ ობიექტის მშენებლობას დაასრულებთ, ვინ იცის, რამდენჯერ დაგჭირდებათ კიდევ პროექტის კორექტირებაო. მივიჩნიეთ, რომ პრობლემა არ შეგვექმნებოდა და მშენებლობის პროცესში ამ კორექტირებულ პროექტსაც შევათანხმებდით. სანამ ნახაზები მომზადდა, ნებართვების გაცემა ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. შესაბამისად, მოითხოვეს, კორექტირებული პროექტის ნახაზების ელექტრონული ვერსია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აგვეტვირთა.

ეს სერვისი "ახალი ხილია" და უმეტესობამ კი არა, თითქმის არავინ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს უშეცდომოდ. არადა, მცირე შეცდომისთვისაც კი შესაძლოა განაცხადი ხარვეზის არსებობის მიზეზით უკან დაგიბრუნონ.

არქიტექტორებში ვირბინე, ვინც ჩვენ გვემსახურებოდნენ, არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. თან ვსწავლობდით და თან საიტზე უამრავ ველს ვავსებდით. ნახაზები გავამზადეთ, ავტვირთეთ, ყველაფერი შევავსეთ, მაგრამ რად გინდა, რაღაც დროის შემდეგ პასუხი მოვიდა, ტექსტი სტანდარტული შრიფტით არ გაქვთ აკრეფილიო. ხელახლა გავიარეთ მთელი პროცედურა და ისევ დაახარვეზეს: ახლა ნომენკლატურა არ გაქვთ სწორად არჩეულიო. კვლავ თავიდან დავიწყეთ დოკუმენტაციის ატვირთვა, ეს ხომ აჭიანურებს მშენებლობას, არადა, ყველაფერს თავისი ვადები აქვს. შემდეგ კიდევ დაგვიბრუნეს განაცხადი იმ მიზეზით, რომ სამშენებლო ობიექტის დანიშნულებაში სასაწყობე შენობა-ნაგებობის ნაცვლად საწყობის ტიპის სათავსო მქონდა მითითებული. რამდენიმე დახარვეზების შემდეგ კორექტირებული პროექტი შემითანხმეს.

მაგრამ თურმე ახლა საიტის გრაფაში, სადაც უნდა ჩამეწერა მოთხოვნა - კორექტირებული პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა, ჩავწერე კორექტირებული პროექტის შეთანხმება. მშვენივრად ხვდებიან, რომ კორექტირებული პროექტი ნებართვას საჭიროებს და იმის საბოლოო მიზანი, ვინც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განაცხადს ავსებს, სწორედ მშენებლობის ნებართვის მიღებაა, რათა მშენებლობა განაგრძოს და, ბოლოს და ბოლოს, დაასრულოს, მაგრამ განგებ აჭიანურებენ დროს და ათასგვარ შარს გდებენ. ამ მიზეზებით ერთ თვეზე მეტხანს გაჭიანურდა ეს ყველაფერი. როგორც იქნა, შემითანხმეს კორექტირებული პროექტი, მაგრამ ამასობაში ძველი მშენებლობის ნებართვის ვადა ამოიწურა, ახალი ნებართვის გაცემისთვის კი მოსაკრებლის ხელახლა გადახდა მოითხოვეს.

როცა ფიქრობ, რომ ამ ნებართვისთვის შესაძლოა იმდენ ხანს გაწვალონ, რამდენიც პროექტის შეთანხმებისთვის, რა თქმა უნდა, დაჩქარებული წესით წარმოება და ფულის გადახდა გირჩევნია. სამ დღეში ნებართვის გაცემისთვის 500 ლარი უნდა გადაიხადო, ერთ დღეში - 1000 ლარი. ისედაც ძალიან გაგვიგრძელდა ეს ფორმალობები, ამიტომ გადავიხადეთ 500 ლარი, რომ სამ დღეში მოეცათ ნებართვა, კვლავ რაღაც შევავსეთ საიტზე, ავტვირთეთ მოთხოვნა, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ხარვეზი იყო. სამი დღის ნაცვლად, თორმეტ დღეს ველოდით პასუხს. წესით, ათ დღეში თუ გაამზადებდნენ ნებართვას, უფასო უნდა ყოფილიყო. ელემენტარული მიზეზების გამო დრო გაჰყავთ, რათა იმ დონემდე მიგიყვანონ, რომ ფული გადაიხადო და დაჩქარებული წესით დაამზადებინო. პირდაპირ მითხრა არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა: როგორ დავიჯერო, რომ ბიზნესს აწარმოებთ და დამატებით კიდევ 500 ლარის გადახდა გიჭირთ. 500-იც გადაიხადეთ და ხვალვე მოგართმევთ ნებართვასო".

ანზორ საკანდელიძე (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე): "დაახლოებით ასეთი ამბავი შეემთხვა ცოტა ხნის წინ ერთ ჩემს მეგობარს: მშენებლობის ვადებში ვერ ჩაეტია და ვადის გასაგრძელებლად ელექტრონული ფორმით მოუხდა ამ ყველაფრის წარდგენა და შევსება. ყველა ხომ ვერ ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არქიტექტურის სამსახურის საიტზე ზოგი მოთხოვნა კი ისეთი პროფესიონალურ ცოდნას საჭიროებს, რომ სპეციალური განათლების გარეშე ვერაფერს გახდები. ამიტომ იძულებული ხარ, კერძო კომპანია დაიქირავო, რომელიც ამ ყველაფერ თავს გაართმევს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოქმედებენ. რატომღაც სწორედ მათ იციან წვრილმანი დეტალები, რის გარეშეც სხვა კომპანიამ შესაძლოა უმნიშვნელო შეცდომა დაუშვას განაცხადის შევსებისას და ხარვეზის გამო დაუბრუნონ.

გამარტივების ნაცვლად ისე გაართულეს მშენებლობის, რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემა, რომ მოქალაქეებს ამის გაკეთება ან აღარ უღირთ, ან ძალიან დიდი ხარჯი აქვთ. ამ ჩემს მეგობარს ისეთი საწვალებელი გაუხდა, იმდენი ფული დახარჯა, რომ საბოლოო ჯამში აღარც უღირდა იმ ობიექტის მშენებლობა. ფაქტია, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვების აღება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ძალიან ბევრი გამოთქვამს ამის გამო უკმაყოფილებას. უწინ უფრო ადვილი იყო ამ სამსახურთან ურთიერთობა. ადგილზე მიხვიდოდი და გეხმარებოდნენ, კონსულტაციას გიწევდნენ, საქმეც კეთდებოდა. ახლა კი დეტალებამდე ისე გართულდა და გაძვირდა ყველაფერი, რომ გინდ ერთი ფანჯარა გამოგიცვლია და გინდ მთელი შენობის პროექტი შეგითანხმებია".