გარევაჭრობა თუ რბოლა ურიკებით - კვირის პალიტრა

გარევაჭრობა თუ რბოლა ურიკებით

თუ გული გულობს, პროდუქცია მოძრაობაშიც აიწონება?!

გარემოვაჭრეების დაწიოკება კანონის სახელით ბოლო წლებში არაერთხელ გვინახავს. ადმინისტრაციული კოდექსით, გარევაჭრობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან მიიჩნევა კანონდარღვევად, თუმცა ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს მხოლოდ მაშინ დარევდნენ ხელს, როცა საამისო პოლიტიკური ნება გაჩნდებოდა. ასე მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინაც, როცა ქუჩაში ვაჭრობა კიდევ ერთხელ აკრძალეს და 4 ათასამდე თვითდასაქმებული ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. ზოგი იძულებული გახდა, ბაზრებსა და ბაზრობებზე დახლი ექირავა და შესაბამისად, პროდუქცია უფრო ძვირად შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რამაც გაყიდვაც შეამცირა და შემოსავალიც. ზოგმა გამოსავალს დატარებით ვაჭრობაში მიაგნო, რისთვისაც საგადასახადო კოდექსი დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს ითვალისწინებს.

სწორედ ამის შემდეგ ნაწილმა დახლი ბორბლებზე შემოდგა, სხვებმა ჩანთებში ჩაილაგა პროდუქცია და ასე დაატარებენ, ზოგმა კისერზე ჩამოიკიდა გასაყიდი პროდუქტი და ზოგმაც ხელის მტევანზე. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ალბათ ქალაქში ყველაზე მეტი დატარებით მოვაჭრე მოძრაობს. სხვათა შორის, მათ საქმიანობას პატრულიც საგულდაგულოდ აკონტროლებს და ხშირად შეძახილებითაც "ამხნევებს", არ გაჩერდეთ, იმოძრავეთო!

რა დასამალია და მეც არაერთხელ შემიძენია პროდუქცია, მაგალითად ხილი, ბორბლებიან ურიკაზე მოწყობილი დახლიდან, თუმცა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი "დაწიოკების" თვითმხილველი გავხდი. კოლმეურნეობის მოედანზე ის-ის იყო გამყიდველმა ხილი ამიწონა და ფული უნდა გადამეხადა, რომ ქალს ჩხუბით, გინებითა და კბილების კრაჭუნით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ახალგაზრდა მამაკაცი დაადგა თავს: რა გითხარით, აქ აღარ დაგინახოთო! გარემოვაჭრეს რაღაც მავედრებელი სიტყვები აღმოხდა, ურიკა სწრაფად მიაბრუნა და გაიქცა. ამ ახალგაზრდა მამაკაცს მე შევრჩი, ნავაჭრით ხელში. როგორც მასთან საუბრიდან გავარკვიე, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ყოფილა და გარემოვაჭრეების აღმოსაჩენად მორიგ რეიდს აწყობდა. რა თქმა უნდა, ვცადე გარკვევა, რატომ უკრძალავდა დატარებით ვაჭრობას, მაშინ როცა ეს კანონით აკრძალული არ იყო, რაზეც მეტად საინტერესო პასუხი მივიღე: ნუ გაჩერდება თავისი ურიკით და ისე გაყიდოს პროდუქტიო(?!) მივხვდი, რომ ზედამხედველობის ინსპექტორთან სხვა დეტალების გარკვევას აზრი არ ჰქონდა და გავეცალე, თან "მისიაც შესრულებული" მქონდა - ურიკიანმა გარემოვაჭრემ მიმალვა მოასწრო. საწყალს ერთ-ერთ ჩიხში მივაგენი, შენაძენის საფასური რომ გადამეხადა. კოლეგებს ტელეფონით ურეკავდა: რეიდია და თქვენც დაიმალეთო.

"რა ვქნა შვილო, ძალიან მიჭირს და ამიტომ მივდივარ ასეთ რისკზე. რამდენიმე დღის წინ 70 ლარის საქონელი წამართვეს, მშიერი დამრჩა ოჯახი. რა ვქნა, რა გავაკეთო, რით ვირჩინო თავი? სხვა სამსახური ვერსად ვიშოვე. ბაზარში კარგ ადგილას რომ იქირავო დახლი, რაც მოგებას ნახავ, სულ იმ დახლის ქირაში უნდა გადაიხადო, ტალახსა და წუმპეში კი არ მოდის კლიენტი და არც პროდუქტს იყიდის შენგან. ასე დაგვდევს სულ ზედამხედველობის სამსახური. ახლა შუადღეა და წესით, ამ დროს მათ გამოჩენას არ ველოდი, ამიტომაც გამოვედი თამამად. ადრე ურიკებით პროდუქტის დატარებას არ გვიშლიდნენ, ამიტომაც ვიქირავე ეს ამხელა ჯაბახანა, ახლა ამითაც აღარ გვაჩერებენ, გვეუბნებიან: ნებართვა აიღეთო. ყოველდღე შიშით გამოვდივარ სამუშაოდ, მაგრამ შიმშილი რას არ გაგაკეთებინებს თურმე", - მითხრა კონფისკაციას გადარჩენილმა გარემოვაჭრემ.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაადასტურეს, რომ მათი ჯგუფები გარემოვაჭრეების აღმოსაჩენად რეიდებს მართლაც ხშირად აწყობენ და აღარც ურიკიან გამყიდველებს აჩერებენ ქუჩაში. "ზოგადად, გარევაჭრობა საჯარო ტერიტორიაზე - ურიკით დააქვს, ხელით დაატარებს თუ მზესუმზირას ყიდის სადმე ჩამომჯდარი - ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა, რომელიც ისჯება, თავდაპირველად 20-ლარიანი ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 100 ლარით. გასაყიდი პროდუქცია კი უცილებელ კონფისკაციას ექვემდებარება. ურიკის ნებართვას არავინ მისცემს, ტყუილად რომ არ იწვალოთ, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, თავისი ქმედება ჩასვას კანონის ფარგლებში. არ ურჩევნიათ, ბაზრობაზე იქირაოს ადგილი და ივაჭრონ. რუსთაველზე, მარჯანიშვილზე და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე ვიღაც რომ დადის და კარტოფილსა და ქლიავს ყიდის, დამეთანხმეთ, არ არის ლამაზი. ყვავილებით ვაჭრობა ნებადართულია. ჩვენი სამსახურები რეიდს სისტემატურად აწყობენ, ხელში დავიჭერ თუ ურიკით ვივლი, მაინც გარევაჭრობაა. მეორეხარისხოვან ქუჩებზე ისეთი მკაცრი კონტროლი არ არის, თუ ჩვენს ოპერჯგუფებს შემთხვევით არ შეხვდა, მაგრამ მაინც კანონდარღვევაა", - განმარტეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში.

ზურაბ აბაშიძე (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): "პარადოქსია, რომ მოქალაქეს, რომელიც ცდილობს, ურიკით გადაადგილდეს და ასე გაყიდოს ხილი თუ ბოსტნეული, შეჩერებისა და მყიდველთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევენ. ამ ტიპის დევნა მიანიშნებს, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშნებთან გვაქვს საქმე - ქონებას ართმევენ ხალხს, კომპანიებს ანტენებს უყადაღებენ, ამ ადამიანებს კი ორი კაპიკის გამომუშავების საშუალებას არ აძლევენ. გარევაჭრობები უნდა იყოს მოწესრიგებული და ქალაქის იერსახეზე ყურადღება უნდა გამახვილდეს, მაგრამ სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ადამიანებს ძალიან უჭირთ, ვიღაც თუ ასეთი მცირე ვაჭრობით ირჩენს თავს, ამის შეზღუდვა ყოვლად წარმოუდგენელია. პრობლემაა, რომ როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს, სიღრმისეულად არ უყურებს პრობლემას და მოსახლეობის ინტერესებიდან არ გამოდის. ესთეტიკური მხარე ერთია, მაგრამ შეუძლიათ აიღონ სხვა ქვეყნების, ქალაქების მაგალითები, სადაც ასეთი ვაჭრობები დაშვებულია და ხელშეწყობაც კი აქვს სახელმწიფოს მხრიდან. დღეს კი რა ხდება? - ეწყობა ბაზრობები ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაც მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებშია. ამიტომ ამ პრობლემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. როცა მოძრავ ურიკებსაც კი კრძალავენ და ადამიანს საშუალებას არ აძლევენ, თავისი ოჯახი ელემენტარულით მაინც უზრუნველყონ, ეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს".