ავტომობილები ბიზნესის ქალაქიდან - კვირის პალიტრა

ავტომობილები ბიზნესის ქალაქიდან

იდეები - ნებისმიერი თანამშრომლისგან

კომპანია "ტოიოტა" მრავალფეროვან პროდუქციას უშვებს, დაწყებული ავტომობილებითა და რობოტებით, ელიტური კოტეჯებით დასრულებული. თუმცა ეს უდიდესი კომპანია, პირველ რიგში, ცნობილია, როგორც უმსხვილესი ავტომწარმოებელი მსოფლიოში.

"დურგლიშვილის" ოცნება

იაპონური ბიზნესგიგანტის ისტორია ოცნებიდან დაიწყო... 1867 წელს იაპონელი დურგლის ოჯახში ვაჟი დაიბადა - საკიში ტოიოდა. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო და იაპონური ტრადიციის თანახმად, მამის პროფესია უნდა განეგრძო. მაგრამ საკიში ბავშვობიდან გამომგონებლობაზე ოცნებობდა. საბედნიეროდ, მკაცრი ტრადიციები უკვე რამდენადმე სუსტდებოდა და ბიჭსაც ოცნების ახდენის საშუალება მიეცა. ტოიოდას საქმიანობის სფერო საფეიქრო დაზგები გახდა, სადაც მან 23 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა.

პროფესიული განათლება საკიშის არ მიუღია და საქმეს პრაქტიკით სწავლობდა. 1894 წელს დაიბადა მისი ვაჟი კიიშირო ტოიოდა, რომელიც ოცი წლის შემდეგ მამას ავტომატური საფეიქრო დაზგის შემუშავებისას დაეხმარა. სწორედ ეს დაზგა დაედო საფუძვლად ტოიოდების ახალ ოჯახურ კომპანია Toyoda Automatic Loom Works-ს.

1930 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობა კიიშიროს ხელში გადავიდა. საკიში ტოიოდას უკანასკნელი ოცნება ავტოწარმოება იყო. ამბობენ, მან ანდერძად დაუტოვა ვაჟს, ამ საქმისთვის ხელი მოეკიდა.

მამა-შვილის გამოგონებული ავტომატური დაზგის პატენტი ინგლისურმა კომპანია Platt Brothers & Co., Lტდ.-მა იყიდა 100 ათას გირვანქა სტერლინგად. ეს ფული კიიშირომ კომპანიის ახალ განყოფილებაში ჩადო, რომლის ამოცანა საკუთარი ავტომობილის შექმნა იყო. თუმცა "ტოიოტას" ისტორია ამერიკული ავტომობილების წარმატებული მოდელების კოპირებით დაიწყო. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან კოპირება იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჯერ საჭიროა რამე კარგიდან ასლის გადმოღება, მერე კი მანამდე ცვლი, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლია საკუთარის შექმნასაც შეუდგე.

ასლის გადმოღება ადვილი სულაც არ ყოფილა. ფირმის ინჟინრებს დიდხანს უჭირდათ სხვადასხვა სამუშაოს ხარისხიანად შესრულება. თუმცა 1936 წელს ქვეყანას მოევლინა ავტომობილი Toyoda AA, რომელიც, პრაქტიკულად, ამერიკული "კრაისლერ ეარფლოუს" ზუსტი ასლი გახლდათ. იმავე წელს გამოჩნდა კომპანიის ლოგოტიპი და შეიქმნა მეორე ავტომობილი - საბარგო მანქანა, რომელიც მაშინვე გავიდა საექსპორტოდ ჩრდილოეთ ჩინეთში.

კომპანიაში საწყის ეტაპზევე დამკვიდრდა სიახლედ რამდენიმე ინოვაციური პრინციპი. მაგალითად, უფროსმა ტოიოდამ ჯერ კიდევ საფეიქრო დაზგების კომპანიაში შემოიღო წესი, რომ ერთ მუშასთან წარმოშობილი პრობლემის გამო მთელი წარმოება ჩერდებოდა. შედეგად, მზა ნაწარმში წუნის ალბათობა მინიმუმამდე მცირდებოდა. ეს პრინციპი წარმატებით გამოიყენეს საავტომობილო წარმოებაშიც.

კიიშირო ტოიოდამ 1937 წელს საავტომობილო წარმოება ცალკე კომპანიად გამოყო და მას Toyota Motor Company უწოდა. რატომ შეიცვალა დ ასო-ნიშანი ტ-თი? თურმე იაპონურად დ-ს აღმნიშვნელი იეროგლიფის დასაწერად კალმის ცხრაჯერ მოსმაა საჭირო, რიცხვი ცხრა კი იაპონიაში უბედურების ნიშნად არის მიჩნეული. კიიშირომაც ცრუმორწმუნეობას ხარკი გადაუხადა და გაყიდვისთვის ნებისმიერი, თუნდაც ჰიპოთეტური დაბრკოლების ასარიდებლად, d-ს იეროგლიფი t-ს იეროგლიფით შეცვალა, რომელიც კალმის რვა მოსმით იწერება. ეს კი იაპონელებისთვის ბედნიერი რიცხვია. შეიძლება სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი აბსურდად მიიჩნიონ, მაგრამ საქმე კულტურულ განსხვავებებშია. "ტოიოტას" თანამშრომლები კომპანიის ჰიმნსაც სიამოვნებით ასრულებდნენ და ასრულებენ დღესაც, ზოგიერთი მათგანი კი ფირმაში მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობს. ესეც დამახასიათებელია იაპონური ბიზნესკულტურისთვის.

მოკლედ, გაჩნდა Toyota და გამართლებამაც არ დააყოვნა. ფირმამ სახელმწიფო დაკვეთა მიიღო ერთბაშად 3 ათას საბარგო ავტომობილზე. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ძირითადი შეკვეთა კვლავ საბარგო ავტომობილები იყო. ფულის ნაკადმა ხელი შეუწყო მომავალ კვლევებს - აბა, სამარადჟამოდ სხვებისგან ასლებს ხომ არ გადმოიღებდნენ?

უწყვეტი სრულყოფის ბიზნესფილოსოფია

ქალაქ კორომოში "ტოიოტას" პირველი ქარხანა 1938 წელს გაჩნდა. ის მთლიანად საავტომობილო წარმოებაზე იყო ორიენტირებული. საწარმოს ასაგებად საბარგოების დაკვეთისთვის მიღებული ფული დაიხარჯა. დღეს ყოფილ ქალაქ კორომოს უკვე ტოიოტა ჰქვია - კომპანიის პატივსაცემად.

კომპანიის სტრატეგია გათვლილი იყო მანქანის აწყობიდან სათადარიგო ნაწილების დამზადებამდე - სრული ციკლის ორგანიზებაზე. "ტოიოტა" ყიდულობდა ან ქმნიდა საავტომობილო დეტალების მწარმოებელ ფირმებს. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ მიწოდებას პრობლემები არ შეექმნა. კომპანიამ შეძლო ჩამოეყალიბებინა მიწოდების სისტემა "ზუსტ ვადაში". მისი წყალობით, საწარმოს საჭირო დეტალი ზუსტად წარმოებისთვის საჭირო დროს მიეწოდებოდა. ამიტომაც საწყობებში არასაჭირო ნაწილები არ ხვავდებოდა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ავტომობილების ხარისხი მხოლოდ 1950-იანების დასაწყისში ამაღლდა, როცა კომპანიამ საკუთარი ავტომობილების შემუშავება დაიწყო. ცალკე დაფუძნდა კომპანია Toyota Motor Sales Co.-ი, რომელიც მთლიანად პროდუქციის გაყიდვაზე მუშაობდა. 50-60-იან წლებში კომპანიაში მოდერნიზაცია მიმდინარეობდა. დაინერგა ე.წ. კაიძენის პრინციპები. ეს შედგენილი სიტყვაა ("კაი" - ცვლილება, "ძენი" - სიბრძნე) და იაპონურად "უწყვეტ სრულყოფას" ნიშნავს. კაიძენი, ერთგვარად, ფილოსოფიაც არის, რომელიც გათვლილია თანდათანობით და მუდმივ გაუმჯობესებაზე.

ეს ფილოსოფია იაპონურმა ფირმებმა მეორე მსოფლიო ომისშემდგომ აღდგენის პერიოდში დაამკვიდრეს, მათ შორის იყო "ტოიოტაც". კაიძენი იაპონიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ფირმამ 1951 წელს დანერგა მმართველობითი სიახლე - იდეების შეთავაზების სისტემა. ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო, კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის სრულყოფის იდეა წამოეყენებინა. თუ ის დაინერგებოდა, მუშაკი ფულად პრემიას იღებდა. დღეს ამგვარი წესები ნორმად გვეჩვენება, მაგრამ გასული საუკუნის 50-იანებში ასე სულაც არ ყოფილა. "ტოიოტა" სიახლეების გენერატორი იყო. მას დასავლურმა კომპანიებმაც მიჰბაძეს.

აშშ-ში კომპანიის განშტოება 1957 წელს დაფუძნდა. დაიწყო ამერიკაში იაპონური ავტომობილების გაყიდვა, თუმცა პირველი პური კუტი გამოდგა - ვაჭრობაც ძალიან მცირე იყო და მანქანებიც ცუდად ესადაგებოდა ამერიკულ პირობებს. არც პირველი საექსპორტო მოდელი, "ტოიოტა კრაუნი" შეესაბამებოდა ამერიკელთა წარმოდგენებს კარგ ავტომობილზე. კომპანიამ ექვსწლიანი რეფორმის პროგრამა წამოიწყო, რომლის შედეგი ახალი მოდელების მოდერნიზაცია გახდა.

ავტომობილების ექსპორტში "ტოიოტამ" ნახტომი 1973 წელს გააკეთა, როცა მსოფლიო ნავთობის კრიზისმა მოიცვა. იაპონური ფირმისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, მისი ეკონომიური ავტომობილები მეტად პოპულარული გახდა აშშ-ში. "ჯენერალ მოტორზთან" ერთად, "ტოიოტამ" პირველი ქარხანა ამერიკის ტერიტორიაზე 1982 წელს ააგო. 80-იან წლებში აშშ-ის ბაზარზე ახალი მარკა - "ლექსუსი" გამოჩნდა, რომელმაც სწრაფად შეავიწროვა ბაზრის გიგანტები - "კადილაკი" და "მერსედესი".

ბოლო წლებში "ტოიოტა" რამდენჯერმე გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი (2007-2009 წწ.). 2007 წლის I კვარტალში იაპონელებმა 2,37 მლნ ავტომობილი დაამზადეს და 2,35 გაყიდეს. მანამდე, 76 წლის განმავლობაში, "ჯენერალ მოტორზი" უცვლელად ლიდერობდა. თუმცა 2009 წელს, პირველად 1950 წლის შემდეგ, ფინანსური წელიწადი ზარალით "ტოიოტამ" დაასრულა. 2012-ში კი გადაასწრო "ფოლკსვაგენს" და კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. ამასთან ერთად, ფირმა აფართოებს დაბანდებებს რობოტტექნიკის სფეროში.

ლითონის პარტნიორები

მთავარ მიღწევად რობოტტექნიკაში "ტოიოტას" რობოტი-პარტნიორი მიიჩნევა. ის რამდენიმე ფირმისა და ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია. თავდაპირველი მიზანი ისეთი რობოტების შემქნა იყო, რომლებიც ავტოსამრეწველო ქარხნებში იმუშავებდნენ. თუმცა მათ სხვა საქმეც კარგად გამოსდით, მაგალითად, ვიოლინოზე ან საყვირზე დაკვრა, რაც ძალიან სასარგებლოა პოპულარობისა და რეკლამისთვის.

არის კიდევ ერთი მომენტი, რაც უდიდეს ავტომწარმოებელს აიძულებს, რობოტტექნიკაზე გაამახვილოს ყურადღება. იაპონიაში მკვეთრად შემცირდა შობადობა, რაც ნიშნავს, რომ მომავალში მუშახელის სიმცირე აშკარა გახდება. ამ პრობლემის სიმწვავე, ნაწილობრივ მაინც, რობოტებმა უნდა შეამცირონ. "ტოიოტაში" სჯერათ, რომ მათი რობოტები უახლოეს ათწლეულში შეძლებენ მოხუცებულთა მომსახურებას, მუშაობას წარმოებაში, მომსახურების სფეროში (გამყიდველები, მტვირთავები), მედიცინაში, ინვალიდების დახმარებას, ძიძობას...

მსოფლიოს 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში "ფორბსმა" "ტოიოტა მოტორზს" 25-ე ადგილი არგუნა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $147,94 მილიარდია, წლიური გაყიდვა - $228,49 მილიარდი. კომპანიისთვის 317 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. 2011 წლის მარტის მდგომარეობით, "ტოიოტას" 511 შვილობილი ფირმა ჰყავდა და კიდევ 217-ის ასოცირებული (ანუ დაახლოებით 20-50%-იანი წილის) მფლობელი იყო.

მოამზადა ნატა ენუქიძემ