რატომ არ იაფდება საწვავი უფრო მეტად - კვირის პალიტრა

რატომ არ იაფდება საწვავი უფრო მეტად

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საწვავი საქართველოში საცალო ქსელში 1 ლიტრი დაახლოებით 40-50 თეთრით გაძვირდა. 2007 წლის მონაცემებით, 1 ლიტრი სუპერის მარკის საწვავი 1,85 თეთრი ღირდა, დღეს უკვე 2,25 ლარი ღირს. რამდენიმე თვის წინ კი მისი ფასი უფრო მეტი - 2,45 ლარი იყო.

საწვავის ფასი საქართველოში განსაზღვრული პერიოდულობით 5-თეთრიანი ბიჯებით მიიწევდა ზემოთ, რასაც ნავთობიმპორტიორები საერთაშორისო ფასების ზრდით ხსნიდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტები კი - ბაზარზე არსებული მონოპოლიებით, დომინანტი კომპანიების მხრიდან სპეკულაციური ქმედებებითა და მეტი მოგების მიღების სურვილით. საწვავის ფასი, საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ფასში აისახება, ამიტომაც მომხმარებელი ყოველთვის განსაკუთრებულად მტკივნეულად რეაგირებს საწვავის გაძვირებაზე.

"ბრენტის" ტიპის 1 ბარელი ნავთობი 2007 წელს საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით $80 ღირდა, 2008-ში $140-145 დოლარამდე გაძვირდა, შემდეგ წელს ისევ დაიკლო და $80-ის ფარგლებში მერყეობდა. დაახლოებით $85-90-ის ფარგლებში იცვლებოდა 2010 წელსაც. შარშან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე არეულობის ფონზე ნავთობმა გაძვირება დაიწყო და $95-110-ის დიაპაზონში აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით, "ბრენტის" საერთაშორისო ფასი დაახლოებით $90-ია.

როგორც ვხედავთ, ნავთობი ძვირი 2008 წელს იყო, როცა საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 2 ლარად იყიდებოდა, ახლა კი 25 თეთრით მეტი ღირს. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასწარმოქმნისას ისინი საწვავის საერთაშორისო ფასებით ხელმძღვანელობენ და გაძვირების არგუმენტად, ნედლი ნავთობის ფასთან ერთად, ამასაც ასახელებენ ხოლმე. ცოტა ხნის წინ, როცა დიზელის საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1 ლიტრი 2,50 ლარად იყიდებოდა, ასოციაციამ "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის" კვლევა მოაწყო და ასეთი მონაცემები დადო: "დიზელის საერთაშორისო ფასის (ე.წ. platts-ის) ისტორიული მაქსიმუმი აღირიცხა 2008 წლის ივლისში - 1 ტონა $1330. შემდეგ ის $980-მდე ჩამოვიდა, ანუ $350-ით შემცირდა. საცალო ქსელში დიზელის გასაყიდმა ფასმა კი 2008 წლის 2,20 ლარიდან პირიქით, მოიმატა 30 თეთრით - 2,50 ლარამდე. ფასთა სხვაობა, თუ დაკლებულ $330-ს 1 ლიტრზე დავიანგარიშებთ, 29 თეთრი გამოდის. ანუ დიზელის საწვავის ფასი საცალო ქსელში 29 თეთრით უნდა შემცირებულიყო. გამოდის, ნავთობიმპორტიორებს 1 ლიტრ დიზელზე მადა 59 თეთრით გაზრდიათ.

2008 წლის ივლისში $1 ღირდა 1,42 ლარი, დღეს კი კურსი 1,63 ლარია. 2008 წლის ფასებით, დიზელის საერთაშორისო ფასი ($1330) ლარში კონვერტირებით 1888 ლარია, პლუს დღგ (340 ლარი) და ჯამში მივიღებთ, რომ 2008 წლის ივლისში იმჟამინდელი კურსით 1 ტონა საწვავის შეძენა, დღგ-ის ჩათვლით, 2228 ლარი ჯდებოდა. დღევანდელი კურსით, 1 ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი 1597 ლარია, დღგ - 287 ლარი. გამოდის, დღეს 1 ტონა საწვავის შეძენა ნავთობიმპორტიორებს 1884 ლარი უჯდებათ, ანუ 344 ლარით ნაკლები, ვიდრე 2008 წელს". ცნობისათვის: დღეს დიზელის საწვავის სარეალიზაციო ფასი საცალო ქსელში 2,05-2,25 ლარია. ხოლო საერთაშორისო ფასი ტონაზე $883-ია, ანუ $447-ით ნაკლები, ვიდრე 2008 წელს.

საქართველოში საწვავს რამდენიმე კომპანია ყიდის: "სოკარი", "ვისოლი", "ლუკოილი", "რომპეტროლი" და "გალფი". ფასები ყველა ქსელში თითქმის ერთნაირია, შესაძლოა, საწვავის ტიპების მიხედვით 2-3 თეთრიანი სხვაობა აღინიშნოს. შესაბამისად, კომპანიები ფასებით არ კონკურირებენ და მომხმარებელსაც ამ მხრივ არჩევანის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ აქვს. 2005 წლამდე საქართველოში საწვავის შემომტანი ასზე მეტი კომპანია არსებობდა. "საწვავის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში დომინირებდა ექვსი კომპანია ("ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "ეკო", "რომპეტროლი", "სენტა" და "მაგნატი").

ორიოდე წლის წინ ბაზარზე კომპანია "გალფი" გამოჩნდა, რომელმაც "სენტა", "ეკო" და "მაგნატი" შეიძინა. „გალფის“ გამოჩენამდე ლიდერობას „ვისოლი“ ინარჩუნებდა და ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%-ს დანარჩენი კომპანიები ინაწილებდნენ. დღეს "გალფს" ყველაზე მეტი ავტოგასამართი სადგური აქვს. "გალფის" შემოსვლამ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდა. ეს კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი. წესით, როცა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის და ძველ მოთამაშეებს უკვე კარგად აქვთ მოკიდებული ფეხი, ახალბედას ადგილის დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს. მაგრამ კონკურენტებმა რატომღაც საკუთარი ნებით დაუთმეს ასპარეზი "გალფს" - ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდეს და ამით "გალფს" ფასების თვალსაზრისით უპირატესობა მიანიჭეს. არადა, წესით, მომხმარებლის შესანარჩუნებლად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფასები უნდა დაეწიათ, ამათ კი მომხმარებელი ნებით დათმეს.

ნავთობიმპორტიორები ხშირად გვახსენებენ, რომ საწვავი ევროპაში საქართველოზე ბევრად ძვირი ღირს და წესით ჩვენს მომხმარებელს არსებულ ფასებთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა დამოუკიდებელი მკვლევრები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. "ჩვენგან განსხვავებით ევროპაში საწვავის მაღალი ფასი დიდწილად განპირობებულია მაღალი სახელმწიფო გადასახადებით და არა მოგების მაღალი მარჟით. იქ გადასახადებიდან შესული ფული ბიუჯეტში შედის, ჩვენთან კი მიღებული შემოსავლით ვიწრო წრე ისქელებს ჯიბეებს.

ავიღოთ პრემიუმის ტიპის საწვავი. საქართველოში მის გასაყიდ ფასს - 2,25 ლარს თუ გამოვაკლებთ 18%-იან დღგ-ისა და აქციზის გადასახადს (250 ლარი 1 ტონაზე), მივიღებთ 1,66 ლარს. გერმანიაში პრემიუმის გასაყიდი ფასი 3,46 ლარის ეკვივალენტია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გამოკლებით, რომლებიც ფასის 61%-ს შეადგენს, მივიღებთ 1,35 ლარს. გამოდის, გერმანიასთან შედარებით ჩვენთან საწვავი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს. თუ ამ პრინციპით ანგარიშს განვაგრძობთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე ფინეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიასა თუ პოლონეთში. ცნობისთვის, ევროპაში აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავი არ იყიდება", - აღნიშნავს ასოციაცია "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის თავმჯდომარე" ბექა კემულარია.

ცნობილია, რომ საწვავი სომხეთში საქართველოდან შედის და უცნაურია, რომ უფრო იაფია ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, სომხეთში 1 ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავი 520 დრამი ღირს, რაც მიმდინარე კურსით 2,11 ლარია, პრემიუმი რეგულარი 1,91 ლარი (470 დრამი), ხოლო დიზელი - 1,83 ლარი (450 დრამი).

ბექა კემულარია: "2011 წლის 13 სექტემბერს საწვავის გასაყიდი ფასი იგივე იყო, რაც დღეს - პრემიუმი 2,25 ლარი. platts-ის მიხედვით, 2011 წლის 13 სექტემბერს მისი 1 ტონა $987 ღირდა, წლეულს ივნისში ზუსტად $100-ით დაიკლო. ხოლო ვალუტის კურსი მაშინაც ასეთი იყო (1,66). გამოდის, ახლა 1 ტონა პრემიუმის ტიპის ბენზინის შეძენა, დღგ-ის ჩათვლით, 196 ლარით ნაკლები ჯდება. 1 ლიტრზე ეს 15 თეთრია. ანუ 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულებამ 15 თეთრით დაიკლო, ხოლო სარეალიზაციო ფასმა - მხოლოდ 5 თეთრით და 2,20 ლარს (პრემიუმი) შეადგენს. როგორც ხედავთ, საწვავის მოვაჭრე კომპანიებს მადა არითმეტიკული პროგრესიით ეზრდებათ".