"სტიქიის ეფექტი" მთელ წელიწადს გასტანს
"სტიქიის ეფექტი" მთელ წელიწადს გასტანს
ხილს-ბოსტნეულსა და ყურძენზე ფასების ზრდას ელიან

საქართველოში დატრიალებულმა სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა როგორც კახეთის, ასევე მესხეთ-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას: მარტო კახეთის 30-მდე სოფელში განადგურებულია დაახლოებით 38 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ზარალის საერთო რაოდენობა 150 მილიონი ლარია. როგორც ამბობენ, ასეთი ზარალი ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ უნახავს. დაისეტყვა და განადგურდა ხილის ბაღები, ბაღჩები და ვენახები.

ქვეყანაში ხილსა და ბოსტნეულზე ფასები გაიზრდება - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები. ამასვე ადასტურებენ ამ
ბიზნესით დაკავებული მებითუმეები თუ საცალო მოვაჭრეები:

მაია ანთიძე (მცირე მეწარმე): - სამწუხარო ამბავი მოხდა. ბოლო ხანებში საკმაოდ გაიაფდა ვაშლი, ატამი, ბოსტნეული, რაც ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო. თუ ორიოდე თვის წინ თბილისის მაღაზიებში კარტოფილი 1,40-1,50 ლარი ღირდა, ივლისის დასაწყისში მისი ფასი დაახლოებით 1 ლარი გახდა, ვაშლის ფასი
მაისში 2,50 ლარი იყო, ბოლო დროს 1 ლარამდე შემცირდა. პროდუქტს შედარებით დაბალ ფასად ვყიდდით და მომხმარებელიც კმაყოფილი გვყავდა. ახლა კი, თუ ხილი და ბოსტნეული ბაზარზე გაძვირდება, ჩვენც იძულებული ვიქნებით გავაძვიროთ. ჯერჯერობით ფასებმა 10-20 თეთრის ფარგლებში მოიმატა, მაგრამ თუ მოწოდება შემცირდა, გაძვირება უფრო თვალში საცემი გახდება. ხილ-ბოსტნეული დედაქალაქში ქართლიდანაც შემოაქვთ, მაგრამ დაზარალებული რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ. მაგალითად, კარტოფილი ძირითადად მესხეთ-ჯავახეთიდან შემოდის.

ავთო სილაგაძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):
- რადგან სტიქიამ მოსავალი აგრარულ რეგიონებში გაანადგურა, ბუნებრივია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება შემცირდება, რაც თავისთავად გამოიწვევს ბაზარზე ფასების ზრდას. შესაძლოა, ეს ჯერ ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ახლო მომავალში თვალსაჩინო იქნება. განსაკუთრებით ამის თქმა ყურძენსა და ღვინოზე შეიძლება. მიყენებულ ზარალს მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში შეიგრძნობს. ამასთან, ადგილობრივ პროდუქციას იმპორტული ჩაანაცვლებს და ქვეყანაში შემოვა შედარებით ძვირი, მაგრამ დაბალი ხარისხის ხილ-ბოსტნეული და მოსახლეობაც იძულებული იქნება, ის შეიძინოს. მართალია, დაზარალებულ გლეხებს კომპენსაციას დაჰპირდნენ, მაგრამ მათი დანაკარგი მაინც დანაკარგად დარჩება. მაქსიმალური 1500 ლარიც გლეხების ზარალს ნამდვილად ვერ აანაზღაურებს. ბოლო დროს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების კლება შეინიშნებოდა, სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდება და პირიქით, ფასების ზრდას უნდა ველოდოთ.

თემურ კოპალეიშვილი (პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - ცხადია, ფასები გაიზრდება, დაზარალებული გლეხი ეცდება, მიყენებული ზარალი მაღალი ფასით აანაზღაუროს, თუმცა ფასებს მაინც ბაზარი დაარეგულირებს. საბოლოო ჯამში კი რიგითი მომხმარებელი დაზარალდება. სტიქიამ დააზარალა არა მარტო კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი თუ მცხეთა-მთიანეთი, არამედ მთელი საქართველო, რადგან პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირდება და დანაკარგის ანაზღაურება ჩვენ მოგვიწევს. გაძვირდება ყურძენი და სხვა პროდუქტი, რომლებიც სტიქიურმა უბედურებამ გაანადგურა. თუმცა ვფიქრობ, აქ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება. რა უნდა უქნას ამ ხალხმა აღებულ სესხებს? - დაზარალებულ გლეხებს სესხის გადახდის ვადას გაუხანგრძლივებენ. მაგრამ გადავადება პრობლემას ვერ მოხსნის, იმიტომ რომ გლეხს, რომელიც მოსავალს ელოდა, ამ მოსავლიდან აღებული ფულის ნაწილით უნდა დაეფარა სესხი, ნაწილი კი გადაედო, რათა სამომავლოდ მიწა მოეხნა, დაეთესა და ახალი მოსავალი მოეყვანა. გადახდის ვადის გადაწევა პრობლემის დროებით გადავადებაა. მიწას თუ ვერ მოუარა, ვერ დახნა და დათესა, გაისად გლეხს მოსავალი არ ექნება. დაპირებული 1500 ლარი დაზარალებულ გლეხებს არანაირად არ ეყოფათ.

- თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?

- საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა. სახელმწიფომ გლეხების მიერ აღებული სესხების დაფარვა უნდა იკისროს, ოღონდ გრძელვადიანი პერსპექტივით. გლეხობას პირველ რიგში თანხა სჭირდებათ, რომ მიწის დამუშავება მოახერხოს და გაისად მაინც მიიღოს ნორმალური მოსავალი. სხვა შემთხვევაში ლაპარაკი დახმარებაზე არასერიოზულია. ბიუჯეტიდან 162,3 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, თუმცა კომპენსაციებზე ზოგადი საუბარი ნამდვილად არ ღირს. თუ კონკრეტულად არ განსაზღვრეს, რომელ გლეხს რამდენი სჭირდება ფეხზე წამოსადგომად, ვის რამდენი აქვს სესხი თუ დანაკარგი, 500 მილიონიც რომ გამოიყოს, ხარჯი მაინც უშედეგო იქნება. უნდა ვიფიქროთ, რა ეშველება მათ ოჯახებს, აღებულ სესხებს. ამის გაუთვალისწინებლად, წინასწარ გათვლილი, გონივრული ღონისძიებების გარეშე, გლეხი განწირულია.

ხათუნა ჩიგოგიძე