"ეკოპალიტრის" სტატიებმა შედეგი გამოიღო - კვირის პალიტრა

"ეკოპალიტრის" სტატიებმა შედეგი გამოიღო

"ეკოპალიტრის" მკითხველს სრულიად საიდუმლოდ უნდა გავუმხილოთ, რომ მხოლოდ პრობლემებზე წერა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. თუმცა ისიც ცხადია, რომ მათი გამომზეურება მედიის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. კარგა ხანია, პრესას საქართველოში დიდწილად "წერე და იკითხეს" პრინციპით უწევს მუშაობა. ამიტომ მით უფრო აღნიშვნის ღირსია ისეთი შემთხვევები, როცა კრიტიკის ობიექტები სტატიებში გამოთქმულ შენიშვნებს იზიარებენ და მეტიც, პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ჩვენ თავი მოვალედ მიგვაჩნია, ასეთი ფაქტები მკითხველებს გავაცნოთ და გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს უიშვიათეს გამონაკლისებად არ დარჩება.

რამდენიმე თვის წინ "ეკოპალიტრა" წერდა, რომ მეწარმე იძულებულია, მისთვის განკუთვნილ ოფიციალურ შეტყობინებებს მთავრობის ვებგვერდებზე თვითონ მიაგნოს, ნაცვლად იმისა, რომ ფინანსურმა მაკონტროლებელმა მეწარმეს შეტყობინება წერილობით, დაზღვეული ფოსტით გაუგზავნოს, როგორც მანამდე აკეთებდა. ფინანსთა სამინისტროს საიტზე, საჯარო შეტყობინებების ნუსხაში განცხადებები ასეულობითაა. არც ის იყო ნათელი, როდის უნდა ეძებნათ შეტყობინება - დღეს, ხვალ, იმ კვირაში თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად? მეწარმეების ინფორმაციით, სამინისტროს მიერ არჩეული ურთიერთობის ასეთ ვირტუალურ მეთოდს, შესაძლოა, დიდი პრობლემაც შეექმნა, თუ შეტყობინების დროულად მიუღებლობით მეწარმე სასამართლო განხილვის ვადებს გადააცილებდა. '

"ხომ არ დამესიზმრებოდა, რომ ვებგვერდზე დადეს ჩემი საჩივრის პასუხი?.. რომ არ მომეკითხა, გადაწყვეტილებას ოცდღიანი ვადაც გაუვიდოდა და მისი გასაჩივრების უფლებაც არ მექნებოდა", - აცხადებდა "ეკოპალიტრასთან" საუბრისას ერთ-ერთი მეწარმე. რამდენიმე კვირის შემდეგ რესპონდენტი კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა: "სტატიის გამოსვლიდან მალევე აიღეს ელექტრონულ განცხადებები საიტიდან და შეტყობინება შინ მომივიდა. თანაც ისეთი შინაარსის იყო, აქამდე რომ არ ყოფილა. ბოლოს მახსოვს, ექვს თვეს მალოდინეს და რომ ვრეკავდი, პასუხის გამცემიც არავინ იყო. ამბობდნენ, განცხადება განხილვის პროცესშია, ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო. არანაირ შუალედური ცნობას ან ოფიციალურ ინფორმაციას, რა პროცესში იყო ჩემი განცხადება, არ მატყობინებდნენ. თქვენი სტატიის შემდეგ მოვიდა შუალედური შეტყობინება, რომ დიდი ბოდიში, ახლა ვერ განვიხილეთ, ცოტა გადაიწია განხილვამო. მითითებულიც კი არის კონკრეტული თარიღი, როდის დაუთმობენ დროს ჩემი განცხადების განხილვას. ასე, რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ დახმარებისთვის".

ასევე შედეგიანი გამოდგა "ეკოპალიტრის" პუბლიკაცია "საქართველოს ფოსტის" შესახებ. ჩვენ ვწერდით, რომ ბოლო დროს მოიმატა ფოსტის მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვმა, საგრძნობლად გაიზარდა ტარიფი, ხოლო სერვისი, განსაკუთრებით საერთაშორისო გზავნილებზე, გასული საუკუნის დონისა დარჩა; რომ, ერთი მხრივ, კომპანიას სახელმწიფო უმაგრებს ზურგს, მეორე მხრივ კი ერთადერთი რეგულარული ფოსტაა ქვეყანაში და მონოპოლიური მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება კარგად გამოსდის.

რესპონდენტმა, რომელიც ჩვენთან საუბრისას უჩიოდა ფოსტის დაგვიანებებსა და რაღაც "შენახვის ხარჯების" გადახდებინებას, სტატიის გამოსვლიდან განსაზღვრული დროის შემდეგ შეგვატყობინა, რომ ფოსტაში გზავნილის შენახვის ფულს მოქალაქეებს აღარ ახდევინებენ, დროულად მიიტანეს ადრესატთან შეტყობინებაც. "თქვენთან გამოქვეყნებულმა სტატიამ აშკარად გამოიღო შედეგი. მიხარია, რომ ხარვეზების გამოსწორებას ცდილობენ. თუმცა სისტემა უკეთესად გასამართია. იმედი მაქვს, მალე ადგილზე მიტანის სერვისიც ექნებათ, როგორც განვითარებულ ქვეყნებში აქვს რეგულარულ ფოსტას. მენეჯმენტს ვთხოვ, საკუთარ თანამშრომლებს პროგრამული უზრუნველყოფით დაეხმაროს, კედელზე მიკრული ფურცლებით და ხელზე დაწერილი ნომრებით რომ არ უწევდეთ გარკვევა, ვისი ამანათი სად დევს," - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მოქალაქემ.

ბოლო გამოხმაურება "ეკოპალიტრის" წინა ნომერში დაბეჭდილ სტატიას მოჰყვა, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურში ელექტრონული ნებართვების მიღების სირთულესა და ამ ნებართვებთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს ეხებოდა. რესპონდენტები ჩიოდნენ, რომ უბრალო სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვის მოსაპოვებლად საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი, რაც მათგან სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის ცოდნასა და სკრუპულოზურ სიზუსტეს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი დახარვეზდება და განმცხადებელს უკან უბრუნდება. ეს პროცესი შესაძლოა ძალიან გაგრძელდეს და მოქალაქეები იძულებული ხდებიან, თუნდაც ფანჯრის გამოსაცვლელი ნებართვის მოსაპოვებლად საშუამავლო კომპანიებს მიმართონ და დამატებითი ხარჯები გასწიონ. სტატიას არქიტექტურის სამსახური გამოეხმაურა და რამდენიმე განმარტება გააკეთა.

გელა ტალახაძე (თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი): "სანამ საქმის ელექტრონულად წარმოება გადაწყდებოდა, გავაანალიზეთ, რა პრობლემებს აწყდებოდა მოქალაქე განაცხადის ჩაბარებისას. ქაღალდის სახით შემოსული დოკუმენტაცია სამ ან ოთხ ეგზემპლარად იბეჭდებოდა, საქმის წარმოებისას ხშირი იყო ამ დოკუმენტაციის დახარვეზება. წარმოიდგინეთ, ოთხ სქელტანიან დოკუმენტს რომ დაგიხარვეზებენ იმის გამო, რომ ან ჭრილი არ არის სწორად, ან ფასადი. დოკუმენტაცია უკან გაჰქონდათ, შემდეგ იბეჭდებოდა ხელახლა და შემოდიოდა. მოქალაქეებს რიგში დგომაც უწევდათ. გადავწყვიტეთ, ნებართვების მიღების ელექტრონული სისტემა დაგვენერგა, რომ მოქალაქეს მოუსვლელად ჰქონოდა განაცხადის შემოტანისა და ნებართვის აღების შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, გავიაზრეთ, რომ ყველას არ ექნებოდა ინტერნეტით განაცხადის გაეკეთების შესაძლებლობა. არქიტექტურის სამსახურმა გამგეობებში წარმომადგენელი მიავლინა და შესაბამისი სერვისცენტრი შეიქმნა. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც რამე სახის განცხადების გაკეთება სურს, შეუძლია მიიტანოს დოკუმენტაცია და ჩვენი წარმომადგენლები მათ საიტზე ატვირთვაში დაეხმარებიან. თუ გამგეობაში ვერ შეძლებს მისვლას, იმავე დახმარებას არქიტექტურის სამსახურშიც მიიღებს, მერიის მისაღებში, სადაც ჩვენი სამი თანამშრომელი ზის. ბევრს ელექტრონული სისტემა მოსწონს, თუმცა გამორიცხული არაფერია, ვინმემ შეიძლება კარგად ვერ გაუგო ამ ყველაფერს. მადლობა, რომ ასეთი ადამიანები გვაპოვნინეთ, ვისაც პრობლემა შეექმნა ნებართვის აღებისას და ყველნაირად შევეცდებით დახმარებას.

რაც შეეხება ფანჯრის გამოცვლას, თუ მოქალაქე უფრო დეტალურად ნახავს ინფორმაციას ჩვენს საიტზე, აღმოაჩენს, რომ თუ ფანჯრის ზომებს არ ცვლის, ნებართვის აღება საერთოდ არ სჭირდება - რა თქმა უნდა, თუ სახლი თბილისის ძველ უბანში არ მდებარეობს".