ხორცის ფასების "სასაკლაო" - კვირის პალიტრა

ხორცის ფასების "სასაკლაო"

"საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ხორცის ფასებით"

"ორივე სასაკლაო - ნატახტარიც და თელეთიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესია"

საერთაშორისო ბაზარზე ხორცი გაიაფდა, თუმცა, ეს დინამიკა საქართველოზე არ ასახულა. მეტიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ხორცის ფასი სტაბილურად მაღალია და აღარც სეზონურად იცვლება და არც მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. საცალო ქსელში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს, ღორის ხორცისა კი -+13 ლარია. ასეთი ფასებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ხორცის სიძვირის მხრივ.

ადგილობრივ ხორცის ბაზარზე ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ვეტერინარიის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა აუცილებელი გახდა. პროცედურის თანახმად, სასაკლაოზე გასცემენ ფორმა #2-ს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი დაკვლამდე, ვიზუალურად დათვალიერების, დაკვლისა და შინაგანი ორგანოების შემოწმების შემდგომ ჯანმრთელია. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ხორცი სარეალიზაციოდ გადის. თბილისის ბაზარზე ხორცი მხოლოდ ნატახტრისა და თელეთის სასაკლაოებიდან შემოდის, სადაც ერთი კილოგრამი ხორცის დამუშავება 1 ლარი ღირს. სასაკლაო ასევე "მუქთად" იტოვებს საქონლის შიგნეულობას, ფეხებს, თავსა და ტყავს.

აღსანიშნავია, რომ ნატახტრის სასაკლაოს კომპანია "იბერმით ჯორჯია" ფლობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცი ხელოვნურად გაძვირდა და მათი კომპანია ფასწარმოქმნის პროცესს არ აკონტროლებს. ექსპერტები კი სულ სხვაგვარად ფიქრობენ...

მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის წევრი: "ამ საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებით საცალო ბაზარზე ხორცის ფასი ერთბაშად 60%-ით გაძვირდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ აძვირებს ხორცს საქართველოში, კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი: არასათანადოდ განვითარებული ხორცის წარმოება, ინფლაცია, ქვეყანაში არსებული მაღალი ფასები სურსათზე, მაგრამ ამ ცვლილებამ, რომელიც ხელისუფლებამ შემოიტანა, სასაკლაოების მონოპოლიზება მოახდინა. დღეს თუ ვინმეს უნდა, პირუტყვი დაკლას და გაყიდოს, აუცილებლად უნდა მიიყვანოს ნატახტრის ან თელეთის სასაკლაოზე, სადაც ძვირი უჯდება როგორც პირუტყვის ტრანსპორტირება, ისე დაკვლის ხარჯები. შესაბამისად, ეს შემდეგ ხორცის სარეალიზაციო ფასზეც აისახება. ხელისუფლებამ  პირდაპირ ვერ მოახდინა ხორცის ბაზრის მონოპოლიზება, მაგრამ ეს ბაზარი, ფაქტობრივად, თავის კონტროლქვეშ მოაქცია. ორივე სასაკლაო - ნატახტარიც და თელეთიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესია. საინტერესოა, რომ როცა შესაბამის კანონს იღებდნენ, სასაკლაოები უნდა მოწყობილიყო გლეხებისთვის ხელსაყრელ ადგილას - სოფლად ან თბილისში, სადაც ძირითადად ხორცის რეალიზაცია ხდება. როგორც ხედავთ, ეს პირობა არ შესრულდა. გამოდის, კაცმა ჯერ უნდა მიიყვანოს პირუტყვი, დააკვლევინოს და შემდეგ ხორცის ტრანსპორტირება მოახდინოს, რაც ორმაგად უძვირებს პროდუქციას. ისე გაურთულეს და გაუძვირეს ადამიანებს პირუტყვის დაკვლის პროცედურა, რომ იძულებული არიან, კაპიკებად ჩააბარონ ადგილზე მისულ ვაჭრებს, რომლებიც შესაძლოა სასაკლაოს წარმომადგენლებიც არიან.

გამოდის, სასაკლაო ხორცის საბითუმო ქსელის მონოპოლისტია, მაგრამ არც ამას დასჯერდა ნატახტრის სასაკლაო და საცალო ქსელის დაპატრონებაც გადაწყვიტა, - ქალაქში "იბერმითის" მაღაზიები გახსნა, სადაც მომხმარებელს ხორცს შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. რადგან თავად ფლობს სასაკლაოსაც, დისტრიბუციასაც და სავაჭრო ქსელსაც, შესაბამისად, უფრო კონკურენტუნარიანია და უპირატეს მდგომარეობაშია ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით. გამოდის, ხელისუფლებამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მოსახლეობასა და ადგილობრივ წარმოებას. ხალხი იძულებულია მაღალი ფასის გამო ადგილობრივი წარმოების ხორცის ნაცვლად დაბალი ხარისხის იმპორტირებული ხორცი იყიდოს".

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მოხმარებაში დაახლოებით 45%-ია, დანარჩენი კი იმპორტის წილად მოდის. დაახლოებით ხუთჯერ და მეტჯერ არის შემცირებული ადგილობრივი წარმოება 80-იან წლებთან შედარებით. ჩვენ გავხდით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა არა მხოლოდ ხორცის მოხმარების თვალსაზრისით, არამედ ისეთი პროდუქტების მოხმარებითაც, როგორიც არის კარტოფილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები.

წარმოების დაბალი დონე ფასებს ისედაც ზრდის, ხოლო თუ ამას დამატებითი ადმინისტრირებაც ემატება, ფასნამატი კიდევ უფრო იზრდება. ხორცის ბაზარზე სახეზეა მონოპოლია, რომელიც მსხვერპლს ითხოვს, მსხვერპლი კი მაღალი ფასია, რომელიც ისევ მომხმარებელს აწვება მძიმე ტვირთად და ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. მწარმოებელს რომ მიეცეს ბაზარზე თავისუფლად შეღწევის საშუალება, ეს სულ ცოტა, 30%-ით გააიაფებს ადგილობრივი წარმოების ხორცს. დღეს საქართველოში ძვლიანი ხორცის ფასი აღემატება ამერიკაში უძვლო ხორცის ფასს.

ბოლო წლებში ისედაც მაღალი იყო იმპორტირებული ხორცის მაჩვენებელი საქართველოში, მაგრამ ახლა, როცა თითქმის 50-60%-ით ძვირია ადგილობრივი ხორცი, ვიდრე იმპორტირებული, რესტორნები, საზკვების ობიექტები და მომხმარებლების უმეტესობა გადავიდა უცხოური, დაბალხარისხიანი იმპორტირებული ხორცის მოხმარებაზე. ამით ხელისუფლებამ იმპორტიორების წისქვილზე დაასხა წყალი".

ემა ტუხიაშვილი

ხორცის ფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ამერიკული დოლარით)

ღორი                             საქონელი

საქართველო  7.3            9.13

პოლონეთი    7              7.99

რუსეთი        8.57           13.03

ინგლისი       4.4             5.07

სომხეთი       3.63          4,24

ამერიკა         4                4.50

უკრაინა        4.38            8.14

ციფრების ენით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 55.139.200 ტონა ხორცისა და ხორცპროდუქტების (76.824.300 აშშ დოლარის) იმპორტი განხორციელდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 62.989.700 ტონა (111.289.000 აშშ დოლარი) შეადგინა. საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტით ლიდერი არაბეთის გაერთიანებული საამიროებია, მეორე ადგილზეა არგენტინა, შემდეგ - აშშ, ბელგია, ბრაზილია და ინდოეთი.

(სპეციალურად საიტისთვის)