კურიოზული საქმე დავების საბჭოში - კვირის პალიტრა

კურიოზული საქმე დავების საბჭოში

საგადასახადო დავებში მეწარმეებს ძველებურად ჩაგრავენ

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ხელისუფლება ამას მეწარმეების მხრიდან გაზრდილი ნდობით ხსნის, მეწარმეები კი - ფინანსური შემოწმების წნეხითა და უსამართლოდ დარიცხული ჯარიმებით. ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2005 წელს დავების განხილვის საბჭოში განსახილველად სულ 25 განაცხადი შევიდა, 2008 წელს საჩივრების რაოდენობამ 443-ს მიაღწია, კიდევ ერთი წელიწადში გაორმაგდა, 2010-ში მნიშვნელოვნად გადააჭარბა 1 ათასს. საინტერესოა, რომ ფინანსური დავების შარშანდელი სრული სტატისტიკა ჯერაც არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების რაოდენობა რეკორდულად დიდია და რამდენიმე ათასს აღწევს. ამას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატშიც და ამბობენ, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა იმ მეწარმეების საჩივრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შემოსავლების სამსახურმა უსამართლოდ დააკისრა ჯარიმა და სამართლიანი გადაწყვეტილება არც დავების განხილვის საბჭოს გამოუტანია.

სამაგიეროდ, ხელისუფლება თავს იწონებს, რომ დავების განხილვის საბჭო საჩივრების უმეტესობას მეწარმის სასარგებლოდ წყვეტს და ამისთვის ოფიციალურ სტატისტიკას იმოწმებს, რომელსაც თავადვე ადგენს. მაგალითად, 2011 წლის ივლისში (სამწუხაროდ, უფრო ახალი მონაცემები დავების განხილვის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოიპოვება) ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 96 საქმიდან, სრულად ან ნაწილობრივ, 47 საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, აღნიშნული უწყება, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, არასდროს აკონკრეტებს, ამ სტატისტიკაში რამდენია სრულად და რამდენი ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი, ან რა იგულისხმება ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში. ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერთი მეწარმის ერთ, შეიძლება ითქვას, კურიოზულ საქმეს გავეცანი.

"უდავო" ფანდი გადამხდელის წინააღმდეგ

ლევან ფანჯიკიძე (ინდმეწარმე): "2010 წლის ოქტომბერში შემოსავლების სამსახური ჩემი საქმიანობით დაინტერესდა და საგადასახადო შემოწმება დაიწყო. რამდენიმე თვე დასჭირდათ შემოწმების აქტის წარმოსადგენად, სადაც ნათქვამი იყო, რომ მე თითქოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია დავაგვიანე და ამიტომ, ჯარიმის სახით, შემოწმების აქტით, 130 ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს (არადა, ჩემი მცირე ბიზნესის არსებობის განმავლობაში მთელი ჩემი ბრუნვა ხუთ წელიწადში, დაახლოებით, 368 ათას ლარს შეადგენდა!). საქმე ის გახლდათ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საკონტროლო სალარო აპარატში 2006 წელს შეცდომით ამორტყმული ჩეკი, რომელიც, კანონის შესაბამისად, იმავე წელს გასაუქმებლად ჩაბარებული მქონდა შემოსავლების სამსახურში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გამაჩნდა. ასე გამიზარდეს ხელოვნურად ბრუნვა და დამიდგინეს დღგ-ის გადახდის ვალდებულება 2006 წლიდან. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში გავასაჩივრე. საბჭომ გაითვალისწინა მექანიკური შეცდომა და საკითხი ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ მოულოდნელად მოხდა წარმოუდგენელი რამ: სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც რევიზიას ატარებდა ჩემთან, წამოდგა და განაცხადა, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რითაც მე, როგორც ინდმეწარმეს, აუცილებლად დამიდგებოდა დღგ-ის გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ეს მან ზეპირად განაცხადა და არავითარი "სხვა გარემოებები" შემოწმების აქტში მითითებული არ ყოფილა. ამის შემდეგ დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, დამატებითი შემოწმება წარემართა.

მას შემდეგ, რაც აუდიტის დეპარტამენტმა თავიდან გადაქექა ჩემი ფინანსური მონაცემები, "ახალი გარემოება" "აღმოაჩინა", რომლითაც ჩემი პრობლემა ისევ პრობლემად რჩებოდა.

ახლა უკვე აუდიტის დეპარტამენტი ერთ ოპერაციას ორ განსხვავებულ ფინანსურ ოპერაციად მითვლიდა და ამით მაინც მაკისრებდა 2006 წლიდან დღგ-ის გადახდის ვალდებულებას. ექვსი წლის განმავლობაში დაგროვილი დამატებული ღირებულების გადასახადი მქონია თურმე გადასახდელი და ისევ კოლოსალური თანხა - 135 ათას ლარის გადახდა დამაკისრეს, დაახლოებით იმდენივე, რამდენსაც პირველი შემოწმებისას მედავებოდნენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ როგორმე ხელოვნურად ასი ათას ლარიან ბრუნვას ავეცილებინე და დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება დამდგომოდა.

სალარო აპარატის ჩეკი, რომელიც ადასტურებდა, რომ იდენტურ ფინანსურ ოპერაციასთან გვქონდა საქმე და არა ორ სხვადასხვასთან, როგორც ამას აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებდა, ვეჭვობ, რომ შემოწმებისას განგებ წამიშალეს და ზედ დატანილი წარწერები აღარ იკითხებოდა. სალარო აპარატის ჩეკი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მივიტანე, სადაც ჩანაწერი აღადგინეს, მაგრამ შემოსავლების სამსახური ჯიქურად არ ცნობდა ჩემს არგუმენტებს. თან უნდა გაითვალისწინოთ, რომ 2010 წლიდან დღემდე ბიზნესი, ფაქტობრივად, პარალიზებული მაქვს, ანგარიშები დაყადაღებული და ვერც რამე ახალ საქმეს ვიწყებ. დაკისრებულ ჯარიმას კი ამ ორი წლის განმავლობაში ერიცხება საურავები და ეს თანხა საერთო ჯამში 140 ათას ლარს აჭარბებს.

რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში დავყაბულდი მათ გადაწყვეტილებას და საკუთარი სიმართლის დამტკიცება კვლავ დავების განხილვის საბჭოში გადავწყვიტე. კიდევ შვიდ თვეს მალოდინეს, რომ დავების განხილვის საბჭო შეკრებილიყო და ჩემი საკითხი განეხილათ. წარმოიდგინეთ, საჩივარი წლეულს იანვარში შევიტანე და საბჭოს სხდომა მხოლოდ აგვისტოში დანიშნეს. საბჭოზე კი სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, საბჭოს წევრებმა ყველა ჩემი არგუმენტი გაიზიარეს, ყველაფერში დამეთანხმნენ, ისიც კი აღნიშნეს, რომ ასეთი წვრილმანების გამო მეწარმეებს არ აჯარიმებენ და მითხრეს, რომ წერილობით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამომიგზავნიდნენ. მათგან მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება კი რადიკალურად განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, რომ ცინიკური შინაარსის იყო - ეს საქმე უკვე განხილული იყო, დავა ჩემ სასარგებლოდ გადაწყვეტილი და შესაბამისად, საბჭოს სხდომის თავიდან გამართვა იმავე დავის საგანზე კანონით არ შეიძლებოდა. ასეთი ცინიზმი გაგიგიათ?! არ მინდა დაჯერება, რომ ამ საქმის უკან სხვა გარემოებები იმალება. უბრალოდ, მინდა ვიცხოვრო სამართლიან ქვეყანაში, სადაც ბიზნესის წარმოების არ შეგეშინდება. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს ამ გადაწვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებ. არ მინდა დავკარგო იმედი, რომ სასამართლო მაინც მიიღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას".

...მთავარია, ვინ ითვლის სტატისტიკას

სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა დავების განხილვის საბჭო დადებითი სტატისტიკისა და სამართლიანი, მიუკერძოებელი უწყების იმიჯის შესაქმნელად ჯერ მეწარმის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამით ქულებს იწერს, შემდეგ კი იმავე მეწარმეს სხვა მიზეზით მაინც აკისრებს ჯარიმის გადახდას. მეწარმისთვის საბოლოო შედეგი არსებითად არ უმჯობესდება, სამაგიეროდ ხელისუფლებას შეუძლია იტრაბახოს, როგორი სამართლიანი და ბიზნესის მოამაგეა. ხალხში ამას თვალში ნაცრის შეყრას ეძახიან. მაგრამ კანონის ენაზე სულ სხვა რამ ჰქვია, მით უფრო თუ საბჭოს გადაწყვეტილებაში კანონთან შეუსაბამობა შეინიშნება:

ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მან კოდექსის 301-ე მუხლის "ზ" პუნქტით იხელმძღვანელა, და რაკი თურმე იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე, იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებობდა, საჩივრის განხილვაზე უარი უთხრეს. არადა, მაკონტროლებელმა თავადვე აღმოაჩინა "სხვა გარემოებები", ხელახალი შემოწმებაც ამიტომ გადაწყვიტა და, შესაბამისად, დავაც სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობდა... ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუ ეს ერთი და იმავე დავის საგანი იყო, რატომ განაახლა შემოსავლების სამსახურმა დავა და დაარღვია თუ არა ამით საგადასახადო კოდექსი? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ დავით ქევხიშვილისგან ვცადე, რომელმაც, მართალია, ყურადღებით მომისმინა, კონკრეტული ინდმეწარმის საქმითაც დაინტერესდა და ცოტა დროც მოითხოვა საქმის უკეთ გასაცნობად, მაგრამ მას შემდეგ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ასე რომ, "დავარცხნილი" სტატისტიკის მიღმა სამწუხარო რეალობა იმალება, რომელიც ანგრევს მითებს ქვეყანაში არსებული თავისუფალი და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შესახებ. "ტყუილმა თავი მალა, მალა და ვერ დამალაო" - ასე ხომ არ სჭირს ჩვენს ხელისუფლებას?

ათასობით განხილული საქმიდან დავების განხილვის საბჭო მხოლოდ იმ ერთეულ საქმეებს ასაჯაროებს, რომლის დროსაც დავა მართლაც მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მსოფლიო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის თუ ხალხის დასანახავად, სტატისტიკის ამგვარად წარმოება კარგად მოფიქრებული სქემაა და ემსახურება განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად დაცულია. სამწუხაროდ, რეალური სურათი სხვაგვარია და კონკრეტულ მაგალითებს თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სტატისტიკის მანიპულაციასთან კი არა, ხშირად კანონის უგულებელყოფასთანაც გვაქვს საქმე.