პური ოქტომბრისთვის 10 თეთრით გაძვირდება?! - კვირის პალიტრა

პური ოქტომბრისთვის 10 თეთრით გაძვირდება?!

"ან ხარისხი, ან წონა" - პურის მცხობელების არჩევანი

ცუდი მოსავლის გამო მსოფლიოში ხორბლის ფასები იზრდება. ამერიკაში ზრდამ 25%-იანი ნახტომი გააკეთა, ფრანგული ხორბალი 15%-ით გაძვირდა, რუსული კი ერთბაშად 30%-ით. ხორბლის გაძვირება ლოგიკურად აისახა ფქვილის ფასზე, რამაც ბევრ ქვეყანაში პური 5-10%-ით გააძვირა, მათ შორის ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებშიც. უცხოელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ხორბალი იმავე ტემპებით განაგრძობს გაძვირებას, პურის ფასი შეიძლება 50%-თაც კი გაიზარდოს. ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამონაკლისი საქართველოა, რომელიც, მართალია, ხორბალს უკვე გაზრდილი ფასით ყიდულობს, რამაც ფქვილიც გააძვირა, მაგრამ საბოლოო პროდუქტი - პური, ჯიუტად ინარჩუნებს ძველ ფასს.

დამკვიდრებული სტანდარტებით, ფქვილის წილი პურის თვითღირებულებაში დაახლოებით 30-35%-ია. შესაბამისად, ფქვილის გაძვირება, თანაც მნიშვნელოვანი, წესით, მალევე უნდა აისახოს საბოლოო პროდუქტის ფასზე, თუ, რა თქმა უნდა, პურის მწარმოებლები წაგებაზე არ იმუშავებენ, ან პურში ფქვილის სტანდარტულ შემადგენლობას (60%) კიდევ უფრო არ შეამცირებენ სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, რითაც მისი წონა, ხარისხი და კვებითი ღირებულება ეცემა.

საქართველოში პურის მოხმარება საკმაოდ მაღალია, ამიტომ მისი მცირედით გაძვირებაც კი სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, ჩვენთან პურის გაძვირება ლამის პოლიტიკური საკითხის რანგშია აყვანილი და მეწარმეებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. წინასაარჩევნოდ არავის აწყობს სოციალური უკმაყოფილების ზრდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, პურის ფასს კბილებით იჭერენ. თუმცა მეწარმეები არ გამორიცხავენ, რომ ოქტომბრის შემდეგ ვითარება შეიძლება შეიცვალოს და პურის ფასი, სულ მცირე, 10 თეთრით გაიზარდოს.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "დღეს პურსა და ფქვილზე ფასების ზრდა ხელს არავის აძლევს, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს. პური ის პროდუქტია, რომელსაც დიდი წილი უჭირავს კვების რაციონში, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიან ქვეყანაში. საქართველოში პური ძირითადი მოხმარების პროდუქტია, ამიტომ მისი მცირედით გაძვირებაც კი მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის. ბუნებრივია, ამას მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს და შესაბამისად, პურის გაძვირებას არაფრით დაუშვებს, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. პურის ქარხნებიც ფრთხილობენ, ფასის ზრდით მთავრობა არ გააღიზიანონ და დაბალ ფასს პურზე ყველა შესაძლო საშუალებით იჭერენ. ამიტომ მაშინ, როცა ფქვილი ძვირდება, მწარმოებლები პურის წარმოების ისეთ ტექნოლოგიებს მიმართავენ, რომლითაც ფასი არ გაიზრდება, მაგრამ ხარჯებს ხარისხისა და წონის შემცირებით აინაზღაურებენ. პურის ვიზუალური მოცულობის გაზრდა შეიძლება ხელოვნურად ზედმეტი საფუარისა და სხვადასხვა ვიტამინური კომპლექსის დახმარებით. პურის ხარისხისა და წონის შემოწმებას კი მომხმარებელი მაღაზიაში ნამდვილად არ დაიწყებს".

ლევან სილაგავა (საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "შარშან ამ დროს ხორბალი საგრძნობლად ნაკლები ღირდა, ტონაზე, დაახლოებით, 50 დოლარით. შარშან მარცვლეულის კარგი მოსავალი იყო, ამიტომ რუსეთმა დაიბრუნა 2010 წელს დაკარგული პოზიცია და ექსპორტზე 27 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა. თანაც ყაზახეთს, ფაქტობრივად, ჩაუკეტა ნოვოროსიისკის პორტი. ამ უკანასკნელს ხორბალი გასაყიდი რჩებოდა, რომ არა მარკეტინგული სვლა - ყაზახებმა დააწესეს დემპინგური ფასი საექსპორტო ხორბლის ტრანსპორტირებისთვის. იმ კომპანიებს, რომლებსაც ხორბალი გაჰქონდათ, 40 დოლარს უკლებდნენ ტონაზე. მათ შორის საქართველოსაც ამ ფასად აძლევდნენ ხორბალს. ჩვენსავით ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა ამით, თუმცა 1-ელი აგვისტოდან ეს ფასდაკლება მოხსნეს და ყაზახური ხორბლის ფასი მსოფლიო ფასებს გაუთანაბრდა.

თუ აქამდე ტონა ხორბალი 290 დოლარად შემოგვქონდა, ახლა უკვე ფოთში შემოტანილი ღირს 350 დოლარი. დიდ წისქვილკომბინატებს ჯერ კიდევ აქვთ იაფი ხორბლის მარაგი და დაახლოებით ერთ თვეს კიდევ ეყოფათ. ოქტომბრიდან კი ვნახოთ, რა იქნება.

საქართველო წელიწადში, დაახლოებით, 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან ადგილობრივი მოსავლის წილად 100-120 ათასი ტონა მოდის. მაგრამ მე-3 ხარისხის სასურსათო ხორბალი, რომელიც პურის წარმოებაში გამოიყენება, მოწეული მოსავლის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს და ადგილობრივ ფასებზე გავლენას ვერ ახდენს.

როგორ აისახება ხორბლის გაძვირება პურპროდუქტებზე, ამაზე პასუხი ჩემგან ალბათ არაკორექტული იქნება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო აგრარული ფონდები, რომლებიც ყიდულობენ ხორბალს და ექსტრემალურ ვითარებაში წისქვილკომბინატებს ძალიან დაბალ ფასად აწვდიან, რათა, თავის მხრივ, მათაც ასევე დაბალ ფასად მიაწოდონ პურის ქარხნებს და მათ ე.წ. სოციალური პური გამოაცხონ. ბევრ ქვეყანაში მუშაობს ასეთი აგრარული ფონდი და ასე უმსუბუქებენ მოსახლეობას ყოფას".

ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 40-41 ლარია - დაახლოებით 7-8 ლარით გაძვირებული ბოლო ორი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც წისქვილკომბინატებში ახალი ფასით შემოსული ხორბალი დაიფქვება, ბუნებრივია, ფქვილის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ახლა ფქვილს, ფაქტობრივად, ზღვრულ ფასად ყიდულობენ და მეტად გაძვირების შემთხვევაში პურზე არსებულ ფასებს ვეღარ შეინარჩუნებენ. მეპურეების განცხადებით, ან პური უნდა გააძვირონ, ან ზარალზე წავიდნენ. თუმცა ხაბაზების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებამდე პურის გაძვირებას ვერ გაბედავენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მალხაზ დოლიძე (თბილისის #4 პურის ქარხნის დირექტორი): "მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი ბოლო ორ თვეში თითქმის ხუთი ლარით გაძვირდა, ჩვენ პურზე ფასი არ მოგვიმატებია და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. მაგრამ თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარს გადასცდა, მაშინ დავსხდებით, დავითვლით თვითღირებულებას და გადაწყვეტილებას შემდგომ მივიღებთ".

მსოფლიო ბაზარზე რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი საგრძნობლად შეზღუდოს, მეტიც, ცუდი მოსავლის გამო შეზღუდვები დააწესოს. ამიტომაც ელოდებიან ხორბალზე ფასების კიდევ უფრო ზრდას მთელ მსოფლიოში. შარშანდელთან შედარებით რუსეთში ხორბლის რესურსი 4,3 მილიონი ტონით არის შემცირებული, მსოფლიოში კი 9 მლნ ტონით. თუმცა ყაზახეთში მოსავალს არ უჩივიან და ამბობენ, რომ შეუძლიათ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებს (ცენტრალური აზია, ამიერკავკასია, ირანი და ავღანეთი) 9 მილიონი ტონა ხორბალი და 2,1 მილიონი ტონა ფქვილი მიაწოდონ, ნაცვლად 6,5-7 მილიონი ტონისა. ანუ ყაზახეთს მოსავლის პრობლემა არ აქვს და რუსეთთან შედარებით დაბალ ფასადაც შეუძლია გაყიდვა, მაგრამ სათუოა, იმ მეზობლის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და რომელსაც მრავალგვარი დაბრკოლების შექმნა შეუძლია..

P.S. ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველო ხორბლის მოხმარების თვალსაზრისით, თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული და ჩვენთან მოყვანილი ხორბალი იმდენად მცირეა, რომ "ამინდს" მოსავლის მოწევის სეზონზეც ვერ ქმნის. დაბალი ტექნოლოგიების გამო ჩვენთან ძირითადად საფურაჟე ხორბალი მოჰყავთ და არა პირველი ხარისხის მარცვლეული, რომელიც საკვებად და პურის წარმოებისთვის გამოიყენება. არადა, ბოლო წლებში ხელისუფლება გულში მჯიღს იცემდა: "ჯაგერის" ჯიშის ხორბალს დავთესავთ და მალე თვითუზრუნველყოფას კი არა, ქვეყნიდან ხორბლის გატანასაც კი შევძლებთო. როგორც ჩანს, ეს გეგმაც ბევრი სხვა გეგმასავით ჩაუვარდათ.