ჰენრი ჰაინცის ამერიკული კეტჩუპი ჩინელი წინაპრით - კვირის პალიტრა

ჰენრი ჰაინცის ამერიკული კეტჩუპი ჩინელი წინაპრით

კარგ შეფუთვას მეტი შედეგი მოაქვს თუ მაღალ ხარისხს

კვების პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, H. J. Heinz-ის ფუძემდებელ ჰენრი ჰაინცს სწამდა, რომ საქონლის წარმატება დიდად იყო დამოკიდებული შეფუთვის გარეგნულ სახეზე, რასაც მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა კიდეც თავისი პროდუქციის ბაზრისთვის წარდგენისას. უნდა ითქვას, რომ ეს გამოუვიდა კიდეც - ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხეში ძალიან იზიდავს "ჰაინცის" მიერ გამოშვებული კეტჩუპები, სოუსები და მრავალგვარი საწებელი.

გერმანული წესიერება

ჰენრი ჰაინცის მშობლები გერმანელი ემიგრანტები იყვნენ. მამამისმა აშშ-ში სწრაფად ააწყო საკუთარი ბიზნესი - აგურის წარმოება. ბავშვობა ჰენრიმ მშობლების საკმაოდ დიდ სახლში გაატარა. ოჯახს არ უჭირდა, თუმცა მომავალი ბიზნესმენის ბავშვობა დიდად დალხენილიც არ ყოფილა. ბიჭუნას ძალიან უყვარდა ბაღში ფუსფუსი, სხვადასხვა მცენარის შესწავლა და ხეხილის გახარება. შეიძლება ითქვას, უკვე ბავშვობიდან სასურსათო ინდუსტრიასთან ჰქონდა შეხება.

ჰენრის ბოსტანი მოვლილი და მოსავლიანი იყო. 12 წლისამ გადაწყვიტა, საკუთარი ფული გამოემუშავებინა და თავისივე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყო. ასე მიიღო ცხოვრებაში პირველი შემოსავალი. მალე ვაჭრობა გაფართოვდა. მისი პირველი კლიენტები ნათესავები, მეგობრები და მეზობლები იყვნენ, მალე მათ სრულიად უცნობი ხალხიც დაემატა. 12 წლის ბიჭისთვის ვაჭრობა უკვე მოუხერხებელი გახდა და მანაც გადაწყვიტა, პროდუქტი ადგილობრივი მაღაზიისთვის მიეწოდებინა. ბიჭთან თანამშრომლობა იმთავითვე სასიამოვნო იყო - მიუხედავად ასაკისა, ჰენრის ყოველთვის უმაღლესი ხარისხის საქონელი მიჰქონდა მაღაზიაში და ამ მოვალეობისთვის ერთხელაც არ უღალატია. თანაც მამამისი საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი იყო, რაც ბიჭის მიმართ ნდობას აღრმავებდა. მანაც ადამიანებს იმედები გაუმართლა. ადგილზე საქონლის მისატანად ჰენრიმ დამხმარეები აიყვანა. იგი თავის ქალაქში ყველაზე ნორჩ დამსაქმებლად იქცა. ჰენრის პირველი პარტნიორი მისი დიდი ხნის მეგობარი კლარენს ნოუბლი გახლდათ. გაყიდვის ზრდამ კი ის განაპირობა, რომ 1869 წელს, 25 წლის ჰენრიმ თავისი პირველი კომპანია Heinz & Noble დააფუძნა.

კეტჩუპის ჩინელი წინაპარი

ერთობლივი კომპანიის პირველი პროდუქტი პირშუშხა გახლდათ. მაგრამ უბრალო პირშუშხა არ გეგონოთ, ის შეიძლება ითქვას, ოქროსი იყო! მანამდე მეწარმეები პირშუშხას სქელი, გაუმჭვირვალე შეფუთვით უშვებდნენ, ამდენად, მყიდველი შინ მიტანამდე ვერ ხვდებოდა, რამდენად საღი და ახალი იყო პროდუქტი. ეს კი, რა თქმა უნდა, მწარმოებლისადმი უნდობლობას იწვევდა. მეგობრებმა გადაწყვიტეს, გაუკვალავი გზით წასულიყვნენ და ბოსტნეულის შეფუთვა შეეცვალათ. მათ ის გამჭვირვალე, კომპაქტური და მიმზიდველი მასალით მიაწოდეს მყიდველს. ეს კი რევოლუციის ტოლფასი გახლდათ, რამაც მათი ვაჭრობა წარმოუდგენლად გაზარდა.

რასაკვირველია, ყველაფერი მხოლოდ შეფუთვა არ ყოფილა. როგორც ყველა მსხვილ თუ საშუალო ბიზნესში, ჰენრი ჰაინცს ძალიან გაუმართლა.

XIX საუკუნის ბოლოს ერთმანეთს მოსდევდა აღმოჩენები სასოფლო პროდუქციის შეფუთვის ფორმებში. დიდი ყურადღება ეთმობოდა ლოჯისტიკას, განვითარდა მოკლე და იაფი მარშრუტები, რამაც მწარმოებლებს საშუალება მისცა, პროდუქცია მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ჰაინციც ამ დინებაში მოხვდა.

პირველივე წელიწადი კომპანიისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. პირშუშხას მოჰყვა კეტჩუპი, რომელსაც აშშ-ის მცხოვრებნი საერთოდ არ იცნობდნენ. პომიდორს აშშ-ში მექსიკურ ეგზოტიკად მიიჩნევდნენ, არავითარი ტომატის სოუსი არ არსებობდა. ის ჩინეთიდან შემოვიდა, სადაც მას "კი-სიაპი" ერქვა. იგი მცირე რაოდენობით შემოჰქონდათ და მოთხოვნაც მცირე იყო, სანამ ჰაინცის მახვილმა თვალმა არ შეამჩნია. მან გადაწყვიტა, გემოვნური თვალსაზრისითაც რამდენადმე შეეცვალა "კი-სიაპი", თანაც სახელიც გაუმარტივა და "კეტჩუპი" უწოდა. ასე გაჩნდა ეს შესანიშნავი საწებელი და მსოფლიოშიც მალევე გახდა ცნობილი. კომპანია Heinz-ი კი ამ სფეროში დღემდე ლიდერია.

"კეტჩუპსა" და პირშუშხას კომპანიისთვის უზარმაზარი მოგება მოჰქონდა. ეს ახალ-ახალი საწებლების შექმნის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, კომერციული წარმატების მიუხედავად, ეკონომიკურმა კრიზისმა ჰაინცის პირმშო მიწასთან გაასწორა. 1875 წელს, ექვსწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, Heinz & Noble გაკოტრდა. მაგრამ ჰენრის ბიზნესის მიტოვება არც უფიქრია და მალევე დაარეგისტრირა ახალი კომპანია ძმებისა და მამის სახელზე - F.&J. Heinz-ი. ამბობენ, რომ ჰენრიმ ამ ხერხით გზიდან ჩამოიშორა დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი კარლი, რომელიც მაინცდამაინც კარგი საქმიანი პარტნიორი ვერ აღმოჩნდა და კომპანიის განვითარებას აფერხებდა. ჰენრის სურდა, მარტოს ემართა კომპანია, რომელშიც, კრიზისის მიუხედავად, დიდ მომავალს ხედავდა. 13 წლის შემდეგ ჰენრი ჰაინცმა ძმისა და მამის კომპანია გამოისყიდა და მას H. J. Heinz-ი უწოდა.

აღმასვლა

ჰაინცისა და ნოუბლის ერთობლივი შრომის შედეგი თითქმის მთლიანად წყალში ჩაიყარა, მაგრამ მხოლოდ "თითქმის". რამდენიმე მცირე საწარმო ჰენრის კონტროლქვეშ დარჩა და მანაც კარლი დაიყოლია, რომ მათი კონტროლი მისთვის დაეთმო. კრიზისი ნელ-ნელა შესუსტდა და Heinz-იც მოძლიერდა. ის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს უშვებდა. ამისთვის მან ხარისხის კონტროლის სხვადასხვა სისტემა შექმნა. ახალი ტექნოლოგიები დანერგა და შეფუთვებზე ექსპერიმენტები განაგრძო. მას ურყევად სწამდა, რომ "კეტჩუპსა" თუ სხვა საწებლებს სწორედ შეფუთვა ყიდდა. და მართალიც იყო. მალე ჰენრიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რეკლამას და მასში დიდი ფულიც ჩადო. სამაგიეროდ, ნაყოფიც მიიღო. მისი ბრენდი ამერიკაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა - უმაღლესი ხარისხი, ლამაზი შეფუთვა, კლიენტთა ნდობა, შესანიშნავი გემო ჰენრი ჰაინცის ნაწარმს კარგად ყიდდა. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ნეონის რეკლამა დაინერგა და ჰაინციც პირველი იყო, ვინც ეს რეკლამა გამოიყენა.

საწებლები მისი უდიდებულესობისთვის!

ჯერ კიდევ 1880-იან წლებში ჰენრიმ საქონლის ექსპორტი დაიწყო და წარმატებითაც. "ჰაინცის" პირველი საზღვარგარეთული ფაბრიკები და ოფისი დიდ ბრიტანეთში გაიხსნა. კომპანია სამეფო კარის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. XX საუკუნის დასაწყისში კომპანია უკვე ყვაოდა, იგი კეტჩუპისა და სხვადასხვა საწებლის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში. როგორ მიაღწია ამდენს ამერიკელმა მეწარმემ? პირველ რიგში, მას ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის და თავისი ბიზნესის შენებისას ხელმძღვანელობდა ურყევი პრინციპებით. მათ შორის იყო: "პროდუქციის უმაღლესი ხარისხი - ყოველთვის!" "არასტანდარტული შეფუთვა კლიენტს ხარისხზე მეტად იზიდავს"; "მიწოდების გონივრული ორგანიზება"; "წარმოების ზუსტი ორგანიზება, ხარისხის კონტროლი". ჰაინცმა შექმნა კეტჩუპის სხვადასხვა სახეობა და მათ გაყიდვას ყველა საშუალებით ცდილობდა - რეკლამაზე უზარმაზარ ფულს ხარჯავდა.

1919 წელს ჰაინცი უკვე 25 ფაბრიკას ფლობდა. ასაკმა თავისი გაიტანა და ჰენრი ჰაინცი ამ წელს გარდაიცვალა. კომპანია მისი მემკვიდრეების ხელში გადავიდა.

მემკვიდრეები

ჰენრის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას სათავეში მისი ვაჟი ჰოვარდი ჩაუდგა. იგი მეცნიერი იყო და ამიტომაც კვლევებს დიდ დროს უთმობდა. ეს პირდაპირ აისახა "ჰაინცის" ნაწარმზე - ისინი არა მხოლოდ ახალი ინგრედიენტებით მდიდრდებოდა, არამედ ისედაც ხარისხიანი პროდუქტის ხარისხი კიდევ უფრო მაღლდებოდა. "ჰაინცის" იმპერიაც დღითი დღე იზრდებოდა. ჰოვარდი ძალიან ნიჭიერი მენეჯერიც იყო და ბაზრის მოთხოვნებს წინასწარ ჭვრეტდა. მნიშვნელოვანი ძვრები კომპანიაში 40-იან წლებს უკავშირდება, როცა მის სათავეში ჰენრი ჰაინც-მეორე მოვიდა. მან დაიწყო საწარმოების ყიდვა საზღვარგარეთ. მანამდე "ჰაინცში" ყველაფერს ნულიდან იწყებდნენ, რაც ძვირიც იყო და დროც დიდი მიჰქონდა. ჰენრი უმცროსის დროს გაფართოვდა ფაბრიკათა ქსელი აშშ-ის გარეთ - პორტუგალიაში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ა.შ.

ჰენრი მეორე უკანასკნელი დინასტიური ხელმძღვანელი გახლდათ. მის შემდეგ კომპანიაში დაქირავებული მმართველები ჰყავთ. თუმცა კომპანიის უმსხვილეს აქციონერად ოჯახი რჩება და ამდენად, წარმოებაზეც გავლენა აქვს. "ჰაინცის" კეტჩუპი პლანეტაზე ყოველ მეორე მაცივარში დევს. დღესაც მის პროდუქციას სხვებისგან მაღალი ხარისხი და შეფუთვა გამოარჩევს.

ბიზნესგამოცემა "ფორბსმა" უმსხვილესი საჯარო კომპანიების ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში "ჰაინცს" 630-ე ადგილი არგუნა. 1869 წელს დაფუძნებულ სურსათის მწარმოებელ გიგანტს მთელ მსოფლიოში 34,8 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის კაპიტალიზაცია $17,09 მილიარდია, წლიური გაყიდვა კი $11,49 მილიარდი.

მოამზადა ნატა ენუქიძემ