ივანიშვილი ამბობს, რომ კრიზისისა და აჩქარების მიუხედავად, აქტივები მაინც ნორმალურ ფასად გაყიდა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ამბობს, რომ კრიზისისა და აჩქარების მიუხედავად, აქტივები მაინც ნორმალურ ფასად გაყიდა

გაყიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი სხვა აქტივებსაც

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივიც გაყიდა. აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივა" $180 მილიონად გაიყიდა. ამ გარიგებით დასრულდა რუსეთში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების გაყიდვის პროცესი. სხვათა შორის, ის ჯერ კიდევ შარშან შედიოდა რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში, სადაც $5,5 მილიარდად შეფასებული ქონებით, 25-ე ადგილი ეკავა. თავისი გადაწყვეტილება ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ არ სურს, საქართველოს მოსახლეობას რამე კითხვები დარჩეს რუსეთში არსებულ მის ქონებასთან დაკავშირებით.

ივანიშვილი ამბობს, რომ კრიზისისა და აჩქარების მიუხედავად, აქტივები მაინც ნორმალურ ფასად გაყიდა. მისი აწ უკვე ყოფილი აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივას" ახალი მფლობელია ამერიკული საინვესტიციო ფონდი Arco International Group-ი. მანამდე კი ივანიშვილმა რუსეთში ბანკი "როსიისკი კრედიტი" გაყიდა $352 მილიონად, შემდეგ ფარმაცევტულ ბიზნესს $60 მილიონად შეელია, რომელიც რუსეთის დუმის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვაჟმა, სერგეი მატვიენკომ შეიძინა. თითქმის $1 მილიარდად გაყიდა ივანიშვილმა მოსკოვში ელიტური უძრავი ქონება, საცხოვრებელი მიკრორაიონი "სადოვიე კვარტალი", რამდენიმე არსებული, მშენებარე სასტუმრო და სასტუმროს პროექტი, რომელიც ჯგუფმა "ბინმა" იყიდა.

რაც შეეხება "სტოილენსკაია ნივას", კორპორაცია 2000 წელს შეიქმნა და რუსეთში პირველი ადგილი ეკავა პურპროდუქტების წარმოების მოცულობით, მესამე იყო ფქვილის და მეექვსე - საკონდიტრო ნაწარმის წარმოებით. სხვათა შორის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ Arco თავდაპირველად რუსეთში ივანიშვილის დეველოპერული აქტივების შეძენასაც გეგმავდა, მაგრამ მისი კომერციული წინადადება ტენდერში ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა "უნიკორისთვის", ივანიშვილის აქტივების მმართველისთვის.

ნოდარ ხადური (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ბიძინა ივანიშვილის აქტივებს რუსეთში სრულიად არაადეკვატური რეაქცია ახლდა საქართველოში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან. მან რუსეთში ეს აქტივები გაყიდა. გაყიდვის პროცესში ორი მხარე მონაწილეობს - მყიდველი და გამყიდველი. მყიდველი ხან რუსეთში მცხოვრები ადამიანია, ხანაც სხვა ქვეყნის პირი თუ კომპანია. ამიტომ ამის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და მისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება, ვფიქრობ, არასწორია. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვით საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი აქტივი კრემლთან დაახლოებულმა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიებმა იყიდეს. ამიტომ ჯობია ჩვენი საზოგადოების ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რატომ ყიდულობს რუსეთი და რუსეთის სახელმწიფო კაპიტალი ქართულ სტრატეგიულ ობიექტებს და არა იმაზე, ვინ იყიდა ის ქონება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაასხვისა რუსეთში.

- ივანიშვილმა განცხადება გააკეთა აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით - როგორც ის მიიჩნევს, მიუხედავად იმისა რომ კრიზისია და ძალიან ჩქარობდა, ქონება მაინც კარგ ფასად გაყიდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო ბიზნესინტერესების დათმობა მოუხდა?

- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბიზნესსაქმიანობასთან არანაირი შეხება არ მქონია და არც ის ვიცოდი, რა აქტივები ჰქონდა მას რუსეთში. ამიტომ ვერ გეტყვით, ის ფასი, რომლითაც გაიყიდა კომპანია, რამდენად შეესაბამება რეალურ ღირებულებას. ვფიქრობ, ეს არის საბაზრო ღირებულება.

- აქტივების გაყიდვის მიზეზად ივანიშვილი ასახელებს იმას, რომ არ სურს, საქართველოს მოსახლეობას რამე კითხვები ჰქონდეს რუსეთში მის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. ფიქრობთ, მისი ეს ნაბიჯი გამართლებულია?

- ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მგრძნობიარეა რუსეთის თემის მიმართ, განსაკუთრებით, ომის შემდეგ. ამდენად, ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კავშირები შესაძლოა საზოგადოებაში არ აღიქმებოდეს სწორად. ამიტომ ადამიანისთვის, რომელმაც გადაწყვიტა მოვიდეს პოლიტიკაში და თანაც არა მხოლოდ ოლიმპიური პრინციპით, მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, არამედ გასამარჯვებლად, ცხადია, რომ ასეთი კავშირების არარსებობა უკეთესი იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება მართებული ბიზნესის თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურად სწორი იყო, რომ მან ეს ქონება გაასხვისა".

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "რუსული ბაზარი საკმარისად ღიაა და იქ უდიდესი, ცნობილი კორპორაციები მოქმედებენ, ამიტომ ბრალდება, რომელიც ივანიშვილის მიმართ გაისმოდა, სრულიად უსაფუძვლო იყო. აქტივებს თუ იყიდიდა, ისევ რუსეთში მოქმედი შეძლებული ფინანსური ჯგუფი, ან უცხოური კომპანია. ბოლოს ის ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი საკუთრება გაასხვისა, და თუ ვინ იყიდა - ეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შეფასებას არ ექვემდებარება და კიდევ რამე პრეტენზიის წაყენება მის მიმართ სრულიად გაუმართლებელი იქნება. გარდა ამისა, რუსეთი კარგად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. ეს საქართველოში ჰგონიათ, რომ ის დაქცევის პირასაა, მალე ჩამოიშლება და ჩვენ შემოვიერთებთ რუსეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. რუსეთის გადამკიდეს, ჩვენ ჩვენი უბედურება გვჭირს და პოლიტიკური მეთოდებით მისი დარეგულირების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ვუმატებთ და წარსულში ჩარჩენილ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ.

ძნელია ისაუბრო ბიძინა ივანიშვილის პირად მოტივებზე, მე შემიძლია ჩემეული ხედვა მოგახსენოთ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკაში დაფუძნებას და ეს სულაც არ იქნება ურიგო საქმე. ბიზნესი და პოლიტიკა შეუთავსებელი სფეროებია და იმ მასშტაბის მიზნებისთვის, რაც მას შეიძლება ჰქონდეს, მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი იქნებოდა. ამიტომ ან ხარ პოლიტიკაში, ცხოვრობ პოლიტიკით და დასახული მიზნებისკენ მიდიხარ, ან რჩები ბიზნესში და ცდილობ, გახდე მაქსიმალურად წარმატებული ბიზნესმენი. ამ ორი საქმიანობის აღრევა მხოლოდ საქართველოში ხდება, მაგრამ ბოლო ოცი წელიწადია, ამას არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს - არც ბიზნესისთვის და არც ეკონომიკისთვის. ამიტომ თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პროფესიულ დონეზე აპირებს დარჩენას, ბიზნესი არ სჭირდება.

- ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდგომი ნაბიჯი სხვა ბიზნესაქტივების გაყიდვა იქნება?

- ვერ გეტყვით, პირადად მასთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ის პოლიტიკაში საფუძვლიანად შემოვიდა და თუ პოლიტიკაში აპირებს დარჩენას, მაშინ იმ უზარმაზარი ბიზნესიმპერიის მართვა და ამავე დროს პოლიტიკაში ყოფნა შეუთავსებელი იქნება. პოლიტიკას ძალიან დიდი დრო და რესურსები სჭირდება, ამიტომ ორი საქმის შეთავსება წამგებიანი იქნებოდა როგორც პოლიტიკის, ისე ბიზნესისთვის. ალბათ რაღაც აქტივებს დაიტოვებს, საიდანაც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული შემოსავალი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბიზნესმენი, თუ პროფესიონალ პოლიტიკოსად გარდაიქმნებოდა, ეს ალბათ საუკეთესო არჩევანი იქნება".

მოკლედ

- საინვესტიციო ფონდი Arco International Group-ი აშშ-შია დაფუძნებული.. ის სპეციალიზებულია განვითარებად ბაზრებში ალტერნატიულ ინვესტიციებზე, აგრეთვე აქტივების მართვაზე კომერციის, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების სფეროებში.