აზერბაიჯანელი ტურისტები სხვებზე მეტს ხარჯავენ - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელი ტურისტები სხვებზე მეტს ხარჯავენ

"ევროპაში ყველაზე მწვავე კრიზისი იმ ქვეყნებს დაატყდა თავს, რომლებიც აქცენტს ტურიზმზე აკეთებდნენ"

ზაფხული მიიწურა და იმის მიუხედავად, რომ "ხავერდოვანი სეზონი" ჯერ კიდევ ძალაშია, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს უკვე შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად წარმატებული გამოდგა მათთვის 2012 წელი. საოჯახო სასტუმროების მფლობელები სეზონის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში წარმატებებს ითვლიან, ხოლო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტად ტურიზმის გამოცხადება სახიფათოც კი შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

თამაზ გოგიბერიძე (ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი): - ბოლო ორ წელიწადს თუ შევადარებთ, წლეულს დამსვენებელთა რაოდენობა ქობულეთში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. სამწუხაროდ, აგვისტოში დაწყებულმა წვიმებმა ტურისტების ნაკადი გაანახევრა და სასტუმროების მფლობელებიც იძულებული გახდნენ, ფასები შეემცირებინათ. მე მაგალითად, თუ ივლისში კეთილმოწყობილ ნომერს 20 ლარად ვაქირავებდი, უამინდობის გამო ფასი 10 ლარამდე დავიყვანე, იმ ნომრებში კი, სადაც შედარებით ნაკლები კომფორტია, 5-7 ლარადაც ვუშვებდი.

ასე მოიქცა თითქმის ყველა, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული. კიდევ ერთ ფაქტს უნდა გავუსვა ხაზი: წლეულს განსაკუთრებით გაიზარდა აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა, ამ ზაფხულს აზერბაიჯანელი სტუმარი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა. ისინი საკმაო თანხას ხარჯავენ, რასაც ვერ ვიტყვით სომეხ და ქართველ დამსვენებლებზე. ქართველები, ყველაზე დიდი, ექვს-შვიდ დღეს რჩებიან, ზაფხულში ძალიან ბევრი ქირაობდა ბინას მხოლოდ სამი-ოთხი დღითაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივი დამსვენებლის გადახდისუნარიანობა მეტად დაბალია. ასე რომ, აზერბაიჯანელი ტურისტების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო, სასტუმროების მფლობელები შემოსავალს ვერ მიიღებდნენ.

რუსუდან მამაცაშვილი (ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი): - 2012 წლის ტურისტული სეზონი საკმაოდ წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ქვეყანაში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდა, ვიდრე ველოდით. კერძოდ, იანვრიდან სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ქვეყანას ესტუმრა 2,789 მილიონი ადამიანი მაშინ, როცა შარშან ამავე დროს მათი რიცხვი 1,795 მილიონი იყო. ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლომდე ტურისტების რაოდენობამ 3,6 მილიონს უნდა გადააჭარბოს. ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ ვიზიტიორებსაც ტურისტებად მივიჩნევთ, მაგრამ ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ვიზიტიორი არის პირი, რომელიც 24 საათით მაინც შემოდის ქვეყანაში და აქ რაღაც თანხას ხარჯავს. ცნება "ვიზიტიორი" აერთიანებს ტურისტსაც და ერთი დღით ჩამოსულ სტუმარსაც. თუმცა ვიზიტიორად არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანი, რომელიც აქ მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს, ან მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში რაღაც ანაზღაურებას იღებს.

ბოლო მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტიორთა რაოდენობა 55%-ით გაიზარდა, ზაფხულის საზღვაო სეზონზე კი სასტუმროები სრულად იყო დატვირთული. ვიზიტიორთა რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ ხშირად გამართულმა ღონისძიებებმა, რამაც უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ეწყობოდა შეჯიბრებები, კონცერტები, კულტურული ღონისძიებები. ამიტომ აგვისტოში მარტო ქობულეთში 132 554 სტუმარი ჩამოვიდა, ბათუმში კი 172 849. საკმაოდ წარმატებული იყო სეზონი ანაკლიაშიც, სადაც კულტურული ღონისძიებები დღემდე გრძელდება და სტუმრების ნაკადიც არ წყდება.

ვაჟა ბერიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკისადმი ნდობა ნაკლებია, მაგრამ მაინც ოფიციალური მონაცემებით უნდა ვიმსჯელოთ. ამ მონაცემების მიხედვით ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წლეულს უფრო მეტია, ვიდრე შარშან იყო. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხარჯველი არის ტურისტიც და ვიზიტიორიც, მაგრამ მედლის მეორე მხარეც უნდა დავინახოთ. ჩვენს ქვეყანაში ტურისტული სექტორის მდგომარეობა დადებითად ვერ შეფასდება, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საკმაო რაოდენობით სასტუმროები, დაბალია მომსახურების დონე და ამ სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციაც.

ალბათ ამის გამოც, შარშან ჩვენი ქვეყნის მშპ-ში ტურიზმის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, ხოლო ამ სფეროში სულ რაღაც 22 მილიონი ლარის ინვესტიციები დააბანდეს. კიდევ ერთ ციფრს დავასახელებ: კომერციული ბანკების მიერ გაცემული 8 მილიარდის კრედიტებიდან ტურიზმის სფეროზე მოდის მხოლოდ 0,8%, ანუ 60 მილიონი ლარი. ეს ციფრები ამ სექტორის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს. ძნელია მზიან ამინდში გავიაროთ ბათუმის, ან ურეკის პლაჟზე და ხალხის სიმრავლით ვიმსჯელოთ ტურისტული სეზონის ავკარგიანობაზე. ძნელია ვისაუბროთ ამ სფეროს პრიორიტეტულობაზე კიდევ ერთი მიზეზის გამოც: ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ვერ შეიმუშავა ტურიზმის განვითარების კონკრეტული, ჩამოყალიბებული კონცეფცია, რის გამოც ეს სფერო ძირითადად ხელისუფლების სურვილებსა და იმპროვიზაციებს ემორჩილება.

ავაღორძინეთ სიღნაღი, რომელიც დღეს ტურისტებით გადაჭედილი ნამდვილად არ არის, ახლა მესტიისა თუ ბახმაროს ტურისტულ ცენტრად გადაქცევა მოვისურვეთ, მაგრამ რეალური, ჩამოყალიბებული კონცეფცია არ გვაქვს, რა სახის ტურიზმი უნდა განვავითაროთ, არ არსებობს განსაზღვრული ტაქტიკა და სტრატეგია. მაგალითად, გადაწყვიტეს, გაეხსნათ ქობულეთის ტურისტული ზონა და ამის გამო უნიკალური ფიჭვნარი იავარჰყვეს. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ XI-XII საუკუნის კედელს ველოლიავებით და დიღომში, იქ, სადაც "ბელუქსი" შენდება, სამი ათასი წლის წინანდელი კედელი დავანგრიეთ. მიპასუხეთ, რომელი ტურისტი არ მივიდოდა გზის პირას მდებარე უძველესი ადგილის სანახავად? ჩვენ ისიც არ ვიცით, ე.წ. ფეშენ დონის ტურიზმს მივანიჭოთ უპირატესობა, თუ ძირითადად საშუალო და დაბალი შეძლების მქონე სტუმრებს ვუმასპინძლოთ. ქვეყანაში არ არის ნორმალური სასტუმროები საშუალო და დაბალი შეძლების მქონე ტურისტებისათვის, "შერატონი" და მსგავსი სასტუმროები კი მათთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის.

ისიც უნდა ითქვას, რომ პრიორიტეტად ტურიზმის გამოცხადება მეტად სახიფათოა ქვეყნის ეკონომიკისთვის. გავიხსენოთ, ვის დაატყდა ევროპაში თავს ყველაზე მწვავე კრიზისი? - იმ ქვეყნებს, რომლებიც აქცენტს ტურიზმზე აკეთებდნენ და ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. თუ აქ ჩამოსული ტურისტი თურქულ სასტუმროში დაიძინებს, სომხურ და აზერბაიჯანულ სურსათს შეიძენს, თუ ანაკლიის მშენებლობაზე ინდოელ მუშებს დაასაქმებენ, მაშინ ჩვენ უცხო ქვეყნებს გავამდიდრებთ და არა ჩვენსას. ჩემი აზრით, მაკროეკონომიკურ ჭრილში ტურიზმის ადგილი სწორად არ არის განსაზღვრული, მხოლოდ ციფრების გამოდევნება კი სასურველ ნაყოფს ნამდვილად ვერ მოგვიტანს.

ციფრების ენით

- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აჭარაში 1,3 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც შარშანდელზე 30%-ით მეტია. წლის ბოლომდე აჭარა ბოლომდე 2 მილიონ სტუმარს ელოდება.

- ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროებში ცომმერსანტ.გე-ს განუცხადეს, რომ შარშანდელთან შედარებით მათთან ადგილობრივი დამსვენებლის რიცხვი შემცირდა, თანაფარდობა უცხოელ და ქართველ ვიზიტორებს შორის დაახლოებით 70/30-ზე იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე