ყველაზე დიდი ქარვასლა ინტერნეტში - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი ქარვასლა ინტერნეტში

პიერ ომიდიარი - უნებლიე მილიარდერი

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინაუქციონის, eBay-ს პირველი ვერსია 1995 წელს დაიბადა. მისი ავტორი კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს მკვიდრი, პროგრამისტი პიერ ომიდიარი გახლდათ. ის წარმოშობით ირანელია, საფრანგეთში, პარიზში დაბადებული, აწ უკვე ამერიკელი. პიერის მამა ქირურგი გახლდათ. ომიდიარი ექვსი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. "იბეი" აგრეთვე აერთიანებდა გადახდის პოპულარულ სისტემა "პეიპალსა" და "სკაიპის" ტელეფონიის Voip სერვისს, რომლებიც მან მოგვიანებით შეიძინა.

28 წლის პიერისთვის ინტერნეტაუქციონის პროექტი თავდაპირველად უფრო ჰობი იყო და სახელიც უპრეტენზიო შეარქვა - AuctionWeb-ი (ქსელური აუქციონი). როგორც ამბობენ, ომიდიარმა ის ვებგვერდი თავისი შეყვარებულისთვის შექმნა - გოგონა შაქარყინულის კოლოფების საკოლექციო შეფუთვებს აგროვებდა და მათი გადაცვლა სურდა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ლამაზი ისტორია კომპანიის ერთ-ერთმა პიარმენეჯერმა მოიგონა.

ასე იყო თუ ისე, ვაჭრობები აუქციონზე მისი ამოქმედების პირველივე დღეებში გაიმართა. პიერის მეზობელმა ჯეკმა ომიდიარისგან გაფუჭებული ლაზერული პრინტერი იყიდა. ეს ნიშნავდა, რომ პროექტი ამუშავდა. მაშინ ახალგაზრდა პროგრამისტი ვერც კი წარმოიდგენდა, რად გადაიქცეოდა მომავალში მისი ქმნილება. საქმე ნელ-ნელა მიიწევდა წინ და აუქციონს ყიდვა-გაყიდვის სულ უფრო მეტი მსურველი ემატებოდა.

მსგავსი ვებგვერდებისგან განსხვავებით, პიერის პროექტის უპირატესობა ის იყო, რომ გარიგების სანაცვლოდ არავითარ საკომისიოს არ მოითხოვდა. არადა, სხვა აუქციონებზე ამისთვის 35%-ს ახდევინებდნენ. ომიდიარი თავის წამოწყებას სრულფასოვან ბიზნესად არც აღიქვამდა, მაგრამ მისმა განუხრელმა ზრდამ აიძულა ახალგაზრდა, სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა და დაენახა, რომ მან მართლაც რაღაც ღირებული შექმნა. პიერმაც ხელი გამოიღო და პირველ რიგში, თავისი პროექტის სამი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა: "ძირითადად ყველა ადამიანი კეთილსინდისიერია"; "ყველას შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა"; "ღია ურთიერთობებისას ადამიანები საუკეთესო თვისებებს ავლენენ". ბევრი თვალსაზრისით "იბეის" სამუშაო სქემა ამ პრინციპებს დაეფუძნა.

ლოცმანი დიდ ბიზნესში

დაარსებიდან ორი წლის თავზე AuctionWeb-ი აშშ-ში ყველაზე პოპულარულ ინტერნეტაუქციონად იქცა. მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯებიც, ამიტომ პიერმა გადაწყვიტა, თითოეული გარიგებისთვის საკომისიო დაეწესებინა - საქონლის ღირებულების 6%. 1997 წელს შემქმნელმა პირმშოს სახელიც შეუცვალა. თავდაპირველად სურდა, საკუთარი კონსალტინგური ფირმის პატივსაცემად Echo Bay Technology Group-ი ეწოდებინა, თუმცა სახელწოდება Echo Bay ინტერნეტში უკვე დააკავებინა ოქროს მომპოვებელ კომპანია Echo Bay Mines-ს, ამიტომ საუკეთესო ალტერნატივად eBay შეირჩა.

ბიზნესი ზრდას განაგრძობდა და ომიდიარი მიხვდა, რომ კომპანიას უკვე მაღალი რანგის პროფესიონალი მმართველი სჭირდებოდა, ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა ბიზნესპროცესებში. პიერმა ძებნა დაიწყო, ბევრს მიმართა, მათ შორის იყო "ეპლის" თავკაცი სტივ ჯობსი, თუმცა საქმე გარიგებამდე არ მისულა - სწორედ მაშინ ჯობსი საკუთარ კომპანიას დაუბრუნდა ტრიუმფით. თუმცა ჯობსთან ურთიერთობისას ომიდიარმა შეიტყო სათამაშოების მწარმოებელ Hasbro-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, მარგარეტ უიტმენის შესახებ, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო მენეჯერმა და მარკეტინგის სპეციალისტმა. მოლაპარაკებებისა და თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ მარგარეტმა გადაწყვიტა, შეჩვეული ადგილი დაეტოვებინა და "იბეიში" გადაბარგებულიყო. ეს სვლა დროული აღმოჩნდა. იმ დროისთვის ონლაინაუქციონების მნიშვნელობა ისეთმა გიგანტებმაც აღიარეს, როგორებიცაა Yahoo! და News.com-ი.

მათ აუქციონების თავ-თავიანთი ანალოგები შესთავაზეს მომხმარებელს. "იაჰუ" უფრო შორსაც წავიდა და აუქციონი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე აამუშავა. საპასუხო ნაბიჯმაც არ დააყოვნა: "იბეიმ" მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ლოკალური აუქციონის შესყიდვა დაიწყო.

ამას გარდა, კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა "ამერიკა ონლაინთან" (AOL) და "იბეის" სავაჭრო სივრცე ამ პროვაიდერის ექსკლუზიურ პარტნიორად მოგვევლინა. საკომისიოს გადახდა "იბეის" საშუალებას აძლევდა, მყიდველ-გამყიდველები საკრედიტო ბიუროთა ბაზებში შეემოწმებინა. ამან სერვისის მიმართ ნდობა გაზარდა, რადგან მსოფლიოს ყველა კუთხეში ბევრი ადამიანი აუქციონით ყიდვა-გაყიდვას, ცოტა არ იყოს, უნდობლად უყურებდა.

ეს და სხვა სიახლეები შედეგიანი გამოდგა. ჯერ საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების შესაძლებლობა გაჩნდა, შემდეგ, 2002 წელს, კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგადამხდელო სისტემა "პეიპალი" შეიძინა. მოკლედ, "იბეის" შეჩერება უკვე თითქოს აღარავის შეეძლო. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, იაპონიაში ყველაზე წარმატებული არა "იბეი", არამედ "იაჰუს" ინტერნეტაუქციონია.

აშკარა წინსვლის მიუხედავად, ბევრი ამტკიცებდა, რომ მარგარეტ უიტმენმა მაინცდამაინც თავი ვერ გამოიჩინა ახალ საქმეში, რისთვისაც გაათავისუფლეს კიდეც (2008 წელს მისი ადგილი ჯონ დონაჰიუმ დაიკავა). სკეპტიკოსთა ახსნა ის გახლავთ, რომ უიტმენი მხოლოდ და მხოლოდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდა. "იბეის" ბიზნესის ზრდა თითქოს მართლაც გარდაუვალი იყო. უიტმენმა რამდენიმე მოულოდნელი სვლა მაინც გააკეთა. 2005 წელს მან "სკაიპი" შეისყიდა, მისი დაარსებიდან ორი წლის შემდეგ. არადა, ამ ფირმას "იბეისგან" განსხვავებული საქმიანობის პროფილი ჰქონდა. იდეა იყო ორი კომპანიის მომსახურებათა შერწყმა - აუქციონის მონაწილეები ერთმანეთს სწორედ "სკაიპით" დაუკავშირდებოდნენ. საბოლოოდ ძნელია თქმა, რამდენად გაამართლა ამ იდეამ. ფაქტია, რომ "იბეიმ" გადაწყვიტა გაეყიდა "სკაიპი", რომელიც, გადახდილი ფულისა და დაბანდებული ფასიანი ქაღალდების ჩათვლით, $3,1 მილიარდი დაუჯდა. კერძო ინვესტორთა ჯგუფმა ის 2009 წელს $1,2 მილიარდად შეიძინა, 2011 წელს კი "მაიკროსოფტმა" $8,56 მილიარდად იყიდა "სკაიპი" და საკუთარ ქვედანაყოფად გადააქცია...

"იყიდე, გაყიდე... დიახაც, ეს ქარვასლაა"!

დღეს "იბეიზე" არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები ვაჭრობენ ათასგვარი არასაჭირო თუ წვრილმანი ნივთის თავიდან მოსაშორებლად, არამედ მსხვილი მეწარმეებიც, რომლებიც საგანგებოდ იმარაგებენ საქონელს და შემდეგ ონლაინაუქციონზე ყიდიან. ისინი სამ გზას მიმართავენ. ერთი - ჩვეულებრივი აუქციონია, როცა ლოტი განსაზღვრული დროით გამოდის და ვინც მეტს გადაიხდის, ის შეიძენს. მეორე არის საქონლის ფიქსირებულ ფასად გაყიდვა. ამ შემთხვევაში ნივთის გვერდით თავს იწონებს ღილაკი "დაუყოვნებლივ შეძენა", რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც მსურველი საქონელს ვაჭრობის გარეშე, დასახელებულ საწყის ფასად იყიდის. მესამე ვარიანტია ე.წ. Ad Format-ი, როცა სხვადასხვა საქონელი საგანგებოდ ხარისხდება სახეობების მიხედვით და შექმნილი განყოფილებებისგან მთელი "იბეი შოპი" ყალიბდება. ამ შემთხვევაში ნივთი შეიძლება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში იყიდებოდეს. ცხადია, შესაძლებელია ამ ვარიანტების კომბინაციებიც.

მიჩნეულია, რომ "იბეიზე" მოვაჭრეები ძალიან იშვიათად ტყუიან. ამის თავისი მიზეზიც აქვს. მყიდველს შეუძლია, გამყიდველის გასწვრივ გამოხმაურება განათავსოს. თუ ნაყიდ ნივთს არ გაგზავნიან, ამის შესახებ შეტყობინებას უამრავი პოტენციური მყიდველი ვაჭრობის დაწყებამდე ნახავს, რაც არც ერთ გამყიდველს ხელს არ აძლევს.

ომიდიარის ინტერნეტაუქციონი ოცზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის არის სწრაფად მზარდი ბაზრები - ჩინეთი და ინდოეთი. აუქციონზე დაიშვება ყველა ნივთი, რომელიც შეესაბამება იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც ვაჭრობა იმართება, და აგრეთვე არ არის შეტანილი შავ სიაში. მაგალითად, აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღი შავი სიიდან არ ამოდის.

უცნაური ნივთები

საკუთარი სულის გაყიდვას "იბეიზე" ნამდვილად არავის დაანებებენ. საიტის ისტორიაში ეს სულ ერთხელ სცადეს. თუმცა ეგზოტიკური ნივთები მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინაუქციონზე უხვადაა. მაგალითად, აქ გაიყიდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე წყალქვეშა ნავი. 2005 წელს ერთობ სახალისო ამბავი მოხდა. ვინმე კეროლაინ სმითმა იუტის შტატიდან გასაყიდად გამოიტანა... საკუთარი შუბლი, $10 ათასად. მყიდველის სასარგებლოდ ის მზად იყო, შუბლზე სარეკლამო სვირინგი გაეკეთებინა. ინტერნეტკაზინო "გოლდენ პალასიც" ადგა და ეს უჩვეულო სარეკლამო ადგილი შეისყიდა.

ერთ-ერთი უნიკალური ლოტი იყო 1993 წელს გამოშვებული სარბოლო ავტომობილი McLaren F1, რომელიც $1,7 მილიონად გაიყიდა. მანქანა ყვითელი ფერისა გახლდათ. ეს "ფორმულა 1"-ის სახელგანთქმული გუნდის, "მაკლარენის" ერთადერთი ყვითელი ავტომობილია მსოფლიოში...

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ბოლო, 2012 წლის მარტის რეიტინგში საქმიანმა გამოცემა "ფორბსმა" პიერ ომიდიარს 141-ე ადგილი არგუნა და მისი ქონება $6,7 მილიარდად შეაფასა. 45 წლის აშშ-ის მოქალაქეს სამი შვილი ჰყავს. ის ჰონოლულუში ცხოვრობს, თუმცა არც სხვაგან გრძნობს თავს მიუსაფრად. მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა სახლმა სან-ხოსეში, რომელსაც აშკარად ემჩნევა აღმოსავლური არქიტექტურის გავლენა. როგორც ჩანს, წინაპართა ძახილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კაპიტნებსაც არავისზე ნაკლებად არ ჩაესმით. კომპანია eBay უიტმენის მოსვლასთან ერთად, ჯერ კიდევ 1998 წელს გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. "ფორბსის" მსოფლიოს უმსხვილესი 2 ათასი საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში ის 322-ე ადგილზეა. ფირმის კაპიტალიზაცია $48,5 მილიარდია და მისთვის 27,7 ათასი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ