"ამოუცნობი კრედიტორი ობიექტი" - კვირის პალიტრა

"ამოუცნობი კრედიტორი ობიექტი"

რუსთავის მეტალურგიული კომპლექსი, რომელსაც ახლა "ქართული ფოლადი" ეწოდება, განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა. პროცედურის მიხედვით, ქონება, რომელსაც საჯარო აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა, კრედიტორის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. კრედიტორმა ბიუროს შესაბამისი განაცხადით 15 დღის ვადაში უნდა მიმართოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ვალებში ჩავარდნილ ქარხანას ერთადერთი კრედიტორი ჰყავს - კომპანია "კოლხის ბიზნეს კორპორაცია".

ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რასაც აღსრულების ეროვნული ბიურო იძლევა. რას საქმიანობს კომპანია, რამდენი ასესხა მეტალურგიულ ქარხანას - ამის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე ბიურომ უარი განაცხადა. ბიურომ ვერც კომპანიის მისამართი დაასახელა. აღნიშნულ კორპორაციას ვერსად მივაკვლიეთ, რადგან მის შესახებ ამონაწერის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კომპანიის დამფუძნებლებისა და რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ეს კომპანია არც საინფორმაციო სამსახურების ბაზაში იძებნება.

იძულებით აუქციონზე, რომელიც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ რუსთავში 2 ნოემბერს გამართა, "ქართული ფოლადი" შპს "თუჯი XXI"-ის 83,3%-იან წილთან ერთად გაიტანეს, რომელიც მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი საწარმოა. ორივე ეს საწარმო შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" საკუთრებაში შედის. "ქართული ფოლადის" 100%-იანი წილის საწყისი ფასი, აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 25% იყო - 22,539 მილიონი დოლარი. ხოლო "თუჯი XXI" 7,572 მილიონ დოლარად შეაფასეს. განმეორებითი აუქციონი გახსნიდან 5 წუთში მყიდველის არარსებობის გამო დაიხურა.

დიდია ალბათობა, რომ "კოლხის ბიზნეს კორპორაცია" აღსრულების ეროვნულ ბიუროში განაცხადს შეიტანს და ქონებასაც დაეუფლება. თუმცა, ქარხნის ქონებაზე პრეტენზიას ბრიტანელი ტომას ბლეიკი აცხადებს, რომელიც ბრიტანული კომპანია "თემზ სტილ ლიმიტედის" ხელმძღვანელია.

ბლეიკმა ქარხანაში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია 2007 წელს ჩადო, მაშინ, როცა საწარმოს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა. ინვესტორის თქმით, საქართველოში წლეულს ივლისში ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ახალი მმართველები, რომელთა შორის პატარკაციშვილის ე.წ. სამართალმემკვიდრე ჯოზეფ კეიც იყო, ქარხანას შლიდნენ და ჯართად ყიდდნენ.

(21-ე გვერდიდან)

ტომას  ბლეიკი (Thames Steel UK Limited-ის დირექტორი, რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ინვესტორი): "რაც საზედამხედველო საბჭოში ჯოზეფ კეი და მის უკან ახალი პიროვნებები გამოჩნდნენ, ქარხანაში სიტუაცია შეიცვალა. მოულოდნელად შევიტყვე, რომ ქარხანა იშლებოდა და ჯართად იყიდებოდა. გარეულია თუ არა ამ საქმეში კეი, ამას დანამდვილებით ვერ ვამბობ, რადგან ქარხანაში არ შემიშვეს და კომპანიის დოკუმენტაციის გაცნობა ამიკრძალეს. მენეჯმენტმა რუსთავის სასამართლოს დადგენილება წარმომიდგინა, რომელიც მიკრძალავს "ქართული ფოლადის" საქმიანობაში ჩარევას. ეს იმ დროს, როდესაც აღნიშნული კომპანიის 100%-ს ფლობს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი", რომლის ბენეფიციარი Thames Steel UK Limited-ი გახლავთ. არ გვაქვს ინფორმაცია კომპანიის დავალიანების შესახებ. ვიცით, რომ არის ფინანსური ვალდებულებები კრედიტორების მიმართ. ქართული ბანკებიდან ადმინისტრაციამ სესხები ჩვენი ნებართვის გარეშე გამოიტანა. რომელია ეს ბანკები ან სხვა კრედიტორები, არ ვიცით. ყველა ბანკს მივწერეთ, რომ ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი, სესხი აეღო. კრიმინალებს, რომლებიც ახლა მართავენ ქარხანას, მოუწევთ სასამართლოში დამტკიცება, რომ "ქართული ფოლადის" მფლობელები არიან. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ საკუთარი ინვესტიციები და ამისთვის ყველა საჭირო გზას მივმართავთ".

კომპანია ძირითადად მაგისტრალურ და ე.წ. სამაგრ მილებსა და სამშენებლო არმატურას აწარმოებს. თვეში საშუალოდ 7 ათას ტონას. კომპანიის მენეჯმენტი გაზაფხულზე აცხადებდა, რომ პროდუქციას აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, იტალიაში, გერმანიასა და რუმინეთში გზავნიდა. საექსპორტოდ ტონა არმატურა 570 დოლარად გააქვთ.

ბრიტანელმა ინვესტორმა წერილი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ორჯერ გაუგზავნა და სთხოვა, მოდავე მხარეს მეტალურგიული ბიზნესის ბანდიტური გზით მითვისების უფლება არ მისცენ. ბლეიკის თქმით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართეს, საკითხის შესწავლაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც. მეტალურგიულ კომპლექსში შექმნილ პრობლემებზე 12 ოქტომბერს ლონდონში მყოფ გრიგოლ ვაშაძეს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში კრის ბრაიანიც ესაუბრა.

კომპანია "ქართულ ფოლადში" ბლეიკის ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს. განაცხადეს, რომ ბრიტანელი ინვესტორის სარჩელის შესახებ არაფერი იციან. კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში ამ საკითხზე გააკეთებენ კომენტარს. "ეკოპალიტრა" განაგრძობს რუსთავის მეტალურგიულ კომპლექსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მოპოვებას. უპასუხებს თუ არა ბრიტანელ ინვესტორს მთავრობა და როგორი რეაგირება მოყვება ბრიტანეთის მხრიდან მათი მოქალაქის თხოვნას, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ.

ნონა ქვლივიძე