საკრედიტო ტალღა -2 - კვირის პალიტრა

საკრედიტო ტალღა -2

რამდენად გაითვალისწინებენ "პირველი ბუმის" გამოცდილებას ბანკები და მსესხებლები

ბანკებმა სასესხო პოლიტიკის გააქტიურება დაიწყეს. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, კომერციული ფინანსური ინსტიტუტები კრედიტებს შეზღუდვებით გასცემდნენ. ახლა კი ერთბაშად საპროცენტო განაკვეთებიც შეამცირეს და სესხის გაცემის პირობებიც გაამარტივეს.

ცოტა ხნის წინ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა "საბანკო კვირეული" მოაწყო, ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა და გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკის გაგონებისას ბევრს ის დრო გაახსენდა, როდესაც ბანკები სესხის გაცემას ლამის იხვეწებოდნენ. ნივთის განვადებით შეძენა ხომ ადვილზე ადვილი იყო. "საკრედიტო ბუმი" ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა და ბანკების ნეგატიური სესხების რაოდენობამ ასეულ ათასებს მიაღწია. წლეულს, უკვე ივლისში, "საქართველოს ბანკმა" მიკროდაკრედიტების ყოველთვიური ლიმიტი გაზარდა (5 მლნ ლარიდან 12,5 მლნ-მდე), სექტემბერში იპოთეკური სესხის ლიმიტი 150 ათას აშშ დოლარამდე გაზარდა. დღესდღეობით უკვე 2-ჯერ დასწია საპროცენტო განაკვეთები მიკროკრედიტებზე, 17%-მდე. ბანკის ჭარბმა ლიკვიდობამ 340 მილიონი ლარი შეადგინა და ცხადია, სესხების გაცემა სურს.

გიორგი  ცუცქირიძე (საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): -ბანკები აქტიური დაკრედიტების პოლიტიკას წარმართავდნენ, შედეგად, მათი სასესხო პორტფელი ყოველწლიურად 65%-ით, ზოგჯერ კი მეტადაც იზრდებოდა. ცხადია, ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იყო რისკებთანაც, რომ ეკონომიკის კონიუნქტურის გაუარესებისას, შესაძლოა ამ სესხების დაბრუნების პრობლემა შექმნილიყო. პრობლემა სწორედ ეკონომიკური სურათის გაუარესების ალბათობა იყო და არა ბანკების ლიბერალური სასესხო პოლიტიკა. ბანკმა თუ ლიბერალური პოლიტიკა არ გაატარა, სხვაგვარად სისტემა ვერ განვითარდება. თუ ბანკები ძალიან შეზღუდულ საკრედიტო პოლიტიკას გაატარებენ და გამკაცრებულ პირობებს წარმოადგენენ, უბრალოდ, მოგებაზეც ვერ წავლენ.

ლიბერალურ სასესხო პოლიტიკას აქვს ერთი საშიშროება -თუ ეკონომიკური კონიუნქტურა გაუარესდება, ამან შესაძლოა პრობლემები წარმოქმნას. თუ იზრდება დასაქმება, ადამიანებს უჩნდებათ შემოსავალი, მათ ეძლევათ სესხის აღებისა და დაფარვის შანსი. ხოლო როცა კონიუნქტურა უარესდება, ხალხი სამსახურს კარგავს და ვისაც სესხი აღებული აქვს, დაფარვის პრობლემა უჩნდება.

ერთბაშად და სწრაფად იმ რეჟიმსა და ვითარებაზე გადასვლა, რაც კრიზისამდე იყო, ვერ მოხდება. წლები დასჭირდება, რომ ეკონომიკა ზრდის მაშინდელ მასშტაბებზე გავიდეს. ზრდის ყოველწლიური ტემპი 11%-საც აღწევდა. ამას, სულ ცოტა, 2-3 წელიწადი მაინც დასჭირდება. აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორი კრიზისამდელ რეჟიმში ვერ იმუშავებს, თუმცა ბანკები უკვე იწყებენ საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებას.

საბანკო სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდა, საბანკო მენეჯმენტის სწორი გათვლების შედეგი იყო. მართალია, იყო ლიბერალური პოლიტიკაც, მაგრამ ის რომ ზღვარგადასული ყოფილიყო, საბანკო კრიზისიც მოხდებოდა და არაერთი ბანკი გაკოტრდებოდა. საბანკო კრიზისი არ ყოფილა, წამყვანი ბანკები პოზიციებს ინარჩუნებენ და პოსტკრიზისული ვითარებიდან გამოსვლას იწყებენ. ანუ, ლიბერალური პოლიტიკაც ზღვარგადასული არ ყოფილა. თუმცა, რა თქმა უნდა, ტარდებოდა ლიბერალური პოლიტიკა, ორიენტირებული საკრედიტო პორტფელის ზრდაზე, ბანკის გაფართოებაზე. იზრდებოდა არა მარტო საკრედიტო პორტფელი, არამედ ხარჯებიც -იხსნებოდა ახალი ფილიალები, სერვისცენტრები.

-ხშირად სესხები მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცემოდა...

-არაუზრუნველყოფილი სესხები ბევრ ქვეყანაში გაიცემა. არსებობს ამ ტიპის სესხების კოეფიციენტი.

ეროვნულ ბანკსა და სხვადასხვა ქვეყნის ყველა ცენტრალურ ბანკს კომერციული ბანკებისთვის დაწესებული აქვს რისკების მართვის კოეფიციენტები, ერთ-ერთი არის შეზღუდვა ფინანსურ რესურსებში, მათ შორის, არაუზრუნველყოფილ სესხებზე. ამიტომ მთლად ასეც არ იყო საქმე. ხშირად გასცემდნენ ისეთ პირებზე, რომელსაც ამ ბანკში სახელფასო ანგარიში ჰქონდათ და სხვ. განვადების სესხებზე ხშირად ამბობენ ხოლმე, პირობები ლიბერალური იყოო. არადა, კლიენტი აუცილებლად ასახელებს პირს, ვინც შესაძლოა მისი თავმდები იყოს.

ლიბერალური პოლიტიკის გარეშე საბანკო სისტემა ვერ განვითარდებოდა. ეს ხაზგასასმელია. ჩვენი ბანკები უკვე იწყებენ აქტიურ საკრედიტო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებენ იმ შეცდომებს, რომელიც შესაძლოა დაშვებული იყო. სხვანაირად მოგებაზე ვერ გავლენ, და ვერც ეკონომიკის დაკრედიტება გაიზრდება. საბანკო სისტემის გააქტიურება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასა და მის ზრდასთან.

ამირან  გიგუაშვილი (ადვოკატი): "მიუხედავად დეკლარირებისა, რომ დაიწყო სესხების გაცემა და გამარტივებულია პირობები, დაბრკოლებები არის. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი კლიენტი ბანკისგან თანადაფინანსებას ითხოვდა, იპოთეკური სესხის სახით. არ იყო საუბარი დიდ თანხაზე, კლიენტი ბანკისგან 5000-დოლარიან თანადაფინანსებას ითხოვდა. მატერიალური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, სახელფასო და უძრავი ქონების საკუთრების შესახებ ცნობების წარდგენის მიუხედავად, ბანკმა უძრავ ქონებაზე ახალი აზომვითი სამუშაოები მოითხოვა. ბანკის იურისტებმა განგვიცხადეს, რომ ასეთია კომიტეტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საკადასტრო რუკაში უნდა აღიწეროს უძრავი ქონების არსებითი ნაწილები. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, სამოქალაქო კოდექსში არის ასეთი ცნება -ნივთი და მისი შემადგენელი ნაწილები. შესაბამისად, ბანკი კლიენტისგან ითხოვდა საჯარო რეესტრის ამონაწერში სახლის დამხმარე ფართის დეტალურად აღწერას (საკუჭნაო, აივანი, საპირფარეშო და სხვა). ეს კურიოზული განმარტებაა. განა შესაძლებელია, სასამართლო დავის შემთხვევაში, მხოლოდ საცხოვრებელი ფართი მიეკუთვნოს ბანკს, დანარჩენი კი კლიენტის საკუთრებაში დარჩეს? კანონი ასეთ განმარტებას არ იცნობს. პირიქით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი, რომელიც განმარტავს, რომ თუ იყიდება, მაგალითად, მიწა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ავტომატურადაა მისი შემადგენელი ნაწილი და მასთან ერთად განიხილება. ბანკების მხრიდან ასეთი დაბრკოლებები კლიენტისთვის დამატებითი ხარჯია. ბანკები კი, როგორც ჩანს, ამით მაქსიმალურად იზღვევენ რისკებს.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც ბანკები კლიენტების წინაშე აყენებენ, არის ნოტარიულად დამოწმებული გარიგების წარდგენა და სანოტარო მოსაკრებელის გადახდა, რომელსაც ისევ კლიენტი იხდის. კანონით არ არსებობს სანოტარო აქტის მოთხოვნის აუცილებლობა. ბანკის იურისტების პასუხი კვლავ ის იყო, რომ ამით რისკებს აზღვევენ. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მისასალმებელი რეფორმები ტარდება კანონდებლობაში. მაგალითად, გამარტივებულია და ამავე დროს დაცულია იპოთეკური ხელშეკრულებების გაფორმება ბანკსა და კლიენტს შორის. ამ დროს კი ბანკი კვლავ მეტად კონსერვატორული რჩება. ანუ ერთი უკიდურესობიდან, რომელსაც ზედმეტად ლიბერალურ საკრედიტო პოლიტიკას უწოდებდნენ, მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავიდნენ".