უძრავი ქონების მაგნატი ორბელიანზეც შევიდა პარლამენტის შენობის ფასის ნახევარი გადახდილია?! - კვირის პალიტრა

უძრავი ქონების მაგნატი ორბელიანზეც შევიდა პარლამენტის შენობის ფასის ნახევარი გადახდილია?!

ორბელიანის მოედანზე, შავთელის ქუჩა #17-ში, თოჯინების მუზეუმის დემონტაჟი მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, ბუბა (ელგუჯა) ქებურიამ იყიდა და თოჯინების მუზეუმის ადგილას 5-ვარსკლავიან სასტუმროს აშენებს. სხვათა შორის, მერიის სამსახურებისთვის მიწერილ სანებართვო განცხადებაში, შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, ვინმე ლ. ქებურია ფიგურირებს. ბუბა ქებურიას სახელს უკავშირდება ასევე, საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვაც. მართალია, ამ ფაქტს ეკონომიკის სამინისტროში დღემდე არ ადასტურებენ, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 50 მილიონი ლარის ნახევარი, რომელიც ქებურიამ პარლამენტის შესაძენად უნდა გადაიხადოს, მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა ბიუჯეტში უკვე გადარიცხა.

უკვე მიმდინარეობს პარლამენტის ისტორიული დარბაზების დემონტაჟი. არავინ იცის, რა ბედი ეწევა ბერიკების ქანდაკებას, ფიროსმანის მეეზოვეს. ასევე დემონტაჟი გაუკეთდა უძველეს შენობას, რომელსაც მუხრანის "სასახლეს უწოდებდნენ" და თოჯინების მუზეუმის გვერდით მდებარეობდა. მეზობლად მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ სასტუმრო "ამბასადორს" ამ შენობების შეძენა დიდი ხანია სურდა.

გიგა ბათიაშვილი (არქიტექტორი): "ეს შენობები კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებში იყო მოქცეული და მისი ასე ხელაღებით დანგრევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოუნდა, დაანგრია და სხვა ააშენა, წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ძეგლთა დაცვა რას მიკეთებს? ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც შეფარებული არიან ამ ძეგლთა დაცვას, ისინი რას მიკეთებენ? ცოტა რამ გაოხრდა ქალაქში, რომ ასეთ ძვირფას ადგილს არ მიადგნენ? ის "ამბასადორიც" რაღაც უბედურება გაკეთდა, ეხლა კიდევ უარესი ხდება. ეს ორი შენობა სასტუმრო "ამბასადორსა" და თოჯინების მუზეუმს შორის, უნიკალური თბილისური ეზოიანი სახლები იყო, მათი ხელის ხლება როგორ შეიძლება.

ბავშვთა ნახატების გალერეის ადგილას, სადაც თოჯინების მუზეუმი იყო განთავსებული, თავის დროზე ფაბრიკა იყო. შოთა ყავლაშვილმა ფაბრიკის ერთი საწარმოო კორპუსი გადააკეთა და ქალაქმა მიიღო მშვენიერი შენობა, სადაც წლების განმავლობაში საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინებოდა. იმის წინ დაიდგა მონასელიძის ქანდაკების ჯგუფი "ბერიკები", უკან - ელგუჯა ამაშუკელის ფიროსმანის მეეზოვე. იმის უკან კიდევ შესანიშნავი კომპლექსია, გაბრიაძის თოჯინების თეატრი, რესტორანი "მუხრანთუბანი" - ისტორიული ფრაგმენტი. გინდ 100-ვარსკვლავიანი სასტუმრო ააგოს ვინმემ, ამ შენობების ხელის ხლება არ შეიძლება! რაც ხდება, სრული უპასუხისმგებლობაა. ან პარლამენტის კედლებს რატომ ეხებიან, შესანიშნავი დარბაზებია, იქიდან შეიძლება მხოლოდ სკამები გამოიტანო, რაზეც პარლამენტარები ისხდნენ. ამ ყველაფერზე პასუხი კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვის სამმართველომ უნდა აგოს".

ბუბა ქებურია თბილისში რესტორან "ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: "ტიფლისი", "თავადი ბაგრატიონი", "ტიფლისკი დვორი", ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი". პარიზში ქებურია რესტორან "ქართულ სახლს" ფლობს. საქართველოში საკუთარი ღვინის ქარხანა ჰქონია, სადაც აწარმოებს ექსკლუზიურ ღვინოებს, მათ შორის "კაჭრეთულს", "ტიფლისსა" და "თავად ბაგრატიონს". სწორედ საქართველოში ჩამოსხმული ღვინოებით ამარაგებს თავის რესტორნებსა და ბარებს მოსკოვში.

მოსკოვში მას დიდ მეცენატსა და მეგობარს უწოდებენ, რადგან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს შემოქმედებით წრეებთან და ხშირად ეხმარება რუსულ ბომონდს. მას უზარმაზარი მამული აქვს კახეთში, სოფელ კაჭრეთში, სადაც რუსი და ქართველი მეგობრებისთვის წვეულებებს აწყობს.

თოჯინების მუზეუმი 1937 წელს დაარსდა. შენობის ფართობი 1640 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მუდმივი გამოფენების გარდა, აქ ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრების, ილუსტრაციების, ინსტალაციების და ფოტოგამოფენები ეწყობოდა. მუზეუმში სულ 2355 ექსპონატი იყო დაცული, მათ შორის მექანიკური (ევროპული და ქართული) თოჯინების უნიკალური კოლექცია, საავტორო თოჯინები, აგრეთვე, ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვიათი კოლექცია და სხვა. ყველა ექსპონატი ამჟამად ახალ შენობაშია გადატანილი. მერიის განმარტებით, თოჯინების მუზეუმი აღმაშენებლის გამზირზე, თოჯინების თეატრში განთავსდება. თუმცა მუზეუმის გარდა, შენობაში ბავშვთა ხელოვნების სტუდიაც იყო განთავსებული. მერიაში ამბობენ, რომ სტუდია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაიდებს ბინას.