"ბიზნესმენები შიშისგან მინდა გავათავისუფლოთ" - კვირის პალიტრა

"ბიზნესმენები შიშისგან მინდა გავათავისუფლოთ"

"ქვეყნიდან დაუბეგრავად დაახლოებით 300 მილიონი დოლარი გადის"

ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-6 ნომერია. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და როგორია მისი, როგორც პოლიტიკოსის გეგმები, თამაზ გაიაშვილმა პირველად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

თამაზ გაიაშვილი: "20 წელი ველოდი, რომ ბიზნესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი იცვლება. მეც დავიღალე და ხალხიც დაიღალა ამ მოლოდინით. ხშირად მსმენია, რომ ამბობენ: ბიზნესმენს პოლიტიკაში რა უნდა, გამოცდილება არ აქვსო. ნუთუ ჯობს, სკოლის მერხიდან მოხვდნენ პარლამენტში და მათ გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ? ბევრ ისეთ ადამიანს ნახავთ პოლიტიკური პარტიების სიებში, ინსტიტუტის მერხიდან პენსიაში გასვლას პარლამენტიდან რომ აპირებს. ბუნებრივია, ამის გამო უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა - რა გააკეთეს მათ ამდენი ხანი პარლამენტში ყოფნით? გადავლახეთ მათი წყალობით სიღატაკის ზღვარი და ბედნიერად ცხოვრობს ხალხი? იმასაც კი არ ითვალისწინებენ, რომ ბევრ ჭკვიან ადამიანს გამოცდილება დაუგროვდა და ეს გამოცდილება აუცილებელია, ცხოვრებაში დაინერგოს და გატარდეს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან შევძლებ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების გატარებას.

დიდი ხანია გიორგი თარგამაძის თანამოაზრე და გულშემატკივარი ვარ. ის გამოკვეთილი ლიდერია. მისი პასუხები კითხვებზე ამბიციური კი არ არის, არამედ კარგად გააზრებული და მრავალგზის აწონ-დაწონილია. მისი ყველა პოლიტიკური საქმიანობა ბრძნული და გააზრებულია. ამიტომაც, უკვე ორი წელია, "ქრისტიანდემოკრატიული" პარტიის წევრი ვარ და საკმაოდ აქტიური.

- პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რა იქნება თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული?

- ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული თემა ბიზნესი იქნება. საქართველოში ბიზნესის აღორძინებას დავეხმარები. გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ მცირე თუ მსხვილ ბიზნესს საქართველოში თავისუფლად საქმიანობის და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს. პირველ რიგში, ბიზნესმენები შიშის სინდრომისგან მინდა გავათავისუფლო. ეშინიათ, რომ დაიჭერენ ან რაღაცას მოუწყობენ. თუ ბიზნესმენი გადასახადს არ იხდის, უნდა დაეკისროს ორმაგის გადახდა, ან სხვა ეკონომიკური ბერკეტებით ვაიძულოთ გადაიხადოს გადასახადი. თუმცა, დღეს გადასახადების გადაუხდელობის მიზეზი, არასწორი საგადასახადო პოლიტიკაა. დარწმუნებული ვარ, ყველა კეთილსინდისიერ ბიზნესმენს სურს, კანონის ფარგლებში, პირნათლად შეასრულოს სახელმწიფოს მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულება.

დაჭერის შიშს გაურბოდა ხალხი კომუნისტების დროს და ის წყობა ამიტომაც დაიშალა. არსებობდა "ობეხეესი" და კაგებე. მე მგონი, დღეს ამ თვალსაზრისით უკეთესი ვითარება არ გვაქვს.

ამ მთავრობის მიღწევებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ფართომასშტაბიანი მშენებლობები დაჩქარებული ტემპებით, ძველ დროს მაგონებს - შევასრულოთ ხუთწლედი 3 წელიწადში!

საქართველოში ყოველი მეორე ვაჭრობით ირჩენს თავს. ჩვენს ქვეყანაში აღარ მუშაობს ფაბრიკა-ქარხნები, აღარც ცეკავშირი არსებობს, რომელიც გლეხებისგან პროდუქციის შესყიდვას აწარმოებდა. დღეს გლეხებიც ვაჭრობენ. მთელი ქვეყანა გადასულია რეჟიმზე - იყიდე-გაყიდე! ხელისუფლება მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ქართველები მომსახურების სფეროში - მეხინკლეებად და ტაქსის მძღოლებად იყვნენ დასაქმებული და რომ მაღალ ტექნოლოგიებზე არ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი! დღეს უმუშევრობის ყველაზე დიდი მიზეზი პროფესიული განათლების არქონაა, რაზეც სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სამუშაო უნდა გასწიოს. კი ვამბობთ, რომ ხინკალი უნდა მოვხარშოთ, მაგრამ მისი სპეციალისტიც ძნელად საპოვნელია. ამ საქმესაც სწავლა სჭირდება. ამიტომ საჭიროა, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც აღადგენს პროფესიულ სასწავლებლებს. ჩვენ აღარ გვყავს მშენებლები, ინჟინრები, მფრინავები, ტექნიკოსები. ეს სფეროები დაღუპვის გზაზეა.

- სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე წინასაარჩევნოდ ყველა პარტია საუბრობს, თქვენ კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ, როგორ დაეხმარებით ამ დარგს?

- ვერ დავიჩემებ, რომ სოფლის მეურნეობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ვარ, მაგრამ სოფელში დაბადებული და გაზრდილ კაცი ვარ, ამიტომ ბევრი რამ ვიცი ამ სფეროს შესახებ. დღეს მთავრობის სტრატეგიული ამოცანა სოფლად მცხოვრები ადამიანის ადგილზე დასაქმება უნდა იყოს. ვენახი და ღვინო კარგია, მაგრამ სეზონურად. ყველა ოჯახს სჭირდება სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი. ოჯახი იმის შიშით არ უნდა იყოს, რომ შეიძლება სეტყვა მოვიდეს, გვალვა იყოს, მოსავალი ვერ მიიღოს და მშიერი დარჩეს მთელი წლის განმავლობაში. სოფლებში უნდა მუშაობდეს სასოფლო ტექნიკის შემკეთებელი მინიქარხნები, სადაც გლეხი საკუთარი ტექნიკის შეკეთებას შეძლებს, ასევე წვრილმანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოები. დღეს გლეხი, მძიმე ფინანსური მდგომარეობის და საწვავის სიძვირის გამო, მიწას ვერ ამუშავებს.

ჩვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების წინაშე დავაყენებთ საკითხს, რომ აშენდეს ნავთობგადამმუშავებელი დიდი საწარმო, სადაც მოხდება იმ ნავთობის გადამუშავება, რომელიც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადის საქართველოზე. დღეს ქართველებმა ისიც არ ვიცით, რა სარგებელი მოაქვს მას. მოვითხოვთ, ჩვენი წილი ამ ნავთობსადენიდან ფულით კი არა, ნავთობის სახით მივიღოთ. საწვავს კი, რომელსაც შემდეგ ამ ქარხანაში ნავთობის გადამმუშავებით მიიღებენ, შეღავათიან ფასად მივცემთ გლეხებს ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების დროს. ასევე, მოვსპობთ მონოპოლიებს საწვავის ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. იქ, სადაც საწვავი იაფია, ნებისმიერი ბიზნესი კონკურენტუნარიანი ხდება.

- რა თანხის ინვესტიცია იქნება საჭირო ასეთი ქარხნის ასამუშავებლად?

- რა თქმა უნდა, არც ისე მცირე - ნახევარი მილიარდი დოლარი. ეს დიდი ბიზნესია, მაგრამ სახელმწიფო თუ კერძო ინვესტორი ჩადებულ თანხებს მოკლე დროში ამოიღებს. ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება მისი რეალიზაციაც, რადგან ის ლიკვიდური ბიზნესია.

- იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ დაგთანხმდებათ, საიდან აპირებთ ასეთი თანხის მოზიდვას?

- კერძო ინვესტორებს მოვიძიებთ, მათ, ვისაც საქართველოს აღორძინება სურთ. მხედველობაში მყავს ყველა ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უცხოეთშია და დიდი კაპიტალი აქვს დაგროვილი, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილიც.

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ კარგი მსმენია. მისი საქმიანობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, კარგი ბიზნესმენია და კარგი მეოჯახე. ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს რიგ შემთხვევებში არასწორი შეხედულებები უყალიბდება პიროვნებებზე. ერთ რჩევას მივცემდი - აჯობებს, ნაკლებად მოექცეს ინტრიგების გავლენის ქვეშ, პირადად გაიცნოს ადამიანები და დასკვნები ამის შემდეგ გამოიტანოს. პირადი ურთიერთობები სიკეთის მომტანია. კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის კი, ჩვენ ყველასთან მზად ვართ.

- ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლით ხომ არ იყო ნაკარნახევი? საკმაოდ უცნაურია, რომ თქვენმა ავიაკომპანიამ გააუქმა რეისები ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართულებით მაშინ, როცა მოთხოვნა ამ რეისებზე დიდია და დღეს ბილეთის შოვნაც კი ჭირს?

- როგორც მოგეხსენებათ საქართველოში "ღია ცის" პოლიტიკაა გამოცხადებული, რომელიც ცალმხრივად მოქმედებს. არ ფუნქციონირებს ანტიმონოპოლიური სამსახურიც.

მსხვილმა კომპანიებმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვაიძულეს, რომ გაგვეუქმებინა ფრენები ფრანკფურტის, კიევის, დუბაის და სხვადასხვა მიმართულებით. როცა ჩვენ ფრენები შევაჩერეთ, მათ მომენტალურად გააძვირეს ბილეთის ღირებულება, რაც მოსალოდნელი იყო.

პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს ავიაციის მიმართ, გაუაზრებელია. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში აღარ გვეყოლება ეროვნული ავიაკომპანია.

პირადად ჩემთვის, დღემდე გაუგებარია, რომ ეკონომიკის სამინისტროში არ გამოინახა ადამიანი, რომელიც აიღებდა კალკულატორს და დაითვლიდა, რა მოგებას იღებს ქვეყანა უცხოური ავიაკომპანიებისაგან. ყოველ წელს, ქვეყნიდან დაუბეგრავად დაახლოებით 300 მილიონი დოლარი გადის.

საქართველოში არსებული უცხოური ავიაკომპანიები, ყველა ერთად აღებული, საქართველოს 50 მოქალაქესაც კი ვერ ასაქმებს. მხოლოდ პატარა, 5 თვითმფრინავის მქონე "აირზენაში", 600 კაცია დასაქმებული. იმას კი არ ვამბობ, რომ უცხოურმა ავიაკომპანიებმა არ უნდა იფრინონ, ფრენები უნდა ხორციელდებოდეს პარიტეტისა და ანტიმონოპოლიური კანონების დაცვით.