ტაქსების განგაში თბილისში - კვირის პალიტრა

ტაქსების განგაში თბილისში

"რაც მიკროავტობუსებთან დაკავშირებით მოხდა, გამორიცხულია მოხდეს ტაქსებთან დაკავშირებითაც"

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერია კიდევ ერთი მასშტაბური ტენდერისთვის ემზადება. , დედაქალაქისაუბარია თბილისში კერძო ტაქსების აკრძალვაზე და ამ უფლების გადაცემაზე ერთი ან რამდენიმე კომპანიისთვის, რომელიც სპეციალურად ამისთვის მსუბუქ ავტომობილებს ჩამოიყვანს.

კულუარული ინფორმაციით, დაახლოებით ისეთი სცენარი მზადდება, როგორიც სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში. მერიაში ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ კერძო ტაქსები მათი რეგულირების სფეროში არ შედის, ვინ რა მარკისა და რამდენ ავტომობილს შემოიყვანს, ეს კერძო სუბიექტის საქმეა. ტაქსის მძღოლები კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ თბილისში მხოლოდ ახალი ტაქსები იმოძრავებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის "რენოს" მარკის თეთრი და ყვითელი ფერის ტაქსი თბილისში უკვე მოძრაობს, 2000 ავტომობილი ჩამოყვანილია, კიდევ 2000 კი გზაშია. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 5000-მდე ტაქსის შემოყვანა იგეგმება, ელექტრონიკით, რომელიც აღრიცხავს დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობას, კილომეტრაჟს, მგზავრების რაოდენობას და სხვ. საინტერესოა, რომ მათ საწვავით კომპანია "გალფი" უზრუნველყოფს, სადაც გეგმავენ მათთვის ავტოგასამართი სადგურების შექმნასაც.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ტაქსები სავარაუდოდ იმ ბიზნესჯგუფს შემოჰყავს, რომელიც თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას აკონტროლებს. ტაქსის მძღოლები ვარაუდობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა სამარშრუტო მიკროავტობუსების მსგავსად აპირებს ტაქსების ბიზნესში მონოპოლისტი ფირმის შეყვანას... მძღოლები ახალ ტაქსებზე ტესტირებით შეარჩიეს, ისინი 10-დან 22 საათამდე მუშაობენ და შემოსავლის 20%-ს იღებენ.

მეორე ვერსიით კი "რენოს" ტაქსები პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებული ახალი ბიზნესია, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კომპანია "გალფი" მონაწილეობს. ახალი ტაქსები თბილისში კომპანია "ვესტ საიდ ჯგუფმა" შემოიყვანა, რომლის დირექტორია ლევან გაგვიშვილი "არკადია მენეჯმენტის" დამფუძნებელი და "თბილისის ცირკის" ფინანსური მენეჯერი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის. "ვესტ საიდ ჯგუფი" 2010 წლის აპრილში დაფუძნდა. ამჟამად კომპანიის 50,1%-ს ოთარ დაბრუნდაშვილი, ხოლო 49,9%-ს ალექსანდრე ამაშუკელი ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის გაზაფხულზე პატარკაციშვილების ოჯახმა საქართველოს მთავრობასთან არსებულ აქტივებზე დავა ოფიციალურად შეწყვიტა. ინა გუდავაძემ გამოიწვია საჩივარი და განაცხადა, რომ ამ აქტივებზე პრეტენზიები არ ექნებოდა. 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დავის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ლავრენტი ალანია (საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე): "რვა წლის წინ გაუქმდა ე.წ. 7-ლარიანი სანებართვო სისტემა ტაქსებისთვის და ამით, ფაქტობრივად, შეწყდა აღრიცხვა, რამდენ ადამიანს გადაჰყავს საკუთარი მსუბუქი ავტომობილით მგზავრები. არც სტატისტიკა არსებობს, რამდენი ტაქსი მოძრაობს ქვეყანაში და არც მძღოლს სჭირდება ნებართვა საკუთარი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადასაყვანად. ჩემი შეხედულებით, ეს არასწორია. განა მკაცრი სანებართვო რეგულაციები უნდა შემოვიღოთ, მაგრამ სიმბოლური თანხა მაინც უნდა იყოს მოსაკრებლის სახით და ის მაინც გვეცოდინება, რამდენი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული.

ზოგი დღისით სხვა სამსახურში მუშაობს, საღამოს კი თავისი მანქანით მგზავრები გადაჰყავს და ამით ცოტა ფულს შოულობს. ბაზარზე მოქმედებენ კომპანიებიც, მათ შორის ე.წ. ირანული, უზბეკური ტაქსები და სხვ. მათ, ფაქტობრივად, იჯარით ჰყავთ მანქანები აღებული, რომლებზეც მძღოლები არიან დასაქმებული და მათგან ყოველდღიურ მოსაკრებელს იღებენ, სულ ცოტა, 55 ლარს დღეში. ვისაც საკუთარი მანქანით გადაჰყავს მგზავრი, არავისთან ანგარიშვალდებული არ არის.

საავტომობილო ტრანსპორტის პროფკავშირები უკვე დიდი ხანია ვითხოვთ ქალაქების მიხედვით ტაქსის პრინციპით მომუშავეთა აღწერას. თუ ვინმე ამ სფეროს რეფორმირებას მოინდომებს, ის მაინც ხომ უნდა იცოდეს, რამდენ ადამიანს შეეხება ეს რეფორმა. აქ ბრმად რამის გაკეთება დაუშვებელია, რადგან შეიძლება ათობით ათასი ადამიანი ლუკმაპურის გარეშე დარჩეს. დღეს "ტაქსაობა" ბევრისთვის თვითგადარჩენის ბიზნესია. ადამიანმა, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს, ორი გზა ნახა თავის გადასარჩენად - გარევაჭრობა ან "ტაქსაობა". თბილისში მხოლოდ ადგილობრივები კი არ "ტაქსაობენ", ამისთვის ხალხი რუსთავიდან, თეთრიწყაროდან, დუშეთიდან, მცხეთიდან, საგარეჯოდან, გორიდან, ყველა ახლომდებარე რაიონიდან ჩამოდის.

ჩემამდეც მოვიდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ჩამოყვანილია ახალი ავტომობილები მონოპოლისტი ტაქსოკომპანიისთვის და მალე მომდევნო პარტიაც შემოვა. ბიზნესმენი რომ ვიყო, სანამ კანონი და შესაბამისი რეგულაცია არ მექნება, ბოდიში და გიჟი უნდა ვიყო, მანქანები რომ ვიყიდო და ჩამოვიყვანო. რამე სახის რეგულაციაზე კი ამ სფეროში ჯერჯერობით ღიად არავინ საუბრობს. თუ ვინმემ რამე რეფორმა მოინდომა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელია. რაც მიკროავტობუსებთან დაკავშირებით მოხდა, გამორიცხულია მოხდეს ტაქსებთან დაკავშირებითაც.

- საუბარია, რომ შესაძლოა იმავე კომპანიამ შექმნას თბილისის ტაქსოპარკიც...

- იმ კომპანიას რა ვალდებულებებიც აქვს აღებული, ჯერ ისინი შეასრულოს და შემდეგ დაიწყოს სხვა ბიზნესზე ფიქრი. მე შევხვდი მაგ კომპანიის ხელმძღვანელობას, განვიხილავდით მიმდინარე საკითხებს, მათ შორის ავტოფარეხების სიმცირეს, მეტრომანებზე გადასვლას, მარშრუტების გადახედვას, რათა ისინი მომგებიანი გახდეს და სხვ. კომპანია "ჯითი" მოტორსი, რომელმაც ავტომობილების ჩამოყვანა უზრუნველყო, სათადარიგო ნაწილებს მძღოლებს ძალიან ძვირად აწვდის. ბევრი ისეთი პრობლემა დაგროვდა, რასაც დრო სჭირდება, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიდეს.

დღეს თბილისში საშუალოდ 50 ათასი მსუბუქი ავტომობილი მოძრაობს ტაქსის ნიშნით. 4 ათასი ავტომობილი როგორ ეყოფა თბილისს? მაშინ გამოდის, 40 ათას ადამიანზე მეტი უმუშევარი რჩება. სახელმწიფომ თუ რეფორმა გადაწყვიტა და ტაქსების რაოდენობა 4 ათასამდე დაიყვანა, ეს სოციალური რევოლუციის ტოლფასი იქნება.

მისახედი ამ სფეროში სხვა რამ არის. მგზავრის უფლებებია დასაცავი. ბევრი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება ემსახურება დღეს კლიენტებს. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილი აფეთქებულა, ზოგს საწვავი აირის ბალონის ნაცვლად, საბარგულში ჟანგბადის ბალონი აქვს, არის შემთხვევები, რომ მანქანას სავარძლები არ უვარგა, საბურავები აქვთ გაცვეთილი და ზამთარში საფრთხეს ქმნის და სხვ.

რაც მთავარია, ქალაქში შესაბამისი პარკინგი უნდა იყოს მოწყობილი ტაქსებისთვის, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია. არ შეიძლება, კლიენტის "გამოსაჭერად" ტაქსი ქალაქში წრიულად მოძრაობდეს. ზოგს ეცინება, როცა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ქალაქის რამდენიმე ადგილას სველი წერტილების მოწყობა მოვითხოვეთ, მაგრამ ესეც აუცილებელია".

P.S. გვეყოლება თუ არა კიდევ ერთი მონოპოლისტი საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესში, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მაგრამ დამთხვევები, თუნდაც ტაქსისა და სამარშრუტო ტაქსების შეფერილობის მსგავსებაც კი, ბევრ ეჭვს აღძრავს. თვით "ვესტ საიდ ჯგუფის" წარმომადგენლები თბილისის ტაქსების ბაზარზე მონოპოლიის დამყარების გეგმებს კატეგორიულად უარყოფენ, მათი განცხადებით, საუბარი არ არის არც ათასობით ავტომობილის შემოყვანაზე.