რას მოუტანს სოფლის მეურნეობას ფერმერული გაერთიანებები - კვირის პალიტრა

რას მოუტანს სოფლის მეურნეობას ფერმერული გაერთიანებები

სოფლის მეურნეობის დასახმარებლად საქართველოში სხვადასხვაგვარი გზები მოუსინჯავთ. - "იაფი კრედიტი", სახელმწიფო სუბსიდიები რთველისთვის, ამონიუმის გვარჯილის ტომარა თუ 20 ლიტრი საწვავი. იყო პროგრამა - ტრაქტორი სოფელს. სოფლის მეურნეობა მომგებიან დარგად არ მიიჩნევა და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მიწა რჩება დაუმუშავებელი.

ასწლეულზე მეტია, მთელ მსოფლიოში უწყვეტად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება-კონცენტრაცია. ცხადია, ამას წვრილი და საშუალო მეურნეობების გაკოტრება ახლავს თან. აშშ-ის, კანადის, დასავლეთი ევროპის, ავსტრალიისა თუ ახალი ზელანდიის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს შრომის მწარმოებლობისა და მოსავლიანობის გაზრდის გზაა. XX საუკუნის მიწურულს აშშ-ში ფერმების მესამედი წვრილი იყო და ისინი მთელი პროდუქციის 3%-ს აწამოებდნენ. პროდუქციის მესამედს მსხვილი ფერმები იძლეოდა, რომელთა რაოდენობრივი წილი სულ 1,5% იყო.

მაგრამ ჩვენს ქვეყანას სხვაგვარი საფრთხები უდგას. საქართველო ვერ მიიღებს სოფლის მეურნეობის იმგვარ გაზრდა-გადარჩენას, რასაც ფერმერების უმეტესობის (ანუ გლეხობის) გაკოტრება (ანუ სოფლის დაცარიელება) მოჰყვება. არადა, დაქუცმაცებული მიწის ნაკვეთებით მეტად ძნელია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევა. ამისთვის ერთ-ერთი საგულისხმო საშუალება ისევ დასავლეთში შეგვიძლია მოვიძიოთ, სადაც სოფლის მეურნეთა კოოპერირების ხანგრძლივი გამოცდილება არსებობს. "გამოსავალი დარგის მომგებიან სფეროდ გადაქცევაა" - სათქმელად ადვილია. უცხოური გამოცდილება მეთოდების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს და ერთ-ერთი გზა სწორედ სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბება-განვითარებაა.

როინ ადამაძე (საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე): "ჩვენ არ გვაქვს დიდი ფართობის მიწები, როგორც უკრაინას, ყაზახეთს, რუსეთს. სოფლად გლეხს მიწა საშუალოდ 1 ჰექტარამდე აქვს. ამ მცირე ფართობებში ტექნიკის გამოყენება ძნელია და ძვირიც ჯდება. საქართველოში თუ დაინერგება მრავალდარგოვანი კოოპერატივები, წევრები საწარმოში საკუთარი შრომით შევლენ. აბა, გლეხებს რომ ვუთხრათ, კოოპერატივში შენი მიწით შემოდიო, კოლმეურნეობა გამოვა.

მრავალდარგოვანი კოოპერატივი გლეხებს წარმოებაში დაეხმარება: დაგეგმვით, თუ რისი წარმოებაა ხელსაყრელი, ტექნიკით, გადამმუშავებელი წარმოებით, პროდუქციის გასაღებით. კოოპერატივები რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს. მაგალითად კახეთში, მევენახეობასთან ერთად, დაემატება სხვა დარგიც, ვთქვათ, მეცხოველეობა. ეს იმისთვის, რომ გლეხი მხოლოდ ვენახზე არ იყოს დამოკიდებული და თუ სეტყვა მოვიდა, მთლად ულუკმაპუროდ არ დარჩეს. მრავალდარგოვანი კოოპერატივები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ერთმანეთსაც დაეხმარებიან პროდუქციის რეალიზაციაში. გლეხს მეტ შემოსავალს მისცემს გადამუშვებული პროდუქციის გაყიდვა, ვიდრე ახლა რჩება ნედლეულის ჩაბარებიდან. როცა გლეხი შემოსავალს მიიღებს არა ყურძნის, არამედ კოოპერატივის ჩამოსხმული ღვინის გაყიდვიდან, ეს შემოსავალი მეტი იქნება, ვიდრე დღეს მეღვინის მიერ გადახდილი ფული და ზემოდან სახელმწიფოს 15-თეთრიანი დანამატია. საქართველოში 5 ათასამდე მრავალდარგოვანი კოოპერატივის ამოქმედებაა შესაძლებელი. თუ სახელმწიფო კოოპერატივებს დაბალპროცენტიანი სესხით დაეხმარება, ისინი გაჩერებულ გადამმუშავებელ ქარხნებს აამუშავებენ. 2-3 წელიწადში კოოპერატივები სესხს დააბრუნებენ და მოგებაზე დაიწყებენ მუშაობას. თუ ასეთი ინიციატივები იქნება, კოოპერაციას ალბათ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც გაუწვდიან დახმარების ხელს".

ნიკოლოზ ზაზაშვილი (საქართველოს აგრარული განვითარების ფონდის დირექტორი): "სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელიც მხოლოდ ცალკეული ადამიანების მიღწევებით ვერ განვითარდება. აუცილებელია რაღაც გაერთიანებები შეიქმნას. თავის დროზე პრივატიზაცია ისე განხორციელდა, რომ მიწაცა და ქონებაც ძალიან დაქუცმაცდა. რთულია ასეთი მცირე წარმონაქმნების ეფექტურად საქმიანობა.

ამ ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა მარცვლეულის თესვა. მიწის ნაკვეთები ძალიან მცირეა. თითოეულზე ცალკე რომ გადაწყვიტონ მარცვლეულის მოყვანა – ძვირი ჯდება. მოყვანაც ძნელია და დაბინავებაც. თან ცალკეული გლეხი ბაზრის მოთხოვნას ვერ ხედავს, ვერც ბაზარი ხედავს მიმწოდებელს. სოფლის მეურნეობაში, სულ მცირე, 1-წლიანი დაგეგმვაა საჭირო. უცხოეთში ხშირად 5-წლიანი გათვლაც ვერ იძლევა მაქსიმალურ შედეგს. ჩვენთან კი ეს 1-წლიანი გათვლაც შეუძლებელია. ამიტომ გაერთიანებები – კოოპერატივები, ინტერესების დაცვის მეტ საშუალებას იძლევა. შესაძლებელი გახდება ბაზრის შესწავლა და იმ პროდუქციის შექმნა, რაც გაიყიდება. ვფიქრობ, შეიძლება, რომ ეს დარგი მოგებიანი გახდეს".