"იაგუარი" - მხეცი მოტოციკლეტის ეტლიდან - კვირის პალიტრა

"იაგუარი" - მხეცი მოტოციკლეტის ეტლიდან

ბიზნესი წმინდა ინგლისური სტილის ერთგულებით

ბრიტანული ავტომობილი - ამ სიტყვების გაგონებისას ბევრს ალბათ სწორედ "იაგუარი" წარმოუდგება თვალწინ და ეს გასაკვირი არ არის. გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსებული ინგლისური კონცერნი სხვა ნებისმიერზე მეტად განასახიერებს ბრიტანულ სტილს. წარმოსადეგი, დიდებული, ერთდროულად ცივიც და ტემპერამენტულიც, და ყველაფერთან ერთად თამამი და უტიფარი... "იაგუარი" ლეგენდარული მარკაა, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებიც არაერთხელ შეხვედრია. მფლობელი ბოლოს მან 2008 წელს გამოიცვალა, როცა ამერიკულმა "ფორდმა" ინდურ "ტატა მოტორზს" მიჰყიდა.

ორმა ბრიტანელმა, უილიამ ლაიონსმა და უილიამ უოლმსლიმ კომპანია Swallow Sidecars-ი 1922 წელს დააარსეს. ფირმა მოტოციკლეტების გვერდითა ეტლებს ამზადებდა. თუმცა ამას დიდი მოგება არ მოჰქონდა და კომპანია საავტომობილო სავარძლების დამზადებაზე გადაერთო. დამკვეთთა შორის იყვნენ ინდუსტრიის გიგანტები, იტალიური "ფიატი", ბრიტანული "ოსტინი" და "უოლსილი", "მორისი" და "სვიფტი". ყველა ხაზს უსვამდა, რომ "სვოლოუ საიდკარზის" სავარძლები იყო ჭეშმარიტად ბრიტანული სტილისა, ინტელექტუალებზე გათვლილი. და, რა თქმა უნდა, იაფიც არ ღირდა.

შეკვეთები ყოველწლიურად იმატებდა და 1931 წელს კომპანია ზღვისპირა ქალაქ ბლეკპულიდან ჩრდილოეთით, კოვენტრიში გადავიდა. ახალ ადგილას SS-მა წარმოების გაზრდა ქარხნის დიდი ფართობის ხარჯზე შეძლო, რამაც, თავის მხრივ, მუშახელის რაოდენობაც გაზარდა. გარდა ამისა, უილიამ ლაიონსმა საკუთარი ავტომობილის დაპროექტებას მიჰყო ხელი. იმავე წელს გამოჩნდა კომპანიის პირველი ავტომანქანა SS I. ეს მოდელი ორი მოდიფიკაციისა იყო - 16 და 20-ცხენისძალიანი. მისი წარმოება 1936 წლამდე გრძელდებოდა. 1932 წლიდან გამოუშვეს მისი შემცირებული მოდელი SS II. ერთიცა და მეორეც შეძლებულ მყიდველებზე იყო გათვლილი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში კომპანია სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე გადაეწყო. ავტომობილები გვერდით გადაიდო, ვიდრე 1948 წლამდე. მაგრამ ამ დროისთვის კომპანიას უკვე სხვა სახელი, Jaguar-ი ერქვა - თანამოძმეთაგან გამორჩეული მხეცის სახელი, რაც სავსებით შეეფერებოდა საფირმო ავტომობილებს. გადარქმევის მეორე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აბრევიატურა SS-ი მეტისმეტად უსიამოვნო ასოციაციებს აღძრავდა.

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

კომპანიაში დაიწყეს მუშაობა ახალ, ორცილინდრიან ძრავებზე. ეს თითქმის რევოლუციის ტოლფასი იყო, პირველად სწორედ "იაგუარში" გამოიყენეს ორ და ოთხცილინდრიანი ძრავები სერიულ ავტომობილებში. 1948 წელს კომპანიამ ლონდონის ავტოგამოფენაზე წარმოადგინა "იაგუარის" ახალი მოდელი XK. მან ნამდვილი ფურორი მოახდინა არა მხოლოდ საკუთარი გარეგნობით, არამედ ძრავის წყალობითაც - 40-იანი წლების ბოლოს 105-ცხენისძალიანი ძრავა ფენომენალური რამ გახლდათ! "იაგუარის" XK-120 მოდელი 120 კმ/სთ-ს ავითარებდა. ეს იმ დროისთვის იგივე იყო, რაც დღეს ჩვენთვის "ფერარია" - სწრაფი და ძვირფასი.

50-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ ყურადღება ავტორბოლებს მიაპყრო. უკვე ცხადი შეიქნა, რომ ავტომობილისთვის საუკეთესო რეკლამა რბოლებში მონაწილეობა გახლდათ, იქ გამარჯვება კი ყველაფერს სჯობდა. 1951 წ გამოვიდა მოდელი "იაგუარი" C-Type, სპეციალური აეროდინამიკური ძარით. სწორედ მან მოუტანა კომპანიას პირველი გამარჯვებები ავტორბოლებში. მათ შორის იყო 1951 წლის ლეგენდარული 24-საათიანი შეჯიბრება ლე-მანში.

1954 წელს გამოვიდა პოპულარული კაბრიოლეტი XK-140, ასევე D-Type, რომელიც დღეს კოლექციონერთა ნამდვილი სიამაყეა. ეს მანქანა სულ 88 ცალი დამზადდა. 50-იანების ბოლოს გამოჩნდა მოდელი MK II, რომელიც არა მარტო დიდი სიჩქარით, არამედ დიდი საიმედოობითაც გამოირჩეოდა, ეს მოდელი დიდხანს გამოიყენებოდა დიდი ბრიტანეთის პოლიციაში. მოდელს მოდელი ცვლიდა, ოღონდ ძველები კი არ ქრებოდა, არამედ იმ ჭეშმარიტი "ავტოთაყვანისმცემლების" ხელში ხვდებოდა, ვისაც ჯერ კიდევ მაშინ ესმოდა "იაგუარის" სამომავლო ფასი.

კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა 1966 წელს მოხდა, როცა მანქანების გაყიდვის გაძნელების გამო ის ჰოლდინგ "ბრიტიშ მოტორ კორპორეიშნში" შევიდა, სადაც "ოსტინ-მორისს" შეუერთდა. ორი წლის შემდეგ ჰოლდინგს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია, "ლეილანდი", რომელიც უკვე ფლობდა "როვერს" და ჰოლდინგს "ბრიტიშ ლეილანდ მოტორ კორპორეიშნი" ეწოდა. ფინანსური სიძნელეების გამო, 1975 წელს, მთავრობამ მისი ნაციონალიზაცია მოახდინა და კომპანია შპს "ბრიტიშ ლეილანდი" გახდა. 80-იან წლებში "იაგუარი" ამ ჯგუფსაც გამოეყო, ხოლო 1984 წელს თეტჩერის კაბინეტის პრივატიზაციის პოლიტიკაში მოჰყვა, შემდეგ კი ფასიანი ქაღალდების ბაზარზეც გავიდა.

უნდა ითქვას, რომ შერწყმებს "იაგუარის" პოლიტიკა მკვეთრად არ შეუცვლია. იგი ძველებურად დამოუკიდებელი იყო, თანაც მან ჯერ კიდევ 1960 წელს შეიერთა ინგლისური საავტომობილო კომპანია "დაიმლერი", რომლის ტექნიკური მიღწევები ძალიანაც გამოსადეგი აღმოჩნდა (არ უნდა ავურიოთ გერმანულ "დაიმლერ-ბენცში"). თვით იმ მარკის ავტომობილები ნელ-ნელა ქრებოდნენ ბაზრიდან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია "იაგუარისთვის", 90-იან წლებამდე გამოეშვა "დაიმლერის" ზოგიერთი მოდელი.

1988 წელს ქვეყანას მოევლინა სახელგანთქმული ავტომობილი "იაგუარ" XJ220, რომელიც საათში 220 მილს ავითარებდა. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად 1994 წლამდე რჩებოდა. 1989 წელს ცალკეული ფილიალი, "იაგუარ სპორტი" შეიქმნა და მოგვიანებით ფირმა ცალკე გუნდად მონაწილეობდა "ფორმულა-1"-ის რბოლებშიც... აშშ-ში "იაგუარის" პოპულარობა აშკარად იზრდებოდა, სადაც მაშინ ზოგადად ევროპულ, "ლუქსის" კლასის ავტომობილებს ამჯობინებდნენ. სწორედ ამ მიზეზით ამერიკულმა "ფორდმა" 1989 წელს იყიდა ბრიტანეთის სიამაყის, "იაგუარის" აქციები. "ფორდის" ხელში აღმოჩნდა აგრეთვე "ასტონ მარტინი", "ვოლვო", 2000 წლიდან კი "ლენდ როვერი". ოცი წლის შემდეგ "ფორდმა" არამომგებიანი "იაგუარი" თავიდან მოიშორა ("ლენდ როვერთან" ერთად) და 2008 წელს ინდურ "ტატა მოტორზს" გადაულოცა, 1,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგად.

ვარსკვლავური ბედი

აღსანიშნავია, რომ "იაგუარი" არა მარტო შესანიშნავი საავტომობილო მარკაა, არამედ ის შოუბიზნესისა და პოლიტიკის ვარსკვლავიცაა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა სწორედ "იაგუარით" დადის. შავი "იაგუარით" იწონებდნენ თავს ბრიტანელი პრემიერები, ბრაუნი და ტონი ბლერი.

საავტომობილო მარკა ასევე პოპულარულია მუსიკოსებსა და მსახიობებს შორის. სტინგი ამ მარკის ძველი თაყვანისმცემელია - ის ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა "იაგუარზე", როცა სკოლის უბრალო მასწავლებელი იყო, ახლა კი რამდენიმე მანქანა ჰყავს და ისინი მის კლიპებშიც "იწონებენ" თავს. "იაგუარის" თაყვანისმცემელთა რიგებში იყვნენ და არიან ელიზაბეტ ტეილორი, კლარკ გეიბლი, ჰემფრი ბოგარტი, ჯეკ ნიკოლსონი, სემიუელ ელ ჯეკსონი, როი ოსბორნი, ფეხბურთელი ალან შირერი... ინგლისური ფეხბურთის პრემიერ-ლიგაში "იაგუარს" განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია.

ეს კიდევ არაფერი. "იაგუარს" სწყალობენ სამეფო ოჯახები - ის ხომ მათთვისაა შექმნილი. სხვადასხვა დროს სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი, მონაკოს პრინცესა გრეის კელი და პრინცი რანიე, დანიის პრინცი ჯორჯი და სხვა ცისფერსისხლიანი პერსონები.

ინდური ნავსაყუდელი

კომპანიის ისტორიაში არ არის განსაკუთრებული ძვრები ან რყევები. ეს არის ბიზნესი ტიპური ინგლისური განვითარებით. "იაგუარი" ყოველთვის საკმაოდ დახურული ფირმა იყო, მაგრამ ეს მის იმიჯს მხოლოდ ამყარებდა. თუმცა იყო დრო, როცა ზარალს ზარალი მოსდევდა. ცოტა უცნაური იყო, რომ ინდური "ტატა მოტორზი", რომლმაც მარკა ამერიკული "ფორდისგან" შეიძინა, იაფი ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ბიზნესის სამყაროში ბევრს ვერ გაეგო, რად უნდოდა ასეთ კომპანიას ძვირფასი მანქანების მწარმოებელი მარკა, და ისიც წამგებიანი?! თუმცა დრომ პესიმიზმი გააქარწყლა. ძვირფასი ბრიტანული საავტომობილო მარკების შეძენა ინდური ფირმის საქმეებზე დადებითად აისახა და შედეგით იქ ძალიანაც კმაყოფილი არიან.

დღეს "იაგუარი" "ტატა მოტორზში" შედის, ჯგუფ "იაგუარ ლენდ როვერის" მეშვეობით. "ფორბსის" მსოფლიოს უმსხვილესი 2000 საჯარო კომპანიის ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში, "ტატა მოტორზი" 348-ე ადგილზეა, $16,98-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. ფირმის წლიური გაყიდვა $27,14 მილიარდია და 53 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. როგორც ცნობილია, მსხვილი საქმიანი გამოცემების რეიტინგები ერთმანეთს ზედმიწევნით არ ემთხვევა. "ბლუმბერგის" მიახლოებითი შეფასებით, დღეს მხოლოდ "იაგუარი" და "ლენდ როვერი" ერთად $14 მილიარდი ღირს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ