იყიდება... კონტინენტი?! - კვირის პალიტრა

იყიდება... კონტინენტი?!

მადაგასკარის ნაყოფიერი მიწების ნახევარი წლეულს კინაღამ სამხრეთკორეული გახდა. კომპანია "დეუ ლოჯისტიკსი" კუნძულის პრეზიდენტ მარკ რავალუმანანას მოელაპარაკა 1,3 მლნ ჰა მიწის არენდაზე (ეს თითქმის ბელგიის ნახევარია). მაგრამ 17 მარტს რავალუმანანა თავისმა არმიამ დაამხო. მეორე დღესვე, ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ყოფილმა დიჯეიმ და დედაქალაქის მერმა ანდრი რაჯოელინამ გამოაცხადა, რომ მადაგასკარი არ იყიდება. სეულში გუნება წაუხდათ, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრიათ. ისინი 100 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებაზე ტანზანიას შეუთანხმდნენ. ზაფხულში რამდენჯერმე გაიელვა ასეთმა ინფორმაციამაც, რომ კორეელებმა მადაგასკარში 200 ათას ჰა მიწას მაინც "გამოჰკრეს ხელი".

ეს ეპოქის ლოზუნგია - "სასურსათო უსაფრთხოება". სამხრეთ კორეაში სოფლის მეურნეობა სასურსათო მოთხოვნილების მხოლოდ 25%-ს აკმაყოფილებს. "დეუ ლოჯისტიკსი" მადაგასკარული პროექტით იმპორტის ნახევრის ჩანაცვლებას გეგმავდა. თუმცა, კუნძულოვან ქვეყანასაც ინფრასტრუქტურაში 6 მლრდ დოლარის დაბანდებას ჰპირდებოდა. "დეუ" გამონაკლისი არ არის. აფრიკული კონტინენტის დიდ-დიდ ნაჭრებს ყიდულობენ ჩინური, ინდური, საუდის არაბეთისა და სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნების კომპანიები, სადაც სასურსათო რესურსების მწვავე საჭიროება იგრძნობა. ფართობის დიდი ნაწილი ბიოსაწვავის საწარმოებელ კულტურებსაც ეთმობა. "მშიერი აზიური ვეფხვების" ექსპანსია, აფრიკის გარდა, სხვა კონტინენტებსაც გადაწვდა, განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკას.

ძველ დროში მიწის ნაკლებობის პრობლემა მარტივად წყდებოდა: მმართველი ჯარს აგროვებდა და მსოფლიოს (ან მეზობლების) დასაპყრობად მიეშურებოდა. მაგრამ ის დრო წავიდა და საჭირო გახდა უფრო აკურატული მეთოდების მოძიება. ახლა ზოგი ამას მიწის აუტსორსინგს უწოდებს, სხვები კი - ნეოკოლონიალიზმს. თუმცა მეორე ტერმინი ალბათ მეტისმეტად მკაცრია. მაგალითად, კორეელებმა ვალდებულება იკისრეს, მინდობილი ტანზანიური მიწის მხოლოდ ნახევარი გამოიყენონ, მეორე ნახევარს კი ადგილობრივი გლეხობა დაამუშავებს. კორეელები მათ შეასწავლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფენ სარწყავი სისტემით. ტანზანიაშივე, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 3% ირწყვება, ინდური ბანკი "იესი" 2011 წლისთვის 50 ათას ჰა-ზე ხორბლისა და ბრინჯის დათესვას გეგმავს. ტანზანიის მთავრობა აგრეთვე განიხილავს ნახევარი მილიონი ჰექტარი მიწის იჯარით გადაცემის საკითხს საუდის არაბეთის კომპანიებისთვის, რომელთა მიზანია, მშობლიური ქვიშის უდაბნოების სამეფო საკუთარი წარმოების ბრინჯით უზრუნველყონ.

ეთიოპიაში ინდოელი რამაკრიშნა კარუტურის აგროიმპერია 340 ათას ჰა-ს აღემატება. ინდოელ მოხელეებს მიაჩნიათ, რომ ისინი ჩინეთსა და არაბებს ჩამორჩნენ და თითქმის მთელ აფრიკას სერავენ მიწის კონტრაქტების მოსაძიებლად. გაერო-ს სასურსათო ორგანიზაციის მონაცემებით, ხუთ აფრიკულ ქვეყანაში - ეთიოპიაში, მალიში, განაში, მადაგასკარსა და სუდანში 2004 წლის შემდეგ უცხოელი ინვესტორების კონტროლქვეშ 2,5 მლნ ჰა მიწა გადავიდა (ეს კი უკვე თითქმის მთელი ბელგიაა). თუმცა აფრიკელებს აზიელთა სამიწათმოქმედო ვნებები მაინცდამაინც არ აშინებთ. შავ კონტინენტზე მიწის გამოყენების ეფექტიანობა ყველაზე ნაკლებია. აფრიკის მკვიდრთ ის უფრო აფიქრებთ, რომ ბევრი კონტრაქტი მოკლეა ან უბრალო, და ისინი სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას ნაკლებად ითვილისწინებენ.

მომზადებულია "ნიუზუიკის" მიხედვით