იმპორტულ პროდუქციაზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთი უქმდება - კვირის პალიტრა

იმპორტულ პროდუქციაზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთი უქმდება

"ადგილობრივ ყველს კონკურენციას უცხოური აქამდეც ვერ უწევდა"

იმპორტულ პროდუქციაზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთი უქმდება. ამ განაკვეთით დაბეგრილი პროდუქციის ნაწილს 12%-იან ბაჟს დააკისრებენ, ნაწილზე კი გადასახადი განულდება. ფინანსთა სამინისტროში ახალი ნუსხა არ დაზუსტებულა, თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ იმპორტულ ყველზე საბაჟო განაკვეთი 12% გახდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს. საგადასახადო კოდექსში სხვა ცვლილებებიც შედის.

ფინანსთა სამინისტრომ 5%-იანი საბაჟო განაკვეთი ზედმეტად მიიჩნია. უცხოეთიდან შემოტანილ საქონელს მხოლოდ ორი განაკვეთით დაბეგრავენ. 5%-იან სასაქონლო ჯგუფში დღემდე სულ რამდენიმე დასახელების პროდუქტი შედის; ახალი ღორის ხორცი, გაყინული ღორის ხორცის ნაჭრები (იმპორტირებული მთლიანი ღორი 12%-ით იბეგრება), ყველი და ხაჭო, ავოკადო, მანგო და მანგოსტანი, არაქისის ზეთი. ამ ჩამონათვალიდან ტროპიკულ ხილსა და არაქისის ზეთზე ბაჟი განულდება, რადგან იმპორტი არცთუ დიდია და ბიუჯეტიც მცირე დანაკლისს შედარებით ადვილად შეელევა. რაც შეეხება დანარჩენ საქონელს, ისინი შედარებით დიდი მოცულობით შემოდის, ამიტომ 12%-იანების სიაში შეიტანენ. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ მაქსიმალური განაკვეთით რამდენიმე დასახელების იმ საქონელს დაბეგრავენ, რომელიც ამჟამად საბაჟო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლებულია. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ჩამონათვალზე მთავრობაში ჯერ არ შეთანხმებულან.

უცხოურ ყველს იმპორტში არცთუ დიდი ადგილი უკავია. მის ყიდვაზე მომხმარებელი უარს უმეტესად სიძვირის გამო ამბობს. იმპორტიორებმა უცხოეთში წარმოებული ყველის შემოტანა განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ შეამცირეს.

მაია ბუჩაშვილი (სუპერმარკეტ "ჯორჯიტას" მარკეტინგის მენეჯერი): "ჩვენს სუპერმარკეტში ევროპული, ძირითადად იტალიური პროდუქცია იყიდება. ყველის იმპორტიც იტალიიდან ხდება, მცირე რაოდენობით, რადგან იტალიური ყველი ძალიან ძვირად ღირებულია. მაგალითად, "პარმიჯანო", "გრანა" ერთი კილოგრამი 40-50 ლარი ღირს და ასეთ ძვირ პროდუქტზე მოთხოვნა ბუნებრივია, დიდი არ არის. უცხოური ყველის შემოტანას ვაპირებდით, მაგრამ საბაჟო განაკვეთი 12%-მდე თუ გაიზრდება, კიდევ ერთხელ დავფიქრდებით, გავრისკოთ თუ არა. პირველი სამი თვე ალბათ დაველოდებით, ბაზარზე რა ცვლილებებს გამოიწვევს განაკვეთის გაზრდა. თუ იმპორტი გადავწყვიტეთ, ფასს მცირედით, მაგრამ ალბათ მაინც გავზრდით".

ნუგზარ მაღულარია ("გუდვილის" ხელმძღვანელი): "ყველის იმპორტზე საბაჟო განაკვეთის ზრდა გაყიდვაზე არ იმოქმედებს. უცხოური წარმოების ყველი ძვირ სეგმენტზეა გათვლილი და იგი დიდი რაოდენობით არ იყიდება. პროდუქციის გაძვირება ამ ყველის მომხმარებლისთვის შესამჩნევი არ იქნება".

საქართველოში არსებული ყველის ქარხნები კი მთავრობის ახალი ინიციატივას იწონებენ. თუმცა ამბობენ, რომ მათ კონკურენციას უცხოური ყველი აქამდეც ვერ უწევდა.

გოჩა მელქაძე (შპს "რაბათი"): "ჩვენ ჯავახურ ყველს ვაწარმოებთ და დისტრიბუციას ჯერჯერობით ქვეყანაში ვახორციელებთ. იმპორტირებული ყველი ჩვენს პროდუქტს დიდ კონკურენციას ვერ უწევს. ადგილობრივი მომხმარებელი უპირატესობას მაინც ქართულ ყველს ანიჭებს. ჩვენი უპირატესობა დაბალი ფასია".

საგადასახადო კოდექსში სხვა ცვლილებებიც შედის. 1 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპორტზე აქციზის განაკვეთი 50 ლარიდან 80 ლარამდე იზრდება. მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში იმ სამრეწველო საწარმოების ამუშავებით ხსნის, რომლებსაც ჯართი ესაჭიროება.

იცვლება თამბაქოზე აქციზის განაკვეთიც. ადგილობრივი და იმპორტული თამბაქოს აქციზი გათანაბრდება და 60 თეთრი იქნება. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს დაუკავშირა. გადაწყვეტილებას ადგილობრივმა მწარმოებლებმა დისკრიმინაციული უწოდეს. გაზრდილი აქციზის საკომპენსაციოდ მთავრობამ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები 2011 წლამდე მოგების გადასახადისგან გაათავისუფლა.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება ბიზნესისთვის დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას შეეხება. თუ საგადასახადოს მიმართ ბიზნესის დავალიანება 100 ათას ლარს აღემატება და ამ ვალს ის არ აღიარებს, შეუძლია საგადასახადოსთან გააფორმოს შეთანხმება, თანხის ნაწილი გადაიხადოს და მას დარჩენილ გადასახადს აპატიებენ. მხარეები უნდა შეთანხმდნენ თანხის ოდენობასა და გადახდის გრაფიკზე და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმონ.

ირაკლი ღვალაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე): "დავები მეწარმეებსა და საგადასახადოს შორის წლობით გრძელდება. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის პროცესიც ასევე დროში გაწელილი და არაეფექტურია. თანაც გადამხდელის შესახებ ინფორმაციაც საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს, რაც საგადასახადოს თანხების ამოღებაში ხელს უშლის. ბიზნესსაც ხშირად ურჩევნია თანხის ნაწილი გადაიხადოს და ამით დავა დაასრულოს. ეს ფისკალურ ეფექტს მოუტანს ბიუჯეტსაც და მეწარმესაც შეღავათი მიეცემა, თუმცა მორიგება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ხელშეკრულება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდება. თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ დავა ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება, გარიგებაზე შესაძლოა არც წავიდეთ".

ნონა ქვლივიძე