"საქართველოში მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია(!)" - კვირის პალიტრა

"საქართველოში მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია(!)"

ბოლო დროს "შავი ოქროს" ფასი თანდათან იზრდება. სექტემბერში საწვავის გაძვირება ერთი კვირის განმავლობაში ორჯერაც კი აღინიშნა, ლამის სტანდარტად დამკვიდრებული ბიჯი 5 თეთრია. ნავთობკომპანიები ამას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებით ხსნიან, თუმცა ეკონომიკის ექსპერტების უმრავლესობა დიდი ხანია პირდაპირ ამბობს, რომ საწვავის ფასზე სწორედ რომ საქართველოს ბაზარზე შექმნილი ვითარება ზემოქმედებს.

კარგა ხანია ყბადაღებულ თემად არის გადაქცეული საწვავის ბაზრის მონოპოლიზება და კარტელური გარიგებები. დაუსრულებელი კრიტიკის მიუხედავად, მდგომარეობა არ იცვლება. მაგრამ ამჟამად შესაძლებელია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზეზებით ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ამ ბიზნესსფეროს "ხელშეუხებლობის იმუნიტეტი" დაირღვეს. ასეთ შემთხვევაში, ნავთობკომპანიებს გაუჭირდებათ შეწინააღმდეგება მოთხოვნასთან, დამკვიდრდეს ბაზარზე თავისუფალი თამაშის წესები. ოღონდ, ისიც ნათელია, რომ საამისოდ წარსულს უნდა ჩაჰბარდეს ასევე ყბადაღებული "წილში ჩაჯდომის" პრაქტიკაც.

სავსებით რეალურია, საწვავის ფასი საქართველოში საგრძნობლად შემცირდეს, - მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი, "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე, რომლის განმარტებით, მონოპოლიის დამარცხება წმინდა პოლიტიკური საკითხია. ჩვენ მას აზრის გამოთქმა ვთხოვეთ - რამდენით შეიძლება გაიაფდეს საწვავი, თუ ბაზარი მონოპოლისტური წნეხისგან გათავისუფლდება.

ლევან კალანდაძე: - ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მონოპოლია თითქმის ყველა სფეროში ჩამოყალიბდა, გამონაკლისს ამ მხრივ არც ნავთობპროდუქტების ბაზარი წარმოადგენს. თანაც ეს ის სფეროა, სადაც მონოპოლისტურ გაერთიანებას თავისუფლად შეუძლია ფასებით მანიპულირება და უბრალო ენით რომ ვთქვათ, ბევრი ფულის შოვნა. ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან დეტალს - მონოპოლიებს თვითონ ბიზნესი არ ქმნის, მონოპოლიებს ქმნიან ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ბიზნესწრეები. სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობითა და ლოიალური დამოკიდებულებით იქმნება მონოპოლიები და კარტელური გარიგებები, რის შედეგადაც საწვავზე მონოპოლიური ფასები დგინდება. ამიტომ ჩვენთან არსებულ ფასებზე შედარებით ნაკლებად აისახება ვითარება საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას განაპირობებს ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები გარიგებული არიან ბიზნესთან და ბიზნესიც მათთან შეთანხმებით აწესებს მაღალ ფასს.

- ბატონო ლევან, როგორ შეიძლება მონოპოლიების დამარცხება?

- მონოპოლიის დამარცხება წმინდა პოლიტიკური საკითხია. თუ ხელისუფლებას ექნება ნება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონი რეალურად აამოქმედოს, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიძლება თავისუფალი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება. ეს მიიღწევა მაშინ, როცა ხელისუფლება კი არ უკარნახებს რეალიზატორებსა და იმპორტიორებს, ფასი გაზარდეთ ან შეამცირეთო, არამედ ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ფასს მოთხოვნა-მიწოდებისა და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების მიხედვით. რამდენად წარმოუდგენელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში ე.წ. Platt-ის ფასი მცირდებოდა, საქართველოში კი საწვავის ფასი იზრდებოდა... ანტიმონოპოლიური რეგულირება და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონის" რეალური ამოქმედებაა იმის საფუძველი, რომ საქართველოში ნორმალური, სამართლიანი ფასები ჩამოყალიბდეს.

ამის დასტურად ერთი, საკმაოდ პარადოქსული მაგალითი გავიხსენოთ: სომხეთის რესპუბლიკაში დიზელის საწვავი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიზელის საწვავი იქ აზერბაიჯანიდან კი არა, ევროპიდან შედის, გაივლის შავ ზღვას, გადმოკვეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და ამის მიუხედავად, სომხეთში მაინც იაფია. საგაზაფხულო სამუშაოების დროს ჩვენთან ღირდა 2,40 ლარი, ხოლო სომხეთში - 1,70 ლარის ეკვივალენტი. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესწრეების მადა უზომოდ არის გაზრდილი. შეიძლება ითქვას, რომ ზემოგების სახით თითო ლიტრ დიზელის საწვავში მათ დაახლოებით 60 თეთრი რჩებათ, ხოლო ჩვეულებრივ ბენზინში სადღაც, 40-45 თეთრი.

თუ ზემოგებას გამოვრიცხავთ, საქართველოში ბენზინი შეიძლება გაიაფდეს დაახლოებით 40-45 თეთრით, ხოლო დიზელის საწვავი - 60 თეთრით. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ეს არის ექსპერტულ გათვლებზე დამყარებული კონკრეტული გაანგარიშება და არა რაღაც ჰიპოთეტური დასკვნა ან ვარაუდი. 40 ან 60 თეთრი შესაძლოა დიდი თანხა არ არის, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ასობით ლიტრ საწვავზე, უკვე სოლიდური თანხა გროვდება - საწვავის გაიაფება თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე აისახება სასიკეთოდ. ეს თითქმის ყველაფრის გაიაფებას გამოიწვევს და დიდ სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკასაც. უფრო მეტიც, ეს გააჯანსაღებს ჩვენს ეკონომიკას, იმიტომ რომ ეკონომიკა ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ მაშინ არის, როცა ფასწარმოქმნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა დაფუძნებული, როცა ფასებს ადგენს ბაზარი და არა დიდმოხელეთა მითითებები "ზემოდან".

- ცნობილია, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე რამდენიმე შემომტანი მოქმედებს, და თუ ვინმე ახალი გამოჩნდება, ხელს შეუშლიან...

- ბუნებრივია, მონოპოლიის არსი არა მხოლოდ ის არის, რომ ერთი ჯგუფი განსაზღვრავდეს ყველაფერს, ადგენდეს, ვინ რამდენი პროდუქცია უნდა შემოიტანოს და როგორი ფასი დააწესოს, არამედ ისიც, რომ ერთი ჯგუფი წყვეტს ბაზარზე ახალი მოთამაშეების ყოფნა-არყოფნის საკითხსაც. თქვენც რომ მოინდომოთ ახალი ნავთობკომპანიის შექმნა, ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან მონოპოლიის არსებობისას ყველას არ აქვს უფლება, ბაზარზე შევიდეს, რაც თავისთავად გამორიცხავს კონკურენციას. როგორც გითხარით, თვითონ ბიზნესმენები მონოპოლიებს არ ქმნიან, მონოპოლიური გაერთიანების თავიცა და ხერხემალიც ყოველთვის ხელისუფლებაა.

როცა მონოპოლიები აღარ იქნება, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან, შემოვლენ ახალი კომპანიები. თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში ისინი შეძლებენ, პროდუქცია იმ ფასად გაყიდონ, რომელიც მათთვის მისაღები იქნება და არა იმ ფასად, რომელსაც ვიღაც უკარნახებთ. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება იქნება, საქართველოში მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია. ამას ველოსიპედის ხელახლა გამოგონება სულაც არ სჭირდება. ეს ყველაფერი ევროპის მოწინავე თუ ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს. რეგულაციები, როგორ უნდა ვებრძოლოთ მონოპოლიებს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მთავარია, ხელისუფლებამ ხელი აიღოს ბიზნესისთვის "წილში ჩაჯდომაზე" და მის ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე. დანარჩენი კი უკვე რეგულაციის საკითხია და ის მოწესრიგდება. საწვავის ფასიც მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ჩამოყალიბდება, ფასები ხელოვნურად კი არ შემცირდება, ამ პროცესს თვითონ ბაზარი დაარეგულირებს.

ხათუნა ჩიგოგიძე