ყველაზე "მოწესრიგებული" სისტემა მთელ მსოფლიოში?! - კვირის პალიტრა

ყველაზე "მოწესრიგებული" სისტემა მთელ მსოფლიოში?!

ჩვენი ვინაობით ბანკომატებიც კი "დაინტერესდნენ"

15 სექტემბრიდან საქართველოს კომერციული ბანკები ვალდებული არიან, საკუთარ ბანკომატებში, უცხოური ან ადგილობრივი ბარათებით ოპერაციებისას, ამოიკითხონ და შეინახონ ინფორმაცია ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის შესახებ. ასეთი შინაარსის წერილობითი მოთხოვნა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს გაუგზავნა. სებ-ის ამ რეგულაციას კონკრეტული შედეგი უკვე მოჰყვა, მაგალითად ბანკმა "ქართუმ" განაცხადა, რომ ამიერიდან თავის ბანკომატებში სხვა ბანკების ბარათებს ვეღარ გაანაღდებს.

”ქართუში“ აცხადებენ, რომ მათი საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, ACI Worldwide Ltd-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული, რომელიც არ ითვალისწინებს ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებისას უცხოური ბარათების კლიენტის სახელისა და გვარის რეგისტრაციას. ბანკში ასევე ამბობენ, რომ მომხმარებელს, უსაფრთხოების მიზნით, ყველა ოპერაციაზე ერთჯერადი, დინამიკური პაროლი ეგზავნება და პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვა გათვალისწინებული არ არის.

სებ-ის და ინსტრუქციების შეუსრულებლობისთვის რამე სანქციის ასარიდებლად "ქართუ" იძულებული გახდა, 15 სექტემბრიდან გაეთიშა მის ბანკომატებში როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა. ეს შეზღუდვა "ქართუს" მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე არ ვრცელდება.

"ეკოპალიტრა" ბანკ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილს დაუკავშირდა. "რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც ეროვნული ბანკის ამ ბოლო ინსტრუქციაში წერია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან ფინანსური სექტორის ტოტალური კონტროლი. საინტერესოა, ახლა მაინც თუ ამოიღებენ ხმას სხვა ბანკების მესვეურები", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილმა.

სხვა ბანკები კი ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ეს არ არის გასაკვირი. რამდენიმე თვის წინ, როცა ხელისუფლებამ პირველადი იპოთეკარის უფლება ჩამოართვა ბანკებს და სახელმწიფოს გადასცა, ბანკები მაშინაც დუმდნენ. ეს დუმილი დაფასდა, კანონი რეალურად მხოლოდ ერთ ფინანსურ ინსტიტუტს შეეხო. შესაბამისად, შესაძლოა ფიქრობენ, რომ გაჩუმება ახლაც უმჯობესია. "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია ტოტალური უკანონო კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმია.

"ეკოპალიტრამ" სებ-ს მიმართა და ბანკებისთვის დაგზავნილი წერილის განმარტება სთხოვა. "საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ, რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციები. ისინი მსოფლიოში ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად არის მიმართული.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ნებისმიერი ტრანზაქცია საკრედიტო ან სადებეტო ბარათების მეშვეობით იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ბარათის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ასახვა და შენახვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონსულტაციები გამართა "ვიზასა“ და "მასტერკარდთან“ და მიიღო მათგან დასტური, რომ ეს მითითება არ ეწინააღმდეგებოდა მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. ეროვნულ ბანკს არ მოუთხოვია არც ერთი კომერციული ბანკისთვის თავის ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობის გათიშვა და მითითების შეუსრულებლობა არც რამე სანქციის ავტომატურ რეჟიმში დაწესებას გულისხმობდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითება არ უქმნის საფრთხეს საბანკო ბარათების მფლობელებს, თუ კომერციულმა ბანკმა თავად არ გადაწყვიტა კლიენტებისთვის ბარათების მომსახურების შეჩერება", - აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ნოდარ ჭიჭინაძე ("აფბას" პრეზიდენტი): "ცოტა ხნის წინ ერთი კონკრეტული საქმე ტოტალური უკანონო კონტროლის საფუძვლად იქცა. ეს არის ნებისმიერი მოქალაქის ჯიბის ქექვა, რომელიც ბანკომატით სარგებლობს. უკვე არსებობს პრეცედენტი, როცა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ განჩინება გასცა და პროკურატურას ნება დართო, ყველა ბანკის ბანკომატიდან გამოეთხოვათ ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ. მაშინ მოთხოვნის საფუძვლად შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს წარმოებული სისხლის სამართლის საქმე დასახელდა.

არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ განსაზღვრულ პირთა წრე, საქართველოში მოქმედი ბანკების საბანკო ავტომატების მეშვეობითა და უცხო ქვეყნებში მოქმედი ბანკების გაცემული პლასტიკური ბარათების საშუალებით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ანაღდებდა და შემდგომში მის ლეგალიზებას ახდენდა. მოსამართლემ კი დაადგინა, რომ გამომძიებელს უფლება ჰქონდა, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკიდან ამოღებულიყო დეტალური ინფორმაცია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათებით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, საბანკო საიდუმლოების, ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფა ქართული სასამართლოს ერთი რიგითი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, საბანკო სექტორის სანდოობასა და იმიჯს ზიანს აყენებს. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ვგულისხმობ ხელისუფლების მხრიდან ფინანსური კონტროლის გამკაცრებას, რაშიც ეროვნული ბანკი, პროკურატურასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს.. მოგეხსენებათ, რომ ამ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ვიცნობ მსგავს პრეცედენტს, რომ ბანკომატით ტრანზაქციის განხორციელებისას კლიენტის სახელისა და გვარის იდენტიფიცირება ხდებოდეს. თავად "ვიზა" და "მასტერკარდი" ჰყიდიან ინფორმაციას კლიენტების სავაჭრო ტრანზაქციების შესახებ, ოღონდ მხოლოდ იმას, რა შეიძინა კლიენტმა, რა მოცულობით და სხვ. თუმცა კლიენტის ვინაობის გამჟღავნება სრულიად წარმოუდგენელია. ბანკისა და კლიენტის ურთიერთობაში ნებისმიერი სხვა, მესამე პირის ჩარევა არის საბანკო სისტემის პრინციპებიდან გადახვევა.

ეროვნული ბანკის ეს წერილობითი ინსტრუქცია, გარდა იმისა, რომ იდეურად გაუმართლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით მისი შესრულება ზოგი ბანკისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

მთელი საბანკო სისტემა დღეს გაჩუმებულია და შედეგიც სახეზეა - ყველაზე ზარალიანი დღეს ბანკი "ქართუა", ხოლო მომგებიან ბანკებს ყველა კარგად ხედავს. მაგრამ ამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა, პასიური დამოკიდებულება, მიჩუმათება ყოველი ბანკის მხრიდან აუცილებლად წინ დახვდება საბანკო სექტორს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეფერხებებია სომხური "ამერიაბანკის" შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ბაზარზე შემოსულიყო. მსგავსი ფაქტებით, რაც ბოლო დროს საქართველოს ფინანსურ სექტორში ხდება მხოლოდ ინვესტიციები კი არ შეიზღუდება საბანკო სექტორში, არამედ უკვე მოქმედ ბანკებსაც სანდოობის თვალსაზრისით შეექმნებათ პრობლემები".